Facebook Twitter

ბს-52-34(კ-05) 30 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. კლარჯეიშვილი,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: 17.11.2000წ. ¹....... იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

23.01.03წ. ბორჯომის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს რაიონული გამგეობის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილებამ სარჩელი აღძრა ბორჯომის რაიონულ სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველოს წინააღმდეგ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 13.10.2000წ. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველომ გამოაცხადა კონკურსი ბიბლიოთეკის და კლუბის შენობის იჯარა-გამოსყიდვით გაცემაზე, რომელშიც გაიმარჯვეს თ. და ვ. მ-ეებმა. მხარეებს შორის 17.11.2000წ. გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება ¹...... და საიჯარო ქონების მიღება-ჩაბარების აქტი. 26.02.01წ. თ. და ვ. მ-ეებმა გადაიხადეს საიჯარო ქირა 301,6 ლარი და გამოსასყიდი თანხა 2714,4 ლარი. მოსარჩელის აზრით, ზემოთმითითებული კონკურსი და მის საფუძველზე გაფორმებული იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება უკანონოა, რადგან ხელშეკრულების დადებით დარღვეულია “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის “ა” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად პრივატიზებას არ ექვემდებარება “საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემის ფუნდამენტური მეცნიერებების დაწესებულებები, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები და მათდამი დაქვემდებარებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, ყველა ტიპის მოქმედი და საგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს”. ზემოთაღნიშნულ პრივატიზებულ შენობაში განლაგებულია სასოფლო კლუბი და ბიბლიოთეკა. “საბიბლიოთეკო საქმის შესახებ” კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად “ბიბლიოთეკა არის კულტურულ-საგანმანათლებლო სამეცნიერო-ინფორმაციული დაწესებულება”. ამავე კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო არის ბიბოლიოთეკების ფუნქციონირების გარანტი. კანონი “კულტურის შესახებ” პირდაპირ კრძალავს ბიბლიოთეკებისა და მათში დაცული ფონდების პრივატიზაციას. მოსარჩელემ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ ბორჯომის რაიონული გამგეობის 1998წ. ¹85 დადგენილების საპრივატიზაციო ნუსხაში ..... კლუბის და ბიბლიოთეკის შენობა სახელობით არ არის შეტანილი და არც სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველოს არ უნდა შეეპარებინა იგი მომდევნო ეტაპზე საპრივატიზაციო ქონების ნუსხაში. დადგენილებაში აღნიშნულია მხოლოდ ყოფილი საბჭოთა მეურნეობები ზოგადად. ანალოგიური მდგომარეობაა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998წ. აპრილის ¹1-3/250 ბრძანებაშიც.

მოსარჩელემ მოითხოვა თ. მ-ესა და ვ. მ-ეს და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველოს შორის 17.11.2000წ. გაფორმებული ¹...... საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება.

ბორჯომის რაიონული სასამართლოს 31.05.04წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. სააპელაციო საჩივრის ზეპირი განხილვისას აპელანტმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს, მოწინააღმდეგე მხარემ _ ბორჯომის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება. მესამე პირებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 17.11.04წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ბორჯომის რაიონის გამგეობის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სადავო პრივატიზებული ობიექტი წარმოადგენს სახელმწიფო ბიბლიოთეკას, “საბიბლიოთეკო საქმიანობის შესახებ” კანონის მე-12, მე-13, მე-19, 21-ე, 26-ე მუხლების შესაბამისად დაუშვებელია მისი პრივატიზაცია, ხოლო აღნიშნული კანონის 29-ე მუხლის მესამე ნაწილით პირდაპირ არის განსაზღვრული, რომ აკრძალულია სახელმწიფო ბიბლიოთეკის პრივატიზაცია.

სააპელაციო პალატის მიერ არ იქნა გაზიარებული სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვინაიდან პრივატიზებული ობიექტი არ იმყოფებოდა რაიონული კულტურის განყოფილების ბალანსზე, მასში ბიბლიოთეკის ფაქტობრივი ფუნქციონირებისათვის არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი. სააპელაციო პალატა თვლის, რომ ბიბლიოთეკის სამართლებრივი სტატუსი, კერძოდ ის, რომ აკრძალულია სახელმწიფო ბიბლიოთეკის პრივატიზაცია, არ არის დამოკიდებული იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, თუ რომელი სახელმწიფო დაწესებულების ბალანსზე იმყოფება შენობა, რომელშიც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ “საბიბლიოთეკო საქმიანობის შესახებ” კანონის მეორე მუხლით ბიბლიოთეკა არის კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულება, შესაბამისად, მასზე ვრცელდება “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მეოთხე მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ პრივატიზებას არ ექვემდებარება ყველა ტიპის მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს.

სააპელაციო პალატის აზრით, გასაჩივრებული პრივატიზების ხელშეკრულება ასევე ეწინააღმდეგება კანონს “კულტურის შესახებ”. სააპელაციო პალატა თვლის, რომ სადავო პრივატიზებული ობიექტი წარმოადგენს კულტურის ობიექტს, ბიბლიოთეკას, რომელიც კულტურის სამინისტროს სისტემაში შედის. “კულტურის შესახებ” საქართევლოს კანონის 27-ე მუხლის მეორე ნაწილით კულტურის სხვა ობიექტების პრივატიზაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით იმ პირობით, რომ კულტურული მოღვაწეობა გარკვეული ვადით ან უვადოდ სხვაგვარი საქმიანობით არ შეიცვლება. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოთ დასახელებული ნორმის მოთხოვნით, ბიბლიოთეკა რომც წარმოადგენდეს კულტურის იმ ობიექტს, რომლის პრივატიზებაც დასაშვებია, აღნიშნულზე სავალდებულოა დარგობრივი უწყების _ კულტურის სამინისტროს თანხმობა, რომელიც განსახილველ შემთხვევაში მიღებული არ ყოფილა.

სააპელაციო პალატის მიერ არ იქნა გაზიარებული მესამე პირების მოსაზრება იმის შესახებ, რომ ბიბლიოთეკის პრივატიზება და იმ შენობის პრივატიზება, რომელშიც ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს, სხვადასხვა ცნებებია, ვინაიდან “სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, სახელმწიფო დაწესებულება, როგორც სახელმწიფო ქონება რომლის პრივატიზაციაც ხდება, არის საწარმოები, მათი ქვედანაყოფები, შენობა-ნაგებობები, მატერიალური და არამატერიალური ფონდები.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 17.11.04წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მესამე პირებმა თ. მ-ემ და ვ. მ-ემ. კასატორების აზრით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევით და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორი განმარტავს, რომ 28.05.2000წ. ტექნიკური პასპორტის მიხედვით, რომელიც ჩართულია საპრივატიზაციო საქმეში, შენობა ორსართულიანია და მასში ბიბლიოთეკისა და კლუბის გარდა განთავსებული იყო სხვა ობიექტებიც, კერძოდ: ყოფილი სამეურნეო საწყობი, სოფლის ყოფილი შერეული მაღაზია, ყოფილი საპარიკმახერო, ყოფილი სამკერვალო, ყოფილი კოლმეურნეობის კანტორა. აღნიშნულით, კასატორთა აზრით, დასტურდება ის გარემოება, რომ პრივატიზებული ობიექტი არ წარმოადგენს ბიბლიოთეკის შენობას და ბიბლიოთეკა, ისე როგორც სხვა ობიექტები, მხოლოდ განთავსებული იყო აღნიშნულ შენობაში. ამდენად, პრივატიზებული შენობა არ წარმოადგენდა ბიბლიოთეკის შენობას. კასატორები თვლიან, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი “სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ”, კერძოდ, სააპელაციო პალატის განმარტებით ხსენებული კანონის მე-4 მუხლის “ე” ქვეპუნქტით პრივატიზებას არ ექვემდებარება ყველა ტიპის მოქმედი საგანანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. აღნიშნულ კანონში პირდაპირ არის ჩამოთვლილი თუ რა არ ექვემდებარება პრივატიზებას, მათ შორის ბიბლიოთეკები მითითებული არ არის.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სოფ. ...... სადავო კლუბის შენობა იმყოფებოდა სოფ. ...... სასოფლო-სამეურნეო სახაზინო საწარმო “გ-ის” ბალანსზე, ექსპლოატაციაში შევიდა 1966 წელს და ამ შენობაში 1971 წლიდან ფუნქციონირებდა სასოფლო კლუბი და ბიბლიოთეკა. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 16.04.98წ. ¹1-3/250 ბრძანებით სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ბორჯომის ტერიტორიაზე მდებარე ყოფილი დვირის სახელმწიფო მეურნეობა გადაეცა ბორჯომის რაიონის გამგეობას შემდგომი პრივატიზების პირობით. 17.06.98წ. გაფორმდა დვირის ყოფილი მეცხოველეობის სახელმწიფო მეურნეობის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის ¹10 პუნქტში დაფიქსირებულია “კლუბის შენობა სოფ. ...”. 24.06.98წ. ბორჯომის რაიონის გამგეობის ¹85 დადგენილებით დამტკიცდა საპრივატიზებოდ მუნიციპალური. საკუთრების ობიექტები, მათ შორის დვირის სოფლის მეურნეობის სახაზინო საწარმო “გ-ის” ობიექტები. სახელმწიფო ქონების მართვის ბორჯომის სამმართველომ ... კლუბის იჯარა-გამოსყიდვის ფორმით გაცემაზე გაზეთ “.......-ში” ¹40 (237) 13.10.2000წ. გამოაცხადა კომერციული კონკურსი. საკონკურსო კომისიის 14.11.2000წ. ¹36 ოქმით სოფ. ..... მდებარე კლუბის საპრივატიზებო კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადნენ თ. და ვ. მ-ეები, რომლებთანაც გაფორმდა სახელმწიფო ქონების მიღება-ჩაბარების აქტი და 17.11.2000წ. ¹....... ხელშეკრულება. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ პრივატიზებულ შენობაში განთავსებული იყო ორი მუდმივმოქმედი დაწესებულება: სოფლის კლუბი და ბიბლიოთეკა, რომლის წიგნის ფონდი შეადგენს 14000 ლარამდე ღირებულების 7373 ეგზემპლარს. კლუბის გამგე მუშაობს 1.0 საშტატო ერთეულზე, ბიბლიოთეკისა _ 0,5 საშტატო ერთეულზე. ხელფასს იღებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია ..... ბიბლიოთეკა სახელმწიფო ბიბლიოთეკად. “საბიბლიოთეკო საქმის შესახებ” კანონის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილით სახელმწიფო ბიბლიოთეკის პრივატიზაცია აკრძალულია. ამავე კანონის პირველი მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრულია, რომ ბიბლიოთეკა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებაა. “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, პრივატიზაციას არ ექვემდებარება ის საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შენობაში ბიბლიოთეკასთან ერთად განთავსებულია სოფლის კლუბი, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ კულტურულ დაწესებულებას. “კულტურის შესახებ” კანონის 27-ე მუხლის თანახმად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, კერძოდ სახელმწიფო ფონდებში, მუზეუმებში, არქივებში, ბიბლიოთეკებში, სურათების გალერეებში დაცული კულტურული ფასეულობანი, ტრადიციული ხალხური რეწვის ნიმუშები, ნაგებობები და შენობები, სადაც ისინია განლაგებული, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნაკრძალები და ძეგლები, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა კულტურული ფასეულობანი პრივატიზაციას არ ექვემდებარება. ამავე ნორმის თანახმად, კულტურის სხვა ობიექტების პრივატიზაცია დასაშვებია მხოლოდ დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით, იმ პირობით, რომ კულტურული მოღვაწეობა გარკვეული ვადით, ან უვადოდ სხვაგვარი საქმიანობით არ შეიცვლება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში სოფ. ..... კლუბის შენობის პრივატიზებისათვის დარგობრივი უწყების ნებართვა მიღებული არ ყოფილა. ასეთ ნებართვად ვერ იქნება მიჩნეული ბორჯომის რაიონული გამგეობის 24.06.98წ. ¹85 დადგენილება, რომლითაც საპრივატიზებოდ დამტკიცდა სოფ. ..... კლუბის შენობა, რადგან თანხმობა მიღებული უნდა ყოფილიყო უშუალოდ დარგობრივი უწყებიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო შენობის იმ ნაწილის პრივატიზაცია, რომელშიც განტავსებულია კლუბი და ბიბლიოთეკა, განხორციელებულია “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის, “საბიბლიოთეკო საქმის შესახებ” კანონისა და “კულტურის შესახებ” კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო პრივატიზაციის ხელშეკრულებით განხორციელდა სოფ. ... ე.წ. კლუბის მთლიანი შენობის პრივატიზაცია. საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ მთლიანად გაუქმდა თ. მ-ის, ვ. მ-ის და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველოს შორის 17.11.2000წ. გაფორმებული ¹......-ე საიჯარო ხელშეკრულება. საკასაციო პალატა თვლის, რომ დაუსაბუთებელია აღნიშნული ხელშეკრულების მთლიანად გაუქმება, ვინაიდან შენობის ტექნიკური პასპორტის მიხედვით შენობაში ბიბლიოთეკისა და კლუბის გარდა განთავსებული იყო მაღაზია, მარილის საწყობი და სხვა ისეთი ტიპის დაწესებულებები, რომლებიც არ წარმოადგენენ კულტურულ-საგანმანათლებლო ობიექტებს. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სასამართლოს მიერ პრივატიზების ხელშეკრულების ამ ნაწილის გაუქმება. საქმის ხელახალი განხილვისას უნდა დადგინდეს, სადავო შენობის რომელ ნაწილშია განთავსებული სოფლის კლუბი და ბიბლიოთეკა და რა ზომის ფართი აქვთ დაკავებული მითითებულ კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს. ამდენად, საჭიროა საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების გამოკვლევა და საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, რის გამოც სსკ-ის 412-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლის I ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. და ვ. მ-ეების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაიცო პალატის 17.11.04წ. გადაწყვეტილება, საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

2. სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების გამოტანისას;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.