Facebook Twitter

№ას-1094-1025-2012 23 ოქტომბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს ,,ბ-ო“ (დირექტორი ჯ. კ-ე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. დ-ე (ო. წ-ის უფლებამონაცვლე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ო. წ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ბ-სა“ და მ. ს-ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით ო. წ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი სასამართლო ინსტანციების მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 ივნისის განჩინებით ნ. დ-ის (ო. წ-ის უფლებამონაცვლე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს ,,ბ-მ“ და ლ. კ-მ (მ. ს-ის უფლებამონაცვლე).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 14 სექტემბრის განჩინებით შპს ,,ბ-ს“ მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, რადგან საკასაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი და არ იყო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინებით შპს ,,ბ-ს“ გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისთვის დადგენილი ვადა და დაევალა სასამართლოში საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და ამ ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,ბ-ს“ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,ბ-ს“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინებით გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა და დაევალა სასამართლოში საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და ამ ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება შპს ,,ბ-ს“ დირექტორ ჯ. კ-ის წარმომადგენელ დ. ღ-ს (იხ. რწმუნებულება ტ.III, ს.ფ.164-166) სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2012 წლის 15 ოქტომბერს (იხ.ტ.III, ს.ფ340).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ორდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 16 ოქტომბერს და ამოიწურა 2012 წლის 18 ოქტომბერს.

2012 წლის 15 ოქტომბერს შპს ,,ბ-ს“ დირექტორმა ჯ. კ-მ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, რადგან შპს ,,ბ-ო“ იყო გადახდისუუნარო და კომერციულ საქმიანობას არ აწარმოებდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქლაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ბ-ს“ დირექტორ ჯ. კ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ზემოაღნიშნული მუხლის დანაწესი ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე, მოცემულ შემთხვევაში კი კასატორი არის იურიდიული პირი - შპს ,,ბ-ო“.

შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია, კერძოდ არ წარმოუდგენია საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და ამ ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ბ-ს“ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს ,,ბ-ს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნ.კვანტალიანი