Facebook Twitter

საქმე №ას-1055-989-2012 2 ოქტომბერი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

კასატორი _ ხ. დ-ა

მოწინააღმდეგე მხარეები _ ლ. მ-ი, ლ. მ-ი, თ. მ-ი, გ. მ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ უსაფუძვლო გამდიდრებით ნივთზე გაწეული ხარჯების დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 9 დეკემბერს, ლ., ლ., თ. და გ. მ-ებმა სარჩელი აღძრეს ხ. დ-ს, მ. ჩ-ისა და ლ. გ-ის მიმართ და მოითხოვეს მოპასუხეთა ქმედებით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელეები არიან ერთი ოჯახის წევრები და ცხოვრობენ ქ.რუსთავში, რ-ის ქ. №32 ბინა №29-ში. მეზობლად მცხოვრებ ხ. დ-ს მოსარჩელეებმა შესთავაზეს მის მფლობელობაში არსებული ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინის გაცვლა, ქ.რუსთავში, ბ-ის ქ.№35-ში მდებარე ოროთახიან ბინაში. 1994 წლის 11 მაისს საცხოვრებელი ფართის გაცვლის ორდერის საფუძველზე მოპასუხე ხ. დ-მ და მოპასუხე ლ. მ-მა ბინები გაცვალეს, მაგრამ აღნიშნული ფაქტი ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურში არ დაურეგისტრირებიათ. 1994 წლის 11 მაისის შემდეგ სადავო ერთოთახიანი ბინა მიუერთდა მოსარჩელეების კუთვნილ სამოთახიან ბინას, რომელსაც ჩაუტარეს კაპიტალური რემონტი. მოსარჩელეებს 2006 წლის დეკემბერში დაუკავშირდა მოპასუხე მ. ჩ-ე, რომელმაც უთხრა, რომ ხ. დ-საგან იყიდა ბინა და, რადგან აღნიშნული ბინა რეგისტრირებული იყო ლ. მ-ის სახელზე, ითხოვა ბინის გადაფორმება. მოსარჩელეს ეჭვი არ შეუტანია მოპასუხეთა კეთილსინდისიერებაში და ბინა ლ. მ-მა გადაუფორმა მ. ჩ-ს შვილს, ლ. გ-ს, რადგან, მ. ჩ-ს არ ჰქონდა სრულყოფილი პირადობის მოწმობა. ლ. გ-მა ოროთახიანი ბინა 2007 წლის 20 აგვისტოს მიჰყიდა ჟ.ქ-ს. სადავო ბინა, რომელიც ნებაყოფლობით გაუცვალეს ხ.დ-ს, მან საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში 2007 წლის 5 ოქტომბერს, რის შემდეგაც მიმართა სასამართლოს და გამოასახლა აღნიშნული ფართიდან, რომელსაც კეთილსინდისიერად, როგორც მესაკუთრეები, 1994 წლის 11 მაისიდან ფლობდნენ.

ხ. დ-მ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არ აპირებს რემონტის ხარჯების ანაზღაურებას, ვინაიდან თანახმაა, საცხოვრებელი ბინა ჩაიბაროს თავდაპირველი სახით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ., ლ., თ. და გ. მ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხ. დ-ს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა 10621.40 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხ. დ-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ხ. დ-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ხ.დ-მ,

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 31 იანვრის განჩინებით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ხ.დ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. გ., თ., ლ. და ლ. მ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხ. დ-ს გ., თ., ლ. და ლ. მჭედლიშვილების სასარგებლოდ დაეკისრა 6 668,49 ლარის გადახდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქ. რუსთავში, რ-ის ქ. №32-30-ში მდებარე ერთოთახიანი ბინა მოპასუხე ხ. დ-მ გაუცვალა მოსარჩელეებს ბ-ის ქუჩა №35-37-ში მდებარე ოროთახიან ბინაში. აღნიშნული გაცვლა მხარეებს საჯარო რეესტრში არ დაურეგისტრირებიათ, თუმცა მოსარჩელეები რ-ის ქ. №32-30-ში მდებარე ბინით სარგებლობდნენ 1994 წლიდან 2010 წლის 2 ნოემბრამდე. ამდენად, მხარეებს შორის სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობა დაიწყო ჯერ კიდევ 1994 წელს, როდესაც მათ გაცვლის ორდერების საფუძველზე ქ. რუსთავში, რ-ის ქ. N32-30-ში და ქ. რუსთავში, ბ-ის ქუჩა N35-37-ში, მდებარე ბინები გადაცვალეს. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით დგინდება, რომ 2002 წლის 16 დეკემბრის მდგომარეობით, მ. ჩ-სა და ხ. დ-ს მიერ, ქ.რუსთავში, ბ-ის ქ. №35-37-ში მდებარე ოროთახიანი ბინის ნასყიდობის ფასად განისაზღვრა 1500 აშშ დოლარი. 2006 წელს მ. ჩ-ე სადავო ბინასთან მიმართებით ნასყიდობის თაობაზე დაუკავშირდა მ-ებს. 2006 წლის 15 დეკემბერს, ლ. მ-მა ლ. გ-ს (მ. ჩ-ის შვილს) მიჰყიდა ქ. რუსთავში, ბ-ის ქ. №35-37-ში მდებარე ოროთახიანი ბინა 5000 ლარად, რომელიც შემდგომ ლ. გ-მა 2007 წლის 20 აგვისტოს ჟ. ქ-ს 8000 ლარად მიჰყიდა. 2007 წელს ქ. რუსთავში, რ-ის ქ. №32-30-ში მდებარე, 41,16 კვ.მ საცხოვრებელი ბინა საკუთრების უფლებით აღირიცხა მოპასუხე ხ. დ-ს სახელზე. 2009 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელეები გამოსახლებული არიან მოპასუხე ხ. დ-ს კუთვნილი ბინიდან მდებარე: ქ.რუსთავში, რ-ის ქ. №32-30-ში. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2010 წლის 1 ოქტომბრის №12357/03/2-03/1 საინჟინრო-სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. რუსთავში, რ-ის ქ. №32-30-ში მდებარე ერთოთახიანი ბინაში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ღირებულება სათანადო ნორმატიული დარიცხვებითა და დღევანდელი ფასების გათვალისწინებით ერთობლიობაში შეადგენს 10621,40 ლარს. ამ თანხიდან, შესრულებული სამუშაოების სავარაუდო სახაჯთაღრიცხვო ოდენობაა 9001,2 ლარი, ხოლო, ერთოთახიანი ბინის საბაზრო ღირებულება 2010 წლის ოქტომბრის მონაცემებით საორიენტაციოდ შეადგენს 22000 ლარს. პალატამ დადგენილად მიიჩნია გარემოება იმის შესახებ, რომ ბინების გაცვლამდე, 1994 წლის მდგომარეობით, როგორც ქ. რუსთავში, რ-ის ქ. №32-30-ში მდებარე, ასევე, ოროთახიანი ბინა, მდებარე ბ-ის ქუჩა №35-37-ში იყო გასარემონტებელი, აღნიშნულ საკითხზე მხარეებს არ უდავიათ. აღნიშნულ დასკვნამდე პალატა მივიდა იმ გარემოებებზე დაყრდნობით, რომ საცხოვრებელი ბინები აშენებული იყო გასული საუკუნის 50-იან წლებში. საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2010 წლის 1 ოქტომბრის №12357/03/2-03/1 საინჟინრო-სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა და მასზე თანდართული ფოტოილუსტრაცია კი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სადავო სახლში ჩატარებულია თანამედროვე რემონტი.

პალატამ მიუთითა, რომ 2006 წლის 15 დეკემბერს ქ. რუსთავში, ბ-ის ქ. №35-37-ში მდებარე ოროთახიანი ბინის ღირებულების ნასყიდობის თანხა შეადგენდა 5000 ლარს, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ორივე ბინა, როგორც ერთოთახიანი, ასევე ოროთახიანი იყო გაურემონტებელი, პალატის მოსაზრებით, ერთოთახიანი ბინის საბაზრო ფასი უფრო ნაკლები ღირებულებისა თუ არა, იმავე ღირებულების მაინც უნდა ყოფილიყო. აპელანტის განმარტებით, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ერთოთახიან ბინას, მდებარე ქ. რუსთავში, რ-ის ქ. №32-30-ში, არ აქვს რკინის კარი, რკინის კარი არის საერთო სარგებლობის, რაც არ შეიძლებოდა ექსპერტის დასკვნის თანახმად, შესულიყო ჩატარებულ სამუშაოთა ნუსხაში. პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სხვის ნივთზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება, რომელიც მოტივირებულია მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებით.

პალატამ განმარტა, რომ უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიარული ხასიათისაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულაციური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხე უნდა გამდიდრდეს; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, - ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ამიტომ, მას შემდეგ რაც მივიჩნევთ, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი არ არსებობს, თითოეული მათგანის არსებობა ერთობლივად უნდა დადგინდეს. პალატამ მიიჩნია, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, უსაფუძვლოდ გაწეულ ხარჯებზე მოსარჩელეთა მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს კონდიქციური ვალდებულება - სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია პირის მიერ შეგნებულად ან შეცდომით საკუთარ ინტერესებში, მაგრამ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სხვისი ქონებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის ფარგლები, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის პირველი ნაწილით, პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია, მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა. ამასთან, ამავე მუხლის მეორე ნაწილით, გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სხვისი ქონებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების განსაზღვრისას უტყუარად უნდა დადგინდეს მიმღების გამდიდრების ფაქტი. ამავდროულად, გამდიდრების ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ მომენტისათვის, როცა უფლებამოსილ პირს უბრუნდება ნივთი. ამდენად, სასამართლომ უნდა დაადგინოს და შეამოწმოს, მოსარჩელეთა მიერ კონკრეტულად რა სახის ხარჯები იქნა გაწეული, რამდენად აუცილებელი იყო ამ ხარჯის გაწევა და ემსახურებოდა თუ არა ეს ხარჯები სადავო ნივთის გაუმჯობესებას, თუ იგი მხოლოდ მოსარჩელეთა, როგორც ნივთის მოსარგებლეთა სპეციალური ინტერესებიდან გამომდინარე იქნა გაწეული.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2010 წლის 1 ოქტომბრის №12357/03/2-03/1 საინჟინრო-სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დადგენილია, რომ ქ.რუსთავში, რ-ის ქ. №32-30-ში მდებარე ერთოთახიანი ბინაში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ღირებულება სათანადო ნორმატიული დარიცხვებითა და დღევანდელი ფასების გათვალისწინებით ერთობლივად შეადგენს 10621,40 ლარს. ამ თანხიდან, მოსარჩელეთა მიერ შესრულებული სამუშაოების სავარაუდო სახარჯთაღრიცხვო ოდენობა შეადგენს 9001,2 ლარს დღგ–ს გარეშე.

პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მიერ სხვის უძრავ ნივთზე ამ ხარჯების (9001,2 ლარის) გაწევის აუცილებლობა გამოწვეული იყო სადავო უძრავი ქონების აუცილებელი სარგებლობით და მისი ფუნქციური დანიშნულების შენარჩუნების მიზნიდან გამომდინარე, ასევე იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო ბინა აშენებული იყო გასული საუკუნის 50-იან წლებში, რაც, ბუნებრივია, წარმოშობდა მის ცვეთას და, შესაბამისად, მისი ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებისათვის მასზე სათანადო ხარჯების გაწევის აუცილებლობას. პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2010 წლის 1 ოქტომბრის №12357/03/2-03/1 საინჟინრო-სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელეთა მიერ შესრულებული სავარაუდო სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშებაში მოცემული სამუშაოებისა და დანახარჯების დასახელება (გარდა 10-20-1 და 15-164-2 ნორმატივებში აღნიშნული სამუშაოებისა და დანახარჯების დასახელებისა, რომელიც შეეხება ლითონის კარების დამზადებას და მონტაჟს, ასევე, რკინის კარის შეღებვას ზეთოვანი საღებავებით), ემსახურება მოპასუხის გამდიდრებას, ვინაიდან, სადავო ბინაში ჩატარებულმა ასეთი სახის სამუშაოებმა მნიშვნელოვნად იმოქმედა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებაზე, კერძოდ, მნიშვნელოვნად გაზარდა მისი საბაზრო ღირებულება, რომლის რეალიზაციის შემთხვევაში, მოპასუხე ბევრად მეტ ანაზღაურებას მიიღებს, ვიდრე მიიღებდა სადავო ბინაში სარემონტო სამუშაოების განუხორციელებით და მოსარჩელეთა მიერ იმ მდგომარეობის შენარჩუნებით, რომელიც არსებობდა 1994 წლამდე. რაც შეეხება მოსარჩელეთა მიერ შესრულებული სავარაუდო სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშებაში მოცემული სამუშაოებისა და დანახარჯების დასახელების იმ ნორმატივებს, რომელიც შეეხება ლითონის კარის დამზადებასა და მონტაჟს, ასევე, რკინის კარის შეღებვას ზეთოვანი საღებავებით, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 665.59 ლარს, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ განხორციელებული ამგვარი სამუშაოები ვერ გამოიწვევს მოპასუხის გამდიდრებას, ვინაიდან, როგორც დადგენილია, რკინის კარი განკუთვნილია არა უშუალოდ ერთოთახიან ბინისათვის, არამედ, საერთო სარგებლობისათვის. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მითითებას ბინების გასაერთიანებლად გაწეული რეკონსტრუქციის ხარჯი ემსახურებოდა თუ არა სადავო ნივთის გაუმჯობესებას, თუ იგი მხოლოდ მოსარჩელეთა, როგორც ნივთის მოსარგებლეთა სპეციალური ინტერესებიდან გამომდინარე იქნა გაწეული, ასევე, წყალთან, ბუნებრივ აირთან დაკავშირებული სარემონტო სამუშაოები და სხვა გაუმჯობესებანი ხომ არ წარმოადგენდა, აუცილებელი საჭიროების გამო, ნივთზე გაწეულ ხარჯებს, რომელიც შესაძლოა უფლებამოსილი პირის ინტერესში ყოფილიყო, პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნულის შესახებ საქმეში წარმოდგენილი სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშებაში მითითება არ არის. ამასთან, მოსარჩელეს მითითებული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების საფუძველზე არ წარმოუდგენია. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ღიობი ამოშენებულია და ბინა აღარ არის იზოლირებული, ამასთან, წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა არ შეიცავს ღიობის მოწყობისას გაწეულ სამუშაოებს და დანახარჯს.

ამდენად, პალატამ მიინია, რომ მოსარჩელეთა მიერ ხ. დ-ს უძრავ ქონებაზე გაწეული ხარჯების ოდენობა, რამაც დანახარჯების გათვალისწინებით გამოიწვია ბინის ღირებულების გაზრდა, შეადგენს (9001.2-665;59) 8335,61 ლარს. პალატამ, მოსარჩელეთა განმარტებით დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ბინაში სარემონტო სამუშაოები ჩატარდა 2006 წლის დასაწყისში, ხოლო მოპასუხეები ბინიდან გამოსახლებული არიან 2010 წლის ნოემბერში. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №12357/03/2-03/1 საინჟინრო-სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა მომზადებულია 2010 წლის 1 ოქტომბერს. აქედან გამომდინარე, პალატამ გონივრულად და სამართლიანად მიიჩნია ნივთზე გაწეული ხარჯები განსაზღვროს ცვეთის კოეფიციენტის 20%-ის გამოკლებით, რაც მოცემულ შემთხვევაში 6 668, 49 ლარს შეადგენს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხათუნა დანელიამ შემდეგი დასაბუთებით: სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 980-ე მუხლი. მტკიცებულებებით დგინდება, რომ, მართალია, მხარეებმა ბინები გადაცვალეს, მაგრამ აღნიშნული საჯარო რეესტრში არ დაურეგისტრირებიათ, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეს არ შეიძლებოდა მიეჩნია უძრავი ქონება სამუდამოდ შეძენილად და იგი არ წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას, შესაბამისად, მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა უსაფუძვლოა. საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს კასატორის გამდიდრების ფაქტს. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა რემონტის ჩატარების დრო და ცვეთა, რომელსაც განიცდის ნებისმიერი საგანი. აქედან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა ფაქტობრივი გარემოებების შეფასების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხ. დ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

მოცემული დავის საგანია უსაფუძვლო გამდიდრებით ნივთზე გაწეული ხარჯების დაკისრება. კასატორი სადავოდ ხდის სამოქალაქო კოდექსის 980-ე მუხლის გამოყენების კანონიერებას. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხ. დ-ს უნდა დაუბრუნდეს თ. ძ-ს მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 333.42 ლარის, 70% – 233.39 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ხ. დ-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

ხ. დ-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს თ. ძ-ს მიერ საკასაციო საჩივარზე 2012 წლის 30 ივლისს №2 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 333.42 ლარის, 70% – 233.39 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. კვანტალიანი

მოსამართლეები: პ.ქათამაძე

ბ.ალავიძე