Facebook Twitter

საქმე #ას-1303-1229-2012 15 ოქტომბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს. კ. ვ-ი“ (გაკოტრების მმართველი კ.ვ-ი) (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - კრედიტორთა სიაში აღრიცხვა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს. კ. ვ-ის“ მიმართ მოპასუხისათვის 13500 ლარის დაკისრებისა და ამ თანხის მოთხოვნის უფლების მქონე კრედიტორად მოსარჩელის აღრიცხვის დავალდებულების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

2011 წლის 12 ივლისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შპს „ფ. 777-ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N99 ხელშეკრულება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-სათვის საჯარო სკოლის შენობის მოწყობის სამუშაოების შესრულების თაობაზე. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 269555 ლარით, სამუშაოების შესრულების ვადა - 2011 წლის 5 სექტემბრამდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2011 წლის 30 ნოემბრამდე. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, შპს „ფ. 777“ გაფრთხილდა 2011 წლის 25 აგვისტოს N01-11/1815 წერილით, ხოლო 2011 წლის 5 სექტემბრის N01-11/1915 წერილით შპს „ფ. 777-ს“ ეცნობა, ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, შპს „ფ. 777-ს“ ვალდებულების შესრულება არ განუახლებია. 2011 წლის 8 ივლისსა და 12 ივლისს შპს „ს. კ. ვ-მა“ გასცა საავანსო ანგარიშსწორებისა და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიები. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 14 სექტემბრის N688 განკარგულებით შპს „ს. კ. ვ-ს“ გაუუქმდა დაზღვევის საქმიანობის ლიცენზია და დაიწყო მისი გაკოტრების საქმის წარმოება, ხოლო საზოგადოების გაკოტრების მმართველს მოსარჩელე კრედიტორთა სიაში არ აღურიცხავს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

„მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“ მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებისას სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედება წყდება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე ეროვნული ბანკის მიერ გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან, შესაბამისად, 2011 წლის 14 სექტემბრიდან - ეროვნული ბანკის მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღებიდან ავტომატურად შეწყდა შპს „ს. კ. ვ-ის“ მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ 2011 წლის 8 ივლისს გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის N017/004 საბანკო გარანტიის მოქმედება. ბენეფიციარის 2011 წლის 17 ნოემბრის წერილობითი მოთხოვნა გარანტის მიმართ წარდგენილია საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის შეწყვეტის შემდეგ, მაშინ, როდესაც, სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ბენეფიციარის მოთხოვნა გარანტს საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში უნდა წარედგინოს, ამ ვალდებულების დარღვევამ კი მოსარჩელის მოთხოვნის შპს „ს. კ. ვ-ის“ ვალდებულებად აღურიცხაობა გამოიწვია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივნისის განჩინებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:

პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ 2011 წლის 12 ივლისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შპს „ფ. 777-ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N99 ხელშეკრულება, რომლითაც მიმწოდებელმა ივალდებულა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-სათვის საჯარო სკოლის შენობის მოწყობის სამუშაოების შესრულება. შპს „ს. კ. ვ-ის“ მიერ 2011 წლის 8 და 12 ივლისს გაცემულია საავანსო ანგარიშსწორებისა და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიები. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 14 სექტემბრის N688 განკარგულების საფუძველზე შპს „ს. კ. ვ-ს“ გაუუქმდა დაზღვევის საქმიანობის ლიცენზია და დაიწყო მისი გაკოტრების საქმის წარმოება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაკოტრების მმართველს არ აუსახავს კრედიტორთა სიაში. პალატა ასევე დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მითითებას სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 887-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველ პუნქტზე და არ იქნა გაზიარებული აპელანტის მტკიცება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ კანონის არასწორ განმარტებასთან მიმართებით და, რომ სასამართლოს არ შეუმოწმებია, ვრცელდებოდა თუ არა მოცემულ სამართლებრივ ურთიერთობებზე „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლის მე-3 პუნქტი. პალატამ, კანონის ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე განმარტა, რომ მზღვეველს ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაშიც უნარჩუნდება ვალდებულება, შეასრულოს ადრინდელი ვალდებულებები, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ვალდებულებები უნდა შესრულდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე. მართალია, შპს „ს. კ. ვ-ის“ მიერ 2011 წლის 8 ივლისს 13500 ლარზე გაცემული №017/004 BG.C საბანკო გარანტია მოქმედებდა 2011 წლის 11 დეკემბრამდე, მაგრამ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 14 სექტემბრის №688 განკარგულებით შპს „ს. კ. ვ-ს“ გაუუქმდა დაზღვევის საქმიანობის ლიცენზია და მის მიმართ დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება. ლიცენზიის გაუქმება იწვევს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №126/01 ბრძანების მე-20 მუხლით განსაზღვრულ შედეგს. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს ვალდებულების შესრულების აუცილებლობას, მაგრამ განსაზღვრავს შესრულების ვადას და ამ ვადად ადგენს ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლას, ხოლო კანონქვემდებარე აქტი (საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №126/01 ბრძანების მე-20 მუხლი) ხელშეკრულებების მოქმედების შეწყვეტის ვადას უკავშირებს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას. მიუხედავად იმისა, რომ გარანტიის ვადად განისაზღვრა 2011 წლის 12 დეკემბერი, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 14 სექტემბრის №688 განკარგულების საფუძველზე, მისი მოქმედება შეწყდა, რაც „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ათავისუფლებს მზღვეველს, მისი მოქმედების ვადის გასვლის გამო, ასეთი გარანტიის შესრულების ვალდებულებისაგან.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით დაარღვია კანონი, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. კასატორმა მიუთითა „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლითაც განსაზღვრულია მზღვეველის ვალდებულება, ეროვნული ბანკის მიერ სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან არ განახორციელოს შესაბამისი ლიცენზიით განსაზღვრული სადაზღვევო საქმიანობა, გარდა იმისა, რომელიც მას ადრე ჰქონდა აღებული სადაზღვევო ხელშეკრულებით, ამ ხელშეკრულების მოქმედების გასვლამდე. კასატორის განმარტებით, კანონით დადგენილი ზოგადი წესიდან გამონაკლისს ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის N126/01 ბრძანება „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“, რომლის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მსგავსი შემთხვევისას სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება ლიკვიდაციის და/ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა და/ან ისეთი შემთხვევისა, როდესაც მოქმედი ხელშეკრულების შეწყვეტა უფრო დიდი საფრთხის მატარებელია, ვიდრე მისი მოქმედების გაგრძელება. სასამართლოს არ უმსჯელია სადავო ხელშეკრულება ავტომატურად შეწყდა თუ არსებობდა ბრძანებით დადგენილი საწინააღმდეგო შემთხვევა. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება და შეფასება მიეცა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მიზნისათვის, რომლის დარღვევაც უფრო დიდ ზიანს გამოიწვევდა, ვიდრე ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის N126/01 ბრძანება და არასწორად განმარტა „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლის მე-3 პუნქტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 სექტემბრის განჩინებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო ამავე პალატის 2012 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით მისი საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და საქმის განხილვა, ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შპს „ფ. 777-ს“ შორის 2011 წლის 12 ივლისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N99 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მიმწოდებელმა შპს „ფ. 777-მა“ ივალდებულა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-სათვის საჯარო სკოლის შენობის მოწყობის სამუშაოების შესრულება.

შპს „ს. კ. ვ-მა“ 2011 წლის 8 ივლისსა და 12 ივლისს გასცა საავანსო ანგარიშსწორებისა და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიები.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 14 სექტემბრის N688 განკარგულების საფუძველზე, გაუქმდა შპს „ს. კ. ვ-ის“ დაზღვევის საქმიანობის ლიცენზია და დაიწყო კომპანიის გაკოტრების საქმის წარმოება.

შპს „ს. კ. ვ-ის“ გაკოტრების მმართველს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კრედიტორთა სიაში არ აუსახავს.

13500 ლარზე 2011 წლის 8 ივლისს მოპასუხის მიერ გაცემული N017/004 BG.C საბანკო გარანტიის მოქმედების ვადად განსაზღვრულია 2011 წლის 11 დეკემბერი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ წერილობითი მოთხოვნა გარანტის მიმართ 2011 წლის 17 ნოემბერს წარადგინა.

სააპელაციო სასამართლოს დაკვნით, მიუხედავად იმისა, რომ საბანკო გარანტიის ვადა 2011 წლის დეკემბრამდე იყო, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 14 სექტემბრის N688 განკარგულების საფუძველზე, მისი მოქმედება შეწყდა, რაც „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, მისი მოქმედების ვადის გასვლის გამო ათავისუფლებს მზღვეველს ასეთი გარანტიის შესრულების ვალდებულებისაგან.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა, ვინაიდან კასატორის საკასაციო პრეტენზია ეხება გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებლობაზე მითითებას, კერძოდ, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ასევე არასწორად განმარტა კანონი. საკასაციო პალატა საკასაციო პრეტენზიის მართებულობის შემოწმების მიზნით, ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე საკითხზე:

განსახილველი დავის საგანია მოპასუხისათვის 13500 ლარის დაკისრება და მისი დავალდებულება, რათა მოსარჩელე აღირიცხოს დაკისრებული თანხის კრედიტორად. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა საბანკო გარანტიის ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილი იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შპს „ფ. 777-ს“ შორის 2011 წლის 12 ივლისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N99 ხელშეკრულება, კერძოდ, შპს „ს. კ. ვ-ი“ (გარანტი) კისრულობდა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის (13500 ლარი) გადახდას, შპს „ფ. 777“-ის (პრიციპალი) მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (ბენეფიციარი) პირველი მოთხოვნისთანავე.

მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ შპს „ფ. 777“-ის მიერ დარღვეულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N99 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, რის გამოც 2011 წლის 17 ნოემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შპს „ს. კ. ვ-ს“ წარუდგინა წერილობითი მოთხოვნა 2011 წლის 8 ივლისს მოპასუხის მიერ გაცემული N017/004 BG.C საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის გადახდაზე, რაზეც უარი მიიღო. როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ასევე სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის სამართლებრივი პოზიციის გაზიარებით მიიჩნიეს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი გაქარწყლებული იყო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, კერძოდ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მოთხოვნის წარდგენა გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრებამდე.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის დებულებაზე, რომლის მიხედვითაც საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კოდექსის 885-ე მუხლით დადგენილია მოთხოვნის წარდგენის ფორმა და ვადები. ვინაიდან, განსახილველი დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია ვადების განსაზღვრა, პალატა მოიხმობს 885-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის შესაბამისად, ბენეფიციარის მოთხოვნა უნდა წარედგინოს გარანტს გარანტიით განსაზღვრული იმ ვადის დამთავრებამდე, რა ვადითაც იგი გაიცა. ამდენად, პალატის მიერ დასახელებულ ნორმათა ანალიზის შედეგად ერთმნიშვნელოვნად შეიძლება დავასკვნათ შემდეგი: თუ ბენეფიციარის მოთხოვნა აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს _ წარდგენილია გარანტიაში მითითებული დოკუმენტები, მითითებულია ის, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია, და დაცულია მოთხოვნის წარდგენის ვადა _ მოთხოვნა წარდგენილია გარანტიით განსაზღვრული იმ ვადის დამთავრებამდე, რა ვადითაც იგი გაიცა, გარანტს წარმოეშობა ვალდებულება გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულადი თანხა.

როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილების შინაარსიდან ირკვევა, სააპელაციო სასამართლო ერთის მხრივ ადგენს, რომ 2011 წლის 8 ივლისს მოპასუხის მიერ გაცემული N017/004 BG.C საბანკო გარანტია მოქმედებდა 2011 წლის 11 დეკემბრამდე, ხოლო მეორეს მხრივ, განმარტავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 14 სექტემბრის N688 განკარგულების საფუძველზე, სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედება ავტომატურად შეწყდა, შესაბამისად 2011 წლის 14 სექტემბრამდე შეეძლო ბენეფიციარს მოთხოვნის წარდგენა და არა შემდგომ პერიოდში. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს ამგვარი მოსაზრება არ გამომდინარეობს კანონის ნორმათა სწორი განმარტებიდან შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 14 სექტემბრის N688 განკარგულების საფუძველზე, გაუქმდა შპს „ს. კ. ვ-ის“ დაზღვევის საქმიანობის ლიცენზია და დაიწყო კომპანიის გაკოტრების საქმის წარმოება. „დაზღვევის შსახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლის მე-3 პუნქტის, მიხედვით, ეროვნული ბანკის მიერ სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ ან ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალის (წარმომადგენლობის) საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან მზღვეველს არა აქვს უფლება, განახორციელოს შესაბამისი ლიცენზიით განსაზღვრული სადაზღვევო საქმიანობა, გარდა იმ ვალდებულებების შესრულებისა, რომლებიც მას ადრე ჰქონდა აღებული დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად, მისი მოქმედების ვადის გასვლამდე. დასახელებული ნორმის სიტყვა-სიტყვითი და ლოგიკური განმარტებიდან ნათლად ჩანს, რომ სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში, მზღვეველს ეკრძალება ლიცენზიით განსაზღვრული სადაზღვევო საქმიანობის განხორციელება, ამასთან, კანონმდებელმა მზღვეველი ლიცენზიის მოქმედების პერიოდში აღებული ვალდებულებების მიმართ კვლავ უფლებამოსილ პირად დაადგინა, იმ ვადით, რა ვადითაც ლიცენზიის გაუქმებამდე დადებული ხელშეკრულებები მოქმედებდა. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონთან მიმართებაში მნიშვნელოვანია განიმარტოს ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის #126 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“ მე-20 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, მზღვეველის ლიკვიდაციისა და/ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებისას, სადაზღვევო ხელშეკრულებების მოქმედება წყდება ლიკვიდაციის/გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე ეროვნული ბანკის მიერ გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა და/ან ისეთი შემთხვევისა, როდესაც მოქმედი ხელშეკრულების შეწყვეტა უფრო დიდი საფრთხის მატარებელია ვიდრე მისი მოქმედების გაგრძელება. ლიკვიდატორი ვალდებულია ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, დაუბრუნოს დამზღვევს/დაზღვეულს სადაზღვევო შესატანი, შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმითა და ოდენობით. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მე-20 მუხლის პირველი პუნქტი არ უნდა იქნეს განმარტებული იმგვარად, რომ მზღვეველის ლიკვიდაციის და/ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას ყველა შემთხვევაში მოყვება სადაზღვევო ხელშეკრულებების მოქმედების შეწყვეტა, ვინაიდან აღნიშნული ნორმა ადგენს საგამონაკლისო შემთხვევებსაც, რა დროსაც გრძელდება ხელშეკრულების მოქმედება, ასეთია, კანონით გათვალისწინებული შემთხვევები და/ან ისეთი შემთხვევა, როდესაც მოქმედი ხელშეკრულების შეწყვეტა უფრო დიდი საფრთხის მატარებელია ვიდრე მისი მოქმედების გაგრძელება. კანონქვემდებარე ნორმის ამგვარი დანაწესი წინააღმდეგობაში არ მოდის კანონის ნორმასთან და იგი უნდა განხივიხილოთ როგორც კანონით დადგენილი ნორმის შემავსებელი დებულება. საკასაციო პალატის დასკვნით, მე-20 მუხლის პირველი პუნქტის დათქმა _ „გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა“, არ აკონკრეტებს თუ რომელ კანონზეა საუბარი, ამიტომ სრულებით შესაძლებელია ამ შემთხვევაში მოვიაზროთ „დაზღვევის შსახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლის მე-3 პუნქტის საგამონაკლისო მითითებაც. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის #126 ბრძანების დებულებები უნდა განიმარტოს არა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, არამედ სისტემურად.

მხარეთა შორის სადავო არაა, რომ მათ შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ეროვნული ბანკის მიერ შპს „ს. კ. ვ-სათვის“ ლიცენზიის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ასევე დადგენილია, რომ წერილობითი მოთხოვნა გარანტის მიმართ 2011 წლის 17 ნოემბერს იქნა წარდგენილი, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეს წარმოეშვა ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ, რაც შესრულებული არ არის. სამოქალაქო კოდექსის 888-ე მუხლის მიხედვით, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ შემოიფარგლება იმ თანხის გადახდით, რომელზედაც გაიცა გარანტია. ამავე კოდექსის 889-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ წყდება: ბენეფიციარისათვის იმ თანხის გადახდით, რომელზედაც გაიცა გარანტია, გარანტიაში განსაზღვრული იმ ვადის გასვლით, რომლითაც იგი გაიცა ან ბენეფიციარის მიერ გარანტიიდან გამომდინარე თავის უფლებებზე უარის თქმისა და მათი გარანტისათვის დაბრუნებისას. განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება არ იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ სახეზეა გარანტის ვალდებულების შეწყვეტის რომელიმე საფუძველი, შესაბამისად, მოპასუხე კვლავ რჩება ვალდებულ პირად მოსარჩელის წინაშე, გადაიხადოს საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, რაც შპს „ს. კ. ვ-სათვის“ თანხის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს წარმოადგენს.

საკასაციო პალატა მიუთითებს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 334 მუხლზე, რომლითაც მოწესრიგებულია მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გაკოტრების მმართველი ვალდებულია „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს განცხადება მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან 14 დღის ვადაში; ეს განცხადება განმეორებით უნდა გამოქვეყნდეს პირველი განცხადების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში. ამ განცხადებითვე დგინდება მზღვეველის ვალდებულება კრედიტორებისადმი. მზღვეველის კრედიტორებმა გაკოტრების მმართველს განცხადების მეორედ გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უნდა წარუდგინონ დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა თავიანთი კრედიტორული მოთხოვნის ოდენობისა და საფუძვლების მითითებით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ 2011 წლის 17 ნოემბრის შემდეგ, მოსარჩელემ 2011 წლის 12 დეკემბერს კვლავ მიმართა შპს „ს. კ. ვ-ის“ გაკოტრების მმართველს (იხ. ტ.I, ს.ფ.38,39) და მოსთხოვა საბანკო გარანტიაში მითითებული თანხის მზღვეველის ვალდებულებებში ასახვა, რაც დავის განხილვის დროისათვის დაკმაყოფილებული არ არის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. ვინაიდან ამ შემთხვევაში არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები, საკასაციო პალატა უფლებამოსილია საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის მითითებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორებებზე, რომელთა გაზიარების შედეგადაც სასარჩელო მოთხოვნები საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე საქმის პირველი, სააპელაციო და საკასაციო წესით განხილვისას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია „სახელმწფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილებით კი სრულად დაკმაყოფილდა მისი სარჩელი, რომლის საგნის ღირებულებაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 13500 ლარია, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს „ს. კ. ვ-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საქმის განხილვასთან დაკავშირებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა შემდეგი ოდენობით: პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისათვის - 405 ლარი (13500 ლარის 3%), სააპელაციო სასამართლოში - 540 ლარი (13500 ლარის 4%), ხოლო საკასაციო სასამართლოში - 675 ლარი (13500 ლარის 5%), სულ 1620 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

3. დაევალოს შპს „ს. კ. ვ-ს“ (გაკოტრების მმართველი კ.ვ-ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აღრიცხოს 2011 წლის 8 ივლისის #017/004 BG.C საბანკო გარანტიიდან გამომდინარე 13500 ლარის მოთხოვნის მქონე კრედიტორად და დაეკისროს 13500 ლარის გადახდა სამინისტროს სასარგებლოდ.

4. შპს „ს. კ. ვ-ს“ (ს/N...) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქმის განხილვასთან დაკავშირებული სახელმწიფო ბაჟის - 1620 ლარის ანაზღაურება.

5. სახელმწეიფო ბაჟი ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

6. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე