№ას-903-848-2012 4 ოქტომბერი, 2012 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს გეს „ს-ო“
წარმომადგენელი - ბ. ჭ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.-ბ-ი“
წარმომადგენელი - ი. კ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება, 2012 წლის 5 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ს-ს“ გენერალურმა დირექტორმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს შპს „ა.-ბ-ის“ წინააღმდეგ სარჩელით მიმართა, მოპასუხისათვის 143 633,26 ლარის დაკისრების, ასევე შენობის ექსპლუატაციაში გადაცემის დავალდებულების მოთხოვნით.
მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლის 20 აგვისტოს შპს „ა.-ბ-სა“ და სს გეს „ს-ს“ შორის ფართის ნასყიდობის შესახებ წინასწარი ხელშეკრულება გაფორმდა. გასაყიდ ქონებას წარმოადგენდა ქ. ბათუმში გენერალ მ-ის ქუჩის N47-ში მდებარე 220,8 კვ.მ N7 ოფისი. მხარეებმა შეადგინეს ღირებულების გადახდის გრაფიკი, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია. მხარეთა შეთანხმებით, შენობის ე. წ. კარკასის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2008 წლის ოქტომბრის ბოლო სამუშაო დღემდე, ხოლო ქონების მფლობელობაში გადაცემა უნდა განხორციელებულიყო არა უგვიანეს 2009 წლის 30 სექტემბრისა. მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულება სრულად შეასრულა, ხოლო შპს „ა. ბ-მა“ დაარღვია როგორც კარკასის მშენებლობის, ისე ექსპლუატაციაში გადაცემის ვადები. გადახდის გრაფიკის თანახმად, „ს-ს“ ბოლო ტრანში კარკასის აშენებიდან არაუგვიანეს 15 დღისა უნდა გადაეხადა. მოსარჩელემ 240 800 აშშ დოლარი 24.11.2008 წელს გადაიხადა. ხელშეკრულების თანახმად, გრაფიკით განსაზღვრული თანხების წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში, მყიდველს დაერიცხებოდა წლიური 14,5%, მომდევნო სავალდებულო გადახდის დღემდე. ვინაიდან მხარეს კარკასის მშენებლობა ვადაში არ დაუსრულებია, ბოლო ტრანში წინასწარაა გადახდილი. გარდა ამისა, ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო მხოლოდ მყიდველის ვალდებულება პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში გამყიდველმა შენობის გადაცემის ვადა დაარღვია. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი „წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთები ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე“ არის 7,01% 2010 წლისათვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხეს 38 012,36 ლარი უნდა დაეკისროს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ბოლო ტრანში არ არის წინსწრებით გადახდილი და მას არ უნდა დაერიცხოს პროცენტი. გარდა ამისა, 2011 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, მიმდინარეობდა შენობის ვარგისად აღიარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება. კარკასის მშენებლობის ვადა მოპასუხეს არ დაურღვევია, მან დროულად არ აცნობა აღნიშნული ეტაპის დასრულების თაობაზე შესაბამის ორგანოებს, რამაც დაჯარიმება გამოიწვია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს გეს „ს-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ა.-ბ-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ 143633,26 ლარის გადახდა დაეკისრა. მოპასუხეს დაევალა ხელშეკრულებით განსაზღვრული უძრავი ქონების მოსარჩელის მფლობელობაში გადაცემა.
აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ა.-ბ-მა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 მაისის განჩინებით სს გეს „ს-ს“ განცხადება სარჩელის ნაწილობრივ გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა მოპასუხის დავალდებულება შენობის მოსარჩელის მფლობელობაში გადაცემა, გაუქმდა და ამ ნაწილში სარჩელი განუხილველად დარჩა.
იმავე სასამართლოს 2012 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით შპს „ა.- ბ-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. შპს „ა.-ბ-ისა“ და სს გეს „ს-ს“ შორის 2007 წლის 20 აგვისტოს გაფორმდა „წინასწარი ხელშეკრულება ფართის ნასყიდობის შესახებ“. მხარეებმა ასევე ხელი მოაწერეს „ღირებულების გადახდის გრაფიკს“;
2. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 3.2.2 პუნქტის შესაბამისად, კარკასის სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2008 წლის ოქტომბრის ბოლო სამუშაო დღე;
3. მოსარჩელის მიერ ტრანში უნდა გადაეხადა შენობის კარკასის სამუშაოების დასრულებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში;
4. ფართის ნასყიდობის შესახებ წინასწარი ხელშეკრულების 3.3. პუნქტის თანახმად, გრაფიკის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში, მყიდველის მიერ გრაფიკით განსაზღვრულ თანხაზე მეტობით გადახდილ თანხას, მყიდველის სასარგებლოდ დაერიცხებოდა წლიური 14.5% მომდევნო სავალდებულო გადახდის დღემდე და აღნიშნული თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 196-ე მუხლით გათვალისწინებული 10%-ის დაკავებით გამოაკლდებოდა ხელშეკრულების დანართში წარმოდგენილ გადახდის გრაფიკის მომდევნო შენატანს. სადავო ფართის ღირებულება მოსარჩელის მიერ გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია ვადაგადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია, ამავე კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, შპს „ა.–ბ-ი“ არ იყო სს გეს „ს-ს“ მოვალე, შესაბამისად, მოპასუხე ვერც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებდა და მოსარჩელის მოთხოვნაც ამ მიმართებით შპს „ა.–ბ-ისათვის“ თანხის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქმეში არსებული (ხელშეკრულებაზე თანდართული) ღირებულების გადახდის გრაფიკის მიხედვით (ს.ფ. 23) სს გეს „ს-ს“ შპს „ა.–ბ-ის“ სასარგებლოდ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ბოლო გადახდა უნდა შეესრულებინა 2008 წლის 15 ნოემბერს, მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე თანხის ბოლო გადახდა კი შესრულებულია 2008 წლის 29 ნოემბერს, ანუ სს გეს „ს-ს“ შპს „ა.–ბ-ისთვის“ ხელშეკრულების დანართი №1–ით განსაზღვრული გრაფიკის თანხების წინსწრებით დაფარვა არ მოუხდენია, შესაბამისად, მოსარჩელის აზრით მეტობით გადახდილ თანხაზე, წლიური 14,5%–ის (105620.9 ლარის) დარიცხვა დაუშვებელია და ამ ნაწილშიც სარჩელი უსაფუძვლოა. ხელშეკრულების 3.2.2. პუნქტის თანახმად, გრაფიკში დაფიქსირებული ბოლო ტრანში გადახდილ უნდა ყოფილიყო შენობის კარკასის აშენების შემდეგ. ასეთ თარიღად მიჩნეული იყო 2008 წლის ოქტომბრის ბოლო სამუშაო დღე, საიდანაც ბოლო ტრანშის გადახდა მოხდებოდა 15 კალენდარული დღის განმავლობაში. იმ შემთხვეაში თუ ამ თარიღისათვის კარკასი არ იქნებოდა აშენებული, მყიდველს უფლება ეძლეოდა გადახდა შეეჩერებინა მის აშენებამდე. გადახდის ახალი თარიღი დაემთხვეოდა კარკასის მშენებლობის დასრულების ახალ თარიღს (ს.ფ. 18), სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ა.–ბ-ს“, საქმეში არსებული შესრულებული სამუშაოების მიღების №6,7,9 და 10 აქტების მიხედვით, რომლებიც დათარიღებულია 2008 წლის 12 ივნისით, აგრეთვე, ამავე წლის 15 სექტემბრით, სადავო შენობის კარკასი აშენებული ჰქონდა 2008 წლის 15 სექტემბრისათვის (ს.ფ.92-97), წინააღმდეგ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს აზრით, ამ აქტებში მითითებული თუნდაც ერთ–ერთი სამუშაოს („კრამიტის სახურავის მოწყობა, ხის მოლარტყვით, თბოიზოლაციის და ჰიდროიზოლაციის მოწყობით“), შესრულება შეუძლებელი იყო.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინება სს გეს „ს-მ“ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორის მოსაზრებით, აპელანტმა ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოასწორა, რის გამოც შპს „ა.-ბ-ის“ სააპელაციო საჩივარი სასამართლომ წარმოებაში არ უნდა მიეღო. სააპელაციო სასამართლომ, ასევე გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლი, რომელსაც მოცემულ დავასთან კავშირი არ აქვს. სასამართლომ, ასევემ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლი და არ გაითვალისწინა, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადა დაარღვია. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით, სს გეს „ს-ს“ შპს „ა.–ბ-ის“ სასარგებლოდ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ბოლო გადახდა უნდა შეესრულებინა 2008 წლის 15 ნოემბერს, მოსარჩელემ კი თანხა გადაიხადა 2008 წლის 29 ნოემბერს, ანუ სს გეს „ს-ს“ შპს „ა.–ბ-ისთვის“ ხელშეკრულების დანართი №1–ით განსაზღვრული გრაფიკის თანხა წინსწრებით არ დაუფარავს, შესაბამისად, მოსარჩელის აზრით, მეტობით გადახდილ თანხაზე, წლიური 14,5%–ის (105620.9 ლარის) დარიცხვა დაუშვებელია და ამ ნაწილშიც სარჩელი უსაფუძვლოა. სააპელაციო სასამართლოს არ მიუთითებია სამართლის ნორმა, რომლის საფუძველზეც ამ დასკვნამდე მივიდა. სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ისე მივიდა დასკვნამდე, რომ კარკასის მშენებლობა დროულად დასრულდა. სარჩელზე დართული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ კარკასის მშენებლობა 2010 წლის აგვისტოშიც კი არ იყო დასრულებული. სარჩელის თანახმად, მხარე ითხოვდა ზიანის ანაზღაურებას სამოქალაქო კოდექსის 411-ე -414-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს კი, ამ მოთხოვნაზე არც უმსჯელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სს გეს „ს-ს“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. შპს „ა.-ბ-ისა“ და სს გეს „ს-ს“ შორის 2007 წლის 20 აგვისტოს გაფორმდა „წინასწარი ხელშეკრულება ფართის ნასყიდობის შესახებ“. მხარეებმა ასევე ხელი მოაწერეს „ღირებულების გადახდის გრაფიკს“;
2. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 3.2.2 პუნქტის შესაბამისად, კარკასის სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2008 წლის ოქტომბრის ბოლო სამუშაო დღე;
3. მოსარჩელეს ტრანში უნდა გადაეხადა შენობის კარკასის სამუშაოების დასრულებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში;
4. ფართის ნასყიდობის შესახებ წინასწარი ხელშეკრულების 3.3. პუნქტის თანახმად, გრაფიკის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში, მყიდველის მიერ გრაფიკით განსაზღვრულ თანხაზე მეტობით გადახდილ თანხას, მყიდველის სასარგებლოდ დაერიცხებოდა წლიური 14.5% მომდევნო სავალდებულო გადახდის დღემდე და აღნიშნული თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 196-ე მუხლით გათვალისწინებული 10%-ის დაკავებით გამოაკლდებოდა ხელშეკრულების დანართში წარმოდგენილ გადახდის გრაფიკის მომდევნო შენატანს;
5. სადავო ფართის ღირებულება მოსარჩელეს გადახდილი აქვს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). განსახილველ შემთხვევაში, ამგვარი პრეტენზია წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ სს გეს „ს-ს“ გრაფიკით გათვალისწინებული თანხა წინასწარ არ დაუფარავს.
საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარე მიუთითებს მხოლოდ გრაფიკით გათვალისწინებული ბოლო ტრანშის წინასწარ დაფარვაზე და ითხოვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის დარიცხვას, იმ საფუძვლით, რომ ამ დროისათვის შენობის კარკასი აშენებული არ იყო.
ზემოაღნიშნული მოთხოვნის საფუძვლიანობის დადგენისათვის სასამართლომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისი პირობებით უნდა იხელმძღვანელოს.
2007 წლის 20 აგვისტოს ხელშეკრულების მე-3 თავი აწესრიგებს ქონების ღირებულებასა და ანგარიშსწორების წესთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნული თავი ითვალისწინებს თანხის ნაწილის გადახდას ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, ხოლო 3.2.2 პუნქტის თანახმად, დანარჩენი თანხა მყიდველს უნდა გადაეხადა შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. გრაფიკში დაფიქსირებული ბოლო ტრანში უნდა გადახდილიყო შენობის კარკასის აშენების შემდეგ. ასეთ თარიღად მიჩნეულია 2008 წლის ოქტომბრის ბოლო სამუშაო დღე, საიდანაც ბოლო ტრანშის გადახდა უნდა მომხდარიყო 15 კალენდარული დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ამ თარიღისათვის კარკასი არ იქნებოდა აშენებული, მყიდველს უფლება ეძლეოდა გადახდა შეეჩერებინა მის აშენებამდე.
იმავე ხელშეკრულების 3.3 პუნქტი კი შემდეგ პირობას ითვალისწინებს: „წინამდებარე ხელშეკრულების დანართ N1-ით განსაზღვრულ თანხაზე მეტობით გადახდილ თანხას, მყიდველის სასარგებლოდ დაერიცხება წლიური 14,5% მომდევნო სავალდებულო გადახდის დღემდე და აღნიშნული თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის N196 მუხლით გათვალისწინებული 10%-ის დაკავებით გამოაკლდება წინამდებარე ხელშეკრულების N1 დანართში წარმოდგენილი გრაფიკის მომდევნო შენატანს.“
ხელშეკრულების 9.3 პუნქტის მიხედვით, მყიდველი ქონების ღირებულების გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, ბრალის მიუხედავად, იხდის პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5%.
ამდენად, მითითებული პირობები ცხადყოფს, რომ მყიდველი ნასყიდობის ფასის გარკვეულ ნაწილს იხდიდა ეტაპობრივად, მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკით. თითო ჯერზე გადასახდელ თანხაზე მეტის გადახდის შემთხვევაში, ზედმეტად გადახდილ თანხას ერიცხებოდა პროცენტი მომდევნო სავალდებულო გადახდის თარიღამდე და დაგროვილი თანხა უნდა ჩათვლილიყო მომდევნო შენატანის ანგარიშში, ანუ, ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა თანხის წინსწრებით დაფარვისას დარიცხული საპროცენტო სარგებლის მყიდველისათვის თავისუფლად განსაკარგავად გადაცემას, არამედ თანხა გამოაკლდებოდა გრაფიკით გათვალისწინებულ მომდევნო შენატანს, რაც, საბოლოო ჯამში, მყიდველის მიერ გადასახდელ თანხას შეამცირებდა. მხარეები შეთანხმებულები იყვნენ კონკრეტულ ვადაზე, რომლის დადგომამდეც ორივე მხარეს ნაკისრი ვალდებულება უნდა შეესრულებინა - „ა.-ბ-ს“ მშენებლობის განსაზღვრული ეტაპი დაემთავრებინა, ხოლო „ს-ს“ თანხის ბოლო ნაწილი დაეფარა. თუ გამყიდველი ვალდებულებას ვადაში ვერ შეასრულებდა, შესაბამისად გადაიწევდა მყიდველის ვალდებულების შესრულების ვადაც, რაც ძველ ვადაში განხორციელებულ შენატანს წინასწარ გადახდილად აქცევდა (ხელშეკრულების 3.2.2 პუნქტი). აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ხელშეკრულების აღნიშნული პირობები არასწორად განმარტა, მაგრამ „ა.-ბ-ისათვის“ პროცენტის დაკისრების საფუძველი მაინც არ არსებობდა, რადგანაც ამ უკანასკნელის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევა არ დასტურდება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ „ა.-ბ-ს“ შენობის კარკასი 2008 წლის ოქტომბრისათვის აშენებული ჰქონდა. მოსარჩელე, მიუთითებს რა კარკასის აშენების ვადის დარღვევაზე, ეყრდნობა ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2010 წლის 21 სექტემბრის N205 დადგენილებას. აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე შპს „ა.-ბ-ი“ დაჯარიმდა 1000 ლარით ძირითადი მზიდი კონსტრუქციის სამშენებლო სამუშაოების დაუდასტურებელი ეტაპის გამო. დადგენილების მიხედვით, ასევე ირკვევა, რომ შენობის სახურავი მოწყობილი იყო. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული დადგენილების არსებობა, თავისთავად, ხელშეკრულების პირობების დარღვევას არ ნიშნავს. დადგენილებით ის გარემოება დასტურდება, რომ შემოწმების დროისათვის „ა.-ბ-ს“ დასრულებული ჰქონდა ძირითადი მზიდი კონსტრუქციის სამშენებლო სამუშაოები, რის შესახებაც შესაბამისი სახელმწიფო უწყებისათვის არ მიუმართავს, რაც მის მიმართ სანქციების გამოყენების საფუძველი გახდა, მაგრამ არ დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ კარკასის მშენებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ დასრულებულა. მხარეთა შორის გათვალისწინებული ხელშეკრულებით, მნიშვნელოვანია ის, რომ განსაზღვრული მოქმედება დათქმულ ვადაში შესრულებული ყოფილიყო, გამყიდველის ურთიერთობა სახელმწიფო უწყებებთან კი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა ვალდებულებებზე გავლენას ვერ მოახდენდა. მითითებული დადგენილება ადასტურებს, რომ შპს „ა.-ბ-მა“ მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებული ვალდებულება სახელმწიფოსთან დაარღვია და არა მოსარჩელესთან.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ შპს „ა.–ბ-ს“, საქმეში არსებული შესრულებული სამუშაოების მიღების №6,7,9 და 10 აქტების მიხედვით, რომლებიც დათარიღებულია 2008 წლის 12 ივნისით, აგრეთვე, ამავე წლის 15 სექტემბრით, სადავო შენობის კარკასი აშენებული ჰქონდა 2008 წლის 15 სექტემბრისათვის წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ აქტებში მითითებული თუნდაც ერთ–ერთი სამუშაოს („კრამიტის სახურავის მოწყობა, ხის მოლარტყვით, თბოიზოლაციის და ჰიდროიზოლაციის მოწყობით“), შესრულება შეუძლებელი იქნებოდა.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის წინსწრებით გადახდილი თანხის 14,5%-ის - 105620.9 ლარის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში დასაბუთებული, კანონიერია და უცვლელად უნდა დარჩეს.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას, მოპასუხისათვის 38012,36 ლარის დაკისრების თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველ რიგში სწორად უნდა განისაზღვროს ამ მოთხოვნის არსი.
საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ მოსარჩელე ითხოვდა არა პირგასამტეხლოს დაკისრებას „ა.-ბ-ისათვის“, როგორც ეს პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია და აპელაციამ გვერდი აუარა თავის გადაწყვეტილებაში, არამედ ზიანის ანაზღაურებას ფართის მფლობელობაში გადაცემის ვადის გადაცილებისათვის. მხარე სარჩელში მიუთითებს, რომ ხელშეკრულებით პირგასამტეხლო გათვალისწინებულია მხოლოდ მყიდველის მიერ თანხის გადახდის ვადის გადაცილებაზე, საკუთარ მოთხოვნად კი, ზიანის ანაზღაურებას ასახელებს და სამოქალაქო კოდექსის 411-ე-414-ე მუხლებზე მიუთითებს. ხელშეკრულების ამ პირობის გათვალისწინებით, მოსარჩელეს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება რომ მოეთხოვა, სარჩელი უსაფუძვლო იქნებოდა, რადგანაც, სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების შესაბამისად, სავალდებულოა პირგასამტეხლოს თაობაზე მხარეთა შეთანხმება, რომელიც წერილობით უნდა გაფორმდეს.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-4 თავის თანახმად, ფართი ექსპლუატაციაში უნდა გადაცემულიყო არაუგვიანეს 2009 წლის 30 სექტემბრისა. სარჩელის სასამართლოში შეტანის დროისათვის მიმდინარეობდა შენობის ვარგისად აღიარებასთან დაკავშირებული წარმოება, ანუ იკვეთება ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევა, რასაც არც მოპასუხე უარყოფს.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
იმავე კოდექსის 394-ე მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით და არასწორად განმარტა, რომ მოპასუხე არ იყო მოსარჩელის მოვალე და არ გადაუცილებია ფულადი ვალდებულების შესრულების ვადისათვის, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის „მოვალის მიერ ვადის გადაცილების“ შესახებ თავი არ გულისხმობს მხოლოდ სესხის ხელშეკრულების მოვალეს, ანუ დებიტორს. მოვალე გულისხმობს ნებისმიერ ხელშეკრულებაში პირს, რომელსაც ამ ხელშეკრულებით გარკვეული ქმედების განხორციელების ან ქმედებისაგან თავის შეკავების ვალდებულება ეკისრება. გარდა ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისა, მითითებულ თავში მოცემულია 404-ე მუხლიც, რომლის თანახმადაც კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. კრედიტორი ამ შემთხვევაში ნებისმიერ ხელშეკრულებაში შესრულების მოთხოვნის უფლების მქონე პირია და არა მხოლოდ ფულადი ვალდებულების კრედიტორი.
მოსარჩელეს არ მოუთხოვია საპროცენტო სარგებელის დაკისრება, მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურება იყო, რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მხარე დაეყრდნო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ „წლიურ შეწონილ საპროცენტო განაკვეთებს ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე“, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარემ აღნიშნული ნორმატიული აქტი გამოიყენა როგორც ზიანის ანაზღაურების სამართლიანი ოდენობის განსაზღვრის საშუალება და არ მიუთითებია საკუთარი მოთხოვნის საფუძვლად ფულადი ვალდებულების არსებობა.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია ზიანის ანაზღაურების საფუძვლების არსებობა (ზიანის არსებობა, მოპასუხის ბრალი და ა.შ), დაედგინა შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები და დავა აღნიშნულის შესაბამისად გადაეწყვიტა, რაც მას არ განუხორციელებია. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მხარის ამ მოთხოვნაზე, პრაქტიკულად, არც უმსჯელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნაზე, დაადგინოს შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები, იმსჯელოს მხარის მიერ მოთხოვნილი კომპენსაციის საფუძვლიანობასა და სამართლიანობაზე და სასარჩელო მოთხოვნის სწორი სამართლებრივი შეფასების გზით გადაჭრას დავა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს გეს „ს-ს“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურების სახით შპს „ა.-ბ-ისათვის“ 38012,36 ლარის დაკისრების შესახებ სს გეს „ს-ს“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე