Facebook Twitter

საქმე №ას-1325-1251-2012 2 ოქტომბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - დ. ა-ე

მოწინააღმდეგე მხარე - თ. ე-ე

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ე. ა-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უძრავი ქონების გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ა-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ე-ის მიმართ უძრავი ქონების გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით დ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ივლისის განჩინებით დ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ა-მ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ა-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირი იყო დ. ა-ე, რაც დგინდება ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ გაცემული ცნობით (იხ. ტ. II, ს.ფ.109). შესაბამისად, კასატორის წარმომადგენელ გ. წ-ს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ივლისის გასაჩივრებული განჩინება გაეგზავნა 2012 წლის 8 აგვისტოს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დ. ა-ის წარმომადგენელმა გ. წ-მ (იხ. მინდობილობა ტ. II, ს.ფ. 351) გასაჩივრებეული განჩინება ჩაიბარა 2012 წლის 27 აგვისტოს. (იხ. ტ. II, ს.ფ. 186).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.

ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილი კი ადგენს, რომ წლებით, თვეებით ან დღეების გამოსათვლელი ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლების დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრების ოცდაერთდღიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2012 წლის 28 აგვისტოს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

აღნიშნული ნორმების ანალიზიდან ნათელია, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყო 2012 წლის 28 აგვისტოს და დამთავრდა 2012 წლის 17 სექტემბერს. საკასაციო საჩივარი კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა 2012 წლის 20 სექტემბერს (იხ. ტ.II, ს.ფ. 187), საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად ასევე მითითებულია 2012 წლის 20 სექტემბერი, რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევას.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დ. ა-ის საკასაციო საჩივარი შემოტანილია გასაჩივრების ოცდაერთდღიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნ.კვანტალიანი