№ას-1086-1017-2012 2 ოქტომბერი, 2012 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ნ. ი-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ხაშურის მუნიციპალიტეტის ვ-ის საშუალო სკოლა (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - შრომითი ხელშეკრულების მოშლის შესახებ სკოლის დირექტორის ბრძანების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2012 წლის 16 იანვარს ნ. ი-მა ხაშურის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა ხაშურის მუნიციპალიტეტის ვ-ის საშუალო სკოლის დირექტორის წინააღმდეგ შრომითი ხელშეკრულების მოშლის შესახებ სკოლის დირექტორის ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 ივლისის განჩინებით ნ. ი-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. ი-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლო თვლის, რომ მოცემული საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 სექტემბრის განჩინებით ნ. ი-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ - ხარვეზის შევსების მიზნით, კასატორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 300 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა 5 დღის ვადაში. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს 2012 წლის 11 სექტემბერს ჩაბარდა, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე მუხლების თანახმად, ვადის დენა 12 სექტემბრიდან დაიწყო და 17 სექტემბერს ამოიწურა. კასატორს ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოუსწორებია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ნ. ი-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ი-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვ. როინიშვილი