Facebook Twitter

საქმე№ას-733-689-2012 23 ოქტომბერი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

კასატორი - ნ. ს-ე

წარმომადგენელი - ბ. დ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“

წარმომადგენელი - დ. ბ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საავტორო უფლების აღიარება, ზიანის ანაზღაურება, საავტორო უფლებების ხელყოფის აკრძალვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ს-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ და მოითხოვა საავტორო უფლების აღიარება, ზიანის ანაზღაურება და საავტორო უფლებების ხელყოფის აკრძალვა შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელე არის ავტორი სატელევიზიო პროექტის, პირობითი სათაურით ,,ტ-ი“, ხოლო მოპასუხე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელის ახალი სატელევიზიო პროექტი ,,პ-ი“ მის მიერ შექმნილი სატელევიზიო პროექტის ანალოგია. მოსარჩელემ სატელევიზიო პროექტი, პირობითი სათაურით „ტ-ი“, 2004 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის შექმნა და მიუძღვნა თავის პედაგოგ კ. მ-ის ხსოვნას. 2004-2007 წლებში „ტ-ი“ რამდენჯერმე მიიტანა მოპასუხესთან, იგი გააცნო საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორ ზ. შ-ს. ამასთან, 2007 წელს ზემოაღნიშნული პროექტი გააგზავნა საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ თითქმის ყველა ელექტრონულ მისამართზე, რის შემდეგაც 2007 წელს იგი განიხილეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდიუსერის მოვალეობის შემსრულებელ ბ. ა-სთან. ამ უკანასკნელმა მოიწონა პროექტი და დაიწყო დეტალების შეთანხმება, თუმცა, მისთვის უცნობი მიზეზების გამო, ვერ მოხერხდა პროექტის განხორციელება. მოსარჩელემ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-9, მე-10, მე-17, მე-18, 58-ე, 59-ე მუხლებზე.

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სატელევიზიო გადაცემა „პ-ი“, შექმნილია სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ, იდეის ავტორია ნ. ც-ე, ხოლო გადაცემის პროდიუსერი თ. ც-ი. აღნიშნულ გადაცემაზე განსაკუთრებული უფლებები გააჩნია მხოლოდ მოპასუხეს. საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ აღნიშნული პროექტი, იდეა „ტ-ი“ მოსარჩელე ნ. ს-ის დაწერილია. წარმოდგენილი ტექსტი (იდეა,პროექტი), რომლისთვისაც ხელი მოსარჩელეს არ მოუწერია, არ წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად. ასევე არ დასტურდება ის გარემოება, რომ პროექტთან რაიმე კავშირი ჰქონდათ იმ პირებს, რომლებიც მითითებული არიან გადაცემა „პ-ის“ ტიტრებში, როგორც პროდიუსერი, იდეისა და ფორმატის ავტორები. როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებით, ასევე მოქმედი კანონმდებლობით აღიარებულია, საავტორო სამართალი არ ვრცელდება და დაცვას არ ექვემდებარება იდეები, კონცეფციები, ამა თუ იმ ნაწარმოებში ჩადებული, პროცედურები, ექსპლუატაციის მეთოდები და სხვ. შესაბამისად, იდეა-პროექტი არ შეიძლება, მიეკუთვნოს ნაწარმოებს და საავტორო სამართალი მას ვერ დაიცავს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 14 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა, აღიარებულ იქნეს ნ. ს-ის საავტორო უფლება გადაცემა ,,პ-ზე“, რომლის სატელევიზიო ეთერში გადაცემას 2011 წლის 24 აპრილიდან ახორციელებდა მოპასუხე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. პალატამ მიიჩნია, რომ ნ. ს-ის მიერ 2004 წელს დაწერილი პროექტი, პირობითი სათაურით „ტ-ი“, წარმოადგენდა იდეას, რომელზეც ვერ გავრცელდებოდა საავტორო უფლება. ამ პროექტის ნაწარმოებად მიჩნევისათვის, საჭირო იყო მისთვის შესაბამისი ობიექტური ფორმის მიცემა, რაც მის აღქმასა და რეპროდუცირებას შესაძლებელს გახდიდა. ნ. ს-ის პროექტი, იდეა, პირობითი სათაურით - „ტ-ი“, ნაწარმოებად რომ ჩაითვალოს და მასზე გავრცელდეს საავტორო უფლებები, საჭიროა მისი არსებობა ობიექტური ფორმით, რაც უნდა გამოვლინდეს ,,აუდიოვიზუალური ნაწარმოების“ (როგორიცაა, - მაგალითად: ტელე, ვიდეო, დიაფილმები და სხვა) სახით. ამასთან, მოსარჩელე თავის ინტელექტუალური შრომის შედეგს პირობითი სათაურით – ,,ტ-ი“, მოიხსენიებს როგორც პროექტს და არა დასრულებულ ნაწარმოებს, ასევე მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ წარმოდგენილ იდეასთან, პროექტთან რაიმე კავშირი ჰქონდათ იმ პირებს, რომლებიც მითითებული არიან გადაცემა ,,პ-ის“ ტიტრებში, როგორც პროდიუსერი, იდეისა და ფორმატის ავტორები.

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეს კანონი არეგულირებს იმ საავტორო ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისას და გამოყენებისას (საავტორო უფლებები). ამავე კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ავტორი არის ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურშემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურშემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საავტორო უფლება ვრცელდება ნაწარმოებზე, რომელიც არსებობს ობიექტური ფორმით, მიუხედავად იმისა, გავრცელდა თუ არა საჯაროდ. ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, საავტორო უფლება არ ვრცელდება იდეებზე, მეთოდებზე, პროცესებზე, სისტემებზე, საშუალებებზე, კონცეფციებზე, პრინციპებზე, აღმოჩენებსა და ფაქტებზე, მაშინაც კი, თუ ისინი გამოხატულია, აღწერილია, ახსნილია, ილუსტრირებულია ან ხორცშესხმულია ნაწარმოებში. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებია აუდიოვიზუალური ნაწარმოები. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აუდიოვიზუალური ნაწარმოებია, რომელიც შედგება თანამიმდევრული გამოსახულებებისაგან ხმის თანხლებით ანდა უამისოდ, ქმნის მოძრაობის შთაბეჭდილებას და შეიძლება აღქმულ იქნეს მხედველობით ან სმენით. აუდიოვიზუალურ ნაწარმოებს მიეკუთვნება კინემატოგრაფიული და სხვა ნაწარმოებები, რომლებიც გამოხატულია კინემატოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით (ტელე, ვიდეო, დიაფილმები და სხვა); ამავე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, „აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებელია (პროდიუსერი)“ – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც თავის თავზე აიღო ინიციატივა და იკისრა პასუხისმგებლობა ასეთი ნაწარმოების დამზადებისათვის; თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება, აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებლად მიიჩნევა ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის სახელი ან დასახელებაც სათანადო წესით აღნიშნულია ნაწარმოებზე.

მოცემულ შემთხვევაში, სატელევიზიო გადაცემა ,,პ-ი“ წარმოადგენდა აუდიოვიზუალურ ნაწარმოებს, რომელიც შექმნილი იყო სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ - იდეის ავტორი არის ნ. ც-ე, გადაცემის დამამზადებელი, პროდიუსერი - თ. ც-ი, ფორმატის ავტორები კი არიან: გ. გ-ე, თ. ც-ი, თ. გ-ი. შესაბამისად, აღნიშნულ გადაცემაზე საავტორო უფლებები გააჩნია მხოლოდ სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“. სასამართლომ მიუთითა, რომ ,,ტ-ი“ არ იყო მსგავსი სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სატელევიზიო გადაცემა ,,პ-ისა“, ვინაიდან არსებითად სხვა შინაარსს ატარებდა. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, საავტორო უფლება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე წარმოიშობა მათი შექმნის მომენტიდან. ნაწარმოები შექმნილად მიიჩნევა, როდესაც იგი გამოხატულია რაიმე ობიექტური ფორმით, რაც მისი აღქმისა და რეპროდუცირების საშუალებას იძლევა. „საავტორო უფლების წარმოშობისა და განხორციელებისათვის აუცილებელი არ არის ნაწარმოების რეგისტრაცია, სპეციალური გაფორმება ან სხვა ფორმალობათა დაცვა. ნ.ს-ის მიერ 2004 წელს დაწერილი პროექტი პირობითი სათაურით - ,,ტ-ი“ წარმოადგენდა იდეას, რომელზეც არ ვრცელდება საავტორო უფლება. სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ, ვინაიდან დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა საავტორო უფლების აღიარების შესახებ, ასევე მოთხოვნები გადაცემა ,,პ-ის“ გამოყენების აკრძალვისა და კომპენსაციის დაკისრების თაობაზე, როგორც თანმდევი შედეგი, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ს-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: სასამართლო აცნობიერებს, რომ არსებობდა პროექტი, მაგრამ პროექტს იდეასთან აიგივებს ყოველგვარი მტკიცების გარეშე. ეს გასაგებიცაა, თუ შექმნილია პროექტი, ის იდეად ვეღარ განიხილება. ის, რომ პროექტი ნაწარმოებია და მას ავტორი ჰყავს, პირდაპირ არის ასახული კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულებაშიც, კერძოდ, მე-4 მუხლის პირველი პუნქტში აღნიშნულია: „საექსპერტო კომისიის წევრები ეცნობიან კონკურსზე შემოტანილი პროექტების დოკუმენტაციას, შემდეგ მონაწილეობენ გასაუბრებაში პროექტის ავტორებთან. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი პროექტს მხატვრულ ნაწარმოებთანაც კი ათანაბრებს, „საექსპერტო კომისიის წევრები შეფასებისას ითვალისწინებენ მხატვრულ და კომერციულ ღირებულებას. ამავე დებულების მე-5 მუხლი კი, პროექტს რეალიზებად ნაწარმოებად მიიჩნევს. უდავოა, რომ რეალიზაცია, კინოფილმის გადაღებას, ანუ პროექტის კვლავწარმოების (რეპროდუცირებას) ნიშნავს აუდივიზუალური ნაწარმოების სახით. აქედან გამომდინარე, არასწორია სასამართლოს მოსაზრება, რომ ტელეპროექტი არ შეიძლება, მიეკუთვნოს დასრულებულ ნაწარმოებთა რიცხვს. ამდენად, პროექტის, ანუ გეგმის, გაიგივება იდეასთან ყოველგვარი მტკიცების გარეშე სრულიად უსაფუძვლოა. საყოველთაოდ აღიარებული საავტოროსამართლებრივი ნორმის გამოხატულებაა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით უფლებათა მფლობელისათვის მინიჭებული ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით მინიჭებული უნებართვო გამოყენების აკრძალვის უფლება. დაუშვებელია საავტორო უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე უნებართვო რეპროდუცირება, საჯარო გადაცემა, გადამუშავება, მოპასუხემ ეს ქმედებები განახორციელა უნებართვოდ. სასამართლოს მსჯელობიდან გამომდინარე, მოსარჩელეს საზოგადოებრივ მაუწყებელში უნდა მიეტანა უკვე გამზადებული გადაცემა და საზოგადოებრივ მაუწყებელს მხოლოდ საეთერო დრო უნდა დაეთმო მისთვის.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის გადაცემა „პ-ი“ წარმოადგენს აუდიოვიზუალურ ნაწარმოებს, რომელიც შექმნილია სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ. მითითებულია ამ ნაწარმოების ავტორებიც და, რაც მთავარია, გამოტანილია დასკვნა, რომ საავტორო უფლებები მასზე ეკუთვნის მხოლოდ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“. სასამართლო არ უთითებს, რომ გადაცემა „პ-ი“ წარმოადგენს ნ.ს-ის ნაწარმოებისაგან წარმოებულ აუდიოვიზუალურ ნაწარმოებს (ასოებით გამოხატული ნაწარმოების გამოსახულებით გამოხატულ ნაწარმოებს). ამდენად, რადგან „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ იცნობდა კასატორის მიერ მისთვის შეთავაზებულ ნაწარმოებს სრულად, მან ერთი სახიდან, ლიტერატურულიდან გადამუშავებით მიიღო სხვა, კერძოდ, აუდიოვიზუალური ნაწარმოების სახე. რეპროდუცირება ასლების დამზადებაა ნებისმიერი ფორმით მიღწეული, მათ შორის, ხმისა და ვიდეოჩანაწერის ფორმით. ლიტერატურული ნაწარმოების ტელეეკრანიზაციაც რეპროდუქციაა. სხვაგვარად რომ იყოს ლიტერატურული ნაწარმოების უნებართვო გადატანა ეკრანზე, ვერასოდეს იქნებოდა მიჩნეული უფლებათა დარღვევად. იგივენაირად იქნებოდა ნოტებით გამოხატულ ნაწარმოებთან მიმართებით, რომელთა შესრულება უფლებათა დარღვევად არ მიიჩნეოდა და აზრს დაკარგავდა საჯარო შესრულების უფლების არსებობა საავტორო სამართალში. ტელეპროექტის ეკრანიზაცია მისი რეპროდუცირებაა, მით უფრო, რომ ამგვარი ნაწარმოები, უპირველეს ყოვლისა, არის ეკრანიზაციისათვის განკუთვნილი და სულაც არ არის საჭირო, რომ ტელეპროექტის ავტორმა თავად გადაიღოს, მოითხოვოს ტელეგადაცემად მისი კვლავწარმოების ნების დართვის ან აკრძალვის უფლება. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სატელევიზიო პროექტ „პ-ის“ შემქმნელებმა არ იცოდნენ მოსარჩელის მიერ ჯერ კიდევ 2004 წელს დაწერილი სატელევიზიო პროექტის, სცენარის, პირობითი სათაურით - „ტ-ის“ შესახებ. მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ 2007 წელს, მაშინ, როდესაც ავტორმა ნაწარმოები წარუდგინა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ბ. ა-ისსა და ვ. ტ-თან ერთად საუბარს ესწრებოდა „პ-ის“ ფორმატის ავტორი გ. გ-ე. მცდარია სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, თითქოს კასატორის ნაწარმოები და „პ-ი“ სხვადასხვა შინაარსის გადაცემებია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდესGAგასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, ხოლო 394-ე მუხლის ე1 პუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი არსებობს, თუკი გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

მოცემულ საქმეზე სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით არასწორად განმარტა ნორმა, შესაბამისად, არ დაადგინა ნორმის სწორად გამოყენებისთვის აუცილებელი ფაქტები, რასაც შედეგად მოჰყვა გადაწყვეტილების არასრული ფაქტობრივი დასაბუთება, კერძოდ:

სააპელაციო პალატამ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად მიიჩნია, რომ ნ. ს-ის მიერ 2004 წელს დაწერილი პროექტი, პირობითი სათაურით - „ტ-ი“, წარმოადგენდა იდეას, რომელზეც ვერ გავრცელდებოდა საავტორო უფლება. ამ პროექტის ნაწარმოებად მიჩნევისათვის, საჭირო იყო მისთვის შესაბამისი ობიექტური ფორმის მიცემა, რაც მის აღქმასა და რეპროდუცირებას შესაძლებელს გახდიდა. ნატალი სისვაძის პროექტი, იდეა, პირობითი სათაურით - „ტ-ი“, რომ ჩაითვალოს ნაწარმოებად და მასზე გავრცელდეს საავტორო უფლებები, საჭიროა მისი არსებობა ობიექტური ფორმით, რაც უნდა გამოვლინდეს ,,აუდიოვიზუალური ნაწარმოების“ (მაგალითად: ტელე, ვიდეო, დიაფილმები და სხვა) სახით.

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საავტორო უფლება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე წარმოიშობა მათი შექმნის მომენტიდან. ნაწარმოები შექმნილად ითვლება, როდესაც იგი გამოხატულია რაიმე ობიექტური ფორმით, რაც მისი აღქმისა და რეპროდუცირების საშუალებას იძლევა. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ პუნქტის თანახმად, რეპროდუცირება – ნაწარმოების, მომიჯნავე უფლების ობიექტის ან მონაცემთა ბაზის პირდაპირ ან არაპირდაპირ, მთლიანად ან მისი ნაწილის ერთი ან ერთზე მეტი ასლის დამზადება ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით, მათ შორის, ხმისა და ვიდეოჩანაწერის ფორმით. რეპროდუცირებად ასევე ჩაითვლება ჩაწერა დროებითი ან მუდმივი შენახვისათვის, ელექტრონული (ციფრულის ჩათვლით), ოპტიკური ან მანქანით წაკითხვადი სხვა ფორმით.

მითითებული ნორმა ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტთან ერთობლიობაში არაორაზროვნად, ყოველგვარი განმარტების აუცილებლობის გარეშე ადგენენ, რომ ნაწარმოები დაცვადია, თუკი იგი რაიმე ობიექტური ფორმით არსებობს, ანუ ნაწარმოების შინაარსი გარეგნულად გამოხატულია (შედარებისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002 წლის 3 იანვრის #3კ/35-02 გადაწყვეტილება). კანონმდებლობა ნაწარმოების ფორმის რაიმე სტანდარტს არ ადგენს, მთავარია, იგი აღქმადი და რეპროდუცირებადი იყოს. საგულისხმოა, რომ თვით სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებაში უთითებს, რომ ნ. ს-ის მიერ „პროექტი დაწერილია“. ცხადია, რომ დავის ობიექტი - ნ. ს-ის „ტ-ი“ საქმეში წერილობითი ფორმით წარმოდგენილია, შესაბამისად, იგი, საავტორო სამართლით დაცვადი ობიექტებისადმი წაყენებულ ამ მოთხოვნას ცალსახად აკმაყოფილებს.

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საავტორო უფლება ვრცელდება ნაწარმოებზე, რომელიც არსებობს ობიექტური ფორმით, მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა მისი გამოცემა ან საჯაროდ გაცნობა, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, საავტორო უფლება არ ვრცელდება იდეებზე, მეთოდებზე, პროცესებზე, სისტემებზე, საშუალებებზე, კონცეფციებზე, პრინციპებზე, აღმოჩენებსა და ფაქტებზე, მაშინაც კი, თუ ისინი გამოხატულია, აღწერილია, ახსნილია, ილუსტრირებულია ან ხორცშესხმულია ნაწარმოებში.

საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ იდეა და პროექტი არც ზოგადად და არც ინტელექტუალური საკუთრების სამართლის მიზნებისათვის იდენტური ცნებები არ არის.

იდეა(ბერძ.) პრინციპი, დებულება, რითაც ხელმძღვანელობენ თეორიულ მსჯელობაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, საქმიანობაში, შეხედულება, თვალსაზრისი. 2. მნიშვნელოვანი აზრი, განზრახვა, ჩანაფიქრი. 3. ნაწარმოების მთავარი აზრი. პროექტი(ლათ.-დან) 1. რისამე ასაგებად დამუშავებული გეგმა. 2.რაიმე დოკუმენტის წინაწარი, სავარაუდო ტექსტი.[1] ზემოაღნიშნულ ტერმინებს ასეთივე დატვირთვა აქვს ინტელეტუალურ სამართალშიც, კერძოდ: პროექტი - 1.დოკუმენტის წინასწარი, სავარაუდო ტექსტი, რომელSიც შეიძლება დამატებებისა და შესწორების შეტანა. 2. არქიტექტურული გრაფიკის ასაგებად, დასამზადებლად ან რეკონსტრუქციისათვის დამუშავებული გეგმა. იდეა - ობიექტური რეალობის საგანთა და მოვლენათა აზრობრივი წვდომის ფორმა. აზრი, ჩანაფიქრი. იდეის დაცვა არ ხორციელდება ინტელექტუალური საკუთრების სამართლით.[2]

ტერმინთა მოცემული განმარტებები ნათლად მეტყველებს მათ აშკარა შინაარსობრივ განსხვავებაზე. შესაბამისად, ყოველგვარ არგუმენტაციასაა მოკლებული გასაჩივრებულ განჩინებაში მოცემული მსჯელობა, რომ ნ. ს-ის მიერ 2004 წელს დაწერილი პროექტი, პირობითი სათაურით „ტ-ი“, წარმოადგენდა იდეას, რომელზეც ვერ გავრცელდებოდა საავტორო უფლება. სააპელაციო სასამართლოს უპირველესად უნდა გამოერკვია და უტყუარად დაედგინა, ნ. ს-ის „ტ-ი“ იდეაა თუ პროექტი. სასამართლოს მიერ მათი ორივე მნიშვნელობით (იდეა და პროექტი) შეფასება, ყოველგვარი შინაარსობრივი გამოკვლევის გარეშე, გასაჩივრებული განჩინების დაუსაბუთებლობას და წიანააღმდეგობრიობას ადასტურებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შინაარსობრივად გამოიკვლიოს და შეაფასოს მტკიცებულება - ნ. ს-ის „ტ-ი“, რადგან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ამგვარ შეფასებას არ შეიცავს. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ მხარეთა განმარტებებისა და თვით წარმოდგენილი მტკიცებულების შინაარსის შეფასების საფუძველზე უნდა გამორიცხოს და უტყუარად დაასაბუთოს, ნ. ს-ის „ტ-ი“ იდეაა თუ პროექტი. ამ ფაქტის დადგენას დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, რადგან მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ შეუძლია სასამართლოს იმსჯელოს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გამოყენების საჭიროებაზე. საკასაციო სასამართლო აქვე მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ იდეისგან განსხვავებით, პროექტი საავტორო სამართლით დაცვადი ობიექტია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხის გადაცემა „პ-ი“ წარმოადგენს აუდიოვიზუალურ ნაწარმოებს, შექმნილია სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ და საავტორო უფლებები ეკუთვნის მხოლოდ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ დამაჯერებლობას მოკლებულია, რადგან ამ ფაქტებზე მოდავე მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად შეფასებული არ არის.

ზემოაღნიშნული საკითხის გარკვევის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ ყურადღება უნდა მიაქციოს იმ გარემოებას, რომ, ავტორის ნებართვის გარეშე ნაწარმოების გამოყენების შემთხვევაში, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თავად ავტორმა უნდა დაამტკიცოს, რომ ნაწარმოები მას ეკუთვნის და იგი უფლების დარღვევის ფაქტამდე შეიქმნა. ნაწარმოების შინაარსიდან და მიზნებიდან გამომდინარე ასევე უნდა დადგინდეს, მოხდა თუ არა მისი გადამუშავება ან რეპროდუცირება; თუკი ნაწარმოები არ გამოქვეყნებულა, უფლების დამრღვევისთვის ნაწარმოები ხელმისაწვდომი იყო თუ არა. მხოლოდ ამ ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენის შემდეგ შეიძლება დავის საგნის სწორი სამართლებრივი შეფასება და სასარჩელო მოთხოვნის კანონიერებაზე მსჯელობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. კვანტალიანი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე

[1] ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, არნ. ჩიქობავას რედაქციით, თბილისი, 1986წ. გვ.245,372

[2]ს.ჯორბენაძე, ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი, თბილისი 1998,გვ.107,242