№ას-1070-1004-2012 2 ოქტომბერი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ნ. ჟ-ა
მოწინააღმდეგე მხარე - ვ. ჯ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი - თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება, უძრავი ნივთის გაუმჯობესების ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. ჯ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ჟ-ს მიმართ თანხის დაკისრების, ზიანის ანაზღაურებისა და უძრავ ნივთზე გაწეული გაუმჯობესების ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: ვ.ჯ-მ 1993 წელს მოპასუხის ნ. ჟ-ს დედისათვის – ე. დ-ის ქ.ბათუმში, მ. ა-ის ქ.№24-ში მდებარე მოპასუხის საკუთრებაში რიცხული ბინის საფასურად 3700 აშშ დოლარი გადაიხადა. მოსარჩელე 1993 წლიდან ცხოვრობდა მის მიერ შეძენილ ბინაში, ხოლო 1997 წელს, მოცემული ბინა, მოხდა რა „ათვისებაში“ ე.წ ბადოევის ბიურომ ქ.ბათუმში, მ-ის ქ.№91-ში მდებარე 59-ე ბინა შეუძინა. ვინაიდან, 1993 წელს შეძენილი ბინა მოსარჩელეს კანონით დადგენილი წესით არ აღურიცხია საკუთრებად, გაცვლის შემდეგ ბინა ვ.დ-ს საკუთრებად დარეგისტრირდა. 2008 წელს ვ.ჯ-მ მოითხოვა რა დახმარება საცხოვრებელი სახლის საკუთრების უფლებით დასარეგისტრირებლად, მან ქ.ბათუმის მერიის თანამშრომლისგან მიიღო საჯარო რეესტრის ამონაწერი, რითაც დასტურდებოდა მისი საკუთრება. მოგვიანებით, აღნიშნული დოკუმენტაციის მომწესრიგებელი პირი დაკავებული და მსჯავრდებული იქნა, სადაც დადასტურდა, რომ მის მიერ გაყალბებული იყო 1997 წლის 16 მაისით დათარიღებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოხდა სარეგისტრაციო სამსახურში მოსარჩელის მესაკუთრედ აღრიცხვა. იგივე გარემოებასთან დაკავშირებით მსჯავრდებულ იქნა ასევე ვ. ჯ-ე. გამოძიების დროს ნ.ჟ-ს მიერ მიცემული იქნა განმარტება იმის თაობაზე, რომ მისთვის ცნობილი იყო მისი დედისათვის თანხის გადაცემის შესახებ. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე სადავო უძრავი ქონება მოპასუხის საკუთრება გახდა. მოსარჩელე გამოსახლებულ იქნა მოცემული ბინიდან, ვინაიდან, 1997 წლის 16 მაისის სადავო ქონებაზე არსებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება სასამართლოს გადაწყვეტილებით ყალბად იქნა აღიარებული, რა დროსაც გახდა ცნობილი მოსარჩელისათვის ე. დ-ს გარდაცვალების შესახებ. ვინაიდან, დადასტურებულია ბინის შესაძენად მოპასუხის დედისათვის თანხის გადაცემის ფაქტი, მოპასუხეს უნდა დაეკისროს, როგორც 3700 აშშ დოლარი, ასევე მოცემული თანხის მსყიდველობითი კურსისა და აღნიშნულ თანხაზე შესაძლო სარგებლის მიღების გათვალისწინებით 1993 წლიდან დღემდე 17 804 აშშ დოლარისა და მის მიერ ბინის გაუმჯობესებასა და კეთილმოწყობასთან დაკავშირებული ხარჯის - 7850 ლარის გადახდა.
მოპასუხე ნ. ჟ-მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მას რაიმე ვალდებულება მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია და მას არსებული პრეტენზიის შესახებ მამკვიდრებლისათვის უნდა მიემართა.
ნ.ჟ-მ წარმოდგენილი შეგებებული სარჩელით მოითხოვა თანხის დაკისრება შემდეგი დასაბუთებით: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით მოპასუხე ვ. ჯ-ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ყალბად იქნა აღიარებული. მოპასუხე წლების განმავლობაში მოსარჩელის თანხმობის არარსებობის მიუხედავად ახერხებდა, ესარგებლა ნ. ჟ-ს უძრავი ქონებით, რამაც მიაყენა მას მნიშვნელოვანი ზიანი. 2008 წლის იანვრიდან მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრში მოპასუხემ წარადგინა ყალბი დოკუმენტი და დაირეგისტრირა უძრავი ქონება, მოსარჩელეს წაერთვა საშუალება, ესარგებლა თავისი საკუთრებით, რომელიც მას მამკვიდრებლისაგან დარჩა, ნივთის უკანონო მფლობელობა გრძელდებოდა 43 თვის განმავლობაში, რა დროსაც შესაძლებელი იყო მოსარჩელეს თავისი კუთვნილი ქონება გაექირავებინა და მიეღო გარკვეული შემოსავალი, რაც ყოველთვიურად სპეციალისტის დასკვნის თანახმად შეადგენდა 300-350 ლარს. აქედან გამომდინარე, მოპასუხე (შეგებებული სარჩელში - მოსარჩელე) მოითხოვს მოპასუხეს ზიანის - 14476 ლარის გადახდა დაეკისროს, რაც მოიცავს, როგორც ქირის სახით მიუღებელ შემოსავალს, ისე კომუნალური მომსახურებისა და საჯარო რეესტრში უკანონო რეგისტრაციის გაუქმებისათვის მოსაკრებლის თანხას.
შეგებებული სარჩელის მოპასუხე ვ.ჯ-ე წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელს არ ცნობს და მიუთითებს, რომ იგი უძრავ ქონებას თავსი საკუთრებად მიიჩნევდა, რომლის ფლობაც გამოსახლების შემდეგ შეწყვიტა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ.ჯ-ის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნ.ჟ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ 3700 აშშ დოლარისა და ნივთზე გაწეული ხარჯის - 3155 ლარის გადახდა დაეკისრა. ნ.ჟ-ს მიერ წარდგენილი შეგებებული სარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ორივე მხარემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ჟ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ვ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება ვ. ჯ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ვ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნ. ჟ-ს ვ. ჯ-ის სასარგებლოდ 6364 აშშ დოლარი დაეკისრა. შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქ.ბათუმში მ-ის ქ. №91-ში მდებარე №59-ე ბინა მოსარჩელე ვ. ჯ-ის სახელზე 2007 წლის დეკემბერში1997 წლის 16 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა. აღნიშნული ხელშეკრულება ბათუმის საქალქო სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ყალბად იქნა აღიარებული. მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრული იქნა სისხლის სამართლის საქმე და მოსარჩელე ვ. ჯ-ე მსჯავრდებულ იქნა ყალბი დოკუმენტის დამზადებისათვის. მოპასუხის სახელზე სამკვიდრო მოწმობა გაცემული იქნა 2010 წლის 5 აგვისტოს, რომელიც მოიცავდა მამკვიდრებელ ე. დ-ს დანაშთ სამკვიდროს აქტივებსა და პასივებს, მათ შორის, სადავო უძრავ ქონებასაც. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე სადავო ქონების საკუთრებად აღირიცხა ნ. ჟ-ს მიერ 2011 წლის ივნისსში, რის შემდეგაც 2011 წლის 8 ივლისს პოლიციის განყოფილების მეშვეობით მოსარჩელე ვ. ჯ-ე უძრავი ქონებიდან გამოასახლეს. ვ. ჯ-მ ნ. ჟ-ს დედას 3700 აშშ დოლარი სადავო ბინის სანაცვლოდ1993 წელს გადაუხადა. უძრავი ქონება 2011 წლის ივნისის ჩათვლით იმყოფებოდა ვ. ჯ-ის მფლობელობასა და სარგებლობაში და ნ. ჟ-ს ის დაუბრუნდა 2011 წლის ივლისში. ვ. ჯ-ის მიერ ნ. ჟ-ს საკუთრებად რიცხულ საცხოვრებელ ბინაში ჩატარებულ იქნა გარკვეული სარემონტო სამუშაოები, რომელიც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ჯ-მ, ნ. ჟ-ს დედისათვის, ე. დ-სათვის საცხოვრებელი ბინის შესაძენად გადაიხადა 3700 აშშ დოლარი და მხარეებს შორის ქირავნობის ურთიერთობა არ არსებობდა. თანხის გადახდის ფაქტი საგამოძიებო ორგანოში ნ.ჟ-ს მიერ მიცემული ჩვენებითა და ხელწერილით დასტუდება. ამ უკანასკნელის ნამდვილობა, დადასტურებულია ექსპერტის დასკვნით.
პალატამ არ გაიზიარა ნ. ჟ-ს განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მისი საგამოძიებო ორგანოში მიცემული ჩვენება განპირობებული იყო იმით, რომ დახმარებოდა ვ. ჯ-ს. საგულისხმოა, რომ ხელწერილი მომზადებულია 2007 წლის 24 ნოემბერს, ხოლო ჩვენება მიცემული აქვს 2010 წლის 17 ივლისს, ანუ იმ დროისათვის ვ. ჯ-ის მიმართ გამოძიება არ მიმდინარეობდა და მისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემსუბუქებისათვის დახმარების გასაწევად მითითებული ხელწერილის დაწერის აუცილებლობა ვერ იარსებებდა. ნ. ჟ-ა უკმაყოფილო იყო 1993 წელს დადებული ხელშეკრულებით და ამიტომ იგი ვ. ჯ-ს სთხოვდა თანხის დამატებას და იღებდა კიდეც გარკვეულ თანხას. ნ.ჟ-ა 2010 წლის 17 ივლისს მიცემულ ჩვენებაში მიუთითებს, რომ მან დაიწყო თანხის მოთხოვნა და ვ. ჯ-ე მცირე თანხას უხდიდა.
სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნის თანხმად, დასტურდება, რომ ვ. ჯ-ის მიერ 1997, 2001, 2005 წლებში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების საბაზრო ღირებულება შეფასების მომენტისათვის შეადგენს 2585 ლარს. პალატამ არ გაიზიარა ვ. ჯ-ის განმარტება და მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ სამკვიდრო ქონება მემკვიდრის საკუთრებად ითვლება სამკვიდროს გახსნის დღიდან და მას შემდეგ, რაც ვ. ჯ-ის სახელზე უკანონოდ აღირიცხა უძრავი ქონება ადგება ზიანი. დადგენილია, რომ სამკვიდრო მოწმობა ნ. ჟ-ს სახელზე გაიცა 2010 წლის 5 აგვისტოს, ხოლო სამკვიდრო 2004 წელს გაიხსნა. მოსარჩელის მიერ მას შემდეგ, რაც მოხდა უძრავი ქონების სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე რეგისტრაცია, მოპასუხე გამოსახლებულ იქნა ბინიდან. მოცემული პერიოდიდან, როგორც მესაკუთრეს ჰქონდა უფლება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისა, თუმცა ვ.ჯ-ე ამ დროიდან უკვე გამოსახლებულია და აღარ ფლობს საცხოვრებელ ბინას, შესაბამისად,ზიანიც არ მიუყენებია.
სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლების გამო, არ არსებობს, არ წარმოშობილა და შეწყდა შემდგომში. ამავე კოდექსის 385-ე მუხლით, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვნილი.
დადგენილია, რომ ნ.ჟ-ს დედამ ვ. ჯ-ისაგან მიიღო ბინის ნასყიდობის თანხა 3700 აშშ დოლარის ოდენობით. მითითებული გარიგება ბათილია, რადგან არ იქნა დაცული კანონით დადგენილი წესი, შესაბამისად, აღნიშნული თანხა ნ. ჟ-მ, როგორც მემკვიდრემ, უნდა დაუბრუნოს ვ. ჯ-ს. სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის შესაბამისად, მემკვიდრეები ვალდებული არიან, მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ ნ. ჟ-მ უნდა შეასრულოს წარმოშობილი ვალდებულებები მიღებული სამკვიდროს აქტივებისა და პასივების ფარგლებში. პალატამ მიიჩნია, რომ ვ. ჯ-ს მოცემული სამართლებრივი ურთიერთობის დარეგულირებისას სრული უფლება აქვს მიიღოს თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის 2 პროცენტი, რომელიც დაანგარიშებული უნდა იყოს მხოლოდ სამი წლის განმავლობაში (მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით), მაშასადამე, 3700 აშშ დოლარის 2 პროცენტი თვეში, სამი წლის განმავლობაში არის 2664 აშშ დოლარი.
სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ამავე კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება,თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის შესაბამისად, ვადის გადაცილებისას მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება; ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს; ამავე კოდექსის 415-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის გამოწვეული. სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია, მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა; ვ. ჯ-ის მიერ სადავო ბინაში ჩატარებულია გარკვეული სარემონტო სამუშაოები, რომლის ხარჯთაღრიცხვა შეადგენს 3155 ლარს გამათბობელის ღირებულების ჩათვლით. პალატამ მიიჩნია, რომ ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში – თავიდან აეცილებინა, ან შეემცირებინა ზიანი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ჟ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოში კასატორი უთითებდა, რომ ვ.ჯ-ის მიერ თანხის ვ.დ-სათვის გადაცემის ფაქტის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნევის შემთხვევაშიც, მოთხოვნა იყო ხანდაზმული, რისი საწინააღმდეგო არგუმენტები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის. მოთხოვნის ხანდაზმულობა გამოიხატებოდა, როგორც მამკვიდრებლის, ასევე მემკვიდრის მიმართაც. ვ.ჯ-ისთვის ვ.დ-ს გარდაცვალების დღიდანვე ცნობილი იყო აღნიშნულის შესახებ, თუმცა რაიმე სახის მოთხოვნა მის მიერ სარჩელის შეტანამდე არ წარდგენილა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ნ.ჟ-ა ორივე ინსტანციის სასამართლოში მოითხოვდა მოწმედ ჟ. ტ-ე დაეკითხათ. დადგენილია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე 2010 წლის 26 დეკემბერს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის მსჯავრდებულ იქნა ვ.ჯ-ე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულად, როგორც გარდაცვლილ ვ.დ-ს მემკვიდრე, ცნობილ იქნა ნ.ჟ-ა. სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ ვ.ჯ-ისთვის, რომელიც იცნობდა სისხლის სამართლის საქმეს და რომელსაც ჩაჰბარდა ამ საქმეში არსებული საქმის მასალები, ვ.დ-ს გარდაცვალება ცნობილი იყო. ამ ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეში მოთავსებული ვ.დ-ს გარდაცვალების მოწმობა და ბრალდებულ ვ.ჯ-ისათვის გაგზავნილი შეტყობინება გამოძიების დამთავრების შესახებ. ვ.ჯ-ის მიერ გაშვებულია მოთხოვნის წარდგენის 6 - თვიანი ვადა.
სააპელაციო საჩივარში მოწინააღმდეგე მოითხოვდა ზიანის ანაზღაურებას სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მიხედვით და მისგან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის დაკისრებას თანახმად სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლისა. სააპელაციო სასამართლომ კი მიიჩნია, რომ მის მიერ მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნა საპროცენტო სარგებლის მოთხოვნა იყო, რითაც ის გასცდა ვ.ჯ-ის სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის დარღვევით მხარეს მიაკუთვნა ის, რაც მას არ მოუთხოვია. გარდა ამისა სასამართლოს მიერ გამოყენებული 403-ე მუხლი არ უკავშირდებოდა ვ.ჯ-ის მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვდა 1993 წელს ვ.დ-სათვის გადაცემული თანხის ნ.ჟ-ზე დაკისრებას სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო მოცემულ მუხლში საუბარია მოვალის მიერ ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტის მოთხოვნაზე.
სამოქალაქო კოდექსის 987 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით უსაფუძვლო გამდიდრების მოთხოვნა გამორიცხულია თუ პრეტენზიის წარმდგენმა ბრალეულად დააყოვნა შეტყობინება ხარჯების მოთხოვნის შესახებ. ვ.ჯ-ს 1999 წლიდან არ წარუდგენია პრეტენზია ვ.დ-სთან, მიუხედავად იმისა, მან იცოდა ის ფაქტი, რომ უძრავი ქონება მას არ ეკუთვნოდა. შესაბამისად სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით მოთხოვნა გამორიცხულია. მოწინააღმდეგე მხარეს რაიმე მტკიცებულება მ-ის ქ.№91-ში მდებარე ბინაში გამათბობელ „კარმის“ არსებობაზე სასამართლოში არ წარუდგენია. სააპელაციო სასამართლომ კი, ის სარემონტო სამუშაოების ღირებულებაში ჩათვალა, რაც უკანონოა.
ნ.ჟ-ს მიერ განცხადება ხელშეშლის აღკვეთასა და ვ.ჯ-ის გამოსახლებაზე შეტანილ იქნა 2011 წლის ივნისში. პოლიციის მიერ აღნიშნულთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობდა, რის შესახებაც ვ.ჯ-ს წინასწარვე ეცნობა. საქმეში წარმოდგენილი ხელშეშლის აღკვეთის ოქმით შედგენილი პოლიციის ქვეგანყოფილებაში, რაზეც ვ.ჯ-ის ხელმოწერაა დაფიქსრირებული, მითითებულია, რომ ნ.ჟ-ს უძრავი ქონება ჩაჰბარდა თავისუფალ მდგომარეობაში, ხოლო რაიმე შენიშვნა, ვ.ჯ-ს აღნიშნულ აქტზე არ გაუკეთებია. საჯარო რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის ფაქტი არ ნიშნავდა იმას, რომ ნ.ჟ-ს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა არ შეეძლო. სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან მემკვიდრე ამ ქონების მესაკუთრედ ითვლება, ხოლო, სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლით, სამკვიდროში შედის მამკვიდრებლის ყველა აქტივი ანუ სამკვიდრო მასა მოიცავს როგორც დაურეგისტრირებელ, ასევე დარეგისტრირებულ უძრავ ქონებას.
სასამართლოს განმარტება ნ.ჟ-ს მხრიდან აღნიშნულ ბინაზე 2011 წლამდე პრეტენზიის არქონასთან დაკავშირებით მიუღებელია. ვ.ჯ-ე 2008 წელს უკანონოდ დაეუფლა სადავო ქონებას და იგი ყალბი ხელშეკრულების საფუძველზე დაირეგისტრირა. აღნიშნულის გამო აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მოცემულ საქმეზე მიმდინარეობდა წინასწარი გამოძიება, რომელიც დასრულდა 2010 წლის 29 დეკემბერს მიღებული გამამტყუნებელი განაჩენით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ყალბად იქნა აღიარებული ვ.ჯ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ვ.ჯ-ის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ ფორმადაუცველი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დადებული იყო მ.ა-ის ქუჩაზე არსებული ბინის შესაძენად, რომელიც არ უკავშირდება მ-ის ქუჩაზე არსებულ ბინას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ჟ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
მოცემული დავის საგანია თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება და უძრავი ნივთის გაუმჯობესების ხარჯების მოპასუხეზე დაკისრება. კასატორი სადავოდ მიიჩნევს სამოქალაქო კოდექსის 987-ე და 1433-ე, მუხლების გამოყენების კანონიერებას. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ჟ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 723.80 ლარის, 70% – 506.66 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ჟ-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
ნ. ჟ-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 2012 წლის 31 ივლისს №249663594 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 723.80 ლარის, 70% – 506.66 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. კვანტალიანი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე