Facebook Twitter

№ას-1088-1019-2012 25 ოქტომბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ს. კ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ა-ი, კ. ა-ი, ო. ა-ი, კ. ე-ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ივლისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. კ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. ა-ის, კ. ა-ის, ო. ა-ისა და კ. ა-ს წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხეების მიერ ქ. თბილისში, რ-ის ქ №25-ში მდებარე, ს. კ-ს საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტა სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის სანაცვლოდ. მოსარჩელის განმარტებით, იგი ქ. თბილისში, რ-ის ქ. №25-ში მდებარე უძრავი ქონების 13/16 ნაწილის მესაკუთრეა. მოპასუხეები არიან საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეები, რომლებიც თანხმდებიან საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75 %-ის გადახდის სანაცვლოდ, შეწყვიტონ ფართზე მფლობელობა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულება შეადგენს 25400 ლარს, რომლის 75 % არის 19059 ლარი.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

მოპასუხე ს. ა-მა შეგებებული სარჩელი აღძრა ს. კ-ს წინააღმდეგ და მოითხოვა საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 10 %-ის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე მესაკუთრედ ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით ს. კ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; ს. კ-ს ს. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 25400 ლარის 75 % _ 19059 ლარის გადახდა; ს. კ-ს მიერ ს. ა-ისათვის 19059 ლარის გადახდის შემდეგ კ. ა-ის, ს. ა-ის, ო. ა-ის და კ. ე-ს ქ. თბილისში, რ-ის (ჯ-ის) ქ. №25-ში მდებარე საცხოვრებელ სადგომზე შეუწყდება მფლობელობა და სადგომი გადაეცემა ს. კ-ს; ს. ა-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ამავე სასამართლოს 2012 წლის 21 მაისის უსწორობის გასწორების შესახებ განჩინებით, გასწორდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე და მესამე პუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „გადახდეს ს. კ-ს ს. ა-ის სასარგებლოდ 25400 ლარის 90% - 22860 (ოცდა ორიათას რვაას სამოცი) ლარი. 3. სედა კარახანოვას მიერ ს. ა-ისათვის 22860 (ოცდა ორიათას რვაას სამოცი) ლარის გადახდის შემდეგ კ. ა-ის, ს. ა-ის, ო. ა-ის და კ. ე-ს მფლობელობა ქ. თბილისში, რ-ის (ჯ-ის) ქ. N25-ში მდებარე საცხოვრებელ სადგომზე შეწყდეს და სადგომი გადაეცეს ს. კ-ს“.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. კ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება დაკისრებული თანხის ოდენობის ნაწილში და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის სანაცვლოდ, საცხოვრებელი სადგომზე მფლობელობის შეწყვეტა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ივლისის განჩინებით ს. კ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სადავო საცხოვრებელი სადგომის, მდებარე: ქ. თბილისში, რ-ის ქ. №25, 13/16 ნაწილზე რეგისტრირებულია ს. კ-ს, ხოლო 3/16 ნაწილზე _ ვ. ზ-ს საკუთრების უფლება (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტ. I. ს.ფ. 18-19).

მოპასუხეები ფლობენ ქ. თბილისში, რ-ის ქ. №25-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ს. კ-ს კუთვნილი წილიდან საცხოვრებელ სადგომს საერთო ფართობით 29,55 კვ.მ. _ ორი ოთახი საერთო ფართობით 24,57 კვ.მ, შესასვლელი და სველი წერთილი საერთო ფართობით 4,94 კვ.მ. ეზოში მდებარე სათავსი ფართობით 2.34 კვ.მ. (მხარეთა ახსნა-განმარტება, ტ. I. ს.ფ. 2-13, 51-58).

ს. ა-ი ქ. თბილისში, რ-ის ქ. 25-ში რეგისტრირებულია 1951 წლის 11 სექტემბრიდან, კ. ე-ა –1981 წლის 09 დეკემბრიდან, ო. ა-ი _ 1997 წლის 20 აგვისტოდან, ხოლო კ. ა-ი _ 2001 წლის 03 სექტემბრიდან (ტ. I. ს.ფ. 71-74).

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტ ს. კ-ს მოსაზრება მოპასუხეების მოსარგებლის სტატუსთან დაკავშირებით და აღნიშნულთან მიმართებაში დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს და „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ განსახილველი ურთიერთობა ექცეოდა ამ კანონის რეგულირების სფეროში, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, დგინდებოდა, რომ მოსარჩელის უფლება სადავო საცხოვრებელ სადგომთან მიმართებით წარმოშობილი იყო სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე წერილობით დადებული 1959 წლის ხელშეკრულებიდან. მხარეთა შორის სადავო იყო მოსარგებლის სამართლებრივი სტატუსი საცხოვრებელ სადგომთან მიმართებაში, კერძოდ, მოსარჩელის უფლება სადავო საცხოვრებელ სადგომთან მიმართებით წარმოშობილი იყო სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე წერილობით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, თუ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებიდან.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი 1959 წლის 20 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულებით დგინდებოდა თავდაპირველ მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე შეთანხმების არსებობის ფაქტი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იმ გარემოების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება, რომ მითითებული ხელშეკრულება, არის ყალბი, აპელანტის მიერ სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებიდან გამომდინარე, მის (მოპასუხის) მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მასზე, რომ მოდავე მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოშობილი იყო სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე წერილობით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან.

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №018862-2011/10/1-03 დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, რ-ის ქ. №25-ში მდებარე უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს 15 662 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში (ტ. I. ს.ფ. 182-193). ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ სადავო საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულებას სააპელაციო საჩივრით არც თავად მხარე ხდიდა სადავოდ.

ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ თავდაპირველ მესაკუთრესა და თავდაპირველ მოსარგებლეს შორის არსებობდა სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მხარეებზე უნდა გავრცელებულიყო სწორედ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი და საცხოვრებელი სადგომზე მფლობელობის შეწყვეტის სანაცვლოდ, ს. კ-ს ს. ა-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისრებოდა 25400 ლარის 90% - 22860 (ოცდა ორიათას რვაას სამოცი) ლარის გადახდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. კ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება დაკისრებული თანხის ოდენობის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 90%-ის ნაცვლად მისთვის 75%-ის გადახდის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის არსებობს შინაურული ფორმის ნასყიდობის ხელშეკრულება

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 სექტემბრის განჩინებით ს. კ-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. კ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ს. კ-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ს. კ-ა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. კ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

მ. სულხანიშვილი