Facebook Twitter

¹ ბს-523-109(კ-05) 2 თებერვალი, 2006 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მ. ვაჩაძე,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების ანაზღაურება; ელექტროენერგიის გაუფრთხილებელი გამორთვებით (მიუწოდებლობით) მიყენებული ზიანის სოლიდარულად ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ბოლნისის რაიონულ სასამართლოს დავალიანების გადახდის თაობაზე განცხადებით მიმართა სახელმწიფო კომპანია “საქენერგოგენერაციის” სამართალმემევიდრე საქართველოს პრეზიდენტის 29.02.2000წ. ¹74 ბრძანებულებით დაფუძნებულმა, სსიპ “ენერგოგენერაციამ” მოპასუხე სს “მ...ის” მიმართ და აღნიშნა, რომ 30.10.98წ. სახელმწიფო კომპანია “საქენერგოგენერაციასა” და სს “მ...ს” შორის გაფორმდა ორმხრივი ¹47 ხელშეკრულება ელ.ენერგიის მიწოდების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების 2.4 პუნქტის თანახმად, სს “მ...ი” კისრულობდა ვალდებულებას მოხმარებული ელ.ენერგიის ღირებულება გადაეხადა “მიმწოდებლისათვის” მომდევნო 10 რიცხვამდე, 5.2. პუნქტში აღნიშნული საავანსო გადასახადთან ერთად, ხელშეკრულების 5.1 პუნქტით განსახღვრული, საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით. ხელშეკრულების 2.6 პუნქტის თანახმად, ელ.ენერგიის ხარჯი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის აღირიცხებოდა ელ.ენერგიის ხარჯვის აქტებით, რომელსაც ორივე მხარე ადასტურებდა ხელმოწერითა და ბეჭდით მომდევნო თვის 5 რიცხვამდე. სახელმწიფო კომპანია “საქენერგოგენერაცია” ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებდა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დროულად. მოხმარებული ელ.ენერგიის დავალიანების შესახებ 29.09.99წ. ურთიერთანგარიშსწორებათა შედარების აქტის საფუძველზე, 1999წ. 1 ივლისის მდგომარეობით სს “მ...ს” ერიცხება დავალიანება სახელმწიფო კომპანია “საქენერგოგენერაციის” სასარგებლოდ 97950 ლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 4.2 პუნქტის მიხედვით მოხმარებული ელ.ენერგიის გადაუხდელობის შემთხვევაში 2.5 და 5.2 პუნქტით განსაზღვრული ვადების დარღვევისათვის, სს “მ...ს” დამატებით დაერიცხა საურავი, თანხით _ 1959 ლარი. განმცხადებლის განმარტებით სახელმწიფო კომპანია “საქენერგოგენერაციამ” 29.09.99წ. ¹გ02-05/143-1049 წერილით მიმართა სს “მ...ს” და მოსთხოვა ნაკისრი ვალდებულების შესრულება, მაგრამ სს “მ...ს” განცხადების შეტანის დღისათვის ვალდებულება არ შეუსრულებია. განმცხადებელი ითხოვდა სსკ-ის მე-2, 302-ე, 303-ე მუხლების შესაბამისად, გამარტივებული წარმოების წესით სს “მ...ისათვის” თანხის დაკისრებას. 29.05.2000წ. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მიიღო გადახდის ბრძანება, რომლითაც სს “მ...ს” სსიპ “ენერგოგენერაციის” სასარგებლოდ დაეკისრა 119890 ლარის გადახდა. სს “მ...მა” ბოლნისის რაიონულ სასამართლოში წარადგინა შესაგებელი (პროტესტი) ბოლნისის რაიონული სასამართლოს 29.05.2000წ. გადახდის ბრძანებაზე.

12.06.2000წ. ბოლნისის რაიონულ სასამართლოში სსიპ “ენერგოგენერაციამ” დავალიანების გადახდევინების თაობაზე სარჩელი აღძრა მოპასუხე სს “მ...ის” მიმართ. 04.09.2000წ. სს “მ...მა” შეგებებული სარჩელი აღძრა და მოითხოვა კომპენსაციის მიზნით მოპასუხისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ ¹47-ე ხელშეკრულების შეუსრულებლობის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის _ 185.909 ლარის დაკისრება. სს “მ...მა” შეგებებულ სარჩელში აღნიშნა, რომ 30.11.98წ. სს “მ...სა” და სახელმწიფო კომპანია “საქენერგოგენერაციას” შორის გაფორმდა ელ.ენერგიის მიწოდების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ს/კ “საქენერგოგენერაციას” ევალებოდა, მიეწოდებინა სს “მ...ისათვის” ელ. ენერგია შესაბამისი გრაფიკის მიხედვით, სანაცვლოდ მომხმარებელი გადაუხდიდა მიმწოდებელს შეთანხმებულ ფასს, რომელიც დაწესებული იყო სემეკ-ის მიერ. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის მიხედვით, “მიმწოდებელი”, თავისი მიზეზით ელ.ენერგიის მიუწოდებლობის შემთხვევაში, ჯარიმის სახით უხდიდა “მომხმარებელს” ელ.ენერგიის საფასურს ორმაგი სატარიფო განაკვეთით. ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან მისი მოქმედების პერიოდში, “საქენერგოგენერაციამ” რამოდენიმეჯერ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც გამოიხატა მისი მხრიდან ელ.ენერგიის გაუფრთხილებელ გამორთვებში, რომელმაც გამოიწვია სს “მ...ის” საწარმოს კვლავწარმოების პროცესების შეჩერება, მისი რიტმული მუშაობის შეყოვნება და საბოლოოდ პროდუქციის გამოშვებაში ხელის შეშლა. აღნიშნულის შედეგად ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ს/კ “საქენერგოგენერაციამ” სს “მ...ს” მიაყენა პირდაპირი ზიანი 185.909 ლარის ოდენობით.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 16.02.01წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს “ს...ს” სარჩელი _ სს “მ...ს” სს “ს...ს” სასარგებლოდ დაეკისრა 34835 ლარის გადახდა. ამავე საქმეზე სს “მ...ს” შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხეებად საქმეში ჩაებენ სს “ე....ა”, სს “სა...”, სს “ს...”. ამავე სასამართლოს 06.11.01წ. განჩინებით საქმე სსიპ “ენერგოგენერაციის” სარჩელის გამო სს “მ...ის” მიმართ დავალიანების გადახდევინების გამო და საქმე სს “მ...ის” შეგებებული სარჩელისა გამო სს “ს...ს”, ს/კ “ე...ის”, შპს “სა...” მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე გაერთიანდა ერთ საქმედ. სს “მ...მა” დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა რაიონულ სასამართლოს, რომლითაც სკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა მოპასუხეებისათვის 1.016 496 ლარის მიყენებული ზიანის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრება.

17.04.01წ. ბოლნისის რაიონულ სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა სს “ე...ამ” მოპასუხის სს “მ...ის” მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის გაწეული მომსახურებისათვის სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება და მოპასუხისათვის 1998წ. 1 ნოემბრიდან 1999წ. 1 სექტემბრამდე პერიოდისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება 169 093,37 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 01.1998წ. დაიდო ხელშეკრულება ელ.ენერგიის გადაცემის მომსახურების შესახებ, რომლის თანახმად მოსარჩელის ვალდებულებას შეადგენდა ელ.ენერგიის გადაცემის მომსახურების გაწევა, ხოლო მოპასუხე ვალდებული იყო, გადაეხადა აღნიშნული მომსახურების ღირებულება სემეკ-ის მიერ დადგენილი ტარიფით. მოსარჩელემ კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულა სახელშეკრულებო ვალდებულება და 1998წ. 1 ნოემბრიდან 2000წ. 1 ივლისამდე გაუწია მოპასუხეს მომსახურება. მოპასუხემ სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევით არ გადაუხადა მოსარჩელეს კუთვნილი თანხა. სახელშეკრულებო ძირითადი ვალდებულების თანხასთან ერთად სს “ელ...მ” მოითხოვა სახელშეკრულებო დამატებითი ვალდებულების, ანუ პირგასამტეხლოს თანხა.

სს “მ...ის” წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 26.12.01წ. განჩინებით, საქმე განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიას.

19.07.02წ. სს “მ...მა” დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ “საქენერგოგენერაციის”, სს “ე...ას”, სს “ს...ს”, შპს “სა...” მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის სკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე ელექტროენერგიის გაუფრთხილებელი გამორთვების (მიუწოდებლობის) შედეგად მიყენებული ზიანის _ 1.016 496 ლარის სოლიდარულად ანაზღაურების დაკისრება.

სს “ე...ის” უფლებამონაცვლემ _ შპს “საქართველოს .. ..” უფლებამონაცვლეობის თაობაზე განცხადებით და დაზუსტებული სარჩელით მიმართა საოლქო სასამართლოს კოლეგიას მოპასუხე სს “მ...ის” მიმართ და მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი ფულადი ვალდებულების _ 59957 ლარის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს _ 139.674 ლარის, საპროცენტო განაკვეთის – 56765 ლარის, სულ _ 256.396 ლარის დაკისრება მოითხოვა. საოლქო სასამართლოს კოლეგიის 31.05.04წ. განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული შპს “საქართველოს .. ..” დაზუსტებული სარჩელი, საქმეში მესამე პირად სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე ჩაება ასოციაცია (კავშირი) “საქართველოს ელექტროენერგიის ...”. კოლეგიის 21.07.04წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სემეკ-ი.

თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის 19.11.04წ. გადაწყვეტილებით შპს “საქართველოს .. ..” (სს “ე...ის” უფლებამონაცვლის) და სსიპ “ენერგოგენერაციის” სასარჩელო მოთხოვნები, მოპასუხის სს “მ...ის” და მესამე პირების ასოციაცია (კავშირის) საქართევლოს ელექტროენერგიის ... და საქართველოს ელექტროენერგიის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ დაკმაყოფილდა: სს “მ...ს” შპს “საქართველოს .. ..” სასარგებლოდ დაეკისრა 256.396 ლარის გადახდა, მათ შორის: ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი დავალიანება 59.957 ლარის ოდენობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 1999წ. 21 იანვრიდან 2002წ. 1 სექტემბრის მდგომარეობით 139.674 ლარის ოდენობით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთი, რაც 1999წ. 21 იანვრიდან 2002წ. 1 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 56.765 ლარს. მოპასუხეს სს “მ...ს” დაეკისრა სსიპ “ენერგოგენერაციის” სასარგებლოდ 99 909 ლარის გადახდა, მათ შორის, 97 950 ლარის ძირითადი დავალიანების, 1959 ლარის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარიცხული საურავის გადახდა, ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის. კოლეგიის გადაწყვეტილებით მოსარჩელე სს “მ...ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სს “მ...ს” აღმოუცენდა ვალდებულება სახელმწიფო კომპანია “ელექტროსისტემის” მიმართ მხარეთა შორის გაფორმებული 01.11.98წ. ხელშეკრულების საფუძველზე. სახელმწიფო კომპანიამ კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულა ნაკისრი ვალდებულება. სს “მ...მა” არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც გამოიხატა იმაში, რომ სს “მ...ს” არ გადაუხდია მისთვის გაწეული მომსახურების შესაბამისი ღირებულება. სს “მ...მა” დაარღვია 01.11.98წ. ხელშეკრულების 2.2.4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება. სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა სს “მ...ის”, მოსაზრება სკ-ის 369-ე მუხლთან დაკავშირებით. კოლეგიის განმარტებით მითითებული მუხლის დისპოზიცია ადგენს ქცევის წესს, რომლის თანახმადაც, ორმხრივი ხელშეკრულების მხარეს შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, სს “მ...ი” იყო ვალდებული, გადაეხადა უკვე მიღებული ელექტროენერგიის საფასური და გადაეხადა სხვა საექსპლოატაციო ხარჯები. სასამართლომ მიიჩნია, რომ სს “მ...ს” შპს “საქართველოს .. ..” სასარგებლოდ უნდა გადახდეს 256 396 ლარი და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა 01.11.98წ. ხელშეკრულებაზე, სკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 394-ე მუხლის I-ლი ნაწილზე, მე-400 მუხლი, 403-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 404-ე, 417-ე, 419-ე და 625-ე მუხლებზე.

საოლქო სასამართლოს კოლეგიამ მიიჩნია, რომ სს “მ...ს” აღმოუცენდა ვალდებულება სახელმწიფო კომპანია “საქენერგოგენერაციის” მიმართ 30.10.98წ. ¹47 ხელშეკრულების საფუძველზე. სასამართლო კოლეგიის განმარტებით სახელმწიფო კომპანიამ კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. სს “მ...მა” არ შეასრულა თავისი ვალდებულებები, რაც გამოიხატა სს “მ...ის” მიერ 30.10.98წ. ¹47 ხელშეკრულების 2.4 პუნქტის მოთხოვნების დარღვევაში. სს “მ...ს” მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება უნდა გადაეხადა ელექტროენერგიის მიმწოდებლისათვის მომდევნო 10 რიცხვამდე, 5.2 პუნქტში აღნიშნულ საავანსო გადასახადთან ერთად.

სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ სს “მ...ის” სასარჩელო მოთხოვნები სსიპ “ენერგოგენერაციის” მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქმეში არსებული აქტი-გაანგარიშებები შედგენილია სს “მ...ის” მუშაკის, მთავარი ენერგეტიკოსის მიერ ცალმხრივად. აღნიშნულ აქტებში ასახულ ფაქტებს არ ეთანხმება სსიპ “ენერგოგენერაცია”. ს/კ “საქენერგოგენერაციასა” და სს “მ...ს” შორის გაფორმებული 30.10.98წ. ¹47-ე ხელშეკრულების 2.6 პუნქტის მიხედვით, სს “მ...ი” ვალდებული იყო, ს/კ “საქენერგოგენერაციის” შესაბამის სამსახურებთან ერთად, ყოველი თვის ბოლოს შეედგინათ ელექტრომრიცხველებით გაანგარიშებული ელექტროენერგიის მიღების აქტი, რომელიც უნდა ყოფილიყო წარდგენილი ს/კ “საქენერგოგენერაციისათვის” არაუგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვამდე საბოლოო ანგარიშსწორებისათვის. სს “მ...მა” არ შეასრულა 30.10.98წ., ხელშეკრულების 2.6 პუნქტის მოთხოვნა. საოლქო სასამართლოს მოსაზრებით უსაფუძვლოა სს “მ...ის” მიერ 30.10.98წ. ¹47-ე ხელშეკრულების 4.1 პუნქტზე მითითება, იმ მოტივით, რომ ხსენებული პუნქტი ძალაშია მხოლოდ იმავე ხელშეკრულების 2.4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულების შემდეგ, სს “მ...ს” არ შეუსრულებია 2.4 პუნქტით დადგენილი ვალდებულებები. სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნები, იმ მოტივით, რომ სამივე დასკვნა შედგენილია და ეფუძნება სს “მ...ის” ჩანაწერებს ელექტროენერგიის გამორთვების შესახებ. აღნიშნული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება ობიექტურ მტკიცებულებებად. ექსპერტს არ გამოუკვლევია სხვა წყაროებზე დაყრდნობით, თუ რეალურად როდის, რა პერიოდის განმავლობაში ჰქონდა ადგილი ელექტროენერგიის მიუწოდებლობას სს “მ...ისთვის” და რა იყო ელექტროენერგიის გამორთვის მიზეზი.

სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ სს “მ...ს” უარი უნდა ეთქვას სასარჩელო მოთხოვნაზე შპს “.. ..” მიმართ შემდეგ გარემოებათა გამო: სს “მ...ი” თავის გაანგარიშებებში ეფუძნება შემდეგ მტკიცებულებებს: აქტებს-გაანგარიშებებს, რომელიც შედგენილია სს “მ...ის” მუშაკის ანუ მთავარი ენერგეტიკოსის მიერ ცალმხრივად. აღნიშნულ აქტებში ასახულ ფაქტებს არ ეთანხმება შპს “საქართველოს .. ..”. სასამართლომ მიუთითა, რომ ექსპერტის დასკვნა ეფუძნება სს “მ...ის” ცალმხრივ ჩანაწერებს ელ.ენერგიის გამორთვებთან დაკავშირებით.

სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ სს “მ...ს” უარი უნდა ეთქვას სასარჩელო მოთხოვნაზე სს “ს...ს” მიმართ, იმ მოტივით, რომ სს “მ...ის” მიერ მითითებული მტკიცებულებების ნამდვილობა არ დასტურდება. აქტი-გაანგარიშებები შედგენილია ცალმხრივად სს “მ...ის” მთავარი ენერგეტიკოსის მიერ. ამ აქტებში ასახულ მონაცემებს არ იზიარებს სს “ს...”. კოლეგიის განმარტებით ექსპერტის დასკვნას ვერ მიენიჭება მტკიცებულების ძალა, ვინაიდან იგი შედგენილია სს “მ...ის” მიერ ცალმხრივად შედგენილ აქტებზე დაყრდნობით.

სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ სს “მ...ს” უარი უნდა ეთქვას აგრეთვე შპს “სა...”-ის მიმართ წარდგენილ სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ სს “მ...ის” მიერ უგულებელყოფილ იქნა 05.02.99წ ¹24 ხელშეკრულების 2.5 პუნქტის მოთხოვნა. საქმეში არ არის წარმოდგენილი ერთობლივი ანუ შემკვეთისა და შემსრულებლის წარმომადგენელთა მონაწილეობით შედგენილი აქტი.

თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სს “მ...ის” მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება. კასატორი აღნიშნავს, რომ 1998წ. ნოემბრიდან 1999წ. ივლისამდე პერიოდში ადგილი ჰქონდა სს “მ...ისათვის” ელექტროენერგიის წინასწარგაუფრთხილებელ გათიშვებს. ენერგომომარაგების შეწყვეტით გამოწვეულმა პირდაპირმა მატერიალურმა ზიანმა 912 371 ლარი შეადგინა, ხოლო ენერგოკომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით ჯარიმებმა 104125 ლარი, რაც ჯამში 1016 496 ლარს შეადგენს.

კასატორი თვლის, რომ ელექტროენერგიის გათიშვების შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ აქტ-გაანგარიშებების შედგენა სს “მ...ის” მთავარი ენერგეტიკოსის მიერ და მისი დამოწმება სს “მ...ის” სხვა პასუხისმგებელ პირთა მიერ არ მეტყველებს ამ აქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სინამდვილისადმი შეუსაბამობაზე. აქტების გარდა, ელექტროენერგიის გათიშვების ფაქტი დასტურდება ექსპერტიზების დასკვნებით, სს “ელე...”-ის და სს “ხ...”-ის, აგრეთვე, სს “მ...ის” ბალანსზე არსებული ქვესადგურების ოპერატიული ჟურნალების ჩანაწერებით. სასამართლო კოლეგიას არ უმსჯელია იმაზე, მიადგა თუ არა სს “მ...ს” მატერიალური ზარალი ელექტროენერგიის გათიშვების შედეგად. დავა მიმდინარეობს ელეტროენერგიის მიუწოდებლობაზე და არა მიწოდებაზე, ერთობლივი აქტები დგებოდა ელექტროენერგიის მიწოდებაზე, მიუწოდებელ ელექტროენერგიაზე აქტი ვერ შედგებოდა.

კასატორი აღნიშნავს, რომ “სა...ს” რეორგანიზაციის შემდეგ ენერგეტიკულ სისტემაში გაჩნდნენ სხვადასხვა იურიდიული პირები _ გენერაციის, დისპეტჩერიზაციის, განაწილებისა, თუ გადაცემის ლიცენზიანტი ენერგოკომპანიები, რაც არ ცვლის მომხმარებლისადმი ელექტროენერგიის მიწოდების ვალდებულების იურიდიულ ბუნებას, თუ რეორგანიზაციამდე ამ ვალდებულებას ერთი სტრუქტურა ასრულებდა, რეორგანიზაციის შემდეგ ერთიანი ვალდებულების შესრულება კომპლექსურად და სოლიდარულად უწევთ შესაბამის ლიცენზიანტებს. სწორედ ამის გამოა, რომ “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” კანონი ქვეყნის ელექტროენერგეტიკულ სექტორს განიხილავს ერთიან ენერგეტიკულ სისტემად. სკ-ის 463-465-ე მუხლების საფუძველზე ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეები ერთიანი ვალედბულების _ პირდაპირ მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდების ვალდებულების სოლიდარულ შემსრულებლად უნდა იქნენ მიჩნეულები. სოლიდარული ვალდებულების შესრულების წესს სრულად შეესაბამება ის, რომ სს “მ...ის” მიერ განცდილი ზიანი უნდა აანაზღაურონ მოპასუხეებმა სემეკ-ის მიერ განსაზღვრულ ტარიფში მოპასუხეების კუთვნილი წილის შესაბამისად. იმის გამო, რომ სს “მ...ს”, ელექტროენერგიის გაუფრთხილებელი შეწყვეტით მატერიალური ზარალი მიადგა, მის წინაშე ვალდებული პირების მიერ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესრულებამდე, კასატორის აზრით სს “მ...ის” სკ-ის 369-ე მუხლის საფუძველზე ჰქონდა სანაცვლო ვალდებულების შესრულებისაგან (გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისაგან) თავის შეკავების უფლება.

სკ-ის 403-ე, 652-ე მუხლებზე მითითებით კასატორი დაუშვებლად თვლის პირგასამტეხლოსთან ერთად დამატებით პროცენტის დაკისრებას, სასამართლოს არ მოუყვანია რაიმე დასაბუთება აღნიშნულთან მიმართებაში. დაუშვებელია, აგრეთვე, შპს “საქართველოს .. ..” სასარგებლოდ პირგასამტეხლოს დაკისრება იმ ოდენობით, რომელიც ძირითად დავალიანებაზე 200%-ს აღემატება. კასატორი არ ეთანხმება სს “ენერგოგენერაციის” სასარგებლოდ სს “მ...ისათვის” მთლიანი თანხის _ 99909 ლარის დაკისრება, სადაც 97 950 ლარი ძირითად დავალიანებას, ხოლო 1959 ლარი საურავს შეადგენს. სს “საქენერგოგენერაციის” 04.05.99წ. წერილით ძირითადი დავალიანებიდან 59.000 ლარის მოთხოვნის უფლება გადაეცა სს “თ...ს”, ხოლო ამ უკანასკნელმა მოთხოვნის უფლება გადასცა შპს “ი...ს”, რომლის მიმართაც ამ თანხის ვალდებულება სს “მ...ის” მიერ შესრულდა.

საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარეების წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნეს და ითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ სს “მ...ის” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმყაოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სს “მ...ს” აღმოუცენდა ვალდებულება სახელმწიფო კომპანია “ე...ის” (ამჟამად შპს “საქართველოს .. ..”) მიმართ მხარეთა შორის 01.11.98წ. დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. სს “მ...ს” არ გადაუხდია სახელმწიფო კომპანია “ე...ის” მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება, რითაც დაირღვა 01.11.98წ. ხელშეკრულების 2.2.4 პუნქტით, აგრეთვე, 4.3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება. სს “მ...ის” დავალიანების არსებობა შპს “საქართველოს .. ..” მიმართ დასტურდება სახელმწიფო კომპანია “ე...ასა” და სს “მ...ს” შორის გაფორმებული ურთიერთანგარიშსწორების ბუღალტრული შედარების აქტით, რომელიც ასახავს 1999წ. 1 სექტემბრისათვის არსებულ მდგომარეობას, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, სს “მ...ის” მიერ მომსახურების საფასურის ნაწილობრივი გადახდით. დავალიანების არსებობა, 01.11.98წ. ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, მიანიჭა სახელმწიფო კომპანია “ე...ს” უფლება ელექტროენერგიის მომსახურეობის ღირებულების არგადახდის გამო ხელშეკრულების კონტრაჰენტისათვის მოეთხოვა პირგასამტეხლოს გადახდა.

უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით სს “მ...ი” უფლებამოსილი იყო, თავი შეეკავებია მისი ვალდებულებების შესრულებისაგან (გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისაგან) ელექტროენერგიის გამორთვებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესრულებამდე. სკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით “იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შეთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო, თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა”. მოცემულ შემთხვევაში სს “მ...ი” სახელმწიფო კომპანია “ე...ასთან” 01.11.98წ. დადებული ხელშეკრულების 2.24, 4.3 პუნქტების თანახმად ვალდებული იყო გადაეხადა ელექტროენერგიის გადაცემის მომსახურების საფასური სემეკ-ის მიერ დადგენილი ტარიფის შესაბამისად, მათ შორის, ავანსის (25%) გადახდა ყოველი თვის 20 რიცხვამდე უნდა მომხდარიყო. საავანსო გადასახადებს ითვალისწინებდა აგრეთვე სს “მ...ის” მიერ სახელმწიფო კომპანია “საქენერგოგენერაციასთან” 30.10.98წ. დადებული ¹47 ხელშეკრულების 2.4 და 5.2 პუნქტები (მოსახმარი ელექტროენერგიის 80%), სახელმწიფო კომპანია “საქენერგოსთან” (უფლებამონაცვლე შპს “სა...”) 05.02.99წ. დადებული ხელშეკრულების 4.7 პუნქტი (60%), სს გეს “ს...სთან” დადებული კონტრაქტის 2.2.4 პუნქტი (25%). ამდენად, საფუძველს მოკლებულია კასატორის მითითება სკ-ის 369-ე მუხლზე. “ენერგეტიკის და ბუნებრივი გაზის შესახებ” კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო ლიცენზიანტი უფლებამოსილია შეწყვიტოს ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურება. საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან სს “მ...ი” ხსენებული ხელშეკრულებების მიხედვით, ვალდებული იყო გადაეხადა ელექტროენერგიის საფასური, ამდენად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სს “მ...ს” მართებულად დაეკისრა შპს “საქართველოს .. ..” სასარგებლოდ ძირითადი დავალიანების თანხის (59 957 ლარის) გადახდა.

სკ-ის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის თანახმად დაცულია მხარეთა შორის პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმების წერილობითი ფორმა, კერძოდ ს/კ “ე...ასა” და სს “მ...ს” შორის 01.11.98წ. დადებული ხელშეკრულების 3.2 პუნქტი ითვალისწინებს გადამცემის სასარგებლოდ მომხმარებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,2%-ის ოდენობით. ვინაიდან პირგასამტეხლოს მოთხოვნა, ხელშეკრულების თანახმად, უკავშირდება ვალდებულების შესრულების ვადას, სკ-ის 419-ე მუხლის მიხედვით ვადის გადაცილებისას კრედიტორს უფლება აქვს, მოითხოვოს როგორც ვალდებულების შესრულება, ისე _ პირგასამტეხლოს გადახდევინება. სკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მიუხედავად იმისა, რომ მხარეები თავისუფალი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, იმის გათვალისწინებით, რომ შპს “საქართველოს .. ..” სასარგებლოდ პირგასამტეხლო ჯერადობით (200%-ზე მეტით) აღემატება ძირითადი დავალიანების თანხას, რაც პირგასამტეხლოს ოდენობის აშკარა უსამართლობას ადასტურებს, საკასაციო პალატა, სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფის მოსაზრებიდან გამომდინარე, თვლის, რომ პირგასამტეხლოს განაკვეთი და ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, რის გამო სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს პირგასამტეხლოს თანხა, კერძოდ, გაანახევროს იგი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სს “მ...ს” ძირითად თანხასთან ერთად სს “ე...ის” უფლებამონაცვლის შპს “საქართველოს .. ..” სასარგებლოდ უნდა გადახდეს პირგასამტეხლო 69.837 ლარის ოდენობით.

პირგასამტეხლო წარმოადგენს სახდელს ვადაგადაცილებული გადასახადის თანხიდან დადგენილი პროცენტული განაკვეთით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას, ვადაგადაცილებული შესრულებისათვის ფინანსური პასუხისმგებლობის ერთგვარ ფორმას, პირგასამტეხლო ვალდებულების დროული შეუსრულებლობის პრევენციული ფუნქციის მატარებელია. პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, პროცენტისაგან განსხვავებით, არის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების _ მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულების დაგვიანებით გადახდა, ხოლო პროცენტის _ დროზე გადაუხდელი თანხის გადახდის ვალდებულების გადატანა, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. ამასთანავე, პროცენტის გადახდევინება უკავშირდება არა მხოლოდ ვალდებულებითი ურთიერთობის ნორმალურად განვითარების ეტაპს, კაპიტალით სარგებლობას, არამედ, აგრეთვე, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებას. იმის გათვალისწინებით, რომ ფულადი ვალდებულების დროულად შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულებით პირგასამტეხლო იყო გათვალისწინებული, სს “მ...ისათვის” დამატებითი პროცენტის დაკისრება ეწინააღმდეგება სკ-ის 403-ე მუხლის მოთხოვნას, რომელიც თანხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში ითვალსწინებს მოვალის მიერ გადაცილებული დროისათვის კანონით განსაზღვრული პროცენტის გადახდას მხოლოდ იმ შემთხვევაში, უკეთუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება, სკ-ის 403-ე მუხლის საფუძველზე, შპს “საქართველოს .. ..” სასარგებლოდ სს “მ...ისათვის” საპროცენტო განაკვეთის დაკისრების ნაწილში არის დაუსაბუთებელი, ამასთანავე გადაწყვეტილება საერთოდ არ შეიცავს საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშების მართებულობის რაიმე დასაბუთებას.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება სს “მ...ისათვის” სსიპ “ენერგოგენერაციის” სასარგებლოდ 99 909 ლარის დაკისრების ნაწილში არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, მოთხოვნის ამ ნაწილში საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. საქმის მასალების მიხედვით, სს “მ...ი” ბოლნისის რაიონული სასამართლოს 29.05.2000წ. გადახდის ბრძანებაზე წარდგენილ შესაგებელში (პროტესტში), აგრეთვე, საოლქო სასამართლოს კოლეგიაში სს “მ...ის” სარჩელზე წარმოდგენილ შესაგებელში აღნიშნავდა, რომ მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულებიდან გადახდილი აქვს 45000 ლარი, გადასახდელი დარჩა 97 950 ლარი, ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნის უფლება 59 000 ლარის ოდენობით ს/კ “საქენერგოგენერაციამ” დაუთმო სს “თბილსრესს”, თავის მხრივ სს “თბილსრესმა” აღნიშნული მოთხოვნის უფლება დაუთმო შპს “ინგასოს”, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 06.08.99წ. გადაწყვეტილებით სს “მ...ს” დაეკისრა თანხის გადახდა. საქმეში დაცულია ს/კ “საქენერგოგენერაციის” გენერალური დირექტორის მიერ სს “მ...ისადმი” 04.05.99წ. გაგზავნილი წერილი, რომლის თანახმად, ს/კ “საქენერგოგენერაცია” ითხოვდა მის მიმართ სს “მ...ის” დავალიანების 59000 ლარის გადაცემას სს “თ...სათვის”, წერილის მიხედვით, ბუხღალტრული გატარებები უნდა მომხდარიყო სათანადო დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ. საქმეში დაცულია, აგრეთვე, შპს “ი...ს” სასარჩელო განცხადების ტექსტი მოპასუხე სს “მ...ის” მიმართ, რომლის თანახმად შპს “ი...ო” ითხოვდა მის სასარგებლოდ სს “მ...ისათვის” 2 195 179 ლარის დაკისრებას, სასარჩელო მოთხოვნის ერთ-ერთ საფუძვლად მოსარჩელე შპს “ი...ო” უთითებდა სს “მ...სა” და ს/კ “საქენერგოგენერაციას” შორის 30.10.98წ. დადებულ ¹47 ხელშეკრულებაზე, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 06.08.99წ. გადაწყვეტილებით სს “მ...ს” დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 1732322 ლარის გადახდა. ხსენებულის მიუხედავად საოლქო სასამართლოს კოლეგიამ ისე დააკმაყოფილა სსიპ “საქენერგოგენერაციის” სარჩელი სს “მ...ის” მიმართ, რომ არ უმსჯელია მოპასუხე სს “მ...ის” მოსაზრებაზე დავალიანების გადაკისრების და მის მიერ დავალიანების გასტუმრების შესახებ. სასამართლო კოლეგიას საერთოდ არ უმსჯელია და არ მიუცია შეფასება ამ მიმართებით საქმეში დაცული მტკიცებულებებისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლო კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება სს “მ...ისათვის” სსიპ “ენერგოგენერაციის” სასარგებლოდ 99 909 ლარის დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე და საქმე განხილვისათვის განსჯადობით უნდა გადაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

სს “მ...ი” დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მოითხოვდა მის სასარგებლოდ სსიპ “ენერგოგენერაციისათვის” 599 346 ლარის დაკისრებას, საიდანაც 846 76 ლარი წარმოადგენს საჯარიმო სანქციას. სს “მ...ს” და სახელმწიფო კომპანია “საქენერგოგენერაციას” შორის 30.01.98წ. დადებული ხელშეკრულების 4.1 პუნქტი მიმწოდებლის მიზეზით ელექტროენერგიის მიუწოდებლობის შემთხვევაში ითვალისწინებს მიმწოდებლისათვის ჯარიმის დაკისრებას მომხმარებლის სასარგებლოდ მიუწოდებელი ელექტროენერგიის საფასურის ორმაგი სატარიფო განაკვეთით, გარდა ფორსმაჟორული შემთხვევებისა. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, ეს პუნქტი ძალაშია 2.4 პუნქტის შესრულების შემდეგ. ხელშეკრულების 2.4 პუნქტის მიხედვით, მისაწოდებელი ელექტროენერგიის სიდიდეებზე თანხმობის მიღებიდან 5 დღის ვადაში მომხმარებელი ვალდებული იყო, “მიმწოდებლის” ანგარიშზე ჩაერიცხა ყოველთვიურად მის მიერ თვის საშუალო მოსახმარი ელექტროენერგიის ღირებულების 80%, ხოლო დანარჩენი 20% მომხმარებლის მიერ უნდა გადარიცხულიყო მომდევნო თვის 10 რიცხვამდე. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ სს “მ...ს” არ შეუსრულებია 30.10.98წ. ¹47 ხელშეკრულების 2.4 მუხლის მოთხოვნები, რის გამოც უსაფუძვლოა სს “მ...ის” მოთხოვნა მის სასარგებლოდ სსიპ “ენერგოგენერაციისათვის” ხელშეკრულების 4.1 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების შესახებ. “მომხმარებლის” მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, 3.3 პუნქტის თანახმად, იძლეოდა ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის საფუძველს.

საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ აქტი-გაანგარიშებები და საექსპერტო დასკვნები არ ქმნიან სს “მ...ისათვის” ზიანის ანაზღაურების საფუძველს. აქტი-გაანგარიშებები შედგენილია ცალმხრივად, სს “მ...ის” მუშაკის _ მთავარი ენერგეტიკოსის მიერ. საქმეში დაცული 29.06.01წ. 07.08.01წ. 23.12.02წ. საექსპერტო დასკვნები შედგენილია და ეფუძნება სს “მ...ის” ჩანაწერებს ელექტროენერგიის გამორთვების შესახებ, ექსპერტს არ გამოუკვლევია სხვა წყაროებზე დაყრდნობით თუ რეალურად როდის, რა პერიოდში არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია სს “მ...ს” და რა იყო ელექტროენერგიის გამორთვის მიზეზი (ფორსმაჟორი, ლიმიტის გადახარჯვა, დამატებითი სიმძლავრეების მიერთება, ხაზის ავარიული დაზიანება, საწარმოს ტექნოლოგიური ციკლის მოქმედება და სხვ.). შესაბამისად საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ მართებულად იქნა უარყოფილი ხსენებული საექსპერტო დასკვნები. სს “მ...ის” მიერ ნაწარმოებ ჟურნალში ელექტროენერგიის გაუფრთხილებელი გამორთვების აღრიცხვა არ ადასტურებს სს “მ...ის” სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს, რადგან ჟურნალის ჩანაწერები არ არის შეჯერებული ხელშეკრულების კონტრაჰენტთან, ჟურნალის ჩანაწერებით გაურკვეველია, თუ ვისი _ ელეტროენერგიის მიმწოდებლისა თუ ელექტროენერგიის გადაცემის მომსახურების გამწევის მიზეზით მოხდა გაუფრთხილებელი გამორთვები. კასატორის მიერ არ შესრულებულა სახელმწიფო კომპანია “საქენერგოგენერაციასთან” 30.10.98წ. დადებული ხელშეკრულების 2.6 პუნქტის მოთხოვნა, ხსენებული პუნქტის მიხედვით, მომხმარებელი ვალდებული იყო, მიმწოდებლის შესაბამის სამსახურთან ერთად ყოველი თვის ბოლოს შეედგინა ელექტრომრიცხველებით გაანგარიშებული ელექტროენერგიის მიღების აქტი, რომელიც საბოლოო ანგარიშსწორებისათვის წარდგენილი უნდა ყოფილიყო მიმწოდებელთან არაუგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვამდე. მიუხედავად აღნიშნულისა მომხმარებელს სს “მ...ს” ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცედურები არ შეუსრულებია. არც ხელშეკრულების მოქმედების, არც მის შემდგომ პერიოდში, სსიპ “ენერგოგენერაციის” მიერ სარჩელის აღძვრამდე, სს “მ...ს” რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს არცერთი ლიცენზიანტისათვის, პრეტენზია არ გამოთქმულა, აგრეთვე, ურთიერთშედარების საბუღალტრო გაანგარიშების აქტების შედგენისას, აქტებით კასატორი აღიარებს ხელშეკრულების კონტრაჰენტების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. უკეთუ უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლით მუშაობის შეწყვეტით სს “მ...ი” მნიშვნელოვან ზიანს განიცდიდა, მას უნდა ეზრუნა ელექტროენერგიის მიწოდების დამატებითი სარეზერვო წყაროების მოსაწყობად, ელექტროენერგიის შეზღუდვების თავიდან ასაცილებლად, ელექტროენერგიის მიწოდების პირველი შეფერხების შემდეგ ზიანის თავიდან აცილების მიზნით კასატორს უნდა მიემართა შესაბამისი ლიცენზიანტისათვის, არ მომხდარა. ის გარემოება, რომ ხელშეკრულებები ითვალისწინებდა ყოველთვიურად ელექტროენერგიის მიღების და არა მისი დანაკლისის შესახებ აქტის შედგენას, არ ადასტურებს კასატორის მოთხოვნას, ვინაიდან ს/კ “საქენერგოგენერაციასთან” 30.10.98წ. დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა მიმწოდებლის ვალდებულებას მიეწოდებიათ ელექტროენერგია მომხმარებლისათვის თანდართული სქემისა და გრაფიკების მიხედვით (2.1 პუნქტი), ს/კ “საქე...ასთან” 01.11.98წ. დადებული ხელშეკრულება განსაზღვრავდა ყოველღიურად მისაღები ელექტროენერგიის ოდენობას. ამდენად, მომხმარებლის მიერ კონტრაჰენტის წარმომადგენელთან ერთად ხელშეკრულებებით გათვალისწინებული აქტების შედგენა ელექტროენერგიის მიღებასთან ერთად იმავდროულად დაადასტურებდა ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებას, ელექტროენერგიის შეთანხმებული რაოდენობის მიწოდებას. მიუხედავად აღნიშნულისა, კასატორს არ შეუდგენია ხელშეკრულების 2.6 პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიღების აქტი, არ წარუდგენია შედგენილი აქტი მიმწოდებელთან, რაც შეუძლებელს ხდის ელექტროენერგიის გათიშვების, მისი მიზეზის დადგენის შესაძლებლობას. საკასაციო პალატა თვლის, რომ ზიანის ანაზღაურების, საჯარიმო სანქციების დაკმაყოფილება უშუალოდ უკავშირდება კასატორის მიერ 30.10.98წ. ¹47 ხელშეკრულების 2.4, 2.6, 5.2 პუნქტებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებას, მათი შეუსრულებლობა გამორიცხავს სსიპ “ენერგოგენერაციის” მიმართ სს “მ...ის” მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

ანალოგიური მოსაზრებებით საკასაციო პალატა შეუძლებლად თვლის სს “მ...ის” მოთხოვნების დაკმაყოფილებას შპს “საქართველოს .. ..”, შპს “სა...”, სს “ს...ს” მიმართ. უკანასკნელის სარჩელი სს “მ...ის” მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 16.02.01წ. გადაწყვტილებით, რომელსაც სსკ-ის 106-ე, 266-ე მუხლების მიხედვით პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს, დაკმაყოფილდა, სს “მ...ს” სს “ს...ს” სასარგებლოდ 34835 ლარის გადახდა დაეკისრა, რაც ადასტურებს სს “ს...ს” მიერ 01.11.98წ. კონტრაქტით ვალდებულებების შესრულებას. ენერგოსისტემების სახელმწიფოთაშორისო მართვის ცენტრის _ სს “პ...ის” 24.12.01წ. და შპს “ელ...” 24.12.01წ წერილებით დასტურდება, რომ სს “ს...ს” ბალანსზე არსებული ელექტროგადამცემი ხაზები ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და სს “ს...ს” მიზეზით გაუფრთხილებელი გამორთვებს სს “მ...ის” მიერ მითითებულ პერიოდში არ მომხდარა.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სს “მ...ის” სარჩელზე მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა. მოცემულ შემთხვევაში ზიანის დადგომაში არ მონაწილეობს რამოდენიმე პირი, არ არსებობს ერთობლივად მოქმედ ზიანის მიმყენებელთა ბრალეული, მართლსაწინააღმდეგო ქმედება (სკ-ის 998-ე მუხ.). უმოქმედობა, დენის მიწოდების შეწყვეტა მართლსაწინააღმდეგოდ ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მოქმედების განხორციელება შედიოდა პირის ვალდებულებაში. მოცემულ შემთხვევაში ელექტროენერგიის მიმწოდებელს ვერ დაეკისრება ელექტროენერგიის გამომუშავების ვალდებულება და პირიქით. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ბრალი ზიანის მიყენებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დაუშვებლად თვლის მიუწოდებელი ელექტროენერგიის საფასურის მოპასუხეებზე დაკისრებას იმ წილის მიხედვით, რა წილითაც სემეკ-ის დადგენილებით თითოეულს უნდა მიეღო ანაზღაურება.

ს/კ “საქენერგოს” რეორგანიზაციამდე გენერაციის, დისპეტჩერიზაციის, გადაცემისა და განაწილების ფუნქციები ერთ სტრუქტურაში იყო თავმოყრილი, ელექტროენერგიის მიწოდებას მომხმარებლისადმი ერთი იურიდიული პირი ახდენდა. “ელექტროენერგეტიკული სექტორის რესტრუქტურიზაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 04.07.96წ. ¹437 ბრძანებულებით რესტრუქტურიზაციის პირველ ეტაპზე განხორციელდა დეპარტამენტ “საქენერგოს” რეორგანიზაცია, რის გამოც მის ბაზაზე ჩამოყალიბდა ფინანსურად დამოუკიდებელი გენერაციის. გადაცემა-დისპეტჩერიზაციის და განაწილების ქვესექტორები. “საქენერგოს” რეორგანიზაციის შემდეგ ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაში დაფუძნდნენ სხვადასხვა იურიდიული პირები _ გენერაციის, დისპეტჩერიზაციის, განაწილებისა და გადაცემის ლიცენზიანტი ენერგოკომპანიები. “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” კანონის თანახმად, ხსენებულ სუბიექტებს თავიანთი საქმიანობის სფეროები და შესაბამისი ლიცენზიები გააჩნიათ, ამდენად არ არსებობს ვალდებულების საგნის განუყოფლობა. ხელშეკრულების დადების მომენტისათვის ყველა მოპასუხე ცალკე ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით იყო ჩამოყალიბებული, შესაბამისად სს “მ...ს” თითოეულ მოპასუხესთან ცალ-ცალკე ჰქონდა დადებული ხელშეკრულებები, რომლებითაც განისაზღვრებოდა მხარეთა უფლება-მოვალეობანი. აღნიშნულის შესაბამისად სს “მ...ის” მიერ სს “ე...ასთან” 01.11.98წ. დადებული ხელშეკრულების 5.4 პუნქტი ითვალისწინებს, რომ “გადამცემისაგან” დამოუკიდებელი მიზეზებით გამოწვეული შეფერხებები “მომხმარებლის” ელექტროენერგიით მომარაგებაში არ იწვევს “გადამცემის” პასუხისმგებლობას. ს/კ “საქენერგოგენერაციასთან” დადებული ხელშეკრულების 3.5 პუნქტი ითვალისწინებს “მომხმარებლის” უფლებამოსილებას, მოითხოვოს მიუწოდებელი ელექტროენერგიის ღირებულების გადახდა ჯარიმის სახით მხოლოდ “მიმწოდებლის” უშუალო მიზეზით ელექტროენერგიის მიუწოდებლობის შემთხვევაში. სს გეს “ს...სთან” დადებული ხელშეკრულების 3.1 პუნქტი ითვალისწინებს “გადამცემის” პასუხისმგებლობას მხოლოდ “გადამცემის” მიზეზით მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში. სოლიდარული პასუხისმგებლობის არ არსებობა დასტურდება “ელექტროენერგეტიკის და ბუნებრივი გაზის შესახებ” კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის თანახმად, არც ერთ ლიცენზიანტს არ შეიძლება დაეკისროს ვალდებულება, გააგრძელოს ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, თუ მომსახურების მიმღები სხვა ლიცენზიანტი _ პირდაპირი მომხმარებელი არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ან მომსახურების დამტკიცებულ პირობებს. ამდენად, არ არსებობს მხარეთა სოლიდარული პასუხისმგებლობა სს “მ...ის”, წინაშე.

ხელშეკრულების დადებით მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება არ იძლევა სკ-ის 464-ე მუხლით გათვალისწინებულ ხელშეკრულებით სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის საფუძველს. მოპასუხეებთან დადებული ხელშეკრულებები ანიჭებდნენ სს “მ...ს” შესაძლებლობას, მათ მიერ ხელშეკრულებების პირობების დარღვევის შემთხვევაში, მოთხოვნა წარედგინა თითოეული მათგანისათვის, თითოეულ მოპაუხეს ეკისრებოდა მასთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთარი ვალდებულება სს “მ...ის” წინაშე. ხელშეკრულების კონტრაჰენტს, რომელმაც სრულად შეასრულა ვალდებულება სს “მ...ის” წინაშე, ვერ დაეკისრება პასუხისმგებლობა სხვა ხელშეკრულების მხარის მიერ სს “მ...ის” წინაშე ვალდებულების არასათანადო შესრულებისათვის. ასე მაგ. გენერაციის ლიცენზიანტს არ დაეკისრება ვალდებულება გადაცემის ლიცენზიანტის მიერ თავისი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამდენად, არ არსებობს სკ-ის 463-ე მუხლით გათვალისწინებული სოლიდარული ვალდებულების აუცილებელი ელემენტი _ რამოდენიმე სუბიექტისათვის მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის წარდგენის უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს სადავო სამართალურთიერთობების მიმართ სკ-ის 463-ე და 464-ე მუხლების გამოყენების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 411-ე, 412-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სს “მ...ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 19.11.04წ. გადაწყვეტილება სს “მ...ისათვის” მოსარჩელე სსიპ “ენერგოგენერაციის” სასარგებლოდ 99 909 ლარის დაკისრების ნაწილში. გადაწყვეტილება ამ ნაწილში განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 19.11.04წ. გადაწყვეტილება შპს “საქართველოს .. ..” სასარგებლოდ სს “მ...ისათვის” პირგასამტეხლოს _ 139 674 ლარის და საპროცენტო განაკვეთის _ 56 765 ლარის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. შპს “საქართველოს .. ..” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

ა) სს “მ...ის” ძირითად დავალიანებასთან ერთად (59 957 ლარი) გადახდეს შპს “საქართველოს .. ..” სასარგებლოდ პირგასამტეხლო 69 837 ლარის ოდენობით;

ბ) შპს “საქართველოს .. ..” სარჩელი სს “მ...ისათვის” საპროცენტო განაკვეთის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

3. სს “მ...ის” საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 19.11.04წ. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.