ბს-524-110(კ-05) 29 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: სამსახურში აღდგენა, იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
14.05.04წ. დ. ა-ემ თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ სარჩელი აღძრა და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 14.04.04წ. ¹247-კს ბრძანების გაუქმება, სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 14.04.04წ. ¹247-კს ბრძანებით გათავისუფლდა საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “აღმოსავლეთის” საბაჟო გამშვები პუნქტის _ “ლ-ის” მთავრი ...ის თანამდებობიდან. აღნიშნული ბრძანება ემყარება საბაჟო დეპარტამენტის კადრების სამმართველოს პირად შემადგენლობასთან მუშაობის განყოფილების უფროსის მოხსენებით ბარათს, რომელიც, თავის მხრივ, ეფუძნება ტელეკომპანია “...-ის” 2004წ. 7 და 9 აპრილს “...ის” ეთერში გასულ სიუჟეტს.
მოსარჩელის მოსაზრებით, მოხსენებითი ბარათი მოკლებულია ყოველგვარ მტკიცებულებას და იმ ვარაუდზეა აგებული, რომ “შესაძლოა არსებობდეს გარიგება საბაჟოს მუშაკებსა და ტვირთშემომტანებს შორის გარკვეული ანაზღაურების საფასურად აღურიცხავი საქონლის შემოტანასთან დაკავშირებით”. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ “...-ის” გადამღები ჯგუფი საქართველოს სასაზღვრო პუნქტამდე მივიდა “შემოვლითი გზით”, გადაიღო სიუჟეტი ნეიტრალურ ზოლში სასაზღვრო რაზმის მიმდებარე ტერიტორიაზე და სახელმწიფო საზღვრის გადაუკვეთავად, უკან ცენტრალური გზით დაბრუნდა საბაჟო გამშვებ პუნქტამდე, სადაც შემოწმდნენ საბაჟოს მუშაკების მიერ და დადგენილ იქნა, რომ მათ საქართველო- აზერბაიჯანის საზღვარი არ გადაუკვეთავთ და ზონაში შევიდნენ “შემოვლითი გზით”.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 78-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინალურ გადაცდომას წარმოადგენს სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება. მოხსენებით ბარათში მისი მოქმედება შეფასებულია როგორც სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, ხოლო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად მის მიმართ გამოიყენეს სამსახურიდან გათავისუფლება, მაშინ, როდესაც აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში შენიშვნა არ ჰქონდა მიღებული.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 07.07.04წ. გადაწყვეტილებით დ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა _ ბათილად იქნა ცნობილი ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 14.04.04წ. ¹247-კს ბრძანება, დ. ა-ე აღდგენილ იქნა პირვანდელ თანამდებობაზე, მას აუნაზღაურდა იძულებით განაცდური ხელფასი. გადაწყვეტილება თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში დაუყოვნებლივ აღსასრულებლად იქნა მიქცეული.
აღნიშნული გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
აპელანტმა აღნიშნა, რომ დ. ა-ემ ჩაიდინა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 78-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “ა” ქვეპუნქტით და 99-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაცდომა, კერძოდ, არაჯეროვნად შეასრულა და უხეშად დაარღვია სამსახურებრივი მოვალეობა, რაც საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების და მისი მძღოლების რეგისტრაციაში გაუტარებლობასა და ქვეყნის ტერიტორიაზე აღურიცხავი ნავთობპროდუქტების შემოტანის დროს მისი მხრიდან უმოქმედებოში გამოიხატა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 27.01.05წ. გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 07.07.04წ. გადაწყვეტილება, დ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ “საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მგზავრთა, ავტოტრანსპორტის, ტვირთების რეგისტრაციისა და კონტროლის განხორციელების წესის შესახებ” დებულების 2.3 პუნქტის თანახმად, სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონაში შემოსული ყოველგვარი ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაცია ხორციელდება საბაჟო სამსახურის მიერ. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ დ. ა-ემ არ შეასრულა მასზე დაკისრებული სავალდებულო სამსახურებრივი მოვალეობა, რეგისტრაციაში არ გაატარა საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შესული ტელეკომპანია “...-ის” გადამღები ჯგუფის ავტოსატრანსპორტო საშუალებები და მათში მსხდომი პირები, რითაც დაარღვია ზემოაღნიშნული დებულების 2.3 პუნქტის მოთხოვნა. მას რეაგირება არ მოუხდენია, აგრეთვე, საბაჟო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით საწვავის შემოტანაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება დ. ა-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე დადასტურდა, რომ საბაჟო საგუშაგოსათვის თავის არიდება ტექნიკურად შესაძლებელია. პასუხისმგებლობის დაკისრება არ შეიძლება იმის გამო, გაივლის თუ არა ყველა პირი და ავტოსატრანსპორტო საშუალება საბაჟო პუნქტს სასაზღვრო პუნქტის გადაკვეთის შემდეგ. კონკრეტულ შემთხვევაში ტელეკომპანია “...-ის” თანამშრომელები არ შემოსულან საქართველოს ტერიტორიაზე სასაზღვრო პუნქტის გავლით. ტელეკომპანიის წარმომადგენელთა რეგისტრაციაში გატარების საჭიროება არ არსებობდა, ხოლო თუ მიჩნეული იქნებოდა, რომ სავალდებულო იყო “...-ის” წარმომადოგენელთა და მათი ავტოტრანსპორტის რეგისტრაციაში გატარება, მაშინ ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობა არ შეიძლება შეფასდეს სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევად.
მოწინააღმდეგე მხარეს _ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს შესაგებელი საკასაციო საჩივარზე არ წარმოუდგენია. საკასაციო საჩივარი სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განხილულ იქნა ზეპირი განხილვის გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ დ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 27.01.05წ. გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის კადრების სამმართველომ საბაჟო დეპართამენტის თავმჯდომარის დავალების საფუძველზე შეისწავლა ტელეკომპანია “...-ის” 2004წ. 7 და 9 აპრილს “...ის” ეთერში გასული სიუჟეტი, სადაც ასახულია, თუ როგორ შემოაქვთ აზერბაიჯანელ ეროვნების მოქალაქეებს აზერბაიჯანიდან საწვავი სასაზღვრო საგუშაგოს გავლით, ხოლო შემდეგ “შემოვლითი გზით”, საბაჟო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, ახერხებენ საქართველოს ტერიტორიაზე მოხვედრას. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ დ. ა-ემ უხეშად დაარღვვია სამსახურებრივი მოვალეობა, რაც საბაჟო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების და მათი მძღოლების რეგისტრაციაში გაუტარებლობასა და ქვეყნის ტერიტორიაზე აღურიცხავი ნავთობპროდუქტების შემოტანის დროს მის უმოქმედობაში გამოიხატა. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი და კასატორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ კასატორმა, ცვლაში მყოფ სხვა თანამშრომლებთან ერთად, არ შეასრულა მასზე დაკისრებული სავალდებულო სამსახურებრივი მოვალეობა, რეგისტრაციაში არ გაატარა საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შესული ტელეკომპანია “...-ის” გადამღები ჯგუფის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტომანქანები და იქ მსხდომი პირები, დ. ა-ეს რეაგირება არ მოუხდენია საბაჟო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით საწვავის შემოტანაზე.
საბაჟო კოდექსის 123-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბაჟო კონტროლის განხორციელების წესები განისაზღვრება კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის 01.05.97წ. ¹224 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მგზავრთა, ავტოტრანსპორტის, ტვირთების რეგისტრაციისა და კონტროლის განხორციელების წესის შესახებ” დებულების I-ლი პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მგზავრთა, ავტოტრანსპორტის, ტვირთების რეგისტრაციისა და კონტროლის განხორციელების წესები მოქმედებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებული საკონტროლო-გამშვები პუნქტების მთელ ტერიტორიაზე და მათი შესრულება სავალდებულოა მგზავრებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელთათვის, აგრეთვე, წესების დაცვაზე კონტროლის განმახორციელებელი მუშაკებისათვის. ამავე დებულების 2.3 პუნქტის თანახმად, სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონაში შემოსული ყოველგვარი ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაცია ხორციელდება საბაჟო სამსახურის მიერ. ამდენად, კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია “...-ის” თანამშრომელთა და ტრანსპორტის რეგისტრაცია საჭირო არ იყო მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. საკასაციო პალატა თვლის, რომ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვანი შესრულება, საბაჟო კონტროლის ეფექტური განხორციელების ინტერესები უდავოდ გულისხმობდა სათანადო ზომების მიღების საჭიროებას საზღვარზე შემოსული ტრანსპორტის და ტვირთის საბაჟო კონტროლის მიღმა გადინების, ქვეყნის ტერიტორიაზე აღურიცხავი ნავთობპროდუქტების შემოტანის აღსაკვეთად. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, აგრეთვე, კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ რეგისტრაციაში გატარების ვალდებულების შეუსრულებლობა არ წარმოადგენს სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევას, ვინაიდან არ დარღვეულა ვისიმე ინტერესები. საკასაციო პალატა თვლის, რომ კანომდებლობით დადგენილი რეგისტრაციის ვალდებულების შეუსრულებლობა, უმოქმედობა, არის საბაჟო კონტროლის განმახორციელებელი პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევა, რის შედეგადაც მნიშვნელოვან ზიანს განიცდის საჯარო ინტერესი. საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის თანახმად, საბაჟო ორგანოების სახელმწიფო მოხელის დისციპლინური პასუხისმგებლობის, განთავისუფლების და სხვა პირობები განისაზღვრება კანონმდებლობის მიხედვით. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 78-ე მუხლის I-ლი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, “დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება. დ. ა-ე არაჯეროვნად ასრულებდა მასზე დაკისრებულ სავალდებულო სამსახურებრივ მოვალეობას, ამდენად, საბაჟო დეპარტამენტის ადმინისტრაცია უფლებამოსილი იყო, დ. ა-ის უმოქმედობა “საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მგზავრთა, ავტოტრანსპორტის, ტვირთების რეგისტრაციისა და კონტროლის განხორციელების წესის შესახებ” დებულებით დადგენილ მოთხოვნათა უხეშ დარღვევად შეეფასებინა. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99.3 მუხლის თანახმად, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობას. ამდენად, არსებობდა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დ. ა-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ 27.01.05წ. გადაწყვეტილება გამოტანილია სასკ-ის 261 მუხლის მოთხოვნების დაცვით. საქმეში დაცულია სასამართლო უწყება, რომლითაც დასტურდება, რომ დ. ა-ეს პროცესუალური კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობა სააპელაციო სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. დ. ა-ეს არ უცნობებია სასამართლოსათვის პროცესზე გამოუცხადებლობის მიზეზი. გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედი სასკ-ის 261 მუხლის რედაქცია არ კრძალავდა პირველი არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში პროცესის ჩატარების შესაძლებლობას. ამდენად, საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატა არ იყო უფლებამოსილი, მიეღო გადაწყვეტილება მისი პროცესზე გამოუცხადებლობის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისადაა მიღებული და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 27.01.05წ. გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.