Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-1242-1171-2012 4 ოქტომბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. მ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ფ. ს-ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. მ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ფ. ს-ს მიმართ და მოითხოვა მოპასუხის კუთვნილი ბინის მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემა და დარეგისტრირება, ბინის გასხვისების აკრძალვა და ბინით სარგებლობის უფლების დაუყოვნებლივ მინიჭება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. მ-ე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან. ამავე განაჩენით გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 მაისის გამამტყუნებელი განაჩენი მ. მ-ის მიმართ. 2007 წლის 12 აპრილიდან 2007 წლის 17 მაისამდე მოსარჩელე მ. მ-ე დაპატიმრებული იყო.

ფ. ს-ა დაკითხული იყო მოწმის სახით მოსარჩელის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით და ჩათვალა, რომ პირის მიერ დელიქტური ვალდებულების საფუძველზე ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა იმ შემთხვევაში, როცა არსებობს შემდეგი პირობები: პირმა სხვა პირის მიმართ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედება, ამ მოქმედებამ გამოიწვია ზიანი და მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. ჩამოთვლილი საფუძვლებიდან ერთ-ერთის არ არსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

პალატამ განმარტა, რომ მატერიალური ზიანი ყოველთვის დაკავშირებულია დაზარალებულის ქონებრივ დანაკარგებთან. პირის ქონებრივი სიკეთის შემცირება შეიძლება გამოიხატოს როგორც დაზარალებულის იმ ქონების შემცირებაში, რომელიც მას ჰქონდა, ასევე იმაში, რომ მისი ქონება არ გაიზარდა, თუმცა შეიძლება გაზრდილიყო სამართალდარღვევის არარსებობის პირობებში.

მორალური ზიანი გარკვეულ სულიერ განცდებთან, ტანჯვასთანაა დაკავშირებული და მისი ფულადი ანაზღაურება სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის საფუძველზე შეიძლება მოთხოვნილ იქნეს კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

ზიანის ანაზღაურების შესახებ სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 409-ე და 411-ე მუხლებით დადგენილია, რომ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო. ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც პირს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა. ამასთან, ეს შემოსავალი უნდა იყოს აუცილებლად მოსალოდნელი და არა სავარაუდო.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტის მიერ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა უმთავრესად ეფუძნება მსჯელობას, რომ მოპასუხე ფ. ს-მ იგი მოატყუა და არ გადაუფორმა ბინა იმ პირს, ვისაც მოსარჩელე უვლიდა, რამაც მოსარჩელეს დააკარგვინა ბინა, რომელიც უნდა მიეღო გაწეული შრომის სანაცვლოდ. გარდა ამისა, მოპასუხის მოქმედებამ – მ. მ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით ჩვენების მიცემამ, გამოიწვია მისი უკანონო პატიმრობა, რასაც შედეგად მოჰყვა მატერიალური და მორალური ზიანის დადგომა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. მ-ის უკანონო პატიმრობა არ არის მოპასუხის მოქმედების (ჩვენების მიცემის) უშუალო შედეგი. მოპასუხე ვალდებული იყო, მიეცა სწორი ჩვენება. მის მიერ ცრუ ჩვენების მიცემა ან აპელანტ მ. მ-ის მიმართ სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა არ არის დადასტურებული, რაც გამორიცხავს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას დელიქტური ვალდებულების მარეგულირებელი ნორმებით.

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ ჩათვალა, რომ აპელანტის მიერ მითითებული და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით მხარეთა შორის ხელშეკრულებითი ურთიერთობის არსებობა, აპელანტ მ. მ-ის ხარჯზე მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრება ან ზიანის ანაზღაურების სხვა, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობა არ დადასტურებულა.

პალატის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი და 103-ე მუხლი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით და რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებანი (მტკიცების ტვირთი). სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის პრინციპით, რომლის თანახმადაც თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგონ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები.

ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ, დაასაბუთონ თავიანათი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

ზემოაღნიშნულ შემთხვევაში სასამართლომ ჩათვალა, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა აპელანტს, მას კი თავისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

სააპელაციო პალატის განჩინება მიმოზა მიქანძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი და გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ ფრიდონ საჯაიას ჩვენება სათანადოდ არ შეაფასა და არ გაითვალისწინა, რომ სწორედ იგი დაედო საფუძვლად მ.მ-ის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემაზე 2007 წლის 12 აპრილის დადგენილებას. კასატორის ციხეში მოთავსებით მის ოჯახს მიადგა მორალური და მატერიალური ზიანი. ჯანმრთელობა დაუზიანდა – მხედველობა მოესპო მ. მ-ის მეუღლეს. თავად მხარეს შეელახა ღირსება, პატივი და საქმიანი რეპუტაცია.

პალატამ ასევე არ გაითვალისწინა, რომ დავა განიხილა არაუფლებამოსილმა და მიკერძოებულმა მოსამართლე ი. ა-მ, რომელმაც უკანონოდ გაასამართლა კასატორი, საკუთარი ტენდენციური დამოკიდებულება დაადასტურა 2011 წლის 22 აგვისტოს განჩინებით და მ. მ-ის განცხადებების განუხილველად დატოვების უსაფუძვლო მუქარით.

2012 წლის 17 ივლისის მთავარ სხდომაზე სასამართლომ არ გამოიკვლია მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ხოლო 2012 წლის 31 ივლისს მოსამართლის დავალებით მანდატურმა ისე დაუდო კასატორს მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მაგიდაზე, რომ მხარემ ვერც კი შენიშნა.

სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა, რომ კასატორმა ფ.ს-ს მიმართ თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა ვერ დაამტკიცა. სასამართლომ უგულებელყო მ.მ-ის მოთხოვნა, გაესწორებინათ უზუსტობა, რომ მ. მ-ე უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა მხოლოდ 2007 წლის 12 აპრილიდან 17 მაისამდე.

კასატორმა ასევე განმარტა, რომ ეკონომიკური სიდუხჭირის გამო არ შეუძლია ადვოკატის აყვანა, მოცემული საქმე კი რთულია, განხილულია ტენდენციურად, ამდენად, საჭიროა საქმეში ჩაებას ადვოკატი, რომელიც დაიცავს კასატორის ინტერესებს.

მხარემ იშუამდგომლა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალიდან მ. მ-ის მიერ შეტანილ განცხადებაზე პასუხის გამოთხოვის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 17 ივლისის სხდომა გადაიდო სახაზინო ადვოკატის აყვანისა და მხარეთა მორიგების მოტივით, რათა მომავალში მისაღები განჩინება წარმოჩენილიყო კანონიერად. კასატორი აღნიშნულის წინააღმდეგი იყო, სანამ არ ექნებოდა ზემოხსენებულ განცხადებაზე ოფიციალური წერილობითი პასუხი, რათა არ მისდგომოდა ზიანი, მაგრამ ამაოდ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 სექტემბრის განჩინებით მ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მ. მ-ის შუამდგომლობას ახალი მტკიცებულების გამოთხოვისა და ადვოკატის საქმეში ჩართვის შესახებ, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილი დაუშვებლად მიიჩნევს საკასაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულებების მიღებას. რაც შეეხება საქმეში ადვოკატის ჩაბმას, სავარაუდოდ, მხარე ითხოვდა მისთვის ადვოკატის დანიშვნას სახელმწიფოს ხარჯზე, თუმცა საკასაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემული დავა არ განეკუთვნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ საქმეთა რიგს და მ. მ-ისათვის სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნის აუცილებლობა არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

მ. მ-ის შუამდგომლობები სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნისა და ახალი მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე