Nას-1229-1158-2012 17 ოქტომბერი, 2012 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ვ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს. ფ-ა“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. მ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „ს. ფ-ის“ წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელით მიმართა.
მოსარჩელის განმარტებით, მას არ ჩაბარდა სააღსრულებო სამსახურის გაფრთხილება სააღსრულებო ფურცლის ნებაყოფლობით აღსრულების შესახებ, ასევე შეტყობინება იძულებითი აუქციონის დანიშვნის შესახებ, რის გამოც, მისი ბინა აუქციონზე გაიყიდა. მას სურდა სასამართლოს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულება და ელოდებოდა სააღსრულებო ბიუროს შეტყობინებას. ფოსტის არაკეთილსინდისიერი ქმედების შედეგად კი მიადგა ზიანი 99 000 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ვ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა შპს „ს. ფ-ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ვ. მ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 მაისის განჩინებით ვ. მ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და მოპასუხე შპს „ს. ფ-ს“ განესაზღვრა 7 - დღიანი საპროცესო ვადა შესაგებლის წარმოსადგენად.
აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს შესაგებელი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადასი არ წარუდგენია. სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა სააპელაციო საჩივარში მითითებული, დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა აპელანტის მოთხოვნას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ, რის გამოც, საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ გამოიტანა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2012 წლის 5 ივნისს გამართულ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს. ფ-ის“ წარმომადგენლებს - მ. ჯ-სა და რ. ვ-ს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით მხოლოდ სამართლებრივი მოსაზრების წარმოდგენის შესაძლებლობა მისცა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ივნისის განჩინებით ვ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 სექტემბრის განჩინება (ტ. II, ს.ფ. 23-27), რომლითაც საკასაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ვ. მ-ის სახელზე სადავო გზავნილების ჩაბარება და შესაბამისად, სააღსრულებო წარმოების ჩატარების მართლზომიერება, ამდენად, აუქციონის ჩატარების მართლზომიერების განხილვის კომპეტენცია სამოქალაქო წესით განმხილველ სასამართლოს არ გააჩნია, მითუმეტეს ისეთ პირობებში, როდესაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით დადგენილია აუქციონის ჩატარების მართლზომიერება, რასაც წინ უძღოდა ვ. მ-ისათვის ს. ფ-ის მიერ შეტყობინების ჩაბარების ფაქტის კვლევა. ვ. მ-ს ზიანი მიადგა არა შეტყობინების ჩაუბარებლობით, არამედ მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად, მითუმეტეს, რომ ვ. მ-მა იცოდა ვადამოსული ვალდებულების არსებობის ფაქტი, ინფორმირებული იყო მის წინააღმდეგ სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე და მისივე განმარტებით, ჰქონდა ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების მზაობა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ელოდა ინფორმაციას მისი ბინის აუქციონის შესახებ. ვ. მ-ის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები კიდეც რომ ჩაითვალოს დადასტურებულად, არ ირკვევა, თუ რაში მდგომარეობს მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი და რა შეიცვლებოდა მისთვის აუქციონის დანიშვნის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებით, მაშინ როდესაც მან იცოდა, რომ მის წინააღმდეგ გაცემული იყო სააღსრულებო ფურცელი და გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, ქონება სარეალიზაციოდ მიექცეოდა.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება ვ. მ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ საფოსტო გზავნილზე არსებული ხელმოწერა არც ვ. მ-ს და არც მის ოჯახის წევრებს არ ეკუთვნის, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა. გზავნილი ვ. მ-ს არ ჩაბარებია, რასაც თვით ფოსტაც ადასტურებს თავისი წერილით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკისაგან, ხოლო საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რის გამოც ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნას დაშვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე