Facebook Twitter

Nას-743-800-2011 10 ოქტომბერი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია „ო-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ე.-პ. ჯ-ა“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ო-მა“ სენაკის რაიონულ სასამართლოში სს „ე.-პ. ჯ-ს“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხისათვის 227 339 ლარის დაკისრება, ასევე ხელშეკრულების წერილობით გაფორმების დავალდებულება.

მოსარჩელის განმარტებით, 2007 წელს მხარეებს შორის გაფორმდა ზეპირი შეთანხმება, რომ შპს „ო-ი“ ნებას დართავდა მოპასუხეს ესარგებლა მისი კუთვნილი 6000 კილოვატიანი საჰაერო გადამცემი ხაზებით ქ. ზუგდიდის მოსახლეობისათვის ელექტრო ენერგიის მიწოდებისას. მოპასუხე ქსელით სარგებლობისა და თმენისათვის მოსარჩელეს გადაუხდიდა კომპენსაციას. 2007 წლის ივლისიდან 2010 წლის 1 მაისის ჩათვლით სს „ე.-პ. ჯ-მ“ შპს „ო-ის“ ელექტროგადამცემი ხაზების გამოყენებით აბონენტებს მიაწოდა 11361986 კვტ/სთ ენერგია, რომლის გატარების საფასურიც არ გადაუხდია.

საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას შპს „ო-მა“ სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა და მოპასუხისათვის 62 523 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა, ხოლო მეორე სასარჩელო მოთხოვნაზე უარი თქვა.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია „ო-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს „ე.-პ. ჯ-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ 21 559,49 ლარის გადახდა დაეკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ო-მა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 მარტის განჩინებით ტელერადიოკომპანია ო-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ 2007 წელს მხარეებს შორის გაფორმდა ზეპირი შეთანხმება, რომ შპს „ო-ი“ ნებას დართავდა მოპასუხეს ესარგებლა მისი კუთვნილი 6000 კილოვატიანი საჰაერო გადამცემი ხაზებით ქ. ზუგდიდის მოსახლეობისათვის ელექტრო ენერგიის მიწოდებისას. მოპასუხე ქსელით სარგებლობისა და თმენისათვის მოსარჩელეს გადაუხდიდა კომპენსაციას. შპს „ო-ს“ ეკუთვნის 6000 კვტ. სიმძლავრის 813 მ. სიგანისა და 1017 მ. სიგრძის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები, რომლებიც ორი მიმართულებითაა გაყვანილი და მიერთებულია N8 ფიდერზე. 2007 წლის ივლისიდან 2010 წლის სექტემბრამდე მოსარჩელის კუთვნილი ხაზებით გატარდა 113045569 კვტ/სთ ენერგია, საიდანა 524824 კვტ/სთ თავად შპს „ო-ის“ მოხმარებული ენერგია, ხოლო აბონენტებს მიეწოდა 10779745 კვტ/სთ. სასამართლო პრაქტიკა მსგავს დავებზე გონუვრულ ტარიფად 1 კვტ/სთ ენერგიაზე 0,2 თეთრს მიიჩნევს. 2008 წლის 4 დეკემბერს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიიღო N33 დადგენილება „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“. დადგენილების მიღებამდე სემეკმა 2001 წლის N64 გადაწყვეტილებით, ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გაანგარიშების საუძველზე, გონივრულად მიიჩნია ყოველ ერთეულ გატარებულ კვტ/სთ ენერგიაზე 0,2 თეთრის დაწესება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სეწმეკის N20, N33 დადგენილებებზე და აღნიშნა, რომ მათი ნორმების შესაბამისად, მოპასუხეს უფლება არ აქვს ქსელის მფლობელს გადაუხადო 2,59 თეთრზე მეტი, მაგრამ აღნიშნული მაქსიმალური ზღვარია, ხოლო საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად გონივრულია ზღვარს ქვემოთ განსაზღვრული ტარიფი, სასამართლოს შესაფასებელია. მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ 0,59 თეთრიანი ტარიფის დაწესება არ გააუარესებს მომხმარებლებისათვის ელექტრო ენერგიის მიწოდების პირობებს. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ გონივრულად 1 კვტ/სთ გატარებულ ენერგიაზე 0,2 თეთრის განსაზღვრა მიიჩნია.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება შპს „ო-მა“ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სემეკის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილება ერთადერთი ნორმატიული აქტია, რომელიც ენერგეტიკის სფეროში მოქმედ ტარიფებს განსაზღვრავს. ვინაიდან 2008 წლისათვის მოქმედი სატარიფო სისტემა ვეღარ აკმაყოფილებდა ენერგობაზრის მოთხოვნებს, სემეკმა დადგენილებით ახალი სატარიფო სისტემა განსაზღვრა, რომელსაც უნდა დაეყრდნოს სასამართლოც. სემეკის დადგენილებით განსაზღვრული ტარიფი, თავისთავად, გონივრულია და მომხმარებლებისათვის ელექტრო ენერგიის საფასურის გაზრდას არ გამოიწვევს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია „ო-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკისაგან, ხოლო საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რის გამოც შპს დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია „ო-ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნას დაშვებული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1121 ლარის) 70% - 784,7 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია „ო-ის“ (საიდენტიფიკაციო N...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს 09.06.2011 წლის N0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1121 ლარის) 70% - 784,7 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე