№ას-1220-1149-2012 15 ოქტომბერი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – დ. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ვ. ა. და მ. ჯ-ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 5 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „ვ. ა. და მ. ჯ-ის“ სარჩელი მოპასუხე დ. კ-ის მიმართ დაკმაყოფილდა, დ. კ-ს შპს „ვ. ა. და მ. ჯ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 5050 ლარის გადახდა, მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაევალა 151.50 ლარის ანაზღაურება ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა დ. კ-მ, რომელმაც მოითხოვა ამ განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 მაისის საოქმო განჩინებით დ. კ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ამავე სასამართლოს 2012 წლის 5 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
დასახელებული განჩინება დ. კ-მ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ივლისის განჩინებით დ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა როგორც 2012 წლის 5 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ისე მისი უცვლელად დატოვების შესახებ 2012 წლის 18 მაისის საოქმო განჩინება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით, მოპასუხეს – დ. კ-ს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად, გაეგზავნა სარჩელი თანდართულ მტკიცებულებებთან ერთად და დაევალა გზავნილში მითითებულ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარმოდგენა. ამავდროულად, მოპასუხეს განემარტა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში პასუხის (შესაგებლის) არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში ზეპირი მოსმენის გარეშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის შესახებ.
სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ განჩინებით, დ. კ-ეს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების შესახებ ეცნობა 2012 წლის 24 თებერვლის განჩინების საფუძველზე, რომელიც 2012 წლის 27 თებერვალს განთავსებულ იქნა ვებგვერდზე – www.tcc.gov.ge და თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე. მოპასუხეს განემარტა შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის სამოქალაქო საპროცესო კანონით გათვალისწინებული შედეგები.
სარჩელი და თანდართული მტკიცებულებები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, მოპასუხის მამას – თ. კ-ს ჩაბარდა 2011 წლის 29 თებერვალს.
სასამართლო გზავნილში მითითებულ ვადაში მოპასუხეს სარჩელზე პასუხი (შესაგებელი) სასამართლოში არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის კანონით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 2321-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთან, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სარჩელის მოთხოვნას.
ამდენად, მითითებული მუხლებით სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი საფუძვლები: 1. მოპასუხეს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები, იგი გაფრთხილებული უნდა იყოს პასუხის (შესაგებლის) წარდგენის ვალდებულების ვადასა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით; 2. სარჩელის მოთხოვნას იურიდიულად უნდა ამართლებდეს სარჩელში მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებები.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში არსებობდა ზემოთ მოყვანილი ნორმით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოსატანად.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სარჩელის მოთხოვნას. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის დანაწესზე, რომლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იკვლევს მტკიცებულებებს, რადგან სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ხსენებული ნორმის საფუძველზე, მოცემულ შემთხვევაში დამტკიცებულად ითვლებოდა სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: შპს ,,ს. გ-მა’’ აღიარა ვალი შპს ,,ფ. ე-ის’’ მიმართ 5050 ლარის ოდენობით და აღნიშნული ვალის გადახდა გადააკისრა დირექტორს, ფიზიკურ პირ დ. კ-ს, რომელსაც აღნიშნული ვალდებულება უნდა შეესრულებინა შპს „ვ. ა. და მ. ჯ-ის“ მიმართ. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ დამტკიცებულად ჩათვლილი ეს გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე მუხლების შესაბამისად, იურიდიულად ამართლებდა სარჩელის მოთხოვნას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა. გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ. სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ. გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ. არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის (შესაგებლის წარუდგენლობის) საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორი საჩივარში არ მიუთითებდა და არც საქმის მასალებში მოიპოვებოდა ზემოააღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული წანამძღვრების დამადასტურებელი მტკიცებულებები. შესაბამისად, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ დ. კ-ის საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 18 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. კ-მ. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნებას.
საკასაციო საჩივარი დაფუძნებულია შემდეგ არგუმენტებზე:
საქმის განმხილველმა სასამართლომ დ. კ-ის მიმართ შესაგებლის წარსადგენად დადგენილი ვადა აითვალა 2012 წლის 24 თებერვლიდან, კერძოდ, იმ დროიდან, როდესაც მოხდა საჯარო შეტყობინების მეშვეობით მისთვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გაცნობა. როგორც წესი, მოპასუხეს ასეთი წესით დოკუმენტებს აცნობენ მხოლოდ მაშინ, როდესაც დაუდგენელია მისი ადგილსამყოფელი და ვერ ხერხდება მისთვის გზავნილის ჩაბარება. კონკრეტულ შემთხვევაში ცალსახაა, რომ დ. კ-ის მისამართი ან ადგილსამყოფელი დაუდგენელი არ ყოფილა და მისთვის შესაძლებელი იყო გზავნილის პირადად ჩაბარება. როგორც ამჟამად ირკვევა, მოსარჩელეს სარჩელში მიუთითებია მოპასუხის მხოლოდ მისამართი და არ მიუთითებია სხვა საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა და ა.შ.). საგულისხმოა, რომ მოსარჩელემ სარჩელის დანართში მიუთითა 23.09.2009წ. წერილზე. საუბარია შპს „ს. გ-ის“ წერილზე, რომელიც განთავსებულია ტიტულიან ფურცელზე. მასში აღნიშნულია სხვა საკონტაქტო მონაცემები და კოორდინატები, მითითებულია ტელეფონის ნომრებიც, სამუშაო ადგილის მისამართიც და ა.შ. რაც შეეხება იმ მისამართს, სადაც გზავნილი ჩაიბარა სხვა პირმა (ადრესატის მამამ), საქმე იმაშია, რომ აღნიშნულ მისამართზე დ. კ-ე დიდი ხანია აღარ ცხოვრობს. ამიტომ, პირადად მას გზავნილი იმაზე გვიან გადაეცა, ვიდრე გამოტანილი იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, თუკი მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა დ. კ-ის ტელეფონის ნომერს, შესაძლებელი იქნებოდა მოვლენათა სხვაგვარად განვითარება, საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებამდე, მას პირადადაც დაურეკავდნენ.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს ყურადღება უნდა მიექცია იმ გარემოებაზე, რომ სადავო თანხა არ წარმოადგენდა დ. კ-ის პირად ვალს. 2011 წლის 17 მაისის შეთანხმების მე-2 პუნქტში არ ჩაწერილა, რომ ადგილი ჰქონდა ვალის გადაკისრებას და რომ შპს „ს. გ-ის“ ვალი თავის თავზე აიღო მისმა დირექტორმა, ვალი დარჩა ამავე კომპანიას. ნებისმიერ შემთხვევაში, საქმის განხილვა დაუშვებელი იყო შპს „ს. გ-ის“ მონაწილეობის გარეშე, რადგან ეს არის კომპანია, რომელსაც გააჩნდა ვალდებულება და რომლის ვალზეც დავობენ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას დ. კ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ დ. კ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, გადახდის თარიღი – 2012 წლის 19 სექტემბერი, საგადახდო დავალება №1) 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე