№ას-1152-1081-2012 9 ოქტომბერი, 2012 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
წარმომადგენელი - ნ. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ა-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ა-მა და ნ. ა-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს. მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების სახით, მ. ა-ის სასარგებლოდ 1934.63 ლარის, ხოლო ნ. ა-ის სასარგებლოდ 1612.19 ლარის გადახდის დაკისრება. მათი განმარტებით, 2007 წლის 1 ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც გადაწყდა სსიპ რუსთავის №.. სკოლის ოპტიმიზაცია (ლიკვიდაცია), მუშაობას განაგრძობდნენ სკოლის დირექტორი, მოსარჩელე მ. ა-ი, მთავარი ბუღალტერი, მოსარჩელე ნ. ა-ე და ორი დარაჯი. სხვა თანამშრომლები, ამავე პერიოდიდან გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან. სკოლის ლიკვიდაცია განხორციელდა 2008 წლის 24 ოქტომბრის №897 მინისტრის ბრძანებით. ამ ერთი წლის განმავლობაში მოსარჩელეებს ხელფასი არ მიუღიათ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სსიპ რუსთავის №.. სკოლის ვაუჩერული დაფინანსება ხორციელდებოდა 2007 წლის ოქტომბრამდე, მოსწავლეთა რაოდენობის გათვალისწინებით. ვინაიდან 2007 წლის ოქტომბრის მონაცემებით სკოლაში მოსწავლეები არ ირიცხებოდნენ, არ განხორციელებულა მისი ვაუჩერული დაფინანსება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მ. ა-ის სასარგებლოდ, 1934.63 ლარის გადახდა დაეკისრა, ნ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მ. ა-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ივლისის განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. მოსარჩელე მ. ა-ი 2005 წლის დეკემბერში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დაინიშნა სსიპ რუსთავის №.. სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად;
2. სსიპ რუსთავის №.. სკოლა, როგორც კომპიუტერული სკოლა, სადაც სწავლობდნენ 10-11 კლასის მოსწავლეები, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბებამდე წარმოადგენდა სკოლა-ლიცეუმს. მოპოვებული გრანტის საფუძველზე, სკოლის შენობა გარემონტდა, გადაიხურა, ,,ირმის ნახტომის“ პროექტის საფუძველზე, შეძენილ იქნა 20-მდე ძვირადღირებული კომპიუტერული ტექნიკა;
3. სსიპ რუსთავის №.. სკოლა მცირეკონტიგენტიანი იყო, მოსწავლეთა რაოდენობა 100-ს არ აჭარბებდა;
4. 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე, გადაწყდა სსიპ რუსთავის №.. სკოლის ოპტიმიზაციის (ლიკვიდაციის) საკითხი, რაც ქ. რუსთავის მოსახლეობისათვის ცნობილი გახდა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ქ. რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფლებამოსილი პირის განცხადებით;
5. სსიპ რუსთავის №.. სკოლას აეკრძალა მოსწავლეთა მიღება 2007-2008 სასწავლო წლისათვის. რესურსცენტრის მითითებით, სკოლაში დარჩენილი მოსწავლეები გადანაწილდნენ ქ. რუსთავის სხვადასხვა სკოლებში.
6. სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის (მოსარჩელის) 2007 წლის 4 ოქტომბრის №65 ბრძანებით, სკოლის თანამშრომლები 2007 წლის 1 ოქტომბრიდან გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან. ამავე ბრძანებით გადაწყდა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან სკოლის ლიკვიდაციის ბრძანების მისვლამდე, მუშაობას გააგრძელებენ: 1. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 2. მთავარი ბუღალტერი - ნ. ა-ე; 3. დარაჯები - მ. ნ-ი და ს. გ-ა;
7. სსიპ რუსთავის №.. სკოლის ლიკვიდაციის №897 ბრძანება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გამოსცა 2008 წლის 24 ოქტომბერს. ბრძანებით განისაზღვრა №.. სკოლის ლიკვიდაცია და ლიკვიდაციის პროცესის დასრულება ბრძანების ძალაში შესვლიდან ორი თვის ვადაში. ქალაქ რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს დაევალა №.. სკოლის სალიკვიდაციო კომისიის შექმნა რესურსცენტრის უფროსის თავმჯდომარეობით;
8. სალიკვიდაციო კომისიას დაევალა №.. სკოლის თანამშრომელთა კანონმდებლობით დადგენილი წესით განთავისუფლება, სკოლის ბალანსზე რიცხული ფულადი სახსრების დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების სრული ინვენტარიზაცია, სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარდგენა (ტ. I. ს.ფ. 47-48);
9. მოპასუხის ტერიტორიული ორგანოს - რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 2008 წლის 10 ნოემბრის №77 ბრძანებით, შეიქმნა სსიპ რუსთავის №.. სკოლის სალიკვიდაციო კომისია 5 წევრის შემადგენლობით. სალიკვიდაციო კომისიის წევრები იყვნენ მოსარჩელეები მ. ა-ი და ნ. ა-ე;
10. №.. სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა 2008 წლის 15 დეკემბრის №67 ბრძანებით, სკოლის ლიკვიდაციის გამო, 2008 წლის 25 დეკემბრიდან დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა მთავარი ბუღალტერი ნ. ა-ე დარაჯი მ. ნ-ი, დარაჯი ს. გ-ა;
11. სსიპ რუსთავის №.. სკოლის ლიკვიდაცია დასრულდა 2008 წლის 24 დეკემბერს (იხ. 27.03.2012წ. სხდომის ოქმი, 11:40:32). ქ. რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა სამინისტროს გაუგზავნა სსიპ რუსთავის №.. სკოლის ლიკვიდაციის შესახებ ჩატარებული სამუშაოების ანგარიში (ტ. I. ს.ფ. 49-92);
12. მ. ა-ი, როგორც №.. სკოლის დირექტორი, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა 2008 წლის 24 დეკემბრიდან, №31 სკოლის ლიკვიდაციის დასრულების საფუძველზე, მინისტრის 2008 წლის 24 ოქტომბრის №897 ბრძანების შესაბამისად (სხვა აქტი, მოსარჩელე მ. ა-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, არ გამოცემულა) (27.03.2012წ. სხდომის ოქმი, 11:48:43).
13. ამ პერიოდში №.. სკოლას რაიმე სახის დაფინანსება არ მიუღია (კომისიის სალიკვიდაციო დასკვნა, ტ. I. ს.ფ. 50-52). 2007 წლიდანვე სკოლის სიგნალიზაცია იქნა გამორთული („ჩახსნილი“) (იხ. 27.03.2012წ. სხდომის ოქმი, 12:20:44:);
14. შრომის ანაზღაურების კრედიტორული დავალიანება წარმოიშვა 2007 წლის ოქტომბრიდან, რაც ასახულია სკოლის სალიკვიდაციო ბალანსის შრომის ანაზღაურების მუხლში;
15. მოსარჩელეების ძალისხმევით, უცვლელი სახით შენარჩუნდა სკოლაში არსებული მატერიალური ფასეულობა - სკოლის უძრავ-მოძრავი ქონება;
16. 2007 წლის 1 ოქტომბრიდან 2008 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში სკოლაში გახსნილი იყო ორი სხვადასხვა არჩევნების საარჩევნო პუნქტი. 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში №.. სკოლამ მიიღო ლტოლვილები. მითითებულ პერიოდში, მოსარჩელე მ. ა-ი, როგორც სკოლის დირექტორი და მოსარჩელე ნ. ა-ე, როგორც სკოლის ბუღალტერი, ასრულებდნენ მოპასუხის ტერიტორიული ორგანოს - რესურსცენტრის ყველა მითითებასა და დავალებას;
17. ვერ დადგინდა ის მიზეზები, რამაც განაპირობა რუსთავის №.. სკოლის ლიკვიდაციის შესახებ მოპასუხე სამინისტროს მიერ ბრძანების გამოცემა ამ საკითხის გადაწყვეტიდან ერთი წლის შემდეგ;
18. მოსარჩელეებმა არაერთხელ მიმართეს მოპასუხეს და მის ტერიტორიულ ორგანოს - ქ. რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, ხელფასის გადახდის მოთხოვნით, მაგრამ მრავალი დაპირების მიუხედავად, მათი თხოვნა არ დაკმაყოფილდა;
19. სადავო პერიოდში მ. ა-ის მიერ თავისი ვალდებულების შესრულების კეთილსინდისიერებისა და ჯეროვნების მიმართ მოპასუხეს რაიმე პრეტენზია არ გააჩნდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის წარმოშობილ შრომით ურთიერთობებთან (და შრომით დავებთან) მიმართებით, სპეციალურ კანონს წარმოადგენს საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“. მითითებული კანონის (2007-2008 წლებში მოქმედი რედაქციით) 32-ე მუხლის 25-ე პუნქტის თანახმად, ამ მუხლის 23-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილია, განსაზღვრული ვადით დანიშნოს წარმომადგენელი - დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც კოორდინაციას უწევს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიმდინარე საქმიანობას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს აღნიშნული დაწესებულების საქმიანობის გაგრძელების მიზანშეწონილობისა და ამ დაწესებულების მოსწავლეთა სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განთავსების შესაძლებლობის თაობაზე. ამავე კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სკოლის რეორგანიზაცია, რომელსაც ახლავს საჯარო სკოლების გაერთიანება/მიერთება, აგრეთვე, საჯარო სკოლის ლიკვიდაცია, იწვევს რეორგანიზებული და ლიკვიდირებული საჯარო სკოლების მართვის ორგანოების უფლებამოსილების შეწყვეტას. მინისტრი რეორგანიზებულ საჯარო სკოლაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დირექტორის არჩევამდე ნიშნავს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს. მოსარჩელე მ. ა-ი 2005 წლის დეკემბრიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დაინიშნა სსიპ რუსთავის №.. სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად. მოსარჩელე მ. ა-ი, როგორც დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თავის უფლებამოსილების ფარგლებში, 2005 წლიდან 2008 წლის 24 დეკემბრამდე ახორციელებდა სამსახურებრივ მოვალეობებს და მესამე პირებთან ურთიერთობაში გამოდიოდა, როგორც სკოლის ხელმძღვანელი პირი. სადავო პერიოდში, 2007 წლის ოქტომბრიდან 2008 წლის 24 დეკემბრამდე მხარეთა შორის არსებობდა შრომით სამართლებრივი ურთიერთობა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შესრულებული ვალდებულების ფარგლებში დასაქმებულს დამსაქმებლის მიმართ მოთხოვნის უფლება წარმოეშვა.
აღნიშნული განჩინება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა. საკასაციო საჩივარი შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებს ემყარება: სასამართლომ უსაფუძვლოდ გამოიყენა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (2007-2008 წლებში არსებული რედაქციით) 32-ე მუხლის 25-ე პუნქტი. აღნიშნული მუხლით განსაზღვრულია იმ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ფუნქციები, რომელიც ინიშნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ განსაზღვრული ვადით იმ შემთხვევაში, რომელიც გათვალისწინებულია იმავე მუხლის 23-ე პუნქტით. რეალურად სსიპ ქ. რუსთავის №.. სკოლის ლიკვიდაცია განხორცილდა დასახელებული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლების გამო (საჯარო სკოლის რეორგანიზაციას ან ლიკვიდაციას ახორციელებს მისი დამფუძნებელი, თუ აუცილებელია დაწესებულების ფიზიკური ან/და ადამიანური რესურსების ოპტიმიზაცია). გარდა ამისა, მხოლოდ დასახელებული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საქმიანობის განხორციელება არ გულისხმობს დირექტორის ფუნქციების შესრულებას. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, „ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 3 აგვისტოს N740/926 ერთობლივი ბრძანება. კასატორის განმარტებით, სახელმწიფოს მიერ მოსწავლის განათლების დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხორციელდება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივების შესაბამისი ვაუჩერით. კონკრეტულ შემთხვევაში, 2007 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, მოსარჩელეს არ წარუდგენია მონაცემები მოსწავლეთა რაოდენობის შესახებ, რის გამოც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვერ განაგრძობდა ზემოაღნიშნული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკისაგან, ხოლო საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რის გამოც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნას დაშვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე