№ას-1141-1070-2012 22 ოქტომბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე – მაია სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ხ. ნ-ის წარმომადგენლის ს. შ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მაისის განჩინებაზე, საქმეზე – ხ. ნ-ის სარჩელის გამო მოპასუხე ჯ. ტ-ის მიმართ ზიანის ანაზღაურება.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ხ. ნ-ის წარმომადგენლის ს. შ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 სექტემბრის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში, საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის – 510 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის და ხ. ნ-ის მიერ ს. შ-ის სახელზე გაცემული მინდობილობის წარმოდგენა, ხოლო ამავე სასამართლოს 2012 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით კასატორს, მისი განცხადების საფუძველზე, გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში კასატორს ხარვეზი არ შეუვსია, ამასთან, კასატორის წარმომადგენელმა წარმოადგინა განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, კასატორს ერთხელ უკვე გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა, წარმოდგენილი განცხადება კი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ და არც შესაბამისი მტკიცებულებებია წარმოდგენილი. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კასატორს დღემდე არ გადაუხდია სახელმწიფო ბაჟის ნაწილიც კი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ხ. ნ-მ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მასი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხ. ნ-ის წარმომადგენლის ს. შ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. ხ. ნ-ის წარმომადგენლის ს. შ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე მ. სულხანიშვილი