Facebook Twitter
#as-1301-1536-05

№ას-1315-1241-2012 9 ოქტომბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე – მაია სულხანიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გ. გ-ის წარმომადგენლის ა. ზ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინებაზე, საქმეზე – გ. გ-ის სარჩელის გამო მოპასუხე ა. გ-ის მიმართ თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ გ. გ-ის წარმომადგენლის ა. ზ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 სექტემბრის განჩინებით კასატორს განესაზღვრა 2 დღიანი ვადა, რათა წარმოედგინა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტი დასახელება და მითითება ამ გადაწყვეტილების დამდგენ სასამართლოზე საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული განჩინება კასატორს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2012 წლის 26 სექტემბერს, შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2012 წლის 28 სექტემბერს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.

2012 წლის 2 ოქტომბერს კასატორის წარმომადგენელმა წარმოადგინა განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კასატორს ხარვეზის შესავსებად მიცემული საპროცესო ვადა ამოეწურა 2012 წლის 28 სექტემბერს, ხოლო მის მიერ ხარვეზი გამოსწორებულ იქნა მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, ანუ სასამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. გ-ის წარმომადგენლის ა. ზ-ის მიერ საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტი განუხილველი უნდა დარჩეს.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 285-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. გ-ის წარმომადგენლის ა. ზ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე მ. სულხანიშვილი