Facebook Twitter

№ას-1323-1343-2011 08 ოქტომბერი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ ი. კ. ი-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „მ. კ. კ-ი“

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 05 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ი. კ. ი-მ მოპასუხე შპს „მ. კ. კ-ის“ მიმართ და მოითხოვა, რომ მოპასუხეს დაეკისროს:

1. 750000 აშშ დოლარის დაბრუნება (ხელშეკრულების საგნის ნასყიდობისათვის გადახდილი თანხა);

2. 145584 აშშ დოლარის გადახდა (ხელშეკრულების საგნის გადაუცემლობით და გამოუყენებლობით გამოწვეული ზიანი 2009 წლის 05 თებერვლიდან 2010 წლის 17 მაისამდე)

3. 328 აშშ დოლარის გადახდა ყოველდღიურად 2010 წლის 17 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე (ხელშეკრულების საგნის გადაუცემლობით და გამოუყენებლობით გამოწვეული ზიანი);

4. 45000 აშშ დოლარის გადახდა (ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო);

5. 120000 აშშ დოლარის გადახდა (მშენებლობისათვის გადახდილი თანხის - 750000 აშშ დოლარის უმოძრაობით გამოწვეული ზიანი);

6. 200000 აშშ დოლარის გადახდა (ხელშეკრულების საგნის უფლებრივი ნაკლით და მისი ღირებულების შემცირებით გამოწვეული ზიანი);

7. 39750 აშშ დოლარის გადახდა (ადვოკატის მომსახურებაზე გაწეული ხარჯი). (ტომი 1, ს.ფ. 49-51; 141-143).

სარჩელის თანახმად, 2007 წლის 21 დეკემბერს ი. კ. ი-ისა და შპს „მ. კ. კ-ის“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება მშენებარე საოფისე ფართზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ. ამ ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე კომპანიამ იკისრა ვალდებულება, რომ 2009 წლის 5 თებერვალს მყიდველისათვის გადაეცა ქ.თბილისში, თ-ის და გ.წ-ის ქუჩის მიმდებარე მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობის ორი სართული დასრულებული რემონტით, აგრეთვე შენობის ქვეშ მდებარე დახურული ავტოსადგომი ოთხი ავტომანქანის პარკირებისათვის. ხელშეკრულებით გაიწერა ნასყიდობის ფასი, მისი გადახდის წესი და გრაფიკი. მოსარჩელემ მოპასუხესთან შეთანხმებით თანხები გადაუხადა შპს „ა-ს“, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებდა მშენებლობას. ხელშეკრულების შესაბამისად, ნასყიდობის ფასი შეადგენდა 900000 აშშ დოლარს, რომელიც გაიწერა ოთხ ეტაპად. 2008 წლის 14 მაისისათვის მოპასუხის და შპს „ა-ის“ მოთხოვნის შესაბამისად, ამ უკანასკნელს მოსარჩელემ გადაურიცხა 750000 აშშ დოლარი. მოპასუხემ ვერ უზრუნველყო აღებული ვალდებულების შესრულება, მან დაარღვია ხელშეკრულების პირობები, ხელშეკრულების შესრულების ვადას გადააცილა 1 წელი. აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მოპასუხე ვალდებული იყო დაებრუნებინა მიღებული თანხა და აენაზღაურებინა მიყენებული ზიანი (ტომი I, ს.ფ. 44-56, 141-143).

მოპასუხე შპს „მ. კ. კ-მ“ სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, საქმეში არ მოიპოვებოდა სათანადო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ 750000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტს. რაც შეეხებოდა საქმეში წარმოდგენილ შპს „მ. კ. კ-ის“ წერილებს, მათი გაცემისას მოპასუხე ეყრდნობოდა შპს „ა-ის“ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რაც როგორც შემდგომ გამოირკვა არასწორი იყო (ტომი I, ს.ფ. 114-122, 153-155).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. კ. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 21 დეკემბერს ი. კ. ი-ისა და შპს „მ. კ. კ-ის“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება მშენებარე საოფისე ფართზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ. ხსენებული ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, რომ 2009 წლის 05 თებერვალს მყიდველისათვის გადაეცა ქ.თბილისში, თ-ის და გ.წ-ის ქუჩის მიმდებარე მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობის ზემოდან ოთხი სართულის ქვემოთ მთლიანი ორი სართული დასრულებული რემონტით, აგრეთვე შენობის ქვეშ მდებარე დახურული ავტოსადგომი ოთხი ავტომანქანის პარკირებისათვის.

მოცემულ შემთხვევაში სადავოს წარმოადგენდა ზემომითითებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული 750000 აშშ დოლარის მყიდველის მიერ შპს „ა-ისათვის“ (ხელშეკრულებით გათვალისწინებული მესამე პირი) გადახდის ფაქტი.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის შესახებ, რომ შპს „ა-ისათვის“ თანხის გადაცემას ადასტურებს შპს „ა-ის“ დირექტორ ო. ა-ს და შპს „მ. კ. კ-ის“ წერილები, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. კონკრეტულ შემთხვევაში, ხელშეკრულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მე-3 მუხლში აღნიშნული თანხები (900000 აშშ დოლარი) გამყიდველის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე შეიძლება მყიდველმა ჩარიცხოს მესამე პირის საბანკო ანგარიშზე. ასეთ შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია გამყიდველს წარუდგინოს საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში თანხა გადახდილად არ ჩაითვლება და მყიდველს დაერიცხება პირგასამტეხლო.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა სადავო თანხების გადარიცხვის დამადასტურებელი ვერც ერთი მტკიცებულება. სასამართლომ დამატებით ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ შპს „ა-ისათვის“ თანხების გადარიცხვა განხორციელდა სს „კ. ს. ბ-ის“ და სს „ლ. ბ-ის“ მეშვეობით. მხარის შუამდგომლობის საფუძველზე აღნიშნული ბანკებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით კი, არ დადასტურდა ი. კ. ი-ის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება _ შპს „ა-ისათვის“ თანხის გადარიცხვა (ტომი I, ს.ფ. 273-276).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ი. კ. ი-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი I, ს.ფ. 282-292).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 05 ივლისის განჩინებით ი. კ. ი-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარი ეფუძნება იმას, რომ ი. კ. ი-ის შპს „ა-ისათვის“ გადახდილი აქვს 2007 წლის 21 დეკემბრის „მშენებარე საოფისე ფართზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ“ ხელშეკრულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული ნასყიდობის ფასიდან 750000 აშშ დოლარი. ამ გარემოების დადასტურების მიზნით აპელანტმა მუთითა შპს „ა-ის“ დირექტორ ო. ა-ს 2009 წლის 06 ოქტომბრის მოხსნებით ბარათზე და შპს „მ. კ. კ-ის“ 2008 წლის 29 მაისის საქმიან წერილზე.

სააპელაციო სასამართლომ შპს „ა-ის“ დირექტორ ო. ა-ს მოხსენებითი ბარათი არ მიიჩნია თანხის მიღების ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებად იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული დოკუმენტის შინაარსი ბუნდოვანი იყო, კერძოდ, იგი არ შეიცავდა მითითებას იმის თაობაზე, თუ ვისგან მიიღო შპს „ა-მა“ 750000 აშშ დოლარი, ხოლო წერილის ბოლო აბზაცში შპს „ა-ი“ ადასტურებდა არა თანხის მიღებას კონკრეტული ფიზიკური პირისაგან, არამედ მხოლოდ ამ თანხის სინამდვილეს, ისე, რომ პასუხს არ სცემდა კითხვას, თუ ვინ მოახდინა მასთან ანგარისწორება. წერილით არ ირკვეოდა, რა ფორმით მოხდა ანგარიშსწორება მხარეთა შორის. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ შპს „ა-ის“ დირექტორ ო. ა-ს 2009 წლის 06 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათი არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო სადავო თანხის გადახდის ფაქტის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად.

შპს „მ. კ. კ-ის“ დირექტორ მ. რ-ის 2008 წლის 29 მაისის წერილის შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ვერც ამ წერილით ვერ დადასტურდებოდა სადავო თანხის გადახდის შესახებ ფაქტობრივი გარემოება. ამ წერილში მხოლოდ აღნიშნულია, რომ 300000 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის პირველი ჩარიცხვა განხორციელდა შპს „ა-ის“ საბანკო ანგარიშზე. 2008 წლის 14 მაისის წერილის საფუძველზე კი, განხორციელდა მეორე ჩარიცხვა კომპანია „ა-ის“ საბანკო ანგარიშზე.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოთ დასახელებული წერილით შპს „მ. კ. კ-ი“ არ ადასტურებდა ი. კ. ი-ის მიერ 2007 წლის 21 დეკემბრის „მშენებარე საოფისე ფართზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას შპს „მ. კ. კ-ის“ მიმართ. სააპელაციო სასამართლომ ყურდაღება მიაქცია ამავე წერილის ბოლო აბზაცზე, სადაც შპს „მ. კ. კ-ი“ სთხოვდა ი. კ. ი-ის შპს „ა-ის“ საბანკო ანგარიშზე მესამე გადარიცხვის შესახებ საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის ის მოსაზრება, რომ სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი და თანხების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება მოსარჩელეს გადააკისრა. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე, რომელიც სასამართლოში წარმოადგენს მოთხოვნას, ვალდებულია, დაასაბუთოს მისი საფუძვლიანობა. განსახილველ შემთხვევაში, ამგვარი მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს. შესაბამისად, მოპასუხეს 750000 აშშ დოლარის გადახდის შესახებ გარემოება არ უნდა ემტკიცებინა. ამასთან, გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, ბუნებრივია უნდა ჰქონოდა იმ მხარეს, რომელმაც გადახდა განახორციელა და არა მოწინააღმდეგე მხარეს. მით უმეტეს, როცა აპელანტს ასეთ ვალდებულებას 2007 წლის 21 დეკემბრის „მშენებარე საოფისე ფართზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ“ ხელშეკრულების მე-5 მუხლის პირველი ნაწილი აკისრებდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მტკიცების ტვირთის განაწილების წესი ჩამოყალიბებულია მატერიალურ-სამართლებრივ ნორმებში და გამოხატულია იმპერატიული ფორმით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ცალკეული კატეგორიის საქმეებზე მატერიალური კანონმდებლობა მოითხოვს კონკრეტული სახის მტკიცებულებას და ზღუდავს მას მტკიცების სტანდარტით. ასეთ ნორმებს წარმოადგენენ ისეთი სამოქალაქო-სამართლებრივი ნორმები, რომლებიც შინაარსობრივად მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებაზე მიუთითებენ. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო ფაქტობრივი გარემოების დამტკიცების სტანდარტი არ იყო განსაზღვრული მატერიალური კანონმდებლობით. მტკიცების განსაზღვრული სტანდარტი უშუალოდ მხარეებმა დაადგინეს და შეათანხმეს, რადგან, როგორც საქმის მასალებით ირკვეოდა 2007 წლის 21 დეკემბრის „მშენებარე საოფისე ფართზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების გადარიცხვა უნდა დადასტურებულიყო მყიდველის მიერ საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის გამყიდველისათვის წარდგენის გზით, რისი წარდგენაც სასამართლოში მოსარჩელემ ვერ შესძლო.

აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში განმარტა, რომ შპს „მ. კ. კ-იმ“ 2007 წლის დეკემბრის წერილით კ. ი-ის თანხმობა მისცა პირველი ეტაპის თანხა 300000 აშშ დოლარი ჩაერიცხა სს „ს. ბ-ის“ ანგარიშზე. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, შეჯიბრებითობის პრინციპის მოქმედების ფარგლებში სასამართლოს როლი მტკიცებულებათა შეგროვებაში საკამაოდ შეზღუდულია და იგი შემოიფარგლება მხოლოდ, მხარის დასაბუთებული განცხადების შემთხვევაში, მტკიცებულებათა გამოთხოვით. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვეოდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 დეკემბრის საოქმო განჩინებით ი. კ. ი-ის წარმომადგენლის _ ლ. ბ-ის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ გამოითხოვა სს „ლ. ბ-დან“ და სს „კ. ს. ბ-დან“ დოკუმენტაცია იმის შესახებ, არის თუ არა გადარიცხული ი. კ. ი-ის ან მისი სახელით უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შპს „ა-ის“ სასარგებლოდ თანხები, რა პერიოდში და რა ფორმით. საქმეში წარმოდგენილი სს „ლ. ბ-ის“ 2011 წლის 14 იანვრის პასუხით ირკვევა, რომ ბანკის საინფორმაციო ბაზაში ი. კ. ი-ის ან მისი სახელით უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შპს „ა-ის“ სასარგებლოდ თანხების გადარიცხვა ვერ იქნა მოძიებული. სს „კ. ს. ბ-ის“ 2011 წლის 14 იანვრის პასუხით ბანკი იტყობინება, რომ ი. კ. ი-ი არ არის ბანკის კლიენტი და არც მის სასარგებლოდ არ არის განხორციელებული რაიმე ტიპის გადარიცხვა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, სასამართლოს არ უთხოვია კ. ი-ის სასარგებლოდ განხორცილებული გადარიცხვების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, თუმცა, ბანკის მიერ წარდგენილ იქნა შპს „ა-ის“ ამონაწერები საბანკო ანგარიშიდან, რომლითაც შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დადგენა, რომ შპს „ა-ს“ არ მიუღია რაიმე თანხა აპელანტისაგან მოცემულ ბანკში არსებულ შპს „ა-ის“ ანგარიშზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობივი გარემოებების გათვალისწინებით აშკარა იყო, რომ მოცემულ დავაში, მოსარჩელემ ვერ შესძლო მისი წილი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება. ამდენად, მისი მოთხოვნა გადახდილი თანხის უკან დაბრუნების თაობაზე უსაფუძვლო იყო.

რაც შეეხებოდა მოსარჩელის მოთხოვნას, ხელშეკრულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ პირგასამტეხლო სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის თანახმად, აქცესორულ უფლებას წარმოადგენს, და ვინაიდან ამ შემთხვევაში არ არსებობდა ძირითადი თანხის დაკისრების საფუძველი, შესაბამისად არ არსებობდა არც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი (ტომი II, ს.ფ. 53-60).

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ი. კ. ი-იმ შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორი შეფასება მისცეს როგორც სარჩელის შინაარსს, ისე საქმეზე წარდგენილ მტკიცებულებებს. მათ არ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ მოპასუხეს არ წარუდგენია ამ მტკიცებულებების გამაქარწყლებელი მტკიცებულებები;

სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ სარჩელის ერთი მოთხოვნაზე და უგულებელყო სხვა მოთხოვნები, კერძოდ: მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 45000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ, ასევე, მოთხოვნა შპს „მ. კ. კ-ისათვის“ 200000 აშშ დოლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურებაზე, ხელშეკრულების საგნის უფლებრივი ნაკლის და ნასყიდობის საგნის ღირებულების შემცირების გამო;

სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ ბანკის წერილებს და არ გაიზიარა ის გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ მოსარჩელისათვის მითითებული საბანკო ანგარიშის სს „ს. ბ-ში“ არსებობა-არარსებობის გამო მტკიცების ტვირთის გადატანა მოსარჩელეზე, არასწორი იყო, რადგან უცხო ქვეყნის მოქალაქე ისმაილ კ. ი-ი ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესაბამისად იღებს წერილობით ნებართვას თანხის მესამე პირზე ჩარიცხვის შესახებ, სადაც მითითებულია ბანკი და ანგარიში, რომელზეც უნდა მოახდინოს მან თანხის პირველი ეტაპის გადარიცხვა. მოსარჩელემ კეთილსინდისიერად მოახდინა ამ მოქმედების განხორციელება, გადარიცხვის ქვითრები წარუდგინა მოპასუხეს, რის დასადასტურებლადაც საქმეში წარდგენილია 2008 წლის 14 და 29 მაისის წერილები. საქმის სასამართლოში განხილვის დროს მოსარჩელე გებულობს, რომ ასეთი ანგარიში მშენებელს საერთოდ არ ჰქონია მოპასუხის მიერ მითითებულ ბანკში. გაურკვეველია სასამართლოს მხრიდან მითითებული გარემოებების შეფასების დროს მტკიცების ტვირთის მოსარჩელეზე გადატანა. რაც შეეხება სს „ს. ბ-ის“ პასუხს, სასამართლომ არც ის შეაფასა რეალურად, რადგან მოძიებულ პასუხში მითითებული შპს „ა-ის“ ანგარიში და მოპასუხის წერილში მითითებული მშენებლის ანგარიში არც აქ არ არის იდენტური;

მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებითი პირობა იყო თანხის გადახდა. თანხის გადახდის ფაქტი დადასტურდა მოპასუხის წერილებით, ასევე მესამე პირის (მშენებლის) წერილით (ტომი II, ს.ფ. 62-69).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. კ. ი-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2007 წლის 21 დეკემბერს ი. კ. ი-ისა და შპს „მ. კ. კ-ის“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება მშენებარე საოფისე ფართზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, შპს „მ. კ. კ-ის“ 2009 წლის 5 თებერვლამდე ი. კ. ი-ისათვის უნდა გადაეცა ქ.თბილისში, თ-ისა და გ.წ-ის ქუჩის მიმდებარე მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობის ორი სართული დასრულებული რემონტით, აგრეთვე, შენობის ქვეშ მდებარე დახურული ავტოსადგომი ოთხი ავტომანქანის პარკირებისათვის. მითითებული ფართის საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ, ი. კ. ი-ის შპს „მ. კ. კ-ისათვის“ უნდა გადაეხადა 900000 აშშ დოლარი ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულების 5.1 პუნქტით, ასევე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გამყიდველის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მყიდველს შეეძლო, ნასყიდობის ფასი ჩაერიცხა მესამე პირის საბანკო ანგარიშზე;

ი. კ. ი-ის შპს „მ. კ. კ-ისათვის“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა არ გადაუხდია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს დაუშვა, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და მატერიალური სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მოსარჩელის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ მოპასუხისათვის 750000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტს. კასატორის მოსაზრებით, თანხის გადახდის ფაქტი დასტურდებოდა მოპასუხის 2008 წლის 29 მაისის წერილით, ასევე მესამე პირის - შპს „ა-ის“ დირექტორის 2009 წლის 6 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათით.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შპს „მ. კ. კ-ის“ დირექტორი მ.რ-ი 2008 წლის 29 მაისის წერილით ი. კ. ი-ის უდასტურებს, რომ მათ შორის 2007 წლის 21 დეკემბერს გაფორმებული #1-5137 ხელშეკრულების 5.1 პუნქტის მიხედვით, შპს „ა-ის“ საბანკო ანგარიშზე პირველად ჩაირიცხა 300000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. ამავე წერილით შპს „მ. კ. კ-ს“ დირექტორი ადასტურებს ასევე, რომ საზოგადოების 2008 წლის 14 მაისის წერილის საფუძველზე, შპს „ა-ის“ საბანკო ანგარიშზე მეორედ ჩაირიცხა 200000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი (ტომი 1, ს.ფ. 137).

ზემოხსენებული წერილი სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია მოსარჩელის მიერ თანხის გადახდის დამადასტურებელ მტკიცებულებად იმ საფუძვლით, რომ დასახელებული წერილით მოპასუხე არ ადასტურებდა მოსარჩელის მიერ მოპასუხის წინაშე არსებული ვალდებულების შესრულებას. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ შპს „მ. კ. კ-ის“ დირექტორის 2008 წლის 29 მაისის წერილი წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებულ შესრულების მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც მოვალის - ი. კ. ი-ის მოთხოვნით გასცა კრედიტორმა - შპს „მ. კ. კ-იმ“. ამ დოკუმენტით მოპასუხე ნათლად და გარკვევით ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის 2007 წლის 21 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მოპასუხის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მოსარჩელემ შპს „ა-ის“ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა 500000 აშშ დოლარი. ამდენად, ი. კ. ი-იმ, შპს „მ. კ. კ-ის“ მოთხოვნის საფუძველზე, შეასრულა ამ უკანასკნელის ვალდებულება შპს „ა-ის“ წინაშე, რაც შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის 371-ე მუხლის დანაწესს, რომლის მიხედვით, თუ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების ბუნებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოვალემ პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულება, მაშინ ეს ვალდებულება შეიძლება შეასრულოს მესამე პირმაც. ზემოხსენებული თანხა, 2007 წლის 21 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებარე ფართის ღირებულებას, რომელიც მოსარჩელეს უნდა გადაეხადა მოპასუხისათვის ან მისივე დავალებით ჩაერიცხა მესამე პირის საბანკო ანგარიშზე, რაც მიიჩნეოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებად. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე თავისი 2008 წლის 29 მაისის წერილით ადასტურებს მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების ფაქტს. ეს წერილი, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სათანადო მტკიცებულებას წარმოადგენს მოსარჩელის მიერ მითითებული იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული 500000 აშშ დოლარი, მოპასუხის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ჩარიცხა შპს „ა-ის“ საბანკო ანგარიშზე. აქედან გამომდინარე, ვინაიდან მითითებული წერილი წარმოადგენს კრედიტორის მიერ გაცემულ შესრულების მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს, ამიტომ მოსარჩელე არაა ვალდებული, დამატებით წარმოადგინოს 500000 აშშ დოლარის საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მოპასუხის შესაგებელი 2008 წლის 29 მაისის წერილთან დაკავშირებით ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ასეთი შინაარსის დოკუმენტი შეცდომით გაიცა, კერძოდ, შპს „ა-ის“ მიერ მოწოდებული არასწორი ინფორმაციის საფუძველზე, რაც მოპასუხემ მოგვიანებით შეიტყო. სინამდვილეში, მოსარჩელეს არ ჩაურიცხავს 500000 აშშ დოლარი შპს „ა-ის“ საბანკო ანგარიშზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოების დამტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხე თავის შესაგებელს ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო წერილი შეცდომით გასცა, სინამდვილეში კი, მოსარჩელეს შპს „ა-ის“ საბანკო ანგარიშზე 500000 აშშ დოლარი არ ჩაურიცხავს, ცხადია, რომ ეს გარემოება სწორედ მან უნდა ამტკიცოს. ამ გარემოების დასადასტურებლად, მოპასუხე უთითებს საბანკო დაწესებულებებიდან სასამართლოს მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაზე, რომლითაც, მისი მოსაზრებით, დასტურდება, რომ მოსარჩელეს შპს „ა-ის“ საბანკო ანგარიშზე 500000 აშშ დოლარი არ ჩაურიცხავს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ მითითებული მტკიცებულებით (ბანკის ინფორმაციით), შეიძლება დადასტურდეს ზემოხსენებული სადავო გარემოება, მაგრამ თავად ეს მტკიცებულება სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა, ამიტომ საჭიროა სადავო გარემოების დამატებით გამოკვლევა, რაზედაც საკასაციო სასამართლოს ქვემოთ ექნება მსჯელობა.

სადავო თანხიდან (750000 აშშ დოლარიდან) დარჩენილი 250000 აშშ დოლარის შპს „ა-ის“ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის ფაქტის დასადასტურებლად მოსარჩელე უთითებს მოპასუხის 2008 წლის 29 მაისის წერილზე და შპს „ა-ის“ დირექტორის 2009 წლის 6 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათზე. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ზემოხსენებული გარემოება არ დასტურდება მოპასუხის 2008 წლის 29 მაისის წერილით, ვინაიდან ამ წერილში 250000 აშშ დოლარის გადახდაზე არაფერია ნათქვამი, პირიქით, მითითებული წერილით მოპასუხე მოსარჩელეს თხოვს, რომ 200000 აშშ დოლარი 2008 წლის 16 ივნისამდე ჩარიცხოს შპს „ა-ის“ საბანკო ანგარიშზე და წარმოადგინოს საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი. სადავო გარემოების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული ასევე შპს „ა-ის“ დირექტორის 2009 წლის 6 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათი, ვინაიდან მხარეთა შორის 2007 წლის 21 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების 5.1 პუნქტის მიხედვით, გამყიდველის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მყიდველის მიერ მესამე პირის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია, გამყიდველს წარუდგინოს საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუნეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხა გადახდილად არ მიიჩნევა. ამდენად, სადავო 250000 აშშ დოლარის შპს „ა-ის“ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის ფაქტის დასადასტურებლად მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასამართლომ, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, სს „კ. ს. ბ-დან“ და სს „ლ. ბ-დან“ გამოითხოვა ინფორმაცია სადავო თანხის გადარიცხვის თაობაზე (ტომი 1, ს.ფ. 240). საქმეში წარმოდგენილია ხსენებული ბანკების წერილები (ტომი 1, ს.ფ. 256; 264), რომლეთა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო თანხა (750000 აშშ დოლარი) მოსარჩელეს შპს „ა-ის“ საბანკო ანგარიშზე არ ჩაურიცხავს. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ზემოხსენებული წერილები შეიცავს მხოლოდ ზოგადი ხასიათის ინფორმაციას და ამომწურავად არ პასუხობს კითხვას, ჩარიცხა თუ არა მოსარჩელემ მოპასუხის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე სადავო თანხა. საქმეში წარმოდგენლია შპს „მ. კ. კ-ის“ დირექტორის 2007 წლის 25 დეკემბრის, 2008 წლის 14 და 29 მაისის წერილები (ტომი 1, ს.ფ. 138; 137; 243), რომლებითაც მოპასუხე, ხელშეკრულების შესაბამისად, წერილობით მითითებებს აძლევს მოსარჩელეს შპს „ა-ის“ საბანკო ანგარიშებზე სადავო თანხის ჩარიცხვის თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ ზემოხსენებულ წერილებში მითითებული საბანკო რეკვიზიტების გათვალისწინებით უნდა გამოეთხოვა ინფორმაცია სასამართლოს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ საბანკო დაწესებულებებიდან გამოითხოვა მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია და თავის განჩინებაში არ დააზუსტა ის საბანკო რეკვიზიტები, რომლებიც ზემოხსენებულ წერილებშია მითითებული. საყურადღებოა, რომ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებული იყო, თანხა ჩაერიცხა მოპასუხის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ამ უკანასკნელის მიერ მითითებული მესამე პირის საბანკო ანგარიშებზე. აქედან გამომდინარე, სადავო საკითხის სწორად გადასაწყვეტად, მნიშვნელოვანია სწორედ იმ საკითხის გარკვევა, ჩარიცხა თუ არა მოსარჩელემ სადავო თანხა მოპასუხის მიერ მითითებული მესამე პირის საბანკო ანგარიშებზე. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია ბანკიდან მიღებული ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ, ზემოხსენებულ გარემოებათა გათვალისწინებით, უნდა უზრუნველყოს ბანკიდან დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სამოტივაციო ნაწილი წარმოადგენს გადაწყვეტილების იურიდიულ დასაბუთებას. სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივ საფუძველს უნდა დაემყაროს. სასამართლომ უნდა მიუთითოს იმ მატერიალურ სამართლებრივ ნორმებზე, რომლებითაც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ფასდება.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს სადავო ურთიერთობა სამართლებრივად არ შეუფასებია, კერძოდ, გააჩივრებულ გადაწყვეტილებაში არაა მოცემული მხარეთა შორის არსებული დავის იურიდიული შეფასება (გადაწყვეტილება არ შეიცავს მითითებას იმ კანონებზე, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა). ეს გარემოება გამორიცხავს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების აბსოლუტური საფუძველი. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და სადავო ურთიერთობა იურიდიულად შეაფასოს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. კ. ი-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე