Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-1076-1009-2012 11 ოქტომბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. ჟ-ა (განმცხადებელი)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჯ. ჟ-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ და მოითხოვა, დადგინდეს ფაქტი, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტი – საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონის მეთაურის 1993 წლის 11 იანვრის №25 ბრძანება ეკუთვნის 1953 წლის 20 მაისს დაბადებულ ჯ. მ-ის ძე ჟ-ს.

განმცხადებლის განმარტებით, იგი არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი. 1993 წლის 11 იანვრიდან მხარე დაინიშნა მექანიზირებული ბატალიონის ნაღმტყორცნი ბატარეის მსროლელად და მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში. აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანებაში მისი სახელი მიუთითეს არასწორად, როგორც „ჯ-ი“. ანალოგიური შეცდომა დაფიქსირდა სამხედრო ნაწილიდან მისი დათხოვნის ბრძანებაშიც.

აღნიშნული პრობლემის გამო, სოციალურმა მომსახურების სააგენტომ ჯ. ჟ-ს შეუჩერა ომოსა და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პენსიის გაცემა.

სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით ჯ. ჟ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ჯ. ჟ-ს განცხადების განუხილველად დატოვება შემდეგი საფუძვლებით:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 311-ე მუხლის შესაბამისად, განსახილველ საქმეში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, როგორც დაინტერესებული პირის მიერ შეპასუხება წარმოადგენს უდავო წარმოების წესით დაწყებული საქმის წარმოების სასარჩელოდ ტრანსფორმირების საფუძველს, რადგან დოკუმენტის კუთვნილების დადგენა წარმოშობს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას შესაბამის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხოციელებაზე, რაც უდავოდ დგინდება განცხადებაზე თანდართული ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის 2012 წლის 29 თებერვლის №168/19 წერილიდან.

აღსანიშნავია, რომ სადავო ფაქტის დადგენას საფუძვლად დაედო განმცხადებლის პირადობის, დაბადების მოწმობები, დევნილის მოწმობა, სადაც მხარის სახელი არაიდენტურია, კერძოდ, მის დაბადების მოწმობაში განმცხადებლის სახელად მითითებულია „ჯ-ი“, ხოლო დევნილისა და პირადობის მოწმობებში – „ჯ.“.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

თ. თოდრია