Facebook Twitter

№ას-1067-1001-2012 18 ოქტომბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ვ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივნისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საკუთრების უფლების აღიარება, დაყადაღებული მოძრავი ქონების ყადაღისგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ვ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ო. ვ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ო. ვ-ის დავალიანების გამო დაყადაღებული ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება და აღნიშნულ ნივთებზე ე. ვ-ის საკუთრების უფლების აღიარება.

მოპასუხე ო. ვ-მ სარჩელი ცნო მთლიანად.

სსიპ შემოსავლების სამსახურმა სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის გამო და განმარტა, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ქონება დააყადაღა კანონის მოთხოვნათა დაცვით, რომელსაც ესწრებოდა თავად მოსარჩელის წარმომადგენელი და მას რაიმე შენიშვნა აქტზე არ გაუკეთებია, ამასთან, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება სადავო ქონებაზე მისი საკუთრების დასადასტურებლად

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით ე. ვ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; აღსრულების ეროვნული ბიუროს საგადასახდო საქმეთა ოფიცრების მიერ 2012 წლის 15 თებერვლის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტით ქ. ქუთაისში, თ-ის IV შესახვევის №35-ში აღწერილი და დაყადაღებული მოძრავი ნივთებიდან ე. ვ-ის საკუთრების უფლება აღიარებულ იქნა და ყადაღისაგან გათავისუფლდა ,,ზალის კუთხე’’ (1 ცალი), ,,მდივან კრესლო ნაჭრის’’ (1 ცალი) და ,, ჭაღი 9 ნათურით’’ (2 ცალი); ე. ვ-ის სარჩელი აღსრულების ეროვნული ბიუროს საგადასახდო საქმეთა ოფიცრების მიერ 2012 წლის 15 თებერვლის დაყადაღების აქტში აღნიშნული ქონების - ტელევიზორი ,,სამსუნგი’’ (1 ცალი), ხის სკამი (6 ცალი), მუსიკალური ცენტრი ,,სამსუნგი’’ (1 ცალი), სარეცხი მანქანა LG (1 ცალი), ზალის კედელი (1 ცალი), პიანინო ,,ბელარუსი’’ (1 ცალი), ზალის მაგიდა (1 ცალი), ბაღის სკამი (6 ცალი), კომპიუტერის მაგიდა (1 ცალი), საძინებელი კომპლექსი (კარადა, 2 ტუმბო, ტახტი, დიდი ტუმბო) (1 ცალი) ყადაღისაგან გათავისუფლებისა და მათზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ე. ვ-მ შეგებებული სარჩელით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივნისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი და ე. ვ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინასტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ო. ვ-ს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ აქვს აღიარებული საგადასახადო დავალიანება 3189 (სამიათას ასოთხმოცდაცხრა) ლარის ოდენობით.

აღსრულების ეროვნული ბიუროს საგადასახდო საქმეთა ოფიცრების მიერ 2012 წლის 15 თებერვალს შედგა ქონების დაყადაღების აქტი, რომლითაც ყადაღა დაედო ტელევიზორს სამსუნგი (1 ცალი), ხის სკამს (6 ცალი), მუსიკალური ცენტრს სამსუნგი (1 ცალი), სარეცხ მანქანას LG (1 ცალი), ზალის კუთხეს ნაჭრის (1 ცალი), ზალის კედელს (1 ცალი), მდივან-კრესლოს ნაჭრის (1 ცალი), ჭაღს 9 ნათურით (2 ცალი), პიანინოს ,,ბელარუსი’’ (1 ცალი), ზალის მაგიდას (1 ცალი), ბაღის სკამს (6 ცალი), კომპიუტერის მაგიდას (1 ცალი), საძინებელი კომპლექსს (კარადა, 2 ტუმბო, ტახტი, დიდი ტუმბო) (1 ცალი).

საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. ქუთაისში ... უ-ის №37-ში (ყოფილი თ-ის ქუჩა IV შეს. №35) მდებარე უძრავი ქონება საკუთრების უფლებით ირიცხება ე. ვ-ისა და თ. ვ-ის საკუთრებად, რომელიც მათ მიღებული აქვთ სამკვიდრო მოწმობის №110972142 საფუძველზე.

მოწმე მ. ხ-ის ჩვენებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგინდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ყადაღის დადების შესახებ აქტში აღნიშული ,,ზალის კუთხე’’, ,,მდივან კრესლო ნაჭრის’’ და ,,ჭაღი 9 ნათურით’’ შეძენილია მოსარჩელის - ელგუჯა ვარდანიძის მშობლების მიერ და ისინი სამკვიდრო ქონების (საცხოვრებელ სახლი) მიღებისთან ერთად გადავიდა მის მფლობელობაში. ამასთან, პალატამ მიაჩნია, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ე. ვ-ის საკუთრებას დანარჩენ დაყადაღებულ ნივთებთან მიმართებაში.

დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სასამართლოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების თაობაზე სარჩელით მიმართა ე. ვ-მ და მოცემულ საქმეში მოსარჩელეებად არ არის მითითებული ის პირები, რომლებიც ე. ვ-ის წარმომადგენელმა დაასახელა გარკვეული დაყადაღებული ნივთების მესაკუთრეებად თავის ახსნა-განმარტებაში.

პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული მოძრავი ნივთები: ,,ზალის კუთხე’’ (1 ცალი), ,,მდივან კრესლო ნაჭრის’’ (1 ცალი) და ,, ჭაღი 9 ნათურით’’ (2 ცალი) მოსარჩელის - ე. ვ-ის მშობლების მიერაა შეძენილი და ისინი სამკვიდრო ქონების (საცხოვრებელ სახლი) მიღებისთან ერთად გადავიდა მის მფლობელობაში. აღნიშული გარემოებები მოსარჩელის წარმომადგენლისა და მოპასუხე ო. ვ-ის ახსნა-განმარტებების გარდა დასტურდებოდა მოწმე - მ. ხ-ის ჩვენებებით.

პალატამ მიუთითა, რომ მართალია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურმა სადავოდ გახადა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები, მაგრამ საწინააღმდეგოს დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია ქონების -,,ზალის კუთხე’’ (1 ცალი), ,,მდივან კრესლო ნაჭრის’’ (1 ცალი) და ,, ჭაღი 9 ნათურით’’ (2 ცალი), ყადაღისაგან განთავისუფლების ნაწილში.

პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტ ე. ვ-ის წარმომადგენლის არგუმენტაცია, რომ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №021-5345/04 აქტში აღნიშნული ნივთებიდან - ტელევიზორი ,,სამსუნგი’’ (1 ცალი), ხის სკამი (6 ცალი), მუსიკალური ცენტრი ,,სამსუნგი’’ (1 ცალი), სარეცხი მანქანა LG (1 ცალი), ზალის კედელი (1 ცალი), პიანინო ,,ბელარუსი’’ 1 ცალი, ზალის მაგიდა (1 ცალი), ბაღის სკამი (6 ცალი), კომპიუტერის მაგიდა (1 ცალი), საძინებელი კომპლექსი (კარადა, 2 ტუმბო, ტახტი, დიდი ტუმბო) (1 ცალი) არ წარმოადგენდა მოპასუხე ო. ვ-ის საკუთრებას. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში აპელანტის მიერ წარმოდგენილი არ იქნა რაიმე სახის მტკიცებულება რაც დაადსტურებდა, რომ ზემოდასახელებული სადაო ნივთები მისი საკუთრებაა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის მოსაზრებით, ვინაიდან ო. ვ-ის ფაქტობრივ ადგილსამყოფელს წარმოადგენდა ქ. ქუთაისში, თ-ის IV შესახვევის №35-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და რომ ის ფლობდასადავო ნივთებს, და, ამდენად ის უნდა მიჩნეულიყო მის მესაკუთრედ, პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ სწორად არ იქნა გაზიარებული ეს პოზიცია ყადაღისაგან განთავისუფლებულ ნივთებთან მიმართებაში. მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, მაგრამ მფლობელობა მხოლოდ და მხოლოდ მესაკუთრედ ყოფნის ვარაუდს წარმოშობს და საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ნივთის მფლობელის საკუთრების უფლების სასარგებლოდ მეტყველებს. მაგრამ ამ ვარაუდის გაქარწყლება შესაძლებელია, თუ წარმოდგენილ იქნება მტკიცებულება, რაც სხვა პირის საკუთრების უფლებას დაადასტურებს.

მოწმე მ. ხ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ აღწერილი და დაყადაღებული ნივთებიდან ,,ზალის კუთხე’’, ,,მდივან კრესლო ნაჭრის’’ და ,,ჭაღი 9 ნათურით’’ შეძენილია მოსარჩელის ე. ვ-ის მშობლების მიერ და ისინი სამკვიდრო ქონების (საცხოვრებელ სახლი) მიღებისთან ერთად გადავიდა მის მფლობელობაში. მოპასუხე შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი არ არის საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. რაც შეეხება დაყადაღების აქტში მითითებულ სხვა ნივთებს, აღნიშნულთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებები იქნა მიცემული პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის. მოწმის ჩვენებით ცალსახად ვერ იქნა დადასტურებული სადაო ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტი, ასევე საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ აღნიშნული ნივთები შეძენილია მოსარჩელის მიერ.

რაც შეეხება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მოწმის ჩვენება არ უნდა ყოფილიყო გაზიარებული, პალატის მოსაზრებით, სასამართლო სწორად არ დაეთანხმა და მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, მოწმეთა ჩვენება მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მოწმე გაფრთხილებულ იქნა ცრუ ჩვენებისათვის პასუხისმგებლობის შესახებ და მათი ჩვენებები შესაბამისობაშია მოსარჩელისა და მოპასუხის განმარტებებთან, ასევე საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, სასამართლოს მათი არ გაზიარების საფუძველი არ ჰქონდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 21.1-ე მუხლის პირველ წინადადებიაზე, ამავე კანონის 28-ე მუხლის პირველი ნაწილზე და აღნიშნა, რომ აღმასრულებელი, რომელსაც კრედიტორი მიმართავს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით და წარუდგენს სააღსრულებო ფურცელს, ვალდებულია დაუყოვნებლივ მოიძიოს მოვალის – მოპასუხის ქონება და ყადაღა დაადოს მას. ამასთან, შესაძლოა აღმასრულებლის მიერ მოვალის საკუთრებად მიჩნეულ ქონებაზე პრეტენზია განაცხადონ მესამე პირებმა, მაგრამ ეს არ აბრკოლებს აღმასრულებელს.

სააპელაციო პალატის განმარტებით, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მეექვსე პუნქტის შესაბამისად, ქონებას ყადაღა მაინც ედება. თუმცა კანონმდებლობით მესამე პირთა მიერ თავისი უფლებების დაცვის საშუალებაც არის გათვალისწინებული, კერძოდ, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელი ყადაღისაგან ქონებისგათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. მოცემულ შემთხვევაში, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ნივთზე საკუთრების უფლება ეკუთვნოდა არა მოვალეს – ო. ვ-ს არამედ ე. ვ-ს, გადაწყვეტილების აღსრულება კი მხოლოდ მოვალის ქონების რეალიზაციით იყო დასაშვები, რაც წარმოადგენდა ამ ქონების დაყადაღების მიზანს. ვინაიდან დაყადაღებულ ქონებაში სხვა პირის ქონებაც მოხვდა ის ექვემდებარებოდა ყადაღისაგან გათავისუფლებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ივლისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

„სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სსიპ შემოსავლების სამსახური, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

მ. სულხანიშვილი