№ას-1304-1230-2012 11 ოქტომბერი, 2012 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ბ. ქ-უ“
წარმომადგენელი - დ. მ-ი, ნ. ჩ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – რ. ო-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. ო-მა თელავის რაიონულ სასამართლოში სს „ბ. ქ-ს“ თელავის ფილიალის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან სს „ბ. ქ-ს“ კუთვნილი ელექტროენერგიის გამტარი კაბელის გადატანა მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, იგი ქ. თელავში, ზ. კ-ის შესახვევის N10-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის და მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა. მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეა მ. ა-ი. მოპასუხემ შეუთანხმებლად გაატარა მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ელექტროენერგიის გამტარი კაბელი. უძრავი ქონების მეორე თანამესაკუთრესთან გაფორმებულია ხელშეკრულება და გადახდილი აქვთ შესაბამისი კომპენსაცია, ხოლო რ. ო-თან აღნიშნული საკითხი შეთანხმებული არ ყოფილა. მოპასუხის კუთვნილი კაბელი ხელს უშლის მიწის ნაკვეთით თავისუფლად სარგებლობაში, კერძოდ, ვერ ახერხებს საცურაო აუზის გაკეთებას.
თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, სს „ბ. ქ-ს” დაევალა რ. ო-ის (ზ-ი) კუთვნილი ქ. თელავში, ზ. კ-ის შესახვევის N10-ში მდებარე მიწის ნაკვეთიდან ელექტროენერგიის გამტარი კაბელის გადატანა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სს „ბ. ქ-მ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივნისის განჩინებით სს „ბ. ქ-ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ზ-ი (ქორწინების შემდეგ მიიღო მეუღლის გვარი ო-ი,) საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მ.ა-თან ერთად არის ქ. თელავში, ზ. კ-ის შესახვევის N10-ში მდებარე უძრავი ქონების თანამესაკუთრე. რ. ო-ის და მ. ა-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, სს „ბ. ქ-ს“ თელავის ფილიალის ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, მოპასუხის მიერ გატარებული იქნა ელექტროენერგიის გამტარი კაბელი. 2009 წლის 14 მაისს მ. ა-ის მეუღლესთან - ა. მ-თან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სადენის გაყვანის სანაცვლოდ, ერთჯერადი კომპენსაციის სახით, მ. ა-ის ოჯახმა ბანკისგან 1000 ლარი მიიღო. მოპასუხემ მოსარჩელის ნებართვის გარეშე მოახდინა მის კუთვნილ მიწის ფართზე (მიწის ქვეშ) სადენის გაყვანა. რ. ო-ი შეუზღუდავად ვერ სარგებლობს მისი საკუთრებით, სურს აუზის გაკეთება და ხელს უშლის მოპასუხის სადენი, რომელიც უშუალოდ მის წილ ფართობს კვეთს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, რ. ო-ს (გვარის შეცვლამდე ზ-ს) თანხმობა ნაკვეთზე კაბელის გაყვანაზე არ გამოუხატავს. თავისთავად ის გარემოება, რომ მესაკუთრე კაბელის გაყვანამდე არ იმყოფებოდა საქართველოში და რომ მეორე მესაკუთრემ ბანკთან შეთანხმება გააფორმა, ვერ გახდება ნების გამოუხატველობის საპატიოობის დამადასტურებელი არგუმენტი.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მოწინააღმდეგე მხარე არ გამოხატავს რა თანხობას მისი ნაკვეთით სარგებლობაზე და ითხოვს უსაფუძვლოდ მაღალ საკომპენსაციო თანხას, ბოროტად იყენებს საკუთრების უფლებას. სასამართლოს მითითებით, აპელანტს არ გააჩნია მესაკუთრის თანხმობა (რაც აუცილებელია სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე), ხოლო მესაკუთრე მიუთითებს თავსი მიწის ნაკვეთზე მშენებლობის განხორციელების აუცილებლობაზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტი თავისი სააპელაციო საჩივრის დასასაბუთებლად იშველიებს სამოქალქო კოდექსის 180-ე მუხლს და განმარტავს, რომ ვინაიდან ბანკს არ გააჩნია სხვა გზა თავისი შენობის ელექტროენერგიის მოსამარაგებლად, მოწინააღმდეგე მხარე ვალდებული იყო აუცილებელი გზა გამოეყო მისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ ირკვეოდა, იყო თუ არა რ. ო-ის მიწის ნაკვეთის გამოყენება ერთადერთი გზა ქსელტან დასაკავშირებლად, ასევე განმარტა, რომ 180-ე მუხლში გამოხატული თმენის მოთხოვნა სათანადო საპროცესო სამართლებრივი ფორმით უნდა იყოს გამოხატული, რათა სასამართლომ შეძლოს იმსჯელოს მისი განხორციელების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინება სს „ბ. ქ-მ“ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გამოივლია, ტექნიკურად შესაძლებელია თუ არა სადენის გადატანა მოსარჩელის კუთვნილი ნაკვეთიდან. მტკიცების ტვირთი რ. ო-ს ეკისრებოდა, ხოლო მან აღნიშნული გარემოება ვერ დაასაბუთა. მოსარჩელემ კაბელის გადატანის აუცილებლობა აუზის გაკეთების სურვილით ახსნა. კაბელი ეზოს გასწვრივ მიწაში ღრმად გადის და აუზის გაკეთებაში ხელს ვერ შეუშლიდა. მოცემულ შემთხვევაში, ბანკს გაუმართლებლად ადგება ზიანი, ისე, რომ მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა არ დასტურდება. სააპელაციო სასამართლო საეჭვოდ მიიჩნევს ალტერნატიული გზის არსებობას, მაგრამ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში მაინც დატოვა, რის გამოც, გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია. სასამართლოს მითითებით, არ ირკვევა არის თუ არა ო-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი ერთადერთი გზა ელექტროენერგიით მომარაგების ქსელთან დასაკავშირებლად. აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად, სასამართლოს თავისი ინიციატივით უნდა დაენიშნა ექსპერტიზა, რაც არ გაუკეთებია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ბ. ქ-ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკისაგან, ხოლო საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რის გამოც სს „ბ. ქ-ს“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნას დაშვებული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს „ბ. ქ-ს“ (საიდენტიფიკაციო N...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
კასატორს დაუბრუნდეს 02.08.2012 წლის N2002 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე