Facebook Twitter

№ას-743-699-2012 8 ოქტომბერი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სს „ს. ბ-ი“

წარმომადგენელი - ი. ზ-ა

მოწინააღმდეგე მხარე - რ. ს-ე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - დაგირავებული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ს. ბ-მა“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში რ. ს-ისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა.

მოსარჩელის განმარტებით, 2009 წლის 15 აპრილს სს „ს. ბ-სა“ და რ. ს-ს შორის საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 13740 ევრო, 60 თვის ვადით, წლიური 15,66%-იანი სარგებლით. კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით, 2009 წლის 15 აპრილს მხარეებს შორის დაიდო ავტოსატრანსპორტო საშუალების გირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც დაგირავდა ავტომანქანა „პეჟო 308“, სახელმწიფო ნომრით „... ....“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2010 წლის 6 მაისის განაჩენით რ. ს-ე ცნობილ იქნა სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 14 წლით. იმავე განაჩენის საფუძველზე. რ. ს-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა მის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება - ავტოსატრანსპორტო საშუალება „პეჟო 308.“ რ. სალაძეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელემ მოითხოვა რ. ს-ისათვის დავალიანების თანხის 13469,04 ევროს, პროცენტის - 4405,48 ევროს, ჯარიმის - 16128,10 ევროს დაკისრება, თანხის ამოღების უზრუნველსაყოფად კი, გირავნობის საგნის - ავტომანქანა „პეჟო 308-ის“ სარეალიზაციოდ მიქცევა.

მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სსიპ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს“ მომსახურების სააგენტოს 2010 წლის 23 სექტემბრის N872 ბრძანებით შსს-ს უსასყიდლოდ გადაეცა რ. ს-ისათვის 2010 წლის 6 მაისის განაჩენით უსასყიდლოდ ჩამორთმეული ავტომანქანა. შსს-ს საქართველოს ბანკის მიმართ დავალიანება არ გააჩნდა და მას პასუხისმგებლობა არ უნდა დაჰკისრებოდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „ს. ბ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე რ. ს-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2009 წლის 15 აპრილის N674418 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 22874,04 ევროს გადახდა, დადგინდა თანხის გადახდევინება რ. ს-ის კუთვნილი ქონებიდან, სს „ს. ბ-ის“ სასარჩელო მოთხოვნა ავტომანქანა „პეჟო 308-ის“ სარეალიზაციოდ მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის 15 აპრილს, სს „ს. ბ-სა“ და რ. ს-ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №674418, რომლის შესაბამისად, ბანკმა გასცა კრედიტი 13 740 ევრო, 60 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებლის 15.66%-ის დარიცხვით. პირგასამტეხლო განისაზღვრა 0,5%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სამომხმარებლო კრედიტის მიზნობრიობას წარმოადგენდა ავტომობილის შეძენა. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2009 წლის 15 აპრილის სს „ს. ბ-სა“ და რ. ს-ს შორის გაფორმდა ავტოსატრანსპორტო საშუალების გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №674418ა, რომლის თანახმად, გირავნობის უფლებით დაიტვირთა ავტომანქანა ,,პეჟო 308‟ სახ. N... .... ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2010 წლის 6 მაისის განაჩენით, უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 თებერვლის განაჩენი - რ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა‟ ქვეპუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამავე განაჩენით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 28 ივლისის ბრძანება, ყადაღა მოეხსნა რ. ს-ის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე რ. ს-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა ...-... სახელმწიფო ნომრის მქონე ,,პეჟოს‟ მარკის ავტომანქანა. სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს‟ 2010 წლის 23 სექტემბრის №872 ბრძანებით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ‟ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის ,,დ‟ პუნქტის, 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 იანვრის №44 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების‟ მე-19 მუხლის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული სატრანსპორტო საშუალება ,,პეჟო 308‟ სახ. ნომრით ...... საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2010 წლის 22 ნოემბრის №49/6/4-00250062 ცნობით დასტურდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება (სახ. ნომრით ...-... ტექ. პასპორტი ...) 2009 წლის 15 აპრილიდან 2010 წლის 30 სექტემბრამდე რეგისტრირებული იყო რ. ს-ის სახელზე, ხოლო 2010 წლის 30 სექტემბრიდან რეგისტრირებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელზე სახელმწიფო ნომრით ..., ტექნიკური პასპორტი ..., ავტომანქანაზე აღრიცხულია ინფორმაცია სამართლებრივი დატვირთვის შესახებ სს ,,ს. ბ-ის‟ 15.04.2009 წლის 674418ა ხელშეკრულების საფუძველზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სს „ს. ბ-მა“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 აპრილის განჩინებით სს „ს. ბ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, აღსრულებას ექვემდებარება სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის ან/და ქონების ჩამორთმევის დაკისრების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ ანალოგიით გამოიყენა ხსენებული კანონის 771-ე მუხლის მე-7 პუნქტი, რომლის თანახმადაც, უზრუნველყოფილი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემისას უქმდება ამ გირავნობის/იპოთეკის შემდეგ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სანივთო უფლებები და მიიჩნია, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში დაუტვირთავი ქონება გადაეცა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება სს „ს. ბ-ის“ წარმომადგენელმა ი. ზ-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 771 მუხლის მე-7 პუნქტი, რადგანაც საგადასახადო გირავნობას/იპოთეკას მოცემულ დავასთან კავშირი არ აქვს, გარდა ამისა, გირავნობა რეგისტრირებული იყო საკუთრების განკარგვამდე. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დაგირავებული ნივთის შემძენზე გირავნობაც გადადის. მოცემულ შემთხვევაში, უფლებრივი ნაკლის მქონე ნივთი გასხვისდა. სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლი არ ითვალისწინებს უფლებრივად დაუტვირთავი ნივთის სახელმწიფოსათვის გადაცემას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ სს „ს. ბ-ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გაიზიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2009 წლის 15 აპრილს, სს „ს. ბ-სა“ და რ. ს-ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №674418, რომლის შესაბამისად, ბანკმა გასცა კრედიტი 13 740 ევრო, 60 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებლის 15.66%-ის დარიცხვით. პირგასამტეხლო განისაზღვრა 0,5%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სამომხმარებლო კრედიტის მიზანს წარმოადგენდა ავტომობილის შეძენა. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2009 წლის 15 აპრილის სს „ს. ბ-სა“ და რ. ს-ს შორის გაფორმდა ავტოსატრანსპორტო საშუალების გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №674418ა, რომლის თანახმად, გირავნობის უფლებით დაიტვირთა ავტომანქანა ,,პეჟო 308‟ სახ. N... .... ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2010 წლის 6 მაისის განაჩენით, უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 თებერვლის განაჩენი - რ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა‟ ქვეპუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამავე განაჩენით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 28 ივლისის ბრძანება. ყადაღა მოეხსნა რ. ს-ის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე რ. ს-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა ...-... სახელმწიფო ნომრის მქონე ,,პეჟოს‟ მარკის ავტომანქანა. სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს‟ 2010 წლის 23 სექტემბრის №872 ბრძანებით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ‟ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის ,,დ‟ პუნქტის, 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 იანვრის №44 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების‟ მე-19 მუხლის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული სატრანსპორტო საშუალება ,,პეჟო 308‟. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2010 წლის 22 ნოემბრის №49/6/4-00250062 ცნობით დასტურდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება სახ. ნომრით ...-... ტექ. პასპორტი ... - 2009 წლის 15 აპრილიდან 2010 წლის 30 სექტემბრამდე რეგისტრირებული იყო რ. ს-ის სახელზე, ხოლო 2010 წლის 30 სექტემბრიდან რეგისტრირებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელზე სახელმწიფო ნომრით ......, ტექნიკური პასპორტი ......., ავტომანქანაზე აღრიცხულია ინფორმაცია სამართლებრივი დატვირთვის შესახებ სს ,,ს. ბ-ის‟ 15.04.2009 წლის 674418ა ხელშეკრულების საფუძველზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). განსახილველ შემთხვევაში, ამგვარი პრეტენზია წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მტკიცებას, რომ დაგირავებული ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის შემდეგ გირავნობა უქმდება.

საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფო კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობს როგორც ნებისმიერი პირი და სამოქალაქო სამართლის სხვა სუბიექტების ანალოგიური უფლება-მოვალეობებით სარგებლობს, ამდენად, თავისთავად ის ფაქტი, რომ დაგირავებული ქონების მესაკუთრე სახელმწიფო გახდა, გირავნობის შეწყვეტას არ ნიშნავს. ამ შემთხვევაში გასარკვევია, საერთოდ წყდება თუ არა გირავნობა დაგირავებული ქონების მესამე პირებზე გადაცემით.

საყურადღებოა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სადავო ავტომანქანა განაჩენის საფუძველზე უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს. მოქმედი კანონმდებლობა არ აწესრიგებს განაჩენის საფუძველზე დაგირავებული ან იპოთეკით დატვირთული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევის რეჟიმს, შესაბამისად, არ არსებობს დათქმა, რომ ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს დაუტვირთავი ქონება გადაეცემა, არც „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ“ კანონი ადგენს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების შემდგომში უსასყიდლოდ გადაცემისას შემძენზე დაუტვირთავი საკუთრება გადადის.

სამოქალაქო კოდექსის 274-ე მუხლის თანახმად, გირავნობის საგნის გასხვისებისას შემძენზე გადადის გირავნობით დატვირთული საკუთრება, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

სწორედ სამოქალაქო კოდექსის 274-ე მუხლის მე-4 ნაწილი გამოიყენა სააპელაციო სასამართლომ ანალოგიით და დაადგინა, რომ სახელმწიფოს დაუტვირთავი ქონება გადაეცა.

ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, დამგირავებლის მიერ გირავნობის საგნის ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში გასხვისების შემთხვევაში შემძენზე გადადის დაუტვირთავი საკუთრება, მიუხედავად იმისა, იცოდა თუ არა შემძენმა გირავნობის შესახებ. ეს წესი არ გამოიყენება, თუ შემძენი და დამგირავებელი არაკეთილსინდისიერად მოქმედებდნენ.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია). თუ კანონის ანალოგიის გამოყენება შეუძლებელია, ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სამართლის ზოგადი პრინციპების საფუძველზე, აგრეთვე სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა და ზნეობის მოთხოვნების შესაბამისად (სამართლის ანალოგია).სპეციალური ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმები (საგამონაკლისო ნორმები) არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანალოგიით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სკ-ის 274-ე მუხლის მე-4 ნაწილი საგამონაკლისო ნორმაა, რომელიც მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოყენებული არ უნდა ყოფილიყო. აღნიშნულს ცალსახად ადასტურებს 274-ე მუხლის სტრუქტურა, რომლის პირველი ნაწილი ზოგად წესს ადგენს, ხოლო მე-4 ნაწილი გამონაკლისს ამ წესში. საკასაციო სასამართლო იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ 274-ე მუხლის მე-4 ნაწილი მსგავსი ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმადაც ვერ ჩაითვლება, გარდა იმისა, რომ სპეციალური კანონია. აღნიშნული ნორმა დაუტვირთავი საკუთრების გადაცემის წინაპირობად კონკრეტულ განსაკუთრებულ შემთხვევას - გირავნობის საგნის ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში გასხვისებას ადგენს, რაც სრულიად სხვა სფეროა, ვიდრე ქონების სახელწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემა.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ანალოგიით გამოყენების საჭიროება არც არსებობდა, რადგანაც, ზოგადი ნორმა, რომელიც მოცემულ დავასთან დაკავშირებულ საკითხსაც მოიცავს, სამოქალაქო კოდექსის 274-ე მუხლის პირველი ნაწილია, რომელიც ადგენს, რომ ჩვეულებრივ პირობებში, გირავნობის საგნის გასხვისებისას შემძენზე გირავნობით დატვირთული საკუთრება გადადის. „გასხვისება“ სამოქალაქო სამართალში არ გულისხმობს აუცილებლად ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემის სანაცვლოდ ეკვივალენტური ანაზღაურების მიღებას (მაგ. ნასყიდობა, გაცვლა), არამედ ქონების ახალ მესაკუთრეზე გადაცემას, მათ შორის უსასყიდლოდაც (მაგ. ჩუქება), ამდენად, თავისთავად ის ფაქტი, რომ გირავნობის საგანი ჯერ სახელმწიფოს, ხოლო შემდეგ შსს-ს უსასყიდლოდ გადაეცა საკუთრებაში, გირავნობის შეწყვეტასთან დაკავშირებული არ არის. აქვე ის გარემოებაცაა საყურადღებო, რომ, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, არსებობს ავტომანქანის რეგისტრირებული გირავნობა, შემძენისათვის მის შესახებ ცნობილი აუცილებლად იქნებოდა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე ანალოგიით გამოიყენა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 771-ე მუხლის მე-7 პუნქტი, რითაც კიდევ ერთხელ დაასაბუთა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში დაუტვირთავი ქონება გადაეცემა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული ნორმა არასწორად განმარტა. კერძოდ, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 771-ე მუხლი ადგენს ბიუჯეტის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოებისას, მათ შორის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებისას, რა შემთხვევაში შეიძლება ქონება სახელმწიფოს, ავტონომიურ რესპუბლიკას ან თვითმმართველ ერთეულს ნატურით გადაეცეს. ამგვარი გადაცემის წინაპირობაა ის გარემოება, რომ აუქციონზე ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, ან გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი დადგენილ ვადაში არ გადაიხადა.

რაც შეეხება მითითებული მუხლის მე-7 პუნქტს, იგი ადგენს, რომ უზრუნველყოფილი მოთხოვნის, მათ შორის, ქონებაზე რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების, არსებობის შემთხვევაში სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემისას უქმდება ამ გირავნობის/იპოთეკის შემდეგ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სანივთო უფლებები.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული ნორმის ანალოგიით გამოყენება დაუშვებელია, რადგან სპეციალურ სამართლებრივ ურთიერთობას აწესრიგებს, გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ იგი არასწორადაც განმარტა, რადგანაც მითითებული ნორმიდან ის დასკვნა კი არ გამომდინარეობს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში დაუტვირთავი ქონება გადაეცემა, არამედ ის, რომ ქონების ნატურით გადაცემისას უქმდება საგადასახადო გირავნობის შემდეგ ქონებაზე რეგისტრირებული სანივთო გარიგება, რასაც მოცემულ შემთხვევასთან კავშირი არ აქვს, მით უფრო, რომ სს „ს. ბ-ის“ გირავნობა სადავო ავტომანქანაზე ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემამდე ბევრად ადრე იყო რეგისტრირებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და იმავდროულად, არასწორად განმარტა იგი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით გათვალისწინებულ კასაციის ყველა საფუძველს ქმნის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების არასწორი სამართლებრივი შეფასებითაა განპირობებული და მტკიცებულებათა გამოკვლევის საჭიროება არ არსებობს, საკასაციო სასამართლოს შეუძლია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ს. ბ-ის“ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და დადგინდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება „პეჟო 308-ის“ იძულებით რეალიზაცია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც, ხოლო, იმავე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სს „ს. ბ-ის სარჩელი“ დაკმაყოფილდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 2489,36 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სს „ს. ბ-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 აპრილის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. სს „ს. ბ-ის“ სასარჩელო მოთხოვნა გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

4. სარეალიზაციოდ მიექცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება „პეჟო 308“ (სახელმწიფო სარეგისტრაციო No ..., საიდენტიფიკაციო No ...);

5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სს „ს. ბ-ს“ აუნაზღაუროს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 2489,36 ლარი;

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე