Facebook Twitter

საქმე№ას-863-809-2012 30 ოქტომბერი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

კასატორი - შპს „ბ-ა“

წარმომადგენელი - ო. კ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ი-ი“

წარმომადგენელი - პ. ს-ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება, პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ი-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ-ს“ მიმართ ნასყიდობის ფასის გადაუხდელი ნაწილის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ მხარეთა შორის შეთანხმებული პირობებით იკისრა მოპასუხისათვის ლაბორატორიული დანადგარებისა და ლაბორატორიისათვის საჭირო მასალების მიწოდების ვალდებულება. მოპასუხემ ნასყიდობის საფასურის მხოლოდ ნაწილი გადაიხადა და უარს აცხადებს დარჩენილი ნაწილის, 9600 აშშ დოლარის, გადახდაზე. ხელშეკრულებით შეთანხმებული იყო ასევე პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება მოპასუხის მიერ ნასყიდობის ფასის გადახდის ვადის გადაცილებისათვის.

შპს „ბ-მ“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის საქონლის მიწოდებამდე გამოგზავნილ ინვოისში მითითებული 26 365 აშშ დოლარი ნასყიდობის საგნის საორიენტაციო ღირებულებას წარმოადგენდა. ნასყიდობის საგანს, რომელიც მოპასუხემ მიიღო, მოჰყვა ახალი ინვოისი, რომლითაც ნასყიდობის ფასი დაზუსტდა და შეადგინა 17350 შვეიცარული ფრანკი. აღნიშნული თანხა მოპასუხემ მოსარჩელეს სრულად აუნაზღაურა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ი-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ბ-ს“ შპს „ი-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ნასყიდობის ფასის გადაუხდელი ნაწილის - 9 600 აშშ დოლარის გადახდა. შპს ,,ბ-ს“ შპს ,,ი-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს – ყოველ ვადაგადაცილებულ კვირაზე დავალიანების ძირითადი თანხის - 9 600 აშშ დოლარის 0,1%-ს – 9,6 აშშ დოლარის გადახდა 2010 წლის 4 სექტემბრიდან დავალიანების ძირითადი თანხის - 9 600 აშშ დოლარის დაფარვამდე, მაგრამ არა უმეტეს 2 636,5 აშშ დოლარისა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ბ-მ“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 აპრილის განჩინებით შპს „ბ-ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2010 წლის 21 ივლისს, შპს „ი-სა“ და შპს „ბ-ს“ შორის გაფორმდა №01/10 ხელშეკრულება, რომლის პირველი მუხლის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე „გამყიდველი“ აწვდის, ხოლო „მყიდველი“ ყიდულობს ლაბორატორიულ დანადგარებსა და ლაბორატორიისათვის საჭირო მასალებს, შემდგომში „საქონლად“ წოდებული, ინვოისების ან პროფორმა-ინვოისების თანახმად, „მყიდველთან“ წერილობითი ფორმით, ან ელფოსტით, ან ფაქსით წინასწარ შეთანხმებული ნომენკლატურით, რაოდენობითა და ფასად, რის შემდეგაც ისინი ხდებიან წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი. 2010 წლის 21 ივლისის №01/10 ხელშეკრულების 7.1. პუნქტის მიხედვით, გამყიდველის ან მყიდველის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დამრღვევი მხარე დაზარალებულ მხარეს უხდის საქონლის ღირებულების 0,1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ კვირაზე, მაგრამ საქონლის საერთო ღირებულების არა უმეტეს 10%-ისა. 2010 წლის 19 ივლისს შპს „ი-ის“ მიერ შპს „ბ-სთვის“ გამოგზავნილი №398 ინვოისის მიხედვით, მოსარჩელემ კვლავ განაცხადა თანხმობა, მოპასუხისთვის მიეწოდებინა ორი ლაბორატორიული დანადგარი, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენდა 26 365 აშშ დოლარს. ამავე ინვოისში მითითებულია ნასყიდობის ფასის გადახდის წესი, კერძოდ, ნასყიდობის ფასის 50% მოპასუხეს წინასწარ უნდა გადაეხადა, ხოლო 50% კი, საქონლის მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. 2010 წლის 26 ივლისს შპს „ბ-ს“ მიერ შპს „ი-ის“ საბანკო ანგარიშზე გადაირიცხა მისაწოდებელი საქონლის ღირებულების 50% – 13 182,50 აშშ დოლარი.

2010 წლის 24 აგვისტოს შპს „ბ-მ“ მიიღო 2010 წლის 19 ივლისის №398 ინვოისით გათვალისწინებული დანადგარები. ამასთან, ტვირთს თან ახლდა 2010 წლის 12 აგვისტოს №69102 ინვოისი, რომლის გამგზავნად მითითებული იყო შვეიცარიული კომპანია ,,მ. აგ“, ხოლო ადრესატად კი – შპს „ი-ი“. აღნიშნულ ინვოისში ლაბორატორიული დანადგარის ღირებულებად მითითებულია 17 350 შვეიცარიული ფრანკი. 2010 წლის 30 სექტემბერს შპს „ბ-ს“ მიერ შპს „ი-ის“ საბანკო ანგარიშზე მიწოდებული საქონლის ღირებულების ანგარიშში გადაირიცხა 3 582,50 აშშ დოლარი. შპს „ი-ი“ წარმოადგენს შვეიცარიული კომპანია „მ-ის“ ექსკლუზიურ აგენტს უკრაინაში, ბელორუსიასა და საქართველოში. ლაბორატორიულ დანადგარს, რომელიც შპს „ი-მა“ შპს „ბ-ს“ მიჰყიდა, კომპანია „მ-ი“ აწარმოებს და იგი შპს „ბერტასთვის“, შპს „ი-ის“ მოთხოვნით, შვეიცარიიდან მწარმოებელმა კომპანია „მ-მა“ გამოგზავნა. შპს „ბ-ს“ კომპანია „მ-თან“ უშუალოდ რაიმე სახის, მათ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა, არ ჰქონია. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მან სრულად გადაიხადა მხარეთა შორის შეთანხმებული ნასყიდობის საგნის ღირებულება.

სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებით პირობებად ჩაითვლება ის პირობები, რომლებზეც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულია შეთანხმება. ამდენად, კანონი ხელშეკრულებას დადებულად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეები ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდებიან საამისოდ დადგენილი ფორმით. ხელშეკრულების არსებითი პირობების ჩამონათვალს კანონი არ განსაზღვრავს, ამ პირობებს თვითონ მხარეები განსაზღვრავენ და ასეთად ხელშეკრულების მხოლოდ ის პირობები ჩაითვლება, რომლებზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელშეკრულება არ დაიდება. ხელშეკრულების არსებით პირობებს შეიძლება, მიეკუთვნოს ხელშეკრულების საგანი, ფასი, გადახდის პირობა და ა.შ. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ კონკრეტული საქონლის საჭიროებისას მისი ხარისხის, რაოდენობისა და ფასის განსაზღვრის წესზე, კერძოდ, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ამა თუ იმ სახის საქონლის შესყიდვის ნების გამოვლენისას, მოსარჩელე გამოუგზავნიდა მას ინვოისს, სადაც კონკრეტულად იქნებოდა აღწერილი მის მიერ შემოთავაზებული საქონლის ხარისხი და ფასი. 2010 წლის 19 ივლისს შპს „ი-ის“ მიერ გამოგზავნილ №398 ინვოისით დგინდება, რომ მასში დეტალურად იქნა მითითებული ნასყიდობის საგნის დასახელება, ხარისხი, რაოდენობა, ფასი და მისი გადახდის წესი, ანუ ყველა ის არსებითი პირობა, რაც აუცილებელი იყო კონკრეტულ საქონელზე ნასყიდობის ხელშეკრულების დასადებად. შესაბამისად, მხარეები შპს „ი-ი“ და შპს „ბ-ა“, ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის არსებით პირობებზე, მათ შორის ნასყიდობის ფასზე შეთანხმდნენ 2010 წლის 19 ივლისის №398 ინვოისით. მხარეთა შორის შეთანხმებული არსებითი პირობების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ხელშეკრულების მხარეთა მიერ. შესაბამისად, სადავო გარემოების დასტურად ვერ განიხილება მხარის მიერ მითითებული 2010 წლის 12 აგვისტოს №69102 ინვოისი, რადგან მასში გამგზავნად მითითებულია შვეიცარიული კომპანია ,,მ. აგ“, ხოლო ადრესატად – შპს „ი-ი“. საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით ხელშეკრულების მხარეებს შორის მსგავსი შეთანხმების არსებობა არ დასტურდება. მითითებული გარემოების დადასტურება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებიდან გამომდინარე, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა. ამდენად, მხარეთა შორის ნასყიდობის საგნის ღირებულება განსაზღვრული იყო 26 365 აშშ დოლარით. შპს ,,ბ-მ“ შპს ,,ი-ს“ ნასყიდობის ფასის მხოლოდ ნაწილი – 16 765 აშშ დოლარი აუნაზღაურა და 9600 აშშ დოლარი კი, ასანაზღაურებელი აქვს.

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველი არის ხელშეკრულება. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, მხარეთა შორის არსებობდა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შეთანხმებით ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 26 365 აშშ დოლარით. მოსარჩელემ შეასრულა ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება და მყიდველს – შპს „ბ-ს“ მიაწოდა ნასყიდობის საგანი. მოპასუხემ გამყიდველს – მოსარჩელე შპს „ი-ს“ გადაუხადა შეთანხმებული ფასის მხოლოდ ნაწილი 16 765 აშშ დოლარი, ანუ ნაწილობრივ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლო დასკვნა მასზე, რომ მოპასუხე ვალდებულია, მოსარჩელეს აუნაზღაუროს შეთანხმებული ფასის დარჩენილი ნაწილი – 9600 აშშ დოლარი.

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. დასახელებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. როგორც დადგენილ იქნა, 2010 წლის 21 ივლისის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებულია პირგასამტეხლო საქონლის ღირებულების 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ კვირაზე, მაგრამ „საქონლის“ საერთო ღირებულების არა უმეტეს 10%-სა. ამასთან, დადგენილია, რომ 2010 წლის 19 ივლისის ინვოისის თანახმად, მოპასუხეს ნასყიდობის ფასის 50% უნდა გადაეხადა წინასწარ, ხოლო დარჩენილი 50% კი – საქონლის მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. დადგენილია, რომ მყიდველმა საქონელი მიიღო 2010 წლის 24 აგვისტოს. შესაბამისად, შპს ,,ბ-ს“ ნასყიდობის ფასის დარჩენილი ნაწილი 13 182,5 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა არა უგვიანეს 2010 წლის 3 სექტემბრისა. მოპასუხეს აღნიშნულ ვადაში ნასყიდობის ფასის ნაწილი 9600 აშშ დოლარი არ გადაუხდია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით 2010 წლის 4 სექტემბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ კვირაზე 9600 აშშ დოლარის 0,1% - ის (მაგრამ არა უმეტეს ნასყიდობის საგნის საერთო ღირებულების 26365 აშშ დოლარის 10%-ისა) გადახდის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია და პირველი ინსტანციის სასამართლომ იგი მართებულად დააკმაყოფილა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 აპრილის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ბ-მ“ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: 2010 წლის 19 ივლისს შპს „ი-მა“ შპს „ბ-ს“ გამოუგზავნა ინვოისი №398. აღნიშნულ ინვოისში მითითებულ იქნა შესასყიდი საქონელი და მისი ფასი 26 365.00 აშშ დოლარი, თუმცა, ტვირთის მიმღებად აღნიშნულია შპს „ბ-ა“, გამყიდველი შპს „ი-ი“ და ტვირთის გამომგზავნი „მ.აგ“. 2010 წლის 21 ივლისს შპს „ბ-სა“ და შპს „ი-ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება №01/10. აღნიშნული ხელშეკრულების 11.4 პუნქტის შესაბამისად, ერთმნიშვნელოვნად დადგინდა, რომ შპს „ბ-სა“ და შპს „ი-ს“ შორის ხელშეკრულების ხელმოწერამდე არსებული ყველა შეთანხმება, მოლაპარაკება, მიწერ-მოწერა ხელმოწერის დღიდან კარგავდა ძალას და უქმდებოდა. შესაბამისად, უდავოა, რომ 2010 წლის 21 ივლისის ხელშეკრულებამ იმთავითვე გააუქმა 2010 წელს მიღებული ინვოისი. 2010 წლის 21 ივლისის ხელშეკრულება იყო ის ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც მხარეთა შორის არსებობდა იმ ეტაპზე. ხელშეკრულებაში მითითებულ იქნა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება 100 000 შვეიცარიული ფრანკი, განისაზღვრა მასალები, რომლებიც შპს „ი-ს“ უნდა მიეწოდებინა, ასევე აღინიშნა, რომ საქონლის ღირებულება ხელშეკრულების ინვოისებსა და პროფორმა-ინვოსიებში მითითებული პირობებით უნდა ანაზღაურებულიყო, თუმცა პროდუქციის ღირებულება იქნებოდა არა უმეტეს 100 000 შვეიცარული ფრანკისა, ასევე ინვოისები და პროფორმა ინვოისები ხდებოდა ხელშეკრულების არსებითი შემადგენელი ნაწილი.

2010 წლის 26 ივლისს, 2010 წლის 21 ივლისის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ბ-მ“ შპს „ი-ს“ გადაურიცხა 13 182,5 აშშ დოლარი. ვინაიდან, მხარეთა შორის 2010 წლის 21 ივლისის ხელშეკრულებით განსაზღვრულ საქონელზე შპს „ი-ის“ მიერ მისაწოდებელი პროდუქციის ფასი არ იქნებოდა გადარიცხულ თანხაზე ნაკლები, პროდუქციის ღირებულებას შპს „ი-ი“ დააზუსტებდა ინვოისისა და პროფორმა-ინვოისის გამოგზავნით. 2010 წლის 12 აგვისტოს შპს „ი-მა“ განაცხადა რა კონკლუდენტური თანხმობა ხელშეკრულების დადებაზე, გამოაგზავნა პროდუქცია, რომელსაც 2010 წლის 21 ივლისის ხელშეკრულების შესაბამისად, მოჰყვა ინვოისი №69102, სადაც მითითებულია ტვირთის მიმღებად შპს „ბ-ა“, ტვირთის გამომგზავნად შპს „მ.-აგ“, ხოლო მიმწოდებლად - შპს „ი-ი“. აღნიშნული ინვოისით შპს „ი-მა“ დააზუსტა პროდუქციის სახე და მისი ღირებულება, რომელიც განისაზღვრა 17 350,45 შვეიცარული ფრანკით, ანუ 16765 აშშ დოლარით. 2010 წლის 12 აგვისტოს №69102 ინვოისის შესაბამისად, შპს „ბ-მ“ განაბაჟა რა შპს „ი-ის“ მიერ მიწოდებული ტვირთი, სახელმწიფოსთან ანგარიშსწორებისას ტვირთის განბაჟებისას, ნასყიდობის ფასი 16 765 აშშ დოლარი მიეთითა, საიდანაც შპს „ბ-მ“ საბაჟო მოსაკრებელი გადაიხადა. მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საუძველზე 2010 წლის 30 სექტემბერს შპს „ბ-მ“ შპს „ი-ს“ აუნაზღაურა პროდუქციის დარჩენილი ღირებულება 3 582.50 აშშ დოლარი. 2010 წლის 19 ივლისს შპს „ი-ის“ მიერ გამოგზავნილი №398 ინვოისი გაუქმდა 2010 წლის 21 ივლისიდან, ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან, იგი არ წარმოადგენდა №01/10 ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, ხოლო აღნიშნული ინვოისის მოქმედებასთან დაკავშირებით გამონაკლისის სახით არც რაიმე დათქმა არსებულა მითითებულ ხელშეკრულებაში.

შპს „ბ-ს“ მიერ 26 ივლისს გადარიცხული თანხა წარმოადგენდა არა ნასყიდობის საგნის ღირებულების 50%-ს, არამედ სამომავლოდ იანგარიშებოდა ინვოისით განსაზღვრულ ნასყიდობის ფასში. იქიდან გამომდინარე, რომ მყიდველისათვის შპს „ბ-სთვის“, როგორც მეწარმე სუბიექტისთვის, რომელიც უკვე მრავალი წელია დაკავებული სამეწარმეო საქმიანობით და იცნობს ბაზარზე არსებულ ფასებსა და სტანდარტებს ცნობილი იყო, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულება არ იქნებოდა ავანსის სახით გადახდილ თანხაზე მცირე, მან წინასწარ გადაიხადა ნასყიდობის ფასის გარკვეული ნაწილი. აღნიშნული ქმედების განხორციელების საშუალებას შპს „ბ-ს“ აძლევდა შპს „ი-თან“ 2010 წლის 21 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო პროდუქციის სახე, რომელიც შპს „ი-ს“ მაქსიმუმ 100.000 შვეიცარული ფრანკის ფარგლებში უნდა მიეწოდებინა შპს „ბ-სთვის“, ასევე 2010 წლის 21 ივლისის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ პროდუქციის საბოლოო, ზუსტი ოდენობა განისაზღვრებოდა ინვოისებისა და პროფორმა ინვოისების მეშვეობით.

2010 წლის 12 აგვისტოს ინვოისი წარმოადგენდა 2010 წლის 21 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე მიღწეულ ერთადერთ შეთანხმებას და იგი მხარეებს სწორედ იმ უფლებებსა და ვალდებულებებს აკისრებდათ, რაც მასში იყო მითითებული, კერძოდ, შპს „ბ-ა“ ვალდებული იყო, მიეღო ნასყიდობის საგანი და გადაეხადა მხოლოდ და მხოლოდ პროდუქციაზე თანდართულ ინვოისში მითითებული ნასყიდობის ღირებულება 16 765 აშშ დოლარი. იქიდან გამომდინარე, რომ შპს „ბ-ს“ ჯეროვნად აქვს შესრულებული მის მიერ 2010 წლის 21 ივლისის ხელშეკრულებითა და 2010 წლის 12 აგვისტოს ინვოისით ნაკისრი ვალდებულება, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს, ასევე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილშიც.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ბ-ს“ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 410-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა არ დგინდება.

მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს წარმოადგენს შემდეგი: 2010 წლის 21 ივლისს, შპს „ი-სა“ და შპს „ბ-ს“ შორის გაფორმდა №01/10 ხელშეკრულება, რომლის პირველი მუხლის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე „გამყიდველი“ აწვდის, ხოლო „მყიდველი“ ყიდულობს ლაბორატორიულ დანადგარებსა და ლაბორატორიისათვის საჭირო მასალებს, შემდგომში „საქონლად“ წოდებული, ინვოისების ან პროფორმა-ინვოისების თანახმად, „მყიდველთან“ წერილობითი ფორმით, ან ელფოსტით, ან ფაქსით წინასწარ შეთანხმებული ნომენკლატურით, რაოდენობითა და ფასად, რის შემდეგაც ისინი ხდებიან წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი. 2010 წლის 21 ივლისის №01/10 ხელშეკრულების 7.1. პუნქტის მიხედვით, გამყიდველის ან მყიდველის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დამრღვევი მხარე დაზარალებულ მხარეს უხდის საქონლის ღირებულების 0,1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ კვირაზე, მაგრამ საქონლის საერთო ღირებულების არა უმეტეს 10%-ისა. 2010 წლის 19 ივლისს შპს „ი-ის“ მიერ შპს „ბ-სთვის“ გამოგზავნილი №398 ინვოისის მიხედვით, მოსარჩელემ თანხმობა განაცხადა, მოპასუხისთვის მიეწოდებინა ორი ლაბორატორიული დანადგარი, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენდა 26 365 აშშ დოლარს. ამავე ინვოისში მითითებულია ნასყიდობის ფასის გადახდის წესი, კერძოდ, ნასყიდობის ფასის 50% მოპასუხეს წინასწარ უნდა გადაეხადა, ხოლო 50% - საქონლის მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. 2010 წლის 26 ივლისს შპს „ბ-ს“ მიერ შპს „ი-ის“ საბანკო ანგარიშზე გადაირიცხა მისაწოდებელი საქონლის ღირებულების 50% – 13 182,50 აშშ დოლარი. 2010 წლის 24 აგვისტოს შპს „ბ-მ“ მიიღო 2010 წლის 19 ივლისის №398 ინვოისით გათვალისწინებული დანადგარები. ამასთან, ტვირთს თან ახლდა 2010 წლის 12 აგვისტოს №69102 ინვოისი, რომლის გამგზავნად მითითებული იყო შვეიცარიული კომპანია ,,მ. აგ“, ხოლო ადრესატად კი – შპს „ი-ი“. ინვოისში ლაბორატორიული დანადგარის ღირებულებად მითითებულია 17 350 შვეიცარიული ფრანკი. 2010 წლის 30 სექტემბერს შპს „ბ-ს“ მიერ შპს „ი-ის“ საბანკო ანგარიშზე მიწოდებული საქონლის ღირებულების ანგარიშში გადაირიცხა 3 582,50 აშშ დოლარი. შპს „ი-ი“ წარმოადგენს შვეიცარიული კომპანია „მ-ის“ ექსკლუზიურ აგენტს უკრაინაში, ბელორუსიასა და საქართველოში. ლაბორატორიულ დანადგარს, რომელიც შპს „ი-მა“ შპს „ბ-ს“ მიჰყიდა, კომპანია „მ-ი“ აწარმოებს და იგი შპს „ბ-სთვის“, შპს „ი-ის“ მოთხოვნით, შვეიცარიიდან მწარმოებელმა კომპანია „მ-მა“ გამოგზავნა. შპს „ბ-ს“ კომპანია „მ-თან“ უშუალოდ რაიმე სახის, მათ შორის, სახელშეკრულებო ურთიერთობა არ ჰქონია.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ, ნასყიდობის საგანზე თანდართული 2010 წლის 12 აგვისტოს №69102 ინვოისის შესაბამისად, ნასყიდობის ფასი 16 765 აშშ დოლარით უნდა განისაზღვროს, რაც მყიდველმა უკვე გადაიხადა. კასატორი ამ მოსაზრებას აყრდნობს მხარეთა შორის გაფორმებული 2010 წლის 21 ივლისს №01/10 ხელშეკრულების 11.4 პუნქტს. ამ პუნქტის შესაბამისად, შპს „ბ-სა“ და შპს „ი-ს“ შორის ხელშეკრულების ხელმოწერამდე არსებული ყველა შეთანხმება, მოლაპარაკება, მიწერ-მოწერა ხელმოწერის დღიდან კარგავდა ძალას და უქმდებოდა. კასატორის მოსაზრებით, 2010 წლის 21 ივლისის ხელშეკრულებამ გააუქმა 2010 წლის 19 ივლისის №398 ინვოისი.

მხარეთა შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა. ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. იგი დადებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდებიან კანონით გათვალისწინებული ფორმით. ნასყიდობის ხელშეკრულებით მყიდველის ძირითადი ვალდებულებაა, მიიღოს ნაყიდი საქონელი და და გამყიდველს გადაუხადოს შეთანხმებული ფასი. ამდენად, ხელშეკრულების ერთ-ერთი არსებითი, კანონით გათვალისწინებული პირობა ფასზე შეთანხმებაა (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პიველი ნაწილი, 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები). ამ ხელშეკრულებისთვის აუცილებელია რა საგანსა და ფასზე შეთანხმება, მხარეებმა შეიძლება ღიად დატოვონ ესა თუ ის პირობა, მაგრამ უნდა შეთანხმდნენ მომავალში მისი განსაზღვრის საშუალებაზე. გასაყიდი ნივთის ფასი საბაზრო ეკონომიკის პირობებში შეიძლება შეიცვალოს და იგი მხარეთა შეთანხმებით, ნასყიდობის საგნის გადაცემის დროს არსებულ საბაზრო ღირებულებასთან შესაბამისად დადგინდეს. ამდენად, ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, ნასყიდობის ხელშეკრულებისთვის საკმარისია მის სასყიდლიანობაზე და არა ზუსტ ფასზე შეთანხმება, რაც მას განასხვავებს ქონების საკუთრებაში გადაცემის სხვა ხელშეკრულებებისაგან.

მოცემულ შემთხვევაში მხარეები ნასყიდობის ხელშეკრულების პირველი და მესამე პუნქტებით შეთანხმდნენ ხელშეკრულების მთლიან ღირებულებაზე და ნასყიდობის საგნის ნაწილ-ნაწილ მიწოდებისას, მიწოდებული ნივთის ღირებულების გადახდის წესზე. უდავოა, რომ 2010 წლის 24 აგვისტოს შპს „ბ-მ“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანადგარები მიიღო. ასევე უდავოა, რომ ნასყიდობის საგნის მიღებამდე 2010 წლის 26 ივლისს, შპს „ბ-ს“ მიერ შპს „ი-ის“ საბანკო ანგარიშზე წინასწარ გადაირიცხა მისაწოდებელი საქონლის ღირებულების ნაწილი - 13 182,50 აშშ დოლარი. საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ 2010 წლის 26 ივლისის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტზე, რომლითაც გადამხდელი - შპს „ბ-ა“ გადახდის საფუძვლად უთითებს მხარეთა შორის შეთანხმებულ 2010 წლის 19 ივლისის №398 ინვოისს. აღნიშნული მტკიცებულების შეფასება იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ, მიუხედავად 2010 წლის 21 ივლისის ხელშეკრულების 11.4 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმებისა (მხარეთა შორის ხელშეკრულების ხელმოწერამდე არსებული ყველა შეთანხმება, მოლაპარაკება, მიწერ-მოწერა ხელმოწერის დღიდან ძალას კარგავს და უქმდება) შპს „ბ-მ“ №398 ინვოისით შეთანხმებული ფასი გადაიხადა, ხოლო შპს „ი-მა“ პრეტენზიის გარეშე მიიღო თანხა, რაც ადასტურებს, რომ მხარეები ხელშეკრულების დადების შემდეგ ამავე ხელშეკრულების ფარგლებში ნასყიდობის საგნის ნაწილის ოდენობასა და ფასზე №398 ინვოისით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად შეთანხმდნენ. მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება შესაბამისია მათ მიერ შეთანხმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებასთან და არ ეწინააღმდეგება მას, რადგან ხელშეკრულების შინაარსის ანალიზით, ხელშეკრულების მთლიანი ფასის ფარგლებში ნასყიდობის საგნის - ლაბორატორიული დანადგარების ნაწილის ნასყიდობა „წინასწარ შეთანხმებული ნომენკლატურით, რაოდენობითა და ფასად (ხელშეკრულების პირველი პუნქტი) - №398 ინვოისის შესაბამისად განხორციელდა.

ამდენად, შპს „ბ-ა“ 2010 წლის 21 ივლისის ხელშეკრულებით გააუქმებული 2010 წლის 19 ივლისის №398 ინვოისით გათვალისწინებულ საქონლის რაოდენობასა და ფასს დაეთანხმა, რისი უფლებაც სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში მას გააჩნდა. სასამართლოს ეს დასკვნა ეყრდნობა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებასაც, რომ 2010 წლის 24 აგვისტოს შპს „ბ-მ“, სწორედ, №398 ინვოისით გათვალისწინებული დანადგარები მიიღო.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ 2010 წლის 24 აგვისტოს შპს „ბ-ს“ მიერ მიღებულ ტვირთს თან ახლდა 2010 წლის 12 აგვისტოს №69102 ინვოისი, რომლითაც ლაბორატორიული დანადგარის ღირებულებად მითითებულია 17 350 შვეიცარიული ფრანკი(16 765 აშშ დოლარის ეკვივალენტი), უდავოა, რომ ამავე ინვოისით გამგზავნად მითითებულია შვეიცარიული კომპანია ,,მ. აგ“, ხოლო ადრესატად - შპს „ი-ი“. კომპანია ,,მ. აგ-სა“ და შპს „ბ-ს“ შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა არ შემდგარა.

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან. იგივე დანაწესია ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც (სამოქალაქო კოდექსის 477-504-ე მუხლები), რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს - მყიდველსა და გამყიდველს გააჩნიათ. სხვა პირისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობათა გადაცემა მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით ან კანონით განსაზღვრული წესით შეიძლება მოხდეს. შპს „ი-ს“, კომპანია ,,მ. აგ“-სა და შპს „ბ-ს“ შორის ამგვარი შეთანხმება არ შემდგარა. შპს „ბ-ა“ ნასყიდობის საგნის ღირებულების განსაზღვრას 2010 წლის 21 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე ითხოვს, ამ ხელშეკრულების მხარეს კომპანია ,,მ.აგ“ არ წარმოადგენს და ეს უკანასკნელი ნასყიდობის საგნის ღირებულების განსაზღვრაში უფლებამოსილი არ არის.

აღნიშნულიდან გამომდინარე შპს „ბ-ს“ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 აპრილის გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს „ბ-ს“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. კვანტალიანი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე