№ას-1192-1121-2012 15 ოქტომბერი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე.+“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ვალდებულების შესრულება, პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს „ე.+ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 61241.69 ლარის გადახდა, მასვე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 1837.25 ლარის ანაზღაურება. ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს „ე.+-ის“ შეგებებული სარჩელი, რომლითაც მან მოითხოვა თავდაცვის სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ მიწოდებული საქონლის ღირებულების, 73212.4 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ე.+-მა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შპს „ე.+-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ე.+ს“ თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 11711.55 ლარის გადახდა, მოპასუხის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შპს „ე.+-ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 73212.40 ლარის გადახდა, გარდა ამისა, სამინისტროს შპს „ე.+-ის“ სასარგებლოდ დაევალა ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 7575.16 ლარის, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ – 357.42 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2010 წლის 11 მარტს ერთი მხრივ, თავდაცვის სამინისტროსა და მეორე მხრივ, შპს ,,ე.+-ს” შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, შემსყიდველმა – საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სახანძრო ინვენტარის შესყიდვაზე და მიიღო მიმწოდებლისაგან – შპს ,,ე.+-საგან“ სატენდერო წინადადება საქონლის მიწოდებაზე შემდეგ თანხაზე: 121995.4 ლარი.
ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-2 მუხლის 2.1.1 პუნქტით განისაზღვრა ხელშეკრულების შესრულების კონტროლი, რომლის განხორციელებაზე უფლებამოსილნი იყვნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლის მიერ გამოყოფილი პირები, კერძოდ, ისინი განახორციელებდნენ კონტროლს შეკვეთის მიცემის, შესრულების ვადების, მიღება-ჩაბარებისა და საქონლის ხარისხის საკითხებზე.
ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-4 მუხლით განისაზღვრა საქონლის მოწოდების პირობები, ამ მუხლის 4.1. პუნქტით, მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდებას ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 2.1.1 პუნქტში მითითებული პირების მიერ, ამ პირების არჩევანის მიხედვით, მობილურ ტელეფონზე გაკეთებული შეტყობინებით, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით ან ფაქსით მოთხოვნის წარდგენის დღიდან 10 კალენდარული დღის ვადაში და სატენდერო წინადადებასა და ფასების ცხრილში (ლოტ(ებ)ი N10) მითითებულ ადგილას. იმ შემთხვევაში, თუ სპეციფიკური პირობების პირველ პუნქტში მითითებულ ტელეფონის ნომერზე დაკავშირება შეუძლებელია მიმწოდებლის ბრალით, მოთხოვნა ითვლება განხორციელებულად შეტყობინების გაგზავნის დღეს, ხოლო ფაქსით ან ელექტრონული ფოსტით გაგზავნის შემთხვევებში ტექნიკური საშუალებებით მისამართზე შეტყობინების მიღების დადასტურების დღეს, ფოსტის შემთხვევაში – ფოსტის ჩაბარების თარიღიდან, ხოლო თუ ფოსტით წერილობით ჩაბარება ვერ ხერხდება მიმწოდებლის ბრალით, ფოსტით წერილის გაგზავნიდან მე-2 კალენდარულ დღეს. ამ მუხლის 4.2 პუნქტის თანახმად, შემსყიდველის სპეციფიკური პირობების 2.1.1 პუნქტში მითითებული პირების მიერ მოთხოვნის წარუდგენლობის შემთხვევაში, საქონლის მიწოდებისა და მიღების უფლება-მოვალეობები არ წარმოიქმნება.
ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-7 მუხლით განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი. ამ მუხლის 7.1 პუნქტით, მიმწოდებლის მიერ საქონლის გადაცემა და შემსყიდველის მიერ მისი მიღება დასტურდება ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების (შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 2.1.1 პუნქტში მითითებული პირების) მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტით. ამავე მუხლის 7.2 პუნქტის თანახმად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემთხვევაში, საქონლის მიწოდების თარიღად ჩაითვლება შემსყიდველისათვის საქონლის ფაქტობრივად გადაცემის თარიღი. 7.3 პუნქტით განისაზღვრა შემსყიდველის უფლებამოსილება უარი განაცხადოს საქონლის ან მისი ნაწილის მიღებაზე და მათ ანაზღაურებაზე.
ხელშეკრულების მე-9 მუხლით განისაზღვრა საქონლის გარანტიასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ 9.2 პუნქტით შეთანხმდა, რომ თუ საგარანტიო პერიოდში აღმოჩნდებოდა ნაკლი, მიმწოდებელი ვალდებული იყო შემსყიდველის შეტყობინების მიღებიდან 5 კალენდარულ დღეში განეხილა (დაეკმაყოფილებინა ან განეცხადებინა მოტივირებული უარი) შემსყიდველის შეტყობინება და შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად 10 კალენდარული დღის ვადაში გამოესწორებინა ნაკლი, შეეცვალა დეფექტური ნაწილი/ საქონელი, ან დაუბრუნებინა შემსყიდველისათვის გადახდილი თანხა.
ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-10 მუხლით განისაზღვრა ანგარიშსწორების წესი. ამ მუხლის 10.1 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი იღებს ვალდებულებას, გადაუხადოს მიმწოდებელს მიწოდებული საქონლის პარტიის ღირებულება ამ საქონლის პარტიის მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის შემდეგ ამ ხელშეკრულებით და კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საფუძველზე.
ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-13 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა. ამ მუხლის 13.1 ქვეპუნქტით, მიმწოდებლის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს, წინასწარი შეტყობინების გარეშე, დაეკისრება შესყიდველისათვის შემდეგი ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა: (13.1.1) საქონლის მიუწოდებლობისათვის (მათ შორის, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, უხარისხო, არასრული მოცულობით, საჭირო დოკუმენტაციის გარეშე) სატენდერო წინადადებასა და ფასების ცხრილში მითითებული შესაბამისი ლოტების ღირებულების 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საქმის მასალების თანახმად, საქონლის მთლიანი ღირებულება შეადგენდა 121995.4 ლარს. აქედან ავანსის სახით საქართველოს თავდაცვის სამინიტრომ შპს ,,ე.+-ს“ გადაურიცხა 48783 ლარი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება შპს ,,ე.+-ის“ მიმართ შეადგენდა 73212.40 ლარს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარდგენილი იყო 2010 წლის 9 აპრილის N3-11/2205 წერილი, რომლითაც შპს ,,ე.+-ს” მოეთხოვა 2010 წლის 11 მარტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით განსაზღვრული მატერიალური ფასეულობების შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში მიწოდება. დგინდებოდა, რომ 2010 წლის 21 აპრილს შპს ,,ე.+-მა” აღნიშნული წერილის პასუხად საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობას აცნობა, რომ 2010 წლის 23 აპრილს მიაწოდებდნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ნაწილს (პირველ ეტაპზე მისაწოდებელი საქონლის ჩამონათვალი დაერთო წერილს), ხოლო მეორე ნაწილს მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში. იქვე აღნიშნა, რომ თუკი მხოლოდ დანართით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება არ წარმოადგენდა პრობლემას, აღნიშნული დაედასტურებინათ წერილობით. ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2010 წლის 30 აპრილის წერილით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ შემსყიდველი დაეთანხმა იმ ეტაპზე დანართში მითითებული საქონლის ნაწილის მიწოდებას.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დგინდებოდა, რომ 2010 წლის 12 მაისს მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი N80, შპს ,,ე.+-ის“ 2010 წლის 22 აპრილის წერილის დანართში მითითებული საქონლის გადაცემის თაობაზე. ამასთან, აღნიშნული აქტის შესაბამისად შემსყიდველს მიეწოდა ცეცხლმაქრი ჰაერქაფოვანი ობპ-8 48 ერთეული ნაცვლად დანართში მითითებული 50 ერთეულისა. შპს ,,ე.+-მა“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2010 წლის 11 მარტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი საქონელი მიაწოდა 2010 წლის 29 ივნისს, რაზეც მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი დროებით შენახვაზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრება საქონლის მიწოდების ვადის ათვლის თარიღად 2010 წლის 9 აპრილის წერილის მითითების თაობაზე, რამდენადაც საქონლის პირველი ნაწილის მოწოდების თარიღი განისაზღვრა მხარეთა შეთანხმებით, კერძოდ, 2010 წლის 21 აპრილის წერილის დანართში მითითებული საქონლის მიწოდების თარიღად განისაზღვრა 2010 წლის 23 აპრილი. აღნიშნულზე თანხმობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან შპს ,,ე.+-მა“ მიიღო მხოლოდ 30 აპრილის წერილით, ხოლო საქონლის შეთანხმებული ნაწილის მიწოდების ვალდებულება შესრულდა 2010 წლის 12 მაისს, რაზეც გაფორმდა ორმხრივი მიღება-ჩაბარების აქტი, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქონლის პირველი ნაწილის მიწოდების ვადა შპს ,,ე.+-ის“ მიერ არ დარღვეულა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 12 მაისს შემსყიდველს არასრულად მიეწოდა საქონელი, კერძოდ მიეწოდა 48 ერთეული ცეცხლმაქრი ჰაერქაფოვანი OBPM – 8, ნაცვლად 50 ერთეულისა. დარჩენილი საქონელი, მათ შორის, 2 ერთეული ცეცხლმაქრი ჰაერქაფოვანი OBPM – 8 მიეწოდა 2010 წლის 29 ივნისს, რაზედაც მხარეებს შორის გაფორმდა ,მიღება-ჩაბარების აქტი დროებით შენახვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის 1-ლი ნაწილი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად მიიჩნევს ისეთ შემთხვევას, როდესაც შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან შპს ,,ე.+-ის“ მიერ საქონლის პირველი ნაწილის მიწოდებისას 2010 წლის 12 მაისს არ მიეწოდა 2010 წლის 21 აპრილის წერილის დანართით შეთანხმებული საქონელი სრულად, კერძოდ, არ მიეწოდა 2 ცეცხლმაქრი ჰაერქაფოვანი OBПM-8 და აღნიშნული 2 ერთეული ცეცხლმაქრი ჰაერქაფოვანი OBПM-8 მიეწოდა მხოლოდ 29 ივნისს, მიმწოდებელს სწორედ აღნიშნული ვადის გადაცილებისათვის უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა 2010 წლის 12 მაისიდან 2010 წლის 29 ივნისამდე პერიოდზე, როცა შემსყიდველს საბოლოოდ მიეწოდა დარჩენილი საქონელი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დგინდებოდა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა სატენდერო წინადადებასა და ფასების ცხრილში მითითებული შესაბამისი ლოტების ღირებულების – 121995.40 ლარის 0.2%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რომლის ოდენობა დღეში შეადგენდა 243.99 ლარს, ხოლო 12 მაისიდან 29 ივნისამდე პერიოდზე (48 დღეზე) 11711.55 ლარს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა თავდაპირველი მოსარჩელის მოსაზრება პირგასამტეხლოს პერიოდის 257 დღეზე დაკისრების ნაწილში, რომელიც მოსარჩელის მითითებით უნდა ათვლილიყო საქონლის მიწოდების შესახებ შეტყობინების გაგზავნიდან – 2010 წლის 9 აპრილიდან და ჩათვალა, რომ შპს ,,ე.+-ს“ პირგასამტეხლო უნდა დაკისრებოდა მხოლოდ 48 დღეზე.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა თავდაპირველი მოსარჩელის მოთხოვნა მიწოდებული საქონლის გარკვეული ნაწილის უხარისხობის საფუძვლით პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე. სასამართლომ მიუთითა საქმეში წარდგენილ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2010 წლის 31 აგვისტოს დასკვნაზე, რომლითაც დგინდებოდა, რომ მეორე ეტაპზე მიმწოდებული საქონლიდან, კერძოდ, აირქაფოვანი წვრილდისპრესიული OBПM-8 ცეცხლმაქრიდან 20 ვარგისი იყო გამოყენებისათვის და 2 დასამუხტი იყო და ასევე, კიბის საფეხურების ტეტივებთან მიმაგრების ხარისხი არ აკმაყოფილებდა პასპორტის მიხედვით არსებულ მოთხოვნებს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 13.1.1 პუნქტი პირგასამტეხლოს გადახდას ითვალისწინებს შემდეგი წინაპირობების დაცულობისას, კერძოდ, ,,საქონლის მიუწოდებლობისათვის (მათ შორის, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, უხარისხო, არასრული მოცულობით, საჭირო დოკუმენტაციის გარეშე)...“. ხელშეკრულების და შესაბამისი ნორმების ერთობლივი ანალიზის შედეგად სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულების მიხედვით უხარისხო საქონლის მიწოდება საქონლის მიუწოდებლობად განიხილება და ხელშეკრულების აღნიშნული დარღვევისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების უფლების გამოყენება ამავე ხელშეკრულებით დამოკიდებულია სპეციფიკური პირობების 7.3.1 პუნქტზე, რომლის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო უარი განეცხადებინა საქონლის ან მისი ნაწილის მიღებაზე და მათ ანაზღაურებაზე თუ იგი უხარისხო იყო, აგრეთვე, მე-9 პუნქტით მინიჭებული გარანტიის უფლების რეალიზებაზე, რომელიც ნაკლიანი საქონლის დეფექტური ნაწილის გამოცვლას ან საქონლის ნაკლის გამოსწორებას უკავშირებდა ამის თაობაზე მიმწოდებლის შეტყობინებას.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დგინდებოდა, რომ შემსყიდველმა ნაკლიანი ნივთის გამოსწორება ან მისი დეფექტური ნაწილის გამოცვლა მოსთხოვა მიმწოდებელს, არც ხელშეკრულების 7.3.1 პუნქტით მინიჭებული უხარისხო საქონლის მიღებაზე უარის თქმის უფლების რეალიზების შესახებ ფაქტი არ დგინდებოდა. ამის საპირისპიროდ დადგინდა, რომ შემსყიდველმა მიიღო მიწოდებული საქონელი 2010 წლის 29 ივნისს, რაც დაადასტურა მიღება-ჩაბარების აქტზე ორმხრივი ხელმოწერით და ასევე დაჯარიმების N168-1 აქტის შინაარსით, რომელშიც მხოლოდ ვადის გადაცილების დარღვევის თაობაზეა მითითებული ისე, რომ მასში არაა რაიმე სახის პრეტენზია უხარისხო საქონლის მიწოდების თაობაზე.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა თავდაპირველი მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ მან ნაკლიანი ნივთის მიღებაზე უარი განაცხადა და სწორედ ამ მოტივით გააფორმა აქტი მიღება-ჩაბარების ,,დროებითი შენახვაზე“. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აქტზე მითითებული ,,დროებითი შენახვა“ არ ცვლიდა საქონლის მიღების ფაქტს, ვინაიდან ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-7 მუხლით განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი. რომლის 7.1 პუნქტით მიმწოდებლის მიერ საქონლის გადაცემა და შემსყიდველის მიერ მისი მიღება დასტურდებოდა ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტით. ამავე მუხლის 7.2 პუნქტის თანახმად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემთხვევაში, საქონლის მიწოდების თარიღად ჩაითვლება შემსყიდველისათვის საქონლის ფაქტობრივად გადაცემის თარიღი, ხოლო 7.3 პუნქტით განისაზღვრა შემსყიდველის უფლებამოსილება უარი განაცხადოს საქონლის ან მისი ნაწილის მიღებაზე და მათ ანაზღაურებაზე. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შემსყიდველს საქონლის მიღებაზე უარის უფლება არ გამოუყენებია და მან მხოლოდ 2011 წლის 10 აპრილის აქტი N168-1-ით დააფიქსირა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა შესაბამისი აქტით დარღვევა გამოიხატა მხოლოდ საქონლის მიწოდების ვადების დარღვევაში.
ამდენად, ვინაიდან, შემსყიდველს ნაკლიანი ნივთის მიწოდებით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო არ გამოუყენებია ორმხრივი ხელშეკრულების 7.3. პუნქტით და მე-9 პუნქტით მინიჭებული უფლებები, და ამასთან, 2011 წლის 10 აპრილის აქტით იგი პირგასამტეხლოს მოთხოვნას უკავშირებდა მხოლოდ მიწოდების ვადების დარღვევას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თავდაპირველი მოსარჩელის პრეტენზია საქონლის უხარისხობასთან დაკავშირებით უსაფუძვლო იყო.
ამავე საფუძვლით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შემსყიდველი ვალდებული იყო აენაზღაურებინა შპს ,,ე.+-ის“ მიერ მიწოდებული საქონლის ღირებულება. საქმის მასალების თანახმად, საქონლის მთლიანი ღირებულება შეადგენდა 121995.4 ლარს. აქედან, ავანსის სახით საქართველოს თავდაცვის სამინიტრომ შპს ,,ე.+-ს“ გადაურიცხა 48783 ლარი. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება შპს ,,ე.+-ის“ მიმართ შეადგენს 73212.4 ლარს.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის შესაბამისად ძალაში უნდა დარჩენილიყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ღონისძიება, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თავდაპირველი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შპს ,,ე.+-ს“ დაეკისრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 11711. 55 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა დააკისრა 2010 წლის 12 მაისიდან 29 ივნისამდე პერიოდზე, რაც დაუსაბუთებელია. საქმეში წარმოდგენილია 2010 წლის 9 აპრილის №3-11/2205 წერილი, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის სამინისტრომ მოპასუხის მიმართ განახორციელა მოთხოვნა ხელშეკრულებით განსაზღვრული მატერიალური ფასეულობების მიწოდებაზე. შესაბამისად, მხარეს წარმოეშვა ხელშეკრულების ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების ვალდებულება. ეს იმას ნიშნავს, რომ მოპასუხეს სახელშეკრულებო ვალდებულება უნდა შეესრულებინა მოთხოვნის მიღებიდან 10 დღის ვადაში.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებელი შეფასება მისცა საქმეში არსებულ, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2010 წლის 9 აპრილის და 2010 წლის 30 აპრილის წერილებს, ასევე, შპს „ე.+-ის“ 2010 წლის 21 აპრილის წერილს. 21 აპრილის წერილით შპს „ე.+-მა“ ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობას აცნობა ვალდებულების 2010 წლის 23 აპრილს ნაწილობრივ შესრულების თაობაზე, რაზეც ითხოვა დამატებითი თანხმობა. გასათვალისწინებელია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროს თანხმობას ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების შესახებ არანაირი სამართლებრივი დატვირთვა არ აქვს, რადგან მოპასუხის მიერ შეთავაზებული შესრულების ვადა – 2010 წლის 23 აპრილი, არ შედიოდა მის მიერ ვალდებულების შესრულების 10-დღიან ვადაში (2010 წლის 24 აპრილს გადიოდა ვალდებულების შესრულების 10-დღიანი ვადა). ამასთან, შპს „ე.+-ის“ 2010 წლის 21 აპრილის და ჯარების ლოგისტიკური სამმართველოს სარდლობის 2010 წლის 30 აპრილის წერილები არ შეიძლება განხილულ იქნეს მხარეთა დამატებით შეთანხმებად შესრულების ვადის გაგრძელებაზე, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 18.2 ქვეპუნქტში.
ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს შპს „ე.+-ის“ მიმართ პირგასამტეხლოს ვადის ათვლა უნდა დაეწყო არა 2010 წლის 12 მაისიდან, არამედ 2010 წლის 24 აპრილიდან. შესაბამისად, არასწორია სააპელაციო სასასმართლოს დასაბუთება, რომლის მიხედვითაც, 2010 წლის 12 მაისს საქონლის მიწოდება სასამართლომ ვადაში შესრულებულად ჩათვალა.
კასატორი კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ დროებითი შენახვის აქტი წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელ მიღება-ჩაბარების აქტს. იგი ყურადღებას მიაქცევს 2010 წლის 29 ივნისის დროებითი შენახვის მიღება-ჩაბარების აქტზე, რომელიც სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებად და გააიგივა ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-7 პუნქტით განსაზღვრულ მიღება-ჩაბარების აქტთან. კასატორი აღნიშნავს, რომ ხსენებული აქტი, განსხვავებით ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტისაგან, არ წარმოადგენს ამ აქტში მითითებულ მოძრავ ნივთებზე ქონებრივი უფლების (საკუთრების უფლების სახით) გადაცემის საფუძველს. ე.ი. იგი არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ვალდებულების შესრულების პრეზუმფციის დამადასტურებელ მტკიცებულებას, არამედ განეკუთვნება მხოლოდ კოდექსის 763-779-ე მუხლების მიხედვით, მხარეთა შორის წარმოშობილი დამატებითი ურთიერთობის – მიბარების ამსახველ ფაქტობრივ მტკიცებულებას, რაც ბუნებრივია გამორიცხავს მის გაიგივებას ხელშეკრულების სპეციფიკური და საერთო პირობების შესაბამის მუხლებში მითითებული მიღება-ჩაბარების აქტისაგან. შესაბამისად, 2010 წლის 29 ივნისის დროებითი მიღება-ჩაბარების აქტი ვერ ჩაითვლება მიმწოდებელი მხარის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტად, იგი ასევე არ შეიძლება ჩაითვალოს ვალდებულების ვადაგადაცილებული ვადის დენის შეჩერების და მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლადაც.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე