Facebook Twitter

საქმე ას-1701-1685-2011 22 ოქტომბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - გ. კ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ჰ. ს. დ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჰ. ს. დ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. კვ-ის მიმართ და მოითხოვა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია. მოსარჩელემ რამდენჯერმე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა მოპასუხეს დაეკისროს მის სასარგებლოდ: სესხის ძირითადი თანხა 50000 აშშ დოლარის ოდენობით; სარგებელი 50000 აშშ დოლარის 5% 2010 წლის ოქტომბრის თვიდან სესხის ძირითადი თანხის დაფარვამდე; პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 50000 აშშ დოლარის 0,15% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2010 წლის სექტემბრის თვიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა დავალიანების დაფარვის მიზნით მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ.თბილისი, გ-ის №50,№50ა, რ-ის (ყოფილი ს-ის) №3, სადარბაზო №1, სართული 4, ბინა №12 (საკადასტრო კოდი №...) სარეალიზაციოდ მიქცევა. მოსარჩელემ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: ჰ. ს.დ-მ 2009 წლის 30 ივლისს გ.კ-ს ასესხა 50 000 აშშ დოლარი 3 თვის ვადით, ყოველთვიური 5% სარგებლით. გ. კ-მა 2010 წლის სექტემბრის ჩათვლით გადაუხადა სარგებელი, ხოლო ამის შემდგომ მას სესხი არ დაუბრუნებია და არც სარგებელს იხდის. მხარეთა შორის შეთანხმებული გარიგების პირობების თანახმად, ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სესხის დაუბრუნებლობის ან სარგებლის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში სესხს დაერიცხება პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0,3% ყოველი ვადაგადაცილებულ დღისთვის ამ საქმესთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ - 19 625 აშშ დოლარის ნაწილში ცნო და დამატებით განმარტა, რომ სესხის სახით მიიღო 47 500 აშშ დოლარი, საერთო ჯამში გადახდილი აქვს 27 875 აშშ დოლარი, რომელიც უნდა გამოაკლდეს სესხის ძირითად თანხას, შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობას მოპასუხე არ დაეთანხმა, რადგანაც ყოველდღიურად 0,15%-ის დაკისრება წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით ჰ. ს. დ-ის სარჩელი თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე გ. კ-ს ჰ. ს. დ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა სესხის ძირითადი თანხა 50 000 აშშ დოლარი, გ. კ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა სარგებლის _ 50 000 აშშ დოლარის 5%-ის გადახდა 2010 წლის ოქტომბრის თვიდან, სესხის ძირითადი თანხის დაფარვამდე, გ. კ-ს ჰ. ს. დ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 90 დღის პირგასამტეხლო 0.03%, დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა გ. კ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისში, გ-ის ქ№50, №50ა, რ-ის (ყოფილი ს-ის) ქ№3, სადარბაზო №1, სართული 4, ბინა №12 (საკადასტრო კოდი №...).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ 50000 აშშ დოლარის გადახდის, 2010 წლის ოქტომბრის თვიდან 50000 აშშ დოლარიდან თანხის საბოლოო გადახდამდე 5%-ის დაკისრების, იპოთეკის საგნის სარეალიზაციოდ მიქცევის და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში. ამასთან, მოსარჩელემ მოითხოვა ნისთვის 23148 აშშ დოლარის დაკისრება, საისადანაც ძირი თანხა უნდა დაკისრებოდა 19625 აშშ დოლარის ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით გ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მოცემულ საქმეზე უცვლელად იქნა დატოვებული საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება, რომ 2009 წლის 30 ივლისს ჰ. ს. დ-სა და გ. კ-ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სესხი განისაზღვრა 50 000 აშშ დოლარით, სამი თვის ვადით, ყოველთვიური 5% სარგებლით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისში, გ-ის №50,№50ა, რ-ის (ყოფილი ს-ის) №3, სადარბაზო №1, სართული 4, ბინა №12 (საკადასტრო კოდი №...). 2009 წლის 4 აგვისტოს სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილის თანახმად, გ. კ-მა ჰ. ს. დ-ისგან მიიღო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 50 000 აშშ დოლარი.

სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება სესხის ძირითადი თანხის სახით 27 875 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილისა და 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. სასამართლომ მიუთითა სახელშეკრულებო ვალდებულებიდან გამომდინარე სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით მხარეთა მტკიცების ტვირთზე და განმარტა შემდეგი: საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ამასთან, მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. პალატის მოსაზრებით, ვალდებულების შესრულება შესაგებლის საფუძველია და პოზიტიურად მტკიცების ფაქტის (სესხის ძირითადი თანხის დაფარვის) დადასტურება ეკისრება მოპასუხეს. საქმის მასალებით კი, სესხის ძირითადი თანხის გადახდის მტკიცებულების არსებობა არ არის დადასტურებული.

სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ სესხის ძირითადი თანხის - 27 875 აშშ დოლარის გადახდის შესახებ გ.კ-ის მიერ ფულადი ვალდებულების (ძირითადი თანხის გადახდის) ნაწილობრივ შესრულების დამადასტურებელი, კრედიტორის მიერ შესრულების მიღების მტკიცებულების წარუდგენლობის გამო. პალატამ მიუთითა 2009 წლის 30 ივლისის ხელშეკრულების 6.1. პუნქტზე, რომლის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუკი მსესხებელი დროულად გადაიხდიდა სარგებელს, აღნიშნული ხელშეკრულება იმავე პირობებით შეიძლება გაგრძელებულიყო 1 თვის ვადით. აღნიშნული შეთანხმების შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ ხელშეკრულების ვადის გაგრძელება არ იყო დამოკიდებული დამატებით მხარეთა წერილობით შეთანხმებაზე. 2009 წლის 30 ივლისიდან, 2010 წლის 30 სექტემბრამდე მსესხებლის მიერ ყოველთვიურად გადახდილი თანხა 2500 აშშ დოლარის ოდენობით, სრულად შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის ოდენობას, კერძოდ, სესხის სახით გაცემული თანხის 5%-ს, რაც, პალატის აზრით, კიდევ ერთხელ ადასტურებს მსესხებლის მიერ 27 875 აშშ დოლარის გადახდას სწორედ სარგებლის სახით და არა შეთანხმებას, სესხის ძირითადი თანხის ნაწილ-ნაწილ დაფარვის თაობაზე. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იპოთეკით დატვირთული ქონების სხვა პირის საკუთრებაში გადასვლასთან დაკავშირებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად. სასამართლოს განმარტებით, დადგენილია რა, რომ იპოთეკის საგანზე ირიცხება გ. კ-ის საკუთრების უფლება, აპელატს აღნიშნული მისი გამაქარწყლებელი მტკიცებულებით არ დაუსაბუთებია. უსაფუძვლობის გამო არ იქნა გაზიარებული სააპელაციო საჩივრის მითითება, მოსარჩელის მიერ მთავარ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნის შეცვლასთან დაკავშირებით, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ხარვეზის შევსების ეტაპზე ჰ. ს. დ-ის მიერ სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტებულ იქნა, კერძოდ, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის სესხის ძირითადი თანხის - 50 000 აშშ დოლარის, დარიცხული სარგებლის - 7500 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს სახით, 2010 წლის 27 დეკემბრის მდგომარეობით 13 500 აშშ დოლარის დაკისრება, მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 233 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 9 თებერვლის მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და განმარტა, რომ აღარ ითხოვდა პირგასამტეხლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, არამედ მოითხოვა, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება სესხის ძირითადი თანხის - 50 000 აშშ დოლარის, სარგებლის - 10 000 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 9 000 აშშ დოლარის მოპასუხისთვის დაკისრების შესახებ. ამავე სხდომაზე, სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება 69 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შემდეგ მოსარჩელემ მხარი დაუჭირა თავდაპირველ სასარჩელო მოთხოვნას. პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაზე და აღნიშნა, რომ საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე, მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის განჩინება არ გამოტანილა, შესაბამისად, სასამართლოს მიერ პროცესუალურ დოკუმენტში არ ყოფილა ასახული მოსარჩელის ნების პროცესუალური შედეგი ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნაზე უარის გაცხადების თაობაზე. 2011 წლის 16 მარტს საქმის ხელახალი განხილვის დროისთვის ჩამოყალიბებული სასარჩელო მოთხოვნები სრულ შესაბამისობაშია სარჩელში მითითებულ მოთხოვნებთან და სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო ნორმების დარღვევას ადგილი არ ქონია.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.კ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ, კერძოდ გ.კ-ს დაეკისრება 22125 აშშ დოლარის გადახდა კასატორმა მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების 1.2 მუხლის თანახმად, სესხი გაიცა 3 თვის ვადით და სესხის 5%-იანი სარგებლის მოქმედების ვადაც გრძელდებოდა სწორედ 3 თვით - 2009 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით. რადგანაც მოსარჩელემ ვერ წარადგინა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებას, ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი თანხა არ შეიძლება მიჩნეულ იქნას საპროცენტო სარგებლად და ის უნდა გამოაკლდეს სესხის ძირითად თანხას. სესხის ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადების გამო, მისი მოქმედების გაგრძელებისას დაცული უნდა ყოფილიყო ძირითადი ხელშეკრულების ფორმაც, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, ხელშეკრულების 6.1. მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებულად მიჩნევის თაობაზე, დაუსაბუთებელს ხდის. საწინააღმდეგო შემთხვევაშიც კი, ხელშეკრულების ზემოაღნიშნული დათქმიდან გამომდინარე, ამ ხელშეკრულების მოქმედების მაქსიმალური ვადა 4 თვეს წარმოადგენს, სასამართლოს ლოგიკით კი ეს ვადა მხარეთა ნების საწინააღმდეგოდ გაგრძელდა 1 თვეზე მეტი ვადით. ამდენად, ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ გაწეული ხარჯები უნდა მოხმარებოდა ძირითადი ვალის დაფარვასა და პირგასამტეხლოს გადახდას.

სესხის ხელშეკრულების 1.3 მუხლისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობის გათვალისწინებით (მხარეს პირგასამტეხლო დაეკისრა მხოლოდ 90 დღისათვის, რაც არც ერთ მათგანს არ გაუსაჩივრებია) დასტურდება, რომ კასატორს სულ პირგასამტეხლო გადასახდელი აქვს 1350 აშშ დოლარი, ამ თანხის ზევით განხორციელებული ყოველი შესრულება მიჩნეულ უნდა იქნას ძირითადი თანხის გადახდად. საბანკო კრედიტთან მიმართებაში დადგენილია, რომ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისას მოვალეს შეიძლება დაერიცხოს მხოლოდ პირგასამტეხლო და არა სარგებელი, რაც დაუსაბუთებელს ხდის ქვემდგომი სასამართლოების დასკვნას ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

კასატორმა მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის თანხმობის გარეშე გაზარდა მოთხოვნა, რითაც მოპასუხის მდგომარეობა კიდევ მეტად დაამძიმა, ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ იპოთეკით დატვირთულ ქონებას გ.კ-თან ერთად სხვა თანამესაკუთრეებიც ჰყავს და ამ ქონების რეალიზაციის მოთხოვნის გამო სხვა თანამესაკუთრეებიც უნდა ჩაბმულიყვნენ მოცემულ დავაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 დეკემბრის განჩინებით გ.კ-ის საკასაციო საჩივარი 1023 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში დარჩა განუხილველად, ხოლო ამავე პალატის 2012 წლის 17 იანვრის განჩინებით დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, საკასაციო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. კ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემობათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია ის შემთხვევები, თუ რა მიიჩნევა კანონის დარღვევად, ხოლო მესამე ნაწილი აზუსტებს საპროცესო სამართლის ნორმათა დარღვევის შედეგებს, კერძოდ, საპროცესო სამართლის ნორმათა დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების ხელახლა გადამოწმების საფუძველს ქმნის კასატორის მიერ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზიის (შედავების) წარმოდგენა.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2009 წლის 30 ივლისს ჰ. ს. დ-სა და გ. კ-ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სესხი განისაზღვრა 50 000 აშშ დოლარით, სამი თვის ვადით, ყოველთვიური 5% სარგებლით.

გ. კ-მა ჰ. ს. დ-ისგან მიიღო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 50 000 აშშ დოლარი.

სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისში, გ-ის №50,№50ა, რ-ის (ყოფილი ს-ის) №3, სადარბაზო №1, სართული 4, ბინა №12 (საკადასტრო კოდი №...).

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ვალდებულების შესრულება შესაგებლის საფუძველია და პოზიტიურად მტკიცების ფაქტის (სესხის ძირითადი თანხის დაფარვის) დადასტურება ეკისრება მოპასუხეს. საქმის მასალებით კი, სესხის ძირითადი თანხის გადახდის მტკიცებულების არსებობა არ არის დადასტურებული. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ სესხის ძირითადი თანხის, 27 875 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე.

პალატამ მიუთითა 2009 წლის 30 ივლისის ხელშეკრულების 6.1. პუნქტზე, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების 1 თვის ვადით გაგრძელების თაობაზე, და განმარტა, რომ ხელშეკრულების ვადის გაგრძელება არ იყო დამოკიდებული დამატებით მხარეთა წერილობით შეთანხმებაზე.

სასამართლოს დასკვნით, 2009 წლის 30 ივლისიდან 2010 წლის 30 სექტემბრამდე მსესხებლის მიერ ყოველთვიურად გადახდილი თანხა 2500 აშშ დოლარის ოდენობით, სრულად შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის ოდენობას, კერძოდ, სესხის სახით გაცემული თანხის 5%-ს, რაც პალატის აზრით კიდევ ერთხელ ადასტურებს მსესხებლის მიერ 27 875 აშშ დოლარის გადახდას სწორედ სარგებლის სახით და არა შეთანხმებას, სესხის ძირითადი თანხის ნაწილ-ნაწილ დაფარვის თაობაზე.

როგორც საკასაციო საჩივრის შინაარსიდან ირკვევა, კასატორი პრეტენზიას აცხადებს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევაზე, ასევე კასატორი მიუთითებს გასაჩივრებული განჩინების იურიდიულ დაუსაბუთებლობაზე. შესაბამისად, კასატორის პრეტენზიების მართებულობის შემოწმების მიზნით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე:

საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ადგილი ჰქონდა მოსარჩელის მხრიდან სარჩელის გაზრდას და არა დაზუსტებას, კერძოდ, ხარვეზის შევსების მიზნით პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ განცხადებაში მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა ჩამოაყალიბა შემდეგი ფორმულირებით: დაეკისროს მოპასუხე გ. კ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ, სესხის ძირითადი თანხის 50000 აშშ დოლარის, დარიცხული პროცენტის 7500 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს, 2010 წლის 27 დეკემბრის მდგომარეობით 13500 აშშ დოლარის გადახდა, ასევე ყოველდღიური პროცენტი და პირგასამტეხლო 233 აშშ დოლარის ოდენობით წინამდებარე განცხადების შემოტანიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე (იხ. ტI, ს.ფ.35). დავის საგნის აღნიშნული ფორმულირება მნიშვნელოვნად განსხვავდება პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაფიქსირებული მოთხოვნის შინაარსისაგან, რომლის ფარგლებშიც პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება (იხ. ტ.I, ს.ფ.117). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით განსაზღვრულია მხარეთა საპროცესო უფლებები, მათ შორის ისეთი უფლებები, რომლებიც დაკავშირებულია სარჩელის საფუძველთან და საგანთან. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით. ასეთი თანხმობის შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს სასამართლო სხდომის გადადება სხვა დროისათვის. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდგომ, მოპასუხის მიერ საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ გამოთქმულა პრეტენზია დავის საგნის გაზრდასთან დაკავშირებით, ამასთან, მოპასუხის შესაგებელი სწორედ მთავარ სხდომაზე ჩამოყალიბებული მოთხოვნების გაბათილებას ემსახურებოდა. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო პრეტენზია ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს გაზიარებული.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. კ-მა ჰ. ს. დ-თან 2009 წლის 30 ივლისს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, მიიღო 50 000 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით. საქმეში წარმოდგენილი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების 6.1. პუნქტის მიხედვით, მხარეები თანხმდებიან, რომ თუკი მსესხებელი დროულად გადაიხდის სარგებელს, აღნიშნული ხელშეკრულება შეიძლება გაგრძელდეს 1 (ერთი) თვის ვადით იგივე პირობებით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. როგორც სარჩელში მითითებული ფაქტობრივი საფუძვლების, ასევე სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებების ანალიზით დგინდება, მოსარჩელე არსად არ უთითებს, რომ გამსესხებელი და მსესხებელი შეთანხმდნენ ხელშეკრულების დამატებით ერთი თვით გაგრძელებაზე, აქედან გამომდინარე, კასატორის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეებს შორის დადებული გარიგების მოქმედების ვადა სამი თვის შემდგომ არ გაგრძელებულა, საფუძვლიანია და გაზიარებულ უნდა იქნეს.

სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიხედვით, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2009 წლის 30 ივლისს ჰ. ს. დ-სა და გ. კ-ს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება სასყიდლიანი იყო, კერძოდ, ყოველთვიური სარგებელი განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხის, 50000 აშშ დოლარის 5%-ით. საქმეში წარმოდგენილი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების 1.2. პუნქტის მიხედვით, სულ სესხი და სამი თვის სარგებლით დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 57500 აშშ დოლარს. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მართებულად განიხილავს კასატორის პოზიციას იმის შესახებ, რომ სარგებლის მოქმედება შეიძლებოდა გაგრძელებულიყო სამი თვის განმავლობაში. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მსესხებლის მიერ 2010 წლის 30 სექტემბრამდე ყოველთვიურად გადახდილი თანხა 2500 აშშ დოლარის ოდენობით სრულად შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის ოდენობას (5%-ს), რაც ადასტურებს 27875 აშშ დოლარის სარგებლის სახით გადახდას, არ გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის დისპოზიციიდან. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. საკასაციო პალატა, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში კიდევ ერთი საფუძვლის, სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის შემადგენლობის შემოწმების მიზნით აღნიშნავს შემდეგს: მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლებიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. დასახელებულ ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, რომ სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო. ამასთან, 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოპასუხე გ. კ-ს მოსარჩელის მიმართ გააჩნდა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულება, ასევე დადგენილია და ამას არც მოპასუხე უარყოფს, რომ მის მიერ დარღვეულ იქნა ვალდებულება, თუმცა, სააპელაციო პალატას არ დაუდგენია ის ფაქტი, რომ მხარეები შეთანხმდნენ ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის რაიმე პროცენტზე, მით უმტეს ამგვარი ფაქტი არც მოსარჩელეს მიუთითებია სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლებში. შესაბამისად, სესხის მოქმედების ვადაში გათვალისწინებულ სარგებელზე (პროცენტზე) შეთანხმება ვერ გამოდგება სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად. ამდენად მოსარჩელის მოთხოვნა, რომ მოპასუხეს დაეკისროს მის სასარგებლოდ სარგებელი, 50000 აშშ დოლარის 5% 2010 წლის ოქტომბრის თვიდან სესხის ძირითადი თანხის დაფარვამდე, სამართლებრივ საფუძველს მოლებულია. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ამ ნაწილში წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის იმ მოსაზრებას, რომლის შესაბამისადაც, 27875 აშშ დოლარს უნდა გამოაკლდეს პირგასამტეხლოს თანხა 1350 აშშ დოლარი, ვინაიდან, კასატორს სადავო არ გაუხდია მისთვის 90 დღის პირგასამტეხლოს დაკისრება. ამასთან, თვით კასატორის განმარტებითვე, პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში მხარეებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ და ამ ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმ ნაწილში, რომელიც ეხება იპოთეკის საგნის სარეალიზაციოდ მიქცევას. კასატორის მოსაზრებით, არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც იპოთეკის საგანს, გარდა გ.კ-ისა ჰყავს სხვა თანამესაკუთრეებიც. აღნიშნული მოსაზრება უსაფუძვლოა, იმდენად, რამდენადაც უძრავ ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებით, ამისათვის აუცილებელია ამ უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, ხოლო ასეთი მტკიცებულება მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ამგვარი საფუძვლები, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, რაც გამოიხატება შემდეგში: საკასაციო პალატის განხილვის საგანია მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის დარიცხვის კანონიერება, ასევე იპოთეკის საგნის რეალიზაცია. სასარჩელო მოთხოვნათა შინაარსიდან ნათელია, რომ მოსარჩელე არ დავობს ხელშეკრულების მოქმედების ვადაში (2009 წლის 30 ივლისიდან 2009 წლის 30 ოქტომბრამდე პერიოდი) გადასახდელი სარგებლის თაობაზე, არამედ ითხოვს სარგებლის დარიცხვას 2010 წლის ოქტომბრის თვიდან სესხის ძირითადი თანხის დაფარვამდე. ამასთან, გაზიარებულ იქნა კასატორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს არ აქვს უფლება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვოს სარგებელი. მოსარჩელე არ შედავებია მოპასუხის იმ პოზიციას, სადაც ეს უკანასკნელი მიუთითებდა, რომ სამი თვის შემდეგ ყოველთვიურად იხდიდა 2500 აშშ დოლარს და ჯამში გადახდილი აქვს 27875 აშშ დოლარი. გაზიარებულ არ იქნა კასატორის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ 27875 აშშ დოლარს უნდა გამოაკლდეს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სესხის ძირითადი თანხის ნაწილში მოპასუხისათვის დასაკისრებელი თანხა უნდა განისაზღვროს (50000-27875) 22125 აშშ დოლარით. რაც შეეხება სესხის უზრუნველყოფის საშუალების, იპოთეკის საგნის რეალიზაციის საკითხს, ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, კი ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ოდენობა 141 350 აშშ დოლარია (სესხის ძირითადი თანხა - 50 000 აშშ დოლარი, სარგებელი - 50 000 აშშ დოლარის 5% სესხის ძირითადი თანხის დაფარვამდე და პირგასამტეხლო - 1350 აშშ დოლარი), ამასთან, 90 დღის პირგასამტეხლოს - 1350 აშშ დოლარის ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი) საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ასევე უდავოა, რომ საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილებით გ.კვაშალს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 22 125 აშშ დოლარი, ანუ სასარჩელო მოთხოვნიდან - 141 350 აშშ დოლარიდან სულ დაკმაყოფილებულია 23 475 აშშ დოლარი - მოთხოვნის 16,6%. დადგენილია, რომ მოსარჩელემ საქმის განხილვისას სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის უზრუნველყოფის გამო გადაიხადა 50 ლარი (ტ.I, ს.ფ.10), ხოლო სარჩელის გამო - 3000 ლარი (ტ.I, ს.ფ.36), მოპასუხე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, მას სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად ანგარიშსწორება არ დაეკისრება, ხოლო მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3050 ლარის 16,6% - 506,3 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მეორე, მესამე და მეექვსე პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. ჰ. ს. დ-ის სარჩელი სესხის ძირითადი თანხის - 50000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გ. კ-ს ჰ. ს. დ-ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხა - 22125 აშშ დოლარის ოდნობით.

4. ჰ. ს. დ-ის სარჩელი გ. კ-ისათვის 2010 წლის ოქტომბრის თვიდან სესხის ძირითადი თანხის დაფარვამდე 50000 აშშ დოლარის 5%-ის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

5. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად.

6. გ. კ-ს ჰ. ს. დ-ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 3050 ლარიდან 506,3 ლარის გადახდა.

7. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე