Facebook Twitter

№ას-1120-1051-2012 2 ოქტომბერი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ა-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი მოპასუხე გ. ა-ის მიმართ, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შეწყდა ქორწინება ნ. გ-სა და გ. ა-ს შორის და გაუქმდა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქარელის სამსახურის 2010 წლის 17 ნოემბრის ჩანაწერი მათი ქორწინების რეგისტრაციის შესახებ. ამავე გადაწყვეტილებით გ. ა-ს ნ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩო (ალიმენტი) 2010 წლის 22 ნოემბერს დაბადებული რ. ა-ის რჩენისათვის ყოველთვიურად 170 ლარის ოდენობით, რ. ა-ის სრულწლოვანებამდე, სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2012 წლის 23 იანვრიდან, ნ. გ-ს უარი ეთქვა მოპასუხისათვის გასული პერიოდის ალიმენტის დაკისრებაზე, აგრეთვე, მოპასუხის არამართლზომიერი მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის, წარსული დროის ალიმენტის დაკისრებისა და არამართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნივთის დაბრუნების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: გ. ა-ს არასრულწლოვანი შვილის – 2010 წლის 22 ნოემბერს დაბადებული რ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2012 წლის 23 იანვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ნ. გ-სა და გ. ა-ს შორის ქორწინება დარეგისტრირდა 2010 წლის 17 ნოემბერს.

მხარეებს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი – 2010 წლის 22 ნოემბერს დაბადებული რ. ა-ი. იგი ცხოვრობს დედასთან.

ნ. გ-ის ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 143 ლარს.

გ. ა-ს აქვს ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი, რომლის ოდენობა, საქმეში წარდგენილი შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს 2010 წლის 10 მარტის ცნობით, შეადგენს წელიწადში 10919.20 ლარს.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება მოპასუხის შემოსავლის ოდენობის დასაბეგრი თანხის გათვალისწინებით დადგენის თაობაზე. აღნიშნული გარემოების დადგენა მიზნად ისახავდა მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობის განსაზღვრას. შესაბამისად, იგი უნდა განსაზღვრულიყო ფაქტობრივად მიღებული (მისაღები) აქტივების გათვალისწინებით. გარდა ამისა, გ. ა-ს მოჰყავდა სოფლის მეურნეობის პროდუქტები (ბოსტნეული, ხილი, თაფლი), რომელსაც მოიხმარდა ოჯახში. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება ამ პროდუქტების სარეალიზაციოდ გატანისა და ამ გზით ოჯახისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროს არსებობის თაობაზე და განმარტა, რომ მოსარჩელეს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1230-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელის და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით. ნორმის სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არამარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. აქვე, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის იმ კრიტერიუმებზე, რასაც კანონმდებელი ალიმენტის გადამხდელის ყოველთვიური რეალური შემოსავალის ოდენობას უკავშირებს. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს და სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადახდა, რომელიც გამიზნულია სარჩენი პირის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნისათვის, უნდა იყოს აღსრულებადი.

მოცემულ შემთხვევაში, მოდავე მხარეების ყოველთვიური შემოსავლის გათვალიწინებით სააპელაციო სასამართლომ გონივრულ ოდენობად მიიჩნია ალიმენტის სახით 200 ლარის დაკისრება. ამ თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს ყოველთვიური სტაბილური სახელფასო შემოსავლის გარდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების შედეგად ჰქონდა დამატებითი საარსებო წყაროც, რომელიც მართალია მატერიალური ფორმით ფულად შემოსავალს არ აძლევდა, თუმცა, ამ პროდუქტების წარმოებით, შემოსავლის დაზოგვას ახერხებდა და ამ გარემოებას ასახვა უნდა ეპოვა საარსებო სახსრების გადანაწილებაში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხის შემოსავლის გათვალისწინებით ალიმენტის სახით განსაზღვრული 170 ლარი არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე გაზარდა 200 ლარამდე.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის დასაბუთება წარსული დროის ალიმენტის გადახდევინების თაობაზე და მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას. ნორმის დანაწესიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებლობა წარსული დროის ალიმენტის გადახდევინებას ითვალისწინებს მხოლოდ ამისათვის სავალდებულო წინაპირობების დაცულობის შემთხვევაში. კერძოდ, უნდა დასტურდებოდეს, რომ სარჩოს მიღების მიზნით გარკვეული ზომები გატარდა მოსარჩელის მიერ და მას შედეგი არ მოჰყოლია. ამ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი რამდენჯერმე დაუკავშირდა გ. ა-ს და მის მშობლებს და ითხოვდა ბავშვის რჩენისთვის დახმარებას. წარდგენილ შესაგებელში მოპასუხემ აღნიშნა, რომ ბავშვის რჩენას მხოლოდ მაშინ აპირებდა, როდესაც ბავშვს ცნობიერება ჩამოუყალიბდებოდა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. მოცემულ შემთხვევაში, ნ. გ-ის მხრიდან ალიმენტის მოთხოვნით მოპასუხისათვის მიმართვის დასადასტურებლად სხვა მტკიცებულებები (გარდა მოსარჩელის ახსნა-განმარტებისა) წარდგენილი არ იყო, ხოლო მითითება იმაზე, რომ გ. ა-ი მზაობას გამოთქვამდა დახმარება გაეწია თავის შვილისათვის მომავალში, არ ადასტურებდა სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობის არსებობას.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისა და წარსული დროის ალიმენტის დაკისრების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.გ-მა. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარეს მისი მცირეწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრება ალიმენტის სახით 350 ლარის გადახდა, ამასთან, მასვე დაევალება 2010 წლის დეკემბრიდან სარჩელის შეტანამდე პერიოდისათვის ყოველთვიურად 350 ლარის ოდენობით ალიმენტის ანაზღაურება.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა გ. ა-ის შემოსავალი. შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ცნობებით დადგენილია, რომ მოპასუხის წლიური ხელფასი სარგოსა და დანამატების სახით შეადგენს 13649 ლარს. ამასთან, შესაგებელში მოპასუხე აღიარებს, რომ ხელფასის გარდა მას დამატებით გააჩნია გარკვეული შემოსავალი საოჯახო მეურნეობიდან, კერძოდ, საკარმიდამო და სხვა ბაღების დასამუშავებლად ჰყავს მანქანა-ტრაქტორი, აქვს სხვა სამეურნეო საშუალებები.

საკასაციო საჩივრის თანახმად, მართალია სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხეს გარდა სტაბილური სახელფასო შემოსავლისა, გააჩნია დამატებითი შემოსავალიც, მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტი მხოლოდ 30 ლარით გაზარდა. ამით სასამართლომ ფაქტობრივად დაადასტურა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მითითებულ ნაწილში, ვინაიდან 30 ლარით ალიმენტის გაზრდა ატარებს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს და არ შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის 1230-ე მუხლის მოთხოვნებს. ამასთან, სასამართლო მოსარჩელის საზიანოდ გასცდა სასამართლო პრაქტიკას. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ალიმენტის მიმღების რეალური მატერიალური მდგომარეობა. საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ კასატორი არის მარტოხელა დედა, მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს მხოლოდ 143 ლარს. მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა ბევრად აღემატება ნ. გ-ის მატერიალურ მდგომარეობას.

სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა მცირეწლოვანი ბავშვის, რ. ა-ის რჩენისათვის წარსული დროის ალიმენტის გადახდევინების საკითხიც. ამ შემთხვევაში სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილი. საქმის განმხილველმა ორივე ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა წარსული პერიოდის სარჩოს მოთხოვნის ფაქტობრივი გარემოება. ასეთი მოსაზრება არ შეესაბამება სინამდვილეს, რამდენადაც ნ. გ-მა რაიონული სასამართლოს სხდომაზე ცალსახად განაცხადა იმის შესახებ, რომ იგი რამდენჯერმე დაუკავშირდა როგორც მოპასუხეს, ისე მის ახლობლებს და სთხოვდა ბავშვის რჩენისათვის დახმარებას. მიუხედავად ამისა, გ. ა-მა ეს მოთხოვნა ყოველგვარი რეაგირების გარეშე დატოვა. უფრო მეტიც, მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე დაასახელა ის პირები, რომლებსაც მითითებული თხოვნა გადასცა. ამასთან, ის ფაქტი, რომ გ. ა-ი ბავშვის ზრუნვას თავს არიდებდა, დადასტურებულია მის მიერ სასამართლოში წარდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებებით. ეს უკანასკნელი გარკვევით და ცალსახად აცხადებდა, რომ ბავშვის აღზრდაში მონაწილეობას მიიღებდა და მას მატერიალურად დაეხმარებოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც მის მცირეწლოვან შვილს – რ. ა-ს ცნობიერება ჩამოუყალიბდებოდა. კასატორის მოსაზრებით, ზემოთ მოყვანილი გარემოება ადასტურებს სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის არასწორად განმარტებას. მისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ უნდა ადასტურებდეს მოსარჩელის მიერ ზომების მიღების, ხოლო ვალდებული პირის მიერ გადახდაზე თავის არიდების ფაქტს თავად ვალდებული პირის აღიარება იმის შესახებ, რომ იგი დღესაც წინააღმდეგია ნებაყოფლობით მატერიალურად დაეხმაროს და იზრუნოს თავისი შვილის აღზრდაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე