Facebook Twitter
saqme # as-48-401-07 2 aprili, 2007 w

საქმე №ას-579-547-2012 12 ოქტომბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – ლ. კ-ო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ინდივიდუალური ბინათმშენებლობის „ა. ..ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. შ-მა, ს. კ-მ, ვ. შ-ის მემკვიდრე ს. კ-მ და ე. შ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდივიდუალური ბინათმშენებლობის „ა. ..ა-ის“, ქ.ბათუმის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ 105 კვ.მ საცხოვრებელი ფართის საკომპენსაციოდ 52920 ლარის გადახდის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1985 წლის 2 იანვარს ს. კ-მ განცხადებით მიმართა ბათუმის სახალხო დეპუტატთა საბჭოს თავმჯდომარეს სამოთახიანი საცხოვრებელი ბინის მიღების თაობაზე.

ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა 1985 წლის 29 მაისის №329 გადაწყვეტილებით ქ.ბათუმში, ლ-ის ქუჩის დასახლებაში გამოყო თავისუფალი მიწის ნაკვეთი ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის ..-ე კოოპერატიული ბინათმშენებლობისათვის.

ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა 1989 წლის 18 ოქტომბრის №724 გადაწყვეტილებით დაკომპლექტთა №.. საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი, რომლის თანდართულ სიაში შევიდნენ მოსარჩელეებიც.

2007 წლის 28 დეკემბრის №162 განკარგულებით ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა ქ.ბათუმში, რ-ს ქ.№8-ში მდებარე ..ა კოოპერატიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი.

მოსარჩელეებს №42 კოოპერატივის წევრობაზე უარი არ განუცხადებიათ. მეტიც, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 მარტს დაკმაყოფილდა ამავე მოსარჩელეთა მოთხოვნა და ისინი აღიარებულ იქნენ ბინათმესაკუთრეთა „ა. ..ა-ს“ წევრებად. მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია და 105 კვ.მ ბინა მოსარჩელეთათვის არ გადაუცია.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. ქ.ბათუმის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ ბინების განაწილება მათ კომპეტენციაში არ შედის.

მოპასუხე ამხანაგობა 42ა-მ განმარტა, რომ ყოფილი კოოპერატივი „ა. ..ა“ შეიქმნა ბათუმის ყოფილი საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ და იგი უწევდა ორგანიზაციას კოოპერატიული სახლის მშენებლობისათვის. მის მიერ გახსნილ სახელმწიფო ბანკის ანგარიშზე კოოპერატივის ყოველ წევრს შეჰქონდა შენატანი სახლის მშენებლობისათვის, რომელსაც განკარგავდა ბათუმის ყოფილი საქალაქო საბჭოს აღმასკომს. ის ქირაობდა მენარდე მშენებელს და ა.შ. საცხოვრებელი სახლის მშენებლობა გათვალისწინებული იყო კეთილმოწყობილ მდგომარეობაში. 1991 წელს სახლის მშენებლობა შეჩერდა 4,3 სართულზე. პროექტით გათვალისწინებული იყო 9 სართული. სახლის მშენებლობა შეჩერდა ყოველგვარი კეთილმოწყობის გარეშე 4,3 სართულზე. ყოფილი საქალაქო საბჭოს აღმასკომმა სახლის მშენებლობა შეაჩერა პროექტიდან გათვალისწინებული 20%-ის დონეზე, რაც უდავო ფაქტობრივი გარემოებაა. 1993 წლიდან 1998 წლის ჩათვლით ამ სახლში შესახლდნენ ყოფილი კოოპერატივის უსახლკარო წევრები და საკუთარი ხარჯით ფართი მოიყვანეს საცხოვრებელ მდგომარეობაში. მშენებლობა შეჩერდა არა ამხანაგობის, არამედ სახელმწიფოს მხრიდან აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეთა სადავო შენატანი მყარი ვალუტით შეადგენდა 75 დოლარს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. შ-ის, ს. კ-ს, ვ. შ-ის მემკვიდრე ს. კ-სა და ე. შ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და დ. შ-ის, ს. კ-ს, ვ. შ-ის მემკვიდრე ს. კ-სა და ე. შ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის „ა. ..ა-ს“ მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა 2247,38 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:

ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა 1985 წლის 29 მაისის №329 გადაწყვეტილებით ბათუმში ლ-ის დასახლებაში გამოყო თავისუფალი მიწის ნაკვეთი 9-სართულიანი, 54-ბინიანი №.. კოოპერატიული ბინათმშენებლობისათვის.

ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა 1989 წლის 29 ივნისის №410 გადაწყვეტილებით დაამტკიცა №42 საბინაო საამშენებლო კოოპერატივის წევრებად მოქალაქეები თანდართული სიის მიხედვით. აღმასკომის ამავე გადაწყვეტილების მე-2 ნაწილით დაევალა აღმასკომის განყოფილების გამგეებს, კოოპერატივის მთლიანად დაკომპლექტების მიზნით ერთი კვირის ვადაში საბინაო განყოფილებაში გასაწევრიანებლად რეალური კანდიდატურების წარდგენა.

ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა 1989 წლის 18 ოქტომბერს განიხილა პედაგოგთა და აღმასკომის სპეცსამსახურების საუწყებო ..ა საბინაო საამშენებლო კოოპერატივის საბოლოო დაკომპლექტებისა და კოოპერატივის წევრთა საერთო კრების 1989 წლის 19 სექტემბრის სხდომის №4 ოქმის განხილვის საკითხი და აღმასკომის ამავე თარიღის №724 გადაწყვეტილებით დაადგინა კოოპერატივის საერთო კრებაზე ამხანაგობის თავმჯდომარე გ.თ-მ განიხილოს აღნიშნული გადაწყვეტილება და ერთი კვირის ვადაში აცნობოს შედეგები აღმასკომს. სასამართლოს მითითებით, აღმასკომის აღნიშნულ გადაწყვეტილებას ახლავს №1 დანართი, ანუ სია აღმასკომის იმ თანამშრომლებისა, რომლებიც გაწევრიანებული უნდა იქნან ..ა საბინაო საამშენებლო კოოპერატივში. ამ დანართის სიაში რიგით მე-6 ნომრად მითითებული არიან მოსარჩელეები – დ. შ-ი, ს. კ-ო, ე. შ-ი და აწ გარდაცვლილი ვ. შ-ი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 28 დეკემბრის №162 განკარგულებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, სხვა სახლებთან ერთად, ბათუმში, რ-ს ქ.№8-ში მდებარე №..ა კოოპერატიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების დაქვემდებარების შესახებ, რის შემდგომაც ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2008 წლის 3 ივლისის №01-01/21 ბრძანებით დადგინდა ბათუმში, რ-ს ქ.№8-ში მდებარე №..ა კოოპერატიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (საერთო ფართით - 3779.2 კვ.მ, შენობის საერთო ფართი – 3248.41 კვ.მ, აივნების ფართი - 539.79 კვ.მ) ექსპლუატაციაში მიღება.

საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ბათუმში, რ-ს ქ.№8-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობების 3779,2 კვ.მ) მესაკუთრეა ბინათმესაკუთრეთა „ა. ..ა“ (ყოფილი №.. კოოპერატივი). ამონაწერში უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია გადაწყვეტილება №329 29.05.1995 წ. ბრძანება საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ №1-01/21 03.07.2008წ.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ა. ..ა-ს“ 2008 წლის 3 ოქტომბრის კრების №5 ოქმით დადგინდა ბინათმესაკუთრეთა „ა. ..ა-ს“ საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში ბინების ამხანაგობის წევრების სახელზე ერთეულებად რეგისტრაცია განაწილების სიის მიხედვით.

კანონიერ ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამარლოს 2011 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ. შ-ის, ს. კ-ს და ე. შ-ის სარჩელი და ისინი ცნობილ იქნენ ბინათმესაკუთრეთა „ა. ..ა”-ს წევრებად. საქმეში წარმოდგენილი ცნობით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ამ ფაქტობრივ გარემოებას სადავოდ არ ხდის მოწინააღმდეგე მხარე, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა 1990 წელს კოოპერატივ ..-ში შეიტანეს 6200 რუსული რუბლი, ხოლო 1992 წელს – 7500 რუსული რუბლი.

კოოპერატივ ..-ში, რომელიც ტრასფორმირდა „ა. ..ა-დ“ მოსარჩელეთებმა შეიტანეს 13 700 რუსული რუბლი.

უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოსარჩელეები, როგორც ამხანაგობის წევრები არ არიან ბინათმესაკუთრეთა „ა. ..ა-ს“ საკუთრებაში არსებული ბინის მესაკუთრეები. მოსარჩელეებმა ამხანაგობაში შენატანის სახით შეიტანეს 13700 რუსული რუბლი, თუმცა აღნიშნულის გამო ნაცვალგება (ბინის მიღებით) მოსარჩელეებს არ მიუღიათ, რის გამოც პალატა უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს მიადგათ ზიანი, რაც გამოიხატა მათი მხრიდან უშედეგოდ განხორციელებული შენატანის შეტანით – 13 700 რუსული რუბლის ოდენობით.

საქმეში წარმოდგენილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საქსტატის მიერ 2012 წლის 15 თებერვალს გაცემული ცნობა, რომელიც შეიცავს გაანგარიშებას და (ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით), 1990 წლის 29 იანვარს 1 აშშ დოლარის გაცვლით კურსს რუსულ რუბლთან მიმართებაში.

აღნიშნული ცნობით დადგენილია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 1990 წლის 29 იანვარს 1 აშშ დოლარის გაცვლითი კურსი რუსულ რუბლთან მიმართებით შეადგენდა ოფიციალური კურსით – 0,6096 რუსულ რუბლს. სპეციალური კურსით კი – 6,0960 რუსულ რუბლს.

ამავე ცნობაში აღნიშნულია, რომ ოფიციალური კურსი გამოიყენებოდა აღრიცხვისა და ანგარიშწორებისათვის უცხოეთის სახელმწიფოებთან საკრედიტო და სავაჭრო შეთანხმებებში, ხოლო სპეციალური კურსი გამოიყენებოდა საწარმოებისა და ორგანიზაციების მიერ ამონაგები უცხოური ვალუტის ნაწილის სახელმწიფოსათვის სავალდებულო მიყიდვისათვის.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოსარჩელეთა მიერ მიღებული ზიანის ოდენობის განსაზღვრისას (1 აშშ დოლარის გაცვლითი კურსის რუსულ რუბლთან მიმართებით გამოანგარიშებისას) გამოყენებული უნდა იქნას ცნობაში მითითებული სპეციალური კურსი, რომლის მიხედვითაც ზიანის ოდენობა შეადგენს 2247,38 აშშ დოლარს (13 700 /6,0960=2247,38).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან შეჯერებითა და ერთობლიობით პალატამ ჩათვალა, რომ რეალურად ზიანი, რომელიც მოსარჩელეებმა განიცადეს, შეადგენს 2247,38 აშშ დოლარს.

პალატამ არ გაიზიარა მოსაზრება, რომ მოსარჩელეებს 13 700 რუსული რუბლის შეტანით თავიანთი ვალდებულება ამხანაგობის წინაშე სრულად არ შეუსრულებიათ და მათი შენატანი უნდა ყოფილიყო მეტი, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

დავის არსიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ვალდებულებითი სამართლით გათვალისწინებული სამართლებრივი ნორმები და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონი.

სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს.

ამავე კოდექსის 1512-ე მუხლის თანახმად: საბინაო-სამშენებლო კოოპერატივები, როგორც იურიდიული პირები, ჩაითვალა გაუქმებულად 1997 წლის 25 ნოემბრიდან. მათ უფლებამონაცვლეებად მიჩნეულ იქნენ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობები ამ კოდექსის 208-232-ე მუხლების მიხედვით.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3, მე-19 მუხლების თანახმად და იმ უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ ბინის მიღებისათვის მოსარჩელეებს გადახდილი აქვთ თანხა, არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მოსარჩელეები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ..-ს წევრებად იქნენ აღიარებული, თუმცა მათ არანაირი სარგებელი ამ სამართლებრივი მდგომარეობით არ მიუღიათ, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელეებს მიადგათ ზიანი (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მხრიდან), რაც ანაზღაურებული უნდა იქნეს.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 394-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ შენატანის განხორციელების შემდგომ მოსარჩელეებს საკუთრებაში ამხანაგობის ქონება ინდივიდუალურ საკუთრებაში არ გადასცემიათ, ამდენად, მათ მიადგათ ზიანი. სამოქალაქო კოდექსი ვალდებულების დარმღვევ მხარეს ავალდებულებს, რომ მან უნდა აანაზღაუროს ზიანი, ანუ უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

პალატამ მიიჩნია, რომ ის მდგომარეობა, რომელიც მოსარჩელეებს გააჩნდათ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების წარმოშობამდე არის ის თანხა – 13 700 რუსული რუბლი, რომელიც მათ ამხანაგობაში შენატანის სახით შეიტანეს. აპელანტის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ იქნა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საქსტატის მიერ 2012 წლის 15 თებერვალს გაცემული ცნობა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას აპელანტთა მიერ ფულადი შენატანის დროისათვის დოლარის გაცვლით კურსს რუსულ რუბლთან. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, 1 დოლარის გაცვლითი კურსი რუსულ რუბლთან მიმართებით შეადგენს 6,0960 რუბლს.

ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ იგი სანდო სამართლებრივი ღირებულების მქონე მტკიცებულებაა, რამეთუ იძლევა პასუხს იმაზე, თუ რას შეადგენს 1990 წლისათვის, ანუ ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების წარმოშობის დროისათვის, განხორციელებული შენატანი დღეისათვის მიმოქცევაში არსებულ აშშ დოლართან მიმართებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასებით პალატას ჩამოუყალიბდა რწმენა, რომ ზიანი, რომელიც ხელშეკრულების შეუსრულებლობით განიცადეს მოსარჩელეებმა არის შენატანის სახით განხორციელებული თანხა, ანუ 2277,38 აშშ დოლარი და არა 105 კვ.მ ფართის საბაზრო ღირებულება – 52 920 ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეთა მოთხოვნა ამხანაგობა ..-ს წინააღმდეგ ნაწილობრივ საფუძვლიანად მიიჩნია. რაც შეეხება მოთხოვნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ქ.ბათუმის მერიის მიმართ, პალატის მოსაზრებით, ისინი აღნიშნულ დავაში არ წარმოადგენენ სათანადო მხარეებს, ანუ პირებს, ვინც პასუხი უნდა აგოს მოსარჩელეთა დარღვეული უფლების აღდგენაზე და მათ მიმართ სარჩელი უსაფუძვლოა.

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დ. შ-მა, ს. კ-მ, ვ. შ-ის მემკვიდრე ს. კ-მ და ე. შ-მა ნაწილობრივ გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება 52 920 ლარს გამოკლებული 2247,38 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისაგან დარჩენილ ნაწილში სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში და მოითხოვეს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივად შეფასებისას არ გამოიყენა და არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1512-ე მუხლის მე-3 წინადადება და „ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ მე-19 მუხლი, კერძოდ, სასამართლომ ფაქტობრივად არაერთგზის აღიარა კასატორი სადავო საცხოვრებელი ფართის მესაკუთრედ, მაგრამ არ გაითვალისწინა შესაბამისად საცხოვრებელი ფართის რეალური, დღეისათვის არსებული ღირებულება.

პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლიც და არ გამოიყენა ამავე კოდექსის 409-ე მუხლი. სასამართლომ ფაქტობრივად დაადგინა ზიანის ოდენობა – 13 700 რუსული რუბლის ოდენობით მაშინ, როცა, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, რომელიც უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, ანუ მოსარჩელეები უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ 105 კვ.მ საცხოვრებელი ფართით, რაც არ განხორციელებულა.

სასამართლო გადაწყვეტილებით სამართლებრივ შეფასებაში კვლავ ადგენს ფაქტობრივ გარემოებებს, როდესაც გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობით მოსარჩელეებმა განიცადეს შენატანის სახით განხორციელებული თანხის – 2 277,38 აშშ დოლარის და არა 105 კვ.მ-ის საბაზრო ღირებულების შესაბამისი თანხის – 52 920 ლარის ოდენობის ზიანი;

სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არასათანადო მოპასუხედ ყოფნა სადავოდ არ გაუხდია, ხოლო ქ.ბათუმის მერიას საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა სააპელაციო დავაში და არ წარმოუდგენია სააპელაციო შესაგებელი, მაგრამ, მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, სასამართლო გადაწყვეტილებაში მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და ქ.ბათუმის მერია დავაში არ წარმოადგენენ სათანადო მხარეს და სარჩელი მათ მიმართ უსაფუძვლოა მაშინ, როცა კასატორი აპელირებს სამოქალაქო კოდექსის 1512-ე მუხლზე, „სახელმწიფო ვალის შესახებ“ კანონის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 30-ე მუხლსა და „ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონზე.

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში ასევე ვერ იქნა ასახული მოსაზრებები მტკიცებულებათა შეფასებისას შინაგან რწმენასთან დაკავშირებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ივნისის განჩინებით დ. შ-ის, ს. კ-ს, ვ. შ-ის მემკვიდრე ს. კ-ს და ე. შ-ის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება ლ. კ-ო. ამავე განჩინებით ლ. კ-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ ლ. კ-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა საქმისათვის მნიშვნელოვანი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ.ბათუმში, რ-ს ქ.№8-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობების 3779,2 კვ.მ) მესაკუთრეა ბინათმესაკუთრეთა „ა. ..ა“ (ყოფილი №.. კოოპერატივი). ამონაწერში უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია გადაწყვეტილება №329 29.05.1995 წ. ბრძანება საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ №1-01/21 03.07.2008წ.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ა. ..ა-ს“ 2008 წლის 3 ოქტომბრის კრების №5 ოქმით დადგინდა ბინათმესაკუთრეთა „ა. ..ა-ს“ საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში ბინების ამხანაგობის წევრების სახელზე ერთეულებად რეგისტრაცია განაწილების სიის მიხედვით.

კანონიერ ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამარლოს 2011 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით დ. შ-ის, ს. კ-ს და ე. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ისინი ცნობილი იქნენ ბინათმესაკუთრეთა „ა. ..ა-ს” წევრებად. საქმეში წარმოდგენილი ცნობით დადგენილია და მოწინააღმდეგე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ 1990 წელს მოსარჩელეებმა კოოპერატივ ..-ში შეინატეს 6200 რუსული რუბლი, ხოლო 1992 წელს – 7500 რუსული რუბლი.

ასევე უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელეები, როგორც ამხანაგობის წევრები არ არიან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ..-ს საკუთრებაში არსებული ბინის მესაკუთრეები. მოსარჩელეებმა ამხანაგობაში შენატანის სახით შეიტანეს 13700 რუსული რუბლი, თუმცა აღნიშნულის გამო ნაცვალგება (ბინის მიღებით) მოსარჩელეებს არ მიუღიათ.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ზემოხსენებულ ფაქტებს, თუმცა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მხრიდან მათ არასწორი შეფასება მიეცა, როდესაც სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოსარჩელეებს მიადგათ ზიანი, რაც გამოიხატა მათი მხრიდან უშედეგოდ განხორციელებული შენატანის შეტანით 13700 რუსული რუბლის ოდენობით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ განისაზღვრა არასწორად და საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ მოპასუხე „ა.-..ა-სათვის“ დასაკისრებელი თანხა უნდა გამოიანგარიშოს არა მოსარჩელეთა მხრიდან განხორციელებული შენატანის ადეკვატური თანხის იმდროინდელი კურსით აშშ დოლართან მიმართებით, არამედ მოსარჩელეთა მიერ გადახდილი თანხით აშენებული ფართის ღირებულების შესაბამისი თანხის ოდენობიდან. სწორედ აღნიშნული პრინციპით უნდა იხელმძღვანელოს სააპელაციო პალატამ სადავო საკითხის გადაწყვეტისას, რაც ადასტურებს საკასაციო საჩივრის მოთხოვნის მართებულეობას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1512-ე მუხლის მესამე წინადადება. ხსენებული ნორმების მიხედვით, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივები, როგორც იურიდიული პირები, ჩაითვალონ გაუქმებულად 1997 წლის 25 ნოემბრიდან. მათ უფლებამონაცვლეებად მიჩნეულ იქნენ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობები ამ კოდექსის 208-232-ე მუხლების მიხედვით. ამასთან, სახელმწიფოს ვალდებულებები ადრე შექმნილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წინაშე ძალაში რჩება.

კანონის აღნიშნულ დანაწესში მოიაზრება ის ვალდებულებები, რომლებიც სახელმწიფოს გააჩნდა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში კი დავა ეხება არა სახელმწიფოს ვალდებულების არსებობას, არამედ ამხანაგობის მხრიდან მისი წევრის მიმართ შესასრულებელ მოვალეობებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეამოწმა გადაწყვეტილება (სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილება მოპასუხისათვის 2247,38 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ გასაჩივრებულა) და მიიჩნევს, რომ ლარისა კოსტენკოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. კ-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება დ. შ-ის, ს. კ-ს, ვ. შ-ის მემკვიდრე ს.კ-სა და ე. შ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

თ. თოდრია