№ას-19-19-2012 9 ოქტომბერი, 2012 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუნუ კვანტალიანი, ბესარიონ ალავიძე
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
კასატორი – მ.კ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ო.მ–ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 27 მაისს მ.კ–ძემ შპს „ო.მ–გან“ განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 71 000 ევროს ეკვივალენტ ლარად შეიძინა ავტომანქანა BMW X6. მყიდველი ვალდებული იყო, ნასყიდობის ფასის ნაწილი - 35 000 ევრო გადაეხადა 2010 წლის 28 მაისამდე, ხოლო დარჩენილ 36000 ევროს გადაიხდიდა 9 თვის განმავლობაში თანაბარწილად, რომელსაც დაასრულებდა 2011 წლის 27 თებერვალს. მყიდველის მიერ ხელშეკრულებით დადგენილი ნასყიდობის ფასის სრულად და დროულად გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, ავტომანქანა დაგირავდა გამყიდველის სასარგებლოდ.
2010 წლის 27 მაისს მყიდველმა გამყიდველს გადაუხადა ნასყიდობის ფასის ნაწილი - 35 000 ევროს ეკვივალენტი ლარი, ხოლო 2010 წლის 28 მაისს გამყიდველმა მყიდველს გადასცა ავტომანქანა.
2010 წლის 25 ივნისს მყიდველმა წერილით მიმართა გამყიდველს და ნასყიდობის საგანზე აღმოჩენილ ნაკლზე მითითებით მოითხოვა ხელშეკრულების ბათილად ცნობა და თანხის უკან დაბრუნება, რაზედაც 2010 წლის 26 ივნისს უარი მიიღო იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულების ბათილად ცნობა და თანხის დაბრუნების მოთხოვნა ეწინააღმდეგებოდა ხელშეკრულების პირობებსა და საქართველოს კანონმდებლობას.
2010 წლის 14 ივლისს გამყიდველმა მყიდველს გაუგზავნა შეტყობინება, რომლითაც გამყიდველი ატყობინებდა მყიდველს, რომ შლიდა მყიდველთან დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას ნასყიდობის ფასის გადაუხდელობის გამო. ამასთან, შეტყობინებისვე მიხედვით, აძლევდა ვადას ამავე წლის 2 აგვისტომდე ნასყიდობის დარჩენილი ფასის გასდასახდელად.
2011 წლის 5 იანვარს მყიდველმა შეძენილი ავტომანქანა გამყიდველს საკუთრებაში დაუბრუნა.
მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა: ნივთის ნაკლის გამო ხელშეკრულებიდან გასვლა და გადახდილი 35 000 ევროს უკან დაბრუნება.
მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ ავტომანქანა გადაცემის დღესვე - 2008 წლის 28 მაისს გამოვიდა მწყობრიდან. მყიდველმა ავტომანქანის ნაკლის გამო დაკარგა ავტომანქანის შეძენის ინტერესი და მოპასუხე ვალდებულია, დაუბრუნოს გადახდილი 35 000 ევრო.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, ავტომანქანას არ ჰქონდა ნაკლი, შესაბამისად, მოსარჩელეს არ ჰქონდა უფლება, უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე. ამასთან, ხელშეკრულების თანახმად, მყიდველს არ უნდა დაუბრუნდეს ავტომანქანის შესაძენად გადახდილი 35 000 ევრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაეკისრა 35000 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 505-ე, 490-ე, 491-ე, 352-ე, 508-ე მუხლები. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დაადგინა, რომ ავტომანქანა ტექნიკურად გამართული და ვარგისი იყო ექსპლუატაციისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მყიდველი სსკ-ის 352-ე მუხლის საფუძველზე ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებით ვერ ისარგებლებდა, მაგრამ, რაკი გამყიდველმა თავად მოშალა ხელშეკრულება, ამ ხელშეკრულების 9.10 პუნქტის შინაარისის მიუხედავად, იგი ვალდებული იყო, სსკ-ის 508-ე მუხლის საფუძველზე, მყიდველისათვის დაებრუნებინა გადახდილი 35 000 ევრო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების საფუძველი გახდა არა გამყიდველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, არამედ თავად მყიდველის მიერ განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა - ნასყიდობის ფასის დარჩენილი ნაწილის გადაუხდელობა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ის 508-ე მუხლით, რადგან მოცემულ შემთხვევაში, გამყიდველი ხელშეკრულებიდან კი არ გავიდა, არამედ მოშალა ხელშეკრულება, რისი უფლებამოსილებაც მას ჰქონდა მყიდველის მიერ ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო. ამასთან, მხარეებმა ხელშეკრულებით გამორიცხეს ხელშეკრულების მოშლამდე გადაცემული თანხის უკან დაბრუნების შესაძლებლობა (9.3. პუნქტი). პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული დათქმა გამომდინარეობდა ნების ავტონომიის პრინციპიდან და არ ეწინააღმდეგებოდა კანონს.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
- სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივად იხელმძღვანელა 399-ე მუხლით, რომელიც არ ითვალისწინებს ორმხრივ რესტიტუციას. ნების ავტონომიის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები რომც შეთანხმებულიყვნენ ამგვარ პირობაზე, მოცემულ შემთხვევაში, მისი გამოყენება არასწორია, რამდენადაც გამყიდველმა მანქანა ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე დაიბრუნა, მითითებული მუხლი კი, ცალმხრივ რესტიტუციას არ ითვალისწინებს.
- სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 508-ე მუხლი, რომელიც გრძელვადიან ურთიერთობაზე კი არ ვრცელდება, არამედ სწორედ განვადებით ნასყიდობის დროს ვალდებულების დარღვევის გამო მხარის ხელშეკრულებაზე უარის თქმისას გამოიყენება. მყიდველის დაცვის გარანტია სწორედ მითითებული ნორმაა, რომელიც არ უშვებს მყიდველისათვის არასამართლიან შედეგს - გამყიდველის მიერ ცალმხრივი რესტიტუციის გზით. ამიტომ არის 508-ე მუხლი იმპერატიული და გამორიცხავს ნებისმიერ ავტონომიურ გარიგებას, რომელიც ამ პირობას ეწინააღმდეგება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „გ ქვეპუნქტების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი დაკმაყოფილდეს.
სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დასაბუთებულია კასატორის პრეტენზია სააპალაციო სასამართლოს მიერ მატერიალურსამართლებრივი ნორმის (სსკ-ის 508-ე მუხლის) არასწორად განმარტების თაობაზე, რამაც იურიდიულად დაუსაბუთებული გადაწყვეტილების მიღება განაპირობა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო (ნასყიდობის ფასის გადაუხდელობა) გამყიდველი ხელშეკრულებიდან კი არ გავიდა, არამედ მან მოშალა ხელშეკრულება. ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში კი, მხარეთა შეთანხმებით, უკვე განხორციელებული შესრულება მყიდველს არ უნდა დაჰბრუნებოდა.
საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამ მსჯელობას და მიუთითებს, რომ ხელშეკრულება დასრულდა მოშლით თუ ხელშეკრულებიდან მხარის გასვლით - სასამართლომ მოცემული სამართლებრივი ურთიერთობის ანალიზის საფუძველზე უნდა შეაფასოს და არა - ხელშეკრულებაში მითითებული ტერმინებით.
ხელშეკრულების მოშლა, რომლის სამართლებრივი შედეგი არ არის რესტიტუცია (არამედ მოშლის მომენტიდან მხარეთა ვალდებულებების შესრულების მოვალეობის დამთავრებაა), დამახასიათებელია გრძელვადიანი სამართლებრივი ურთიერთობისათვის. მოშლის სამართლებრივ შედეგს განაპირობებს სწორედ ის, რომ გრძელვადიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ არის გამართლებული მიღებული შესრულების უკან დაბრუნება, ამასთან, ამგვარ ურთიერთობებში უკუქცევა რთული ან შეუძლებელიც კი არის.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება თავისი შინაარსით არ იყო გრძელვადიანი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ გასვლის შედეგი - მხარეთა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, სწორედ ნასყიდობის ხელშეკრულებაში გამოიხატება ყველაზე ნათლად - მყიდველი ნაყიდ ნივთს, ხოლო გამყიდველი - გადახდილ ფულს აბრუნებს. მართალია, მოცემულ შემთხვევაში განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებაა დადებული, თუმცა მყიდველის მიერ ნივთის ფასის გადახდა ნაწილ-ნაწილ (ცხრა თვის განმავლობაში), მას გრძელვადიან სამართლებრივ ურთიერთობად ვერ აქცევს. გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობაში შესრულება გათვალისწინებულია დროის დიდ მონაკვეთში ვალდებულების ბუნებიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე, არ იკვეთება მოპასუხის მიერ მითითებული სსკ-ის 399-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები. ამასთან, განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების მიმართ რომ სწორედ ხელშეკრულებიდან გასვლის (ხელშეკრულებაზე უარის თქმის) და არა ხელშეკრულების მოშლის (ხელშეკრულების შეწყვეტის) ინსტიტუტი მოქმედებს, დასტურდება სსკ-ის 508-ე მუხლითაც (თუ გამყიდველი იტოვებს უფლებას, უარი თქვას ხელშეკრულებაზე იმ შემთხვევისათვის, როცა მყიდველი არ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს, უარის თქმისას ყოველი მხარე ვალდებულია დაუბრუნოს ერთმანეთს ის, რაც ხელშეკრულებით მიიღეს. ამის საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია.), რომელიც ორმხრივი რესტიტუციის ვალდებულებას აწესებს.
კანონის მითითებულ დანაწესს, მხარეები ვერ შეცვლიან ვერც იმ გზით, თუ ხელშეკრულებიდან გასვლას ხელშეკრულების მოშლას დაარქმევენ, ვინაიდან, როგორც ითქვა, გადამწყვეტია სამართლებრივი ურთიერთობისა და ხელშეკრულების შინაარსი და არა - მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში მითითებული ტერმინი. ამდენად, ხელშეკრულების 9.3 პუნქტი, რომლის მიხედვითაც „ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში მყიდველს გადახდილი ნასყიდობის საფასური არ უბრუნდება“, ბათილი პირობაა, ვინაიდან ხელშეკრულების მოშლა, მოცემულ შემთხვევაში, ტერმინოლოგიურად არაზუსტია და უნდა განიმარტოს ხელშეკრულებიდან გასვლად. სსკ-ის 508-ე მუხლი კი, იმპერატიულია და განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლისას მხარეთა შეთანხმებით რესტიტუციის ვალდებულების გამორიცხვას დაუშვებლად მიიჩნევს.
ამასთან, ასეც რომ არ იყოს, მოპასუხის მიერ თანხის დაუბრუნებლობის არგუმენტად ხელშეკრულების მოშლასა და 9.3 პუნქტზე მითითება არ გამოდგება იმიტომაც, რომ ფაქტია, გამყიდველმა ნასყიდობის საგანი საკუთრებაში დაიბრუნა, შესაბამისად, ის დაეთანხმა თავის უფლებრივ რესტიტუციას, ე.ი. ხელშეკრულებიდან გასვლას. ცალმხრივი რესტიტუცია კი, არ არის არც ხელშეკრულების მოშლის და არც მასზე უარის თქმის შედეგი.
ამრიგად, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, მის მიერ გადახდილი ნასყიდობის ფასის დაბრუნების მოთხოვნა, სსკ-ის 508-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს.
რესტიტუციის წინაპირობა ხელშეკრულებიდან მართლზომიერად გასვლაა, რომლის წანამძღვრები, თავის მხრივ, ნამდვილი ორმხრივი ხელშეკრულების არსებობა, ხელშეკრულების დარღვევა (მნიშვნელოვანი დარღვევა), დამატებითი ვადის დაწესება (ან ასეთი ვადის დაწესების ამაოება), ამ ვადის უშედეგოდ ამოწურვა და გასვლის გამომრიცხველი გარემოებების არარსებობაა.
მოცემულ შემთხვევაში, მყიდველმა დაარღვია ორმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ, ნასყიდობის დარჩენილი საფასური ხელშეკრულებით დადგენილ და არც შემდგომ, გამყიდველის მიერ დაწესებულ დამატებით ვადაში არ გადაიხადა. ამასთან, ხელშეკრულებიდან გასვლის გამომრიცხველი გარემოებების არსებობა არც საქმის მასალებით არ იკვეთება და მასზე არც მხარეები მიუთითებენ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შესრულებულია სსკ-ის 405.1 მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, რის გამოც გამყიდველმა, როგორც რესტიტუციის მოვალემ, მოსარჩელეს (რესტიტუციის კრედიტორს), უნდა დაუბრუნოს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი თანხა - 35 000 ევროს ეკვივალენტი ლარი.
სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდეს.
სსსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელსა და საკასაციო საჩივარზე მოსარჩელემ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 6285.43 ლარი. ამდენად, რაკი მოსარჩელის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 6285.43 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მ.კ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ.კ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. შპს „ო.მ–ს“ მ.კ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს 35000 ევროს გადახდა ეროვნულ ვალუტაში;
5. შპს „ო.მ–ს“ მ.კ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული 6285.43 ლარის გადახდა;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ნ.კვანტალიანი
ბ. ალავიძე