საქმე №ას-952-895-2012 18 ოქტომბერი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ნ. ს-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ქ.თბილისის N... საჯარო სკოლა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ს-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ ქ.თბილისის N... საჯარო სკოლის მიმართ სსიპ ქ.თბილისის N... სკოლის სამეურვეო საბჭოს 2011 წლის 21 იანვრის საოქმო გადაწყვეტილებებისა და ამავე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2011 წლის 21 იანვრის N1-05/5 ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და 2011 წლის 24 იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის - ყოველთვიურად 328,30 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
1987 წელს მოსარჩელემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა ფილოლოგის, ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაცია, შესაბამისად, მუშაობდა ქ.თბილისის N... სკოლაში ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად და იყო ამავე სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე. 2011 წლის 21 იანვარს სამეურვეო საბჭოს სხდომის მიმდინარეობა, რომელზეც სკოლის დირექტორი არ ყოფილა მიწვეული, გააგრძელა დირექტორმა და აცნობა მოსარჩელეს მისი სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე, ასევე დააყენა საკითხი ნ.ს-ს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადაყენების შესახებ, მიუხედავად ნ.ს-სა და საბჭოს წევრების მიერ სხდომის დატოვებისა. ამავე სკოლის სამეურვეო საბჭოს 2011 წლის 21 იანვრის საოქმო გადაწყვეტილებით გაცემულ იქნა თანხმობა მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე, ხოლო დირექტორის 2011 წლის 21 იანვრის ბრძანებით შეუწყდა შრომითი ურთიერთობა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:
ქ.თბილისის N... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2011 წლის 21 იანვრის N4 სხდომის ოქმის თანახმად, სამეურვეო საბჭო 14 წევრისაგან შედგებოდა, სხდომის ოქმის N3 დანართის თანახმად, რომელიც ასევე 2011 წლის 21 იანვარსაა შედგენილი, საბჭოს გადაწყვეტილება კანონიერია, რადგანაც გადაწყვეტილების მიღებისას შედგა კვორუმი და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა 8 წევრი, შესაბამისად, მოსარჩელის არგუმენტი, რომ მან საბჭოს სხდომა ჩაშლილად გამოაცხადა, არასწორია, რადგანაც საბჭოს არც ერთ წევრს ამ საკითხზე თანხმობა არ განუცხადებია, ამასთანავე, საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის გამო, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით არჩეულ იქნა სხვა თავმჯდომარე და საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება. აღნიშნული კი განაპირობებს სამუშაოდან დათხოვნის შესახებ სკოლის დირექტორის ბრძანების კანონიერებასაც. იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ დასაქმებულის დათხოვნა მოხდა კანონის სრული დაცვით, არ არსებობს არც განაცდურის ანაზღაურების საფუძველი, ამასთანავე, მოსარჩელეს მიღებული აქვს კომპენსაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ს-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ნ. ს-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ: 2007 წლის 1 ნოემბერს სსიპ ქ.თბილისის №... საჯარო სკოლასა და ნ. ს-ს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება; ამავე სკოლის დირექტორის 2011 წლის 21 იანვრის №1-05/5 ბრძანების საფუძველზე, 2011 წლის 24 იანვრიდან სკოლის მასწავლებელ ნ. ს-ს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება; მოსარჩელის ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 328,30 ლარს; ნ. ს-ა იყო სსიპ ქ.თბილისის №... საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე; დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2011 წლის 16 თებერვლის №3/59 წერილის თანახმად, №... საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში 2011 წლის 21 იანვრის მდგომარეობით ირიცხებოდა 15 წევრი, მათ შორის: 6 პედაგოგი, 6 მშობელი, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენელი, მოსწავლეთა თვითმართველობის წარმომადგენელი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი. ასევე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 483 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სკოლის მანდატური სამეურვეო საბჭოს სხდომაში მონაწილეობდა სათათბირო ხმის უფლებით მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით.
პალატის განმარტებით, 2011 წლის 21 იანვრის სხდომის ოქმზე დაფიქსირებული ხელმოწერებით დასტურდება, რომ სამეურვეო საბჭოს 8 წევრმა ნ. ს-ს გათავისუფლების საკითხზე დააფიქსირეს თანხმობა. მოწმედ დაკითხული პირები 2011 წლის 21 იანვრისათვის მოქმედი სამეურვეო საბჭოს წევრები არიან და ჩვენებაში დაადასტურეს ნ.ს-ს გათავისუფლების საკითხზე გამოვლენილი მათი ნების ნამდვილობა. პალატა არ დაეთანხმა აპელანტის პრეტენზიას სამეურვეო საბჭოს ზოგიერთი წევრის მიერ მისი გათავისუფლების შესახებ საკითხის დადებით გადაწყვეტასთან დაკავშირებით იმ საფუძვლით, რომ დ. მ-მა ჩვენებით დაადასტურა 2011 წლის 21 იანვრის ხელნაწერ ოქმზე მისი ხელმოწერის ნამდვილობა და პოზიცია იმის შესახებ, რომ დაეთანხმა ნ. ს-ს სამსახურიდან გათავისუფლებას. ასევე ზ. ქ-ი, რომელიც, მართალია, ჩვენებაში მიიჩნევს, რომ ნ. ს-ა არ უნდა გათავისუფლებულიყო სკოლიდან, მან ფაქტობრივად მხარი დაუჭირა ნ. ს-ს გათავისუფლების შესახებ საკითხს. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ ჩათვალა, რომ მოწმეთა ჩვენებები და 2011 წლის 21 იანვრის სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმი შეიცავდა საბჭოს რვა წევრის (უმრავლესობის) მიერ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე გამოვლენილ ნებას. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტის 2011 წლის 16 თებერვლის N3/59 წერილის საფუძველზე პალატამ ჩათვალა, რომ თბილისის N... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა 2011 წლის 21 იანვრისათვის განსაზღვრული იყო 15 წევრით, შესაბამისად, 8 წევრის თანხმობა, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის „ზ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამეურვეო საბჭოს თანხმობას წარმოადგენდა საბჭოს წევრ მასწავლებელთან, ნ. ს-სთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე. პალატამ აპელანტის პრეტენზია, რომ წერილობითი განცხადებით არ მიუმართავს სკოლის დირექტორს სამეურვეო საბჭოსათვის ნ. ს-სთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საკითხზე სამეურვეო საბჭოს თანხმობის მისაღებად და, რომ 2011 წლის 21 იანვრის სამეურვეო საბჭოს სხდომა მოწვეული იყო სხვა საკითხებთან დაკავშირებით და კრება ჩაიშალა, არ იქნა მიჩნეული გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე გარემოებად. სასამართლოს განმარტებით, მოცემული კატეგორიის დავებში მოქმედი პროცესუალურ-სამართლებრივი და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმებით არ არის დადგენილი მტკიცების განსაკუთრებული სტანდარტი მასწავლებლის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების, სკოლის შინაგანაწესის მოთხოვნების დარღვევის შესახებ სამტკიცებლად. მასწავლებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების ან/და შინაგანაწესის მოთხოვნების დარღვევის ფაქტი შეიძლება დადასტურდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ მტკიცების საშუალებათა (მტკიცებულებათა), მათ შორის მოწმეთა ჩვენების, წერილობითი მტკიცებულებებით, ასევე მხარის ახსნა-განმარტების გამოყენებით. პალატამ მიუთითა მოწმედ დაკითხულ პირთა ჩვენებებზე, რომლებიც შეიცავდა მონაცემებს ნ. ს-ს მხრიდან სკოლის შინაგანაწესის მოთხოვნების დარღვევის შესახებ, ეს მოწმეები მოწვეული და დაკითხულ იქნენ თავად აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე. მოწმე ლ. გ-მა, რომელიც სამეურვეო საბჭოს წევრია, აღნიშნა, რომ სამეურვეო საბჭოს სხდომა ტარდებოდა ძალიან პატარა ოთახში, სადაც საბჭოს წევრები ვერც კი ეტეოდნენ. როდესაც ოთახში შედიოდნენ სხდომაში მონაწილეობის მისაღებად, ნ. ს-ა მათ მიმართავდა, რომ „ასეთ გაურემონტებელ საკლასო ოთახში სწავლობენ თქვენი შვილებიო“. 2011 წლის 21 იანვრის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე დასასწრებად შესულ სკოლის დირექტორს ნ. ს-მ მიმართა შეურაცხმყოფელი სიტყვებით და მიუთითა, რომ მას არ ჰქონდა სხდომაზე დასწრების უფლება. ი. კ-ს ჩვენების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ის იყო სამეურვეო საბჭოს წევრი, ნ. ს-მ არ შეუშვა ერთ-ერთ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად. საბჭოს წევრი მასწავლებლები აღშფოთებული იყვნენ იმ გარემოებით, რომ არ იცოდნენ, თუ სად ტარდებოდა სამეურვეო საბჭოს სხდომა. ზემოაღნიშნული განმარტებების გათვალისწინებით, პალატამ გაიზიარა N... სკოლის დირექტორის ახსნა-განმარტება დირექციასთან და სხვა პედაგოგებთან ნ. ს-ს დაძაბული ურთიერთობის შესახებ, ასევე, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მისი მხრიდან ხდებოდა გარკვეული სახის არასწორი ინფორმაციის გავრცელება დირექციის საქმიანობის შესახებ, რათა გამოწვეულიყო უკმაყოფილება დირექციის მიმართ. ამასთან, მიუხედავად სკოლის დირექტორის არა ერთი თხოვნისა, სამეურვეო საბჭოს სხდომები და მუშაობა ყოფილიყო გამჭვირვალე, ნ. ს-ა უგულებელყოფდა დირექტორის თხოვნას.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა შრომის კოდექსის მე-2 მუხლით, პირველი მუხლის პირველი ნაწილით და, ვინაიდან დავა ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში წარმოშობილ შრომით სამართლებრივ ურთიერთობას შეეხებოდა, ჩათვალა, რომ მასზე უნდა გავრცელებულიყო სპეციალური მოწესრიგება, დადგენილი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის „ზ“ და „ზ1“ ქვეპუნქტებით, უნდა დადგენილიყო მითითებულ ნორმათა წინაპირობების არსებობა, ამასთანავე, ვინაიდან სადავო ბრძანებაში მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად არასწორად იყო მითითებული შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, პალატის მოსაზრებით, ბრძანებაში სამართლებრივი ნორმების არასწორი მითითება, მისი ბათილობის საფუძველს არ წარმოადგენდა. იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო ბრძანების მიღებასა და ნ. ს-სთან შრომის სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტას, წინ უძღოდა ნ.ს-ს მხრიდან გარკვეული ქმედებები, სასამართლომ ჩათვალა, რომ აპელანტის ამ ქმედებათა შედეგად სკოლაში ყალიბდებოდა არაჯანსაღი გარემო. ამასთან, მიუხედავად სკოლის დირექტორის არაერთი თხოვნისა, სამეურვეო საბჭოს სხდომები და მუშაობა ყოფილიყო გამჭვირვალე, რაც უგულებელყოფილი იყო ნ. ს-ს მხრიდან. სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობდა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით, 35-ე მუხლის პირველი პუნქტით, ასევე 50-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი წინაპირობები, სკოლის დირექტორს, როგორც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის წარმართვასა და სკოლის მართვაზე პასუხისმგებელ პირს უფლებამოსილება ჰქონდა ნ.ს-სთან შეეწყვიტა შრომითი ურთიერთობა, ამასთანავე, სადავო ბრძანების მიღების მომენტისათვის სკოლის დირექტორს ჰქონდა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის „ზ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამეურვეო საბჭოს თანხმობა საბჭოს წევრ მასწავლებელთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, ამასთან, ვინაიდან არ არსებობდა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებისა და სსიპ ქ.თბილისის N... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2011 წლის 21 იანვრის საოქმო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძველი, პალატამ ჩათვალა, რომ არ არსებობდა ასევე სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად მიჩნეული გარემოებები არ ეყრდნობა სათანადო მტკიცებულებებს, არასწორადაა განსაზღვრული 2011 წლის 21 იანვრის მდგომარეობით ქ.თბილისის N... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა, ამასთან, სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ კასატორის სამუშაოდან გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას სამეურვეო საბჭოს კვორუმი შედგა. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ 2011 წლის 21 იანვარს ქ.თბილისის N... საჯარო სკოლაში ჩატარდა სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომა, რომლის მოწვევის პროცედურაც დაცული იყო. არასწორია პალატის მსჯელობა, რომ სამეურვეო საბჭო არ არის ვალდებული, დაიცვას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, რომ სკოლის დირექტორს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გაათავისუფლოს თანამდებობიდან მასწავლებელი და, რომ არ არის საჭირო სამეურვეო საბჭოსათვის წინასწარ მიმართვა სავალდებულო, აღნიშნულით დაირღვა ადმინისტრაციული წარმოების წესი, დაკავშირებული განცხადების განხილვასთან, რომელიც რეგულირებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 76-ე, 78-ე, 79-ე, 95-ე, 96-ე, 98-ე, 104-ე, 110-ე მუხლებით, აღნიშნული დარღვევის გამო, ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილისა და 54-ე მუხლის თანახმად, არსებობს სამეურვეო საბჭოს 2011 წლის 21 იანვრის ოქმისა და მისი N3 დანართის ბათილად ცნობის საფუძველი. გარდა აღნიშნულისა, დირექტორის გადაწყვეტილებით ირღვევა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლითა და შრომის კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრული შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი. საქმის მასალებით დასტურდება და არც ერთ მხარეს სადავოდ არ გაუხდია, რომ სკოლაში მომუშავე ინგლისური ენის 14 მასწავლებლიდან ყველაზე მეტი, 20-საათიანი კვირეული დატვირთვა მხოლოდ კასატორს ჰქონდა და სწორედ ის იქნა გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან, მხოლოდ მას წაერთვა შრომის უფლება და მის მიმართ გამოვლინდა დისკრიმინაციული დამოკიდებულება, აღნიშნული კი აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციით, განათლების სფეროში დისკრიმინაციის წინააღმდეგ 1960 წლის 15 დეკემბრის კონვენციით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შრომის კოდექსით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ კასატორის გათავისუფლების საკითხს მხარი სამეურვეო საბჭოს წევრთა საჭირო რაოდენობამ არ დაუჭირა, რაც გამორიცხავს ასეთი თანხმობის მიღებულად მიჩნევას, ამასთან, 2011 წლის 21 იანვრის ოქმის N3 დანართის თანახმად, საბჭომ თანხმობა განაცხადა საბჭოს თავმჯდომარე ნ.ს-ს თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით. მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, სამეურვეო საბჭო არ წარმოადგენს უფლებამოსილ ორგანოს, მხარი დაუჭიროს საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებას. აღნიშნულით სამეურვეო საბჭომ, ერთი მხრივ, უგულებელყო კანონი, ხოლო, მეორე მხრივ, გადაამეტა მის უფლებამოსილებას, რის გამოც ეს გადაწყვეტილება N3 დანართთან ერთად ბათილია, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილისა. 2011 წლის 21 იანვრის საოქმო გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ სამეურვეო საბჭომ შრომითი ურთიერთობა შეუწყვიტა პედაგოგს, რისი უფლებამოსილებაც არა მას, არამედ სკოლის დირექტორს გააჩნდა, რაც ასევე ოქმის ბათილად ცნობის საფუძველია, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა. საყურადღებოა ასევე, რომ სამეურვეო საბჭოს საოქმო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების N3 დანართი ურთიერთწინააღმდეგობრივია, შესაბამისად, ის არ შეიძლება მიჩნეულ იქნას „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაცემულ თანხმობად, აღნიშნული კი განაპირობებს სკოლის დირექტორის 2011 წლის 21 იანვრის N1-05/5 ბრძანების ბათილად ცნობას. სადავო ბრძანების მიღებით სკოლის დირექტორმა ასევე დაარღვია „საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის N959 ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-10 მუხლის მოთხოვნები, რომლითაც განსაზღვრულია სკოლის დირექტორის ვალდებულებები მასწავლებელთან ხელშეკრულების მოშლამდე. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული გარემოებები, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, ამასთანავე, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია კანონი, რაც მიღებული გადაწყვეტილების 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებისა და ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, მისი გაუქმების საფუძველია, ამასთანავე, გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ნ. ს-ს საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე, თანახმად ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ს-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ნოემბრის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულია, თუ რა შემთხვევაში ჩაითვლება სამართლის ნორმები დარღვეულად, ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2007 წლის 1 ნოემბერს სსიპ ქ.თბილისის №... საჯარო სკოლასა და ნ. ს-ს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება. მოსარჩელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 328,30 ლარს. მოსარჩელე იმავდროულად იყო სსიპ ქ.თბილისის №... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე.
სსიპ ქ.თბილისის №... საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში 2011 წლის 21 იანვრის მდგომარეობით ირიცხებოდა 15 წევრი, მათ შორის: 6 პედაგოგი, 6 მშობელი, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენელი, მოსწავლეთა თვითმართველობის წარმომადგენელი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი. ასევე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 483 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სკოლის მანდატური სამეურვეო საბჭოს სხდომაში მონაწილეობდა სათათბირო ხმის უფლებით მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით.
2011 წლის 21 იანვრის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე სამეურვეო საბჭოს 8 წევრმა ნ. ს-ს გათავისუფლების საკითხზე დააფიქსირა თანხმობა. სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა აპელანტის პრეტენზიას სამეურვეო საბჭოს ზოგიერთი წევრის მიერ მისი გათავისუფლების შესახებ საკითხის დადებით გადაწყვეტასთან დაკავშირებით იმ საფუძვლით, რომ დ. მ-მა ჩვენებით დაადასტურა 2011 წლის 21 იანვრის ხელნაწერ ოქმზე მისი ხელმოწერის ნამდვილობა და პოზიცია იმის შესახებ, რომ დაეთანხმა ნ. ს-ს სამსახურიდან გათავისუფლებას. ასევე ზ. ქ-ი, რომელიც, მართალია, ჩვენებაში მიიჩნევს, რომ ნ. ს-ა არ უნდა გათავისუფლებულიყო სკოლიდან, მან ფაქტობრივად მხარი დაუჭირა ნ. ს-ს გათავისუფლების შესახებ საკითხს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოწმეთა ჩვენებები და 2011 წლის 21 იანვრის სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმი შეიცავდა საბჭოს რვა წევრის (უმრავლესობის) მიერ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე გამოვლენილ ნებას.
პალატამ აპელანტის პრეტენზია, რომ წერილობითი განცხადებით არ მიუმართავს სკოლის დირექტორს სამეურვეო საბჭოსათვის ნ. ს-სთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საკითხზე სამეურვეო საბჭოს თანხმობის მისაღებად და, რომ 2011 წლის 21 იანვრის სამეურვეო საბჭოს სხდომა მოწვეული იყო სხვა საკითხებთან დაკავშირებით და კრება ჩაიშალა, არ იქნა მიჩნეული გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე გარემოებად.
პალატამ მიუთითა მოწმედ დაკითხულ პირთა ჩვენებებზე, რომლებიც შეიცავდა მონაცემებს ნ. ს-ს მხრიდან სკოლის შინაგანაწესის მოთხოვნების დარღვევის შესახებ. მიუხედავად არა ერთი თხოვნისა, სამეურვეო საბჭოს სხდომები და მუშაობა ყოფილიყო გამჭვირვალე, ნ. ს-ა უგულვებელყოფდა დირექტორის თხოვნას.
სასამართლომ ჩათვალა, რომ განსახილველ შემთხვევაში, არსებობდა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით, 35-ე მუხლის პირველი პუნქტით, ასევე 50-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი წინაპირობები, სკოლის დირექტორს, როგორც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის წარმართვასა და სკოლის მართვაზე პასუხისმგებელ პირს უფლებამოსილება ჰქონდა ნ.ს-სთან შეეწყვიტა შრომითი ურთიერთობა, რაც განხორციელდა 2011 წლის 21 იანვრის №1-05/5 ბრძანების საფუძველზე, რომლითაც მოსარჩელესთან 2011 წლის 24 იანვრიდან შეწყდა შრომითი ურთიერთობა.
სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან არ არსებობდა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებისა და სსიპ ქ.თბილისის N... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2011 წლის 21 იანვრის საოქმო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძველი, პალატამ ჩათვალა, რომ არ არსებობდა ასევე სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები.
როგორც საკასაციო საჩივრის შინაარსიდან ირკვევა, კასატორი მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან როგორც საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევაზე, რაც გამოიხატება მტკიცებულებათა არასწორ შეფასებაში, ასევე მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დარღვევაზე. შესაბამისად, საკასაციო პრეტენზიების მართებულობის შემოწმების მიზნით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე საკითხზე:
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებები. მითითებული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების მიხედვით, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული პირობებისა და წესის შესაბამისად, უზრუნველყოს მასწავლებლებთან და სკოლის სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადება და შესრულება. ხოლო, შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში, ვადამდე შეუწყვიტოს მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება. აღსანიშნავია, რომ საბჭოს წევრ მასწავლებელთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ნამდვილობისათვის კანონმდებელი აწესებს დამატებით მოთხოვნას, რაც ასახულია 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ1“ ქვეპუნქტში და რომლის თანახმადაც, ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია სამეურვეო საბჭოს თანხმობა. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ანალოგიური დავების გადაწყვეტისას საქართველოს შრომის კოდექსთან ერთად გამოყენებული უნდა იქნეს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმები, როგორც სპეციალური კანონი, თუმცა, ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სადავო ბრძანების, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმების თაობაზე. რაც შეეხება სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმებს, ისინი დამოუკიდებლად რაიმე იურიდიულ შედეგს არ წარმოშობენ მოსარჩელესთან მიმართებაში. საკასაციო პალატა მოიშველიებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის განმარტებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დამახასიათებელ ნიშნებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ბრძანება, არ არის ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული აქტი, ასევე სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმი არ აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს მოსარჩელის უფლებებსა და მოვალეობებს, შესაბამისად, აღნიშნულის გათვალისწინებით სხვა ელემენტების არსებობაზე მსჯელობა საფუძველს მოკლებულია.
მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე ნ. ს-ა წარმოადგენდა სსიპ ქ.თბილისის №... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრს და იმავდროულად თავმჯდომარეს. შესაბამისად, მასთან, როგორც სამეურვეო საბჭოს წევრ მასწავლებელთან შრომითი ხელშეკრულების შწყვეტისათვის აუცილებელი იყო სამეურვეო საბჭოს თანხმობა. კასატორი როგორც სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში, ასევე საკასაციო საჩივარში განმარტავს, რომ სამუშაოდან გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას სამეურვეო საბჭოს კვორუმი არ შემდგარა. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს დ. მ-ის, ზ. ქ-ისა და ჟ. მ-ის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებზე, სადაც ეს უკანასკნელნი განმარტავენ შემდეგს: დ. მ-ი _ „ხელნაწერი ოქმის შედგენის დროს დარბაზში არ ვიმყოფებოდი და არ ვიცი ვინ შეადგინა. იმ სხდომაზე ხელნაწერი ოქმის გარდა სხვა ოქმი არ მინახავს. სხდომის თავმჯდომარის და მდივნის არჩევას არ დავსწრებივარ. ფაქტია, რომ ჩემი ხელმოწერით დავეთანხმე ნ. ს-ს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან გათავისუფლებას“ (იხ. ტI, ს.ფ.96); ზ. ქ-ი _ „2011 წლის 21 იანვარს სამეურვეო საბჭოს სხდომაზე დაგვიანებით მივედი, სხდომა დაწყებული იყო უკვე. სხდომაზე რომ მივედი ქალბატონი ლ. დ-ა საუბრობდა და ნ. ს-ს მიუთითებდა კანონის მუხლებს და უთხრა, რომ გათავისუფლებული იყო. მას შემდეგ სხდომა დატოვა ნ. ს-მ რამდენიმე წევრთან ერთად. მის შემდეგ მეც დავტოვე სხდომა და სიგარეტის მოსაწევად გავედი გარეთ. ავბრუნდი ისევ, რომ საქმის ვითარება გამეგო, შედგა ოქმი და ხელი უნდა მოგვეწერა. მე ამ დროს ჩემი აზრი დავაფიქსირე, როცა თავმჯდომარე და მდივანი არ არის, ქმედებები უკანონო იყო, რადგან თავმჯდომარემ და სხდომის მდივანმა სხდომა დატოვეს. მიუხედავად იმისა, რომ უკანონოდ ვთვლიდი ხელი მაინც მოვაწერე ოქმს, მაგრამ მისი შინაარსი უცნობია ჩემთვის. მეორე სხდომის ოქმის შესახებ ჩემთვის არ არის ცნობილი, ჩემი ხელმოწერა რომელ ოქმზეც არის გაკეთებული იმ ოქმს ვიცნობ მხოლოდ. ნ. ს-ს მასწავლებლობიდან გათავისუფლების შესახებ საკითხი დაყენებული იყო თუ არა ჩემთვის უცნობია, რადგან სხდომაზე განიხილებოდა მხოლოდ მისი თავმჯდომარეობიდან გათავისუფლება, რაზედაც აღვნიშნე, რომ უკანონო იყო (იხ. ტI, ს.ფ.97)“; ჟ. მ-ი _ „სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ამ ხელნაწერი ოქმის გარდა სხვა ოქმი არ შედგენილა. ჩემი ხელმოწერით მხარი დავუჭირე ნ. ს-ს სამსახურიდან გათავისუფლებას“ (იხ. ტI, ს.ფ.100)“. მოწმეთა ამ ჩვენებებიდან რადიკალურად განსხვავდება მოპასუხე საჯარო სკოლის წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტება, სადაც აცხადებს შემდეგს: „თანხმობა სამეურვეო საბჭოს წევრებს სთხოვა ს-სთან, როგორც პედაგოგთან შრომითი ხელშეკრულების მოშლის შესახებ. ოქმებში იკვეთება ეს აშკარად რომ წევრებს აცნობა ხელშეკრულების მოშლის შესახებ როგორც პედაგოგთან. მოწმეები ადასტურებენ, რომ დირექტორი, რომელიც შევიდა სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, მან განაცხადა, რომ ის უწყვეტდა ხელშეკრულებას ს-ს, როგორც პედაგოგს და არა როგორც სამეურვეო საბჭოს წევრს“ (იხ. ტII, ს.ფ.54)“. საინტერესოა ასევე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ლ. დ-ს სასამართლო სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტება, სადაც აცხადებს შემდეგს: „მე არ მქონდა მისი როგორც თავმჯდომარის გადაყენების უფლება 37 „დ“ პუნქტით, მქონდა მისი გათავისუფლების უფლება“ (იხ. ტII, ს.ფ.56)“. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა სწორი შეფასებიდან, კერძოდ, ბუნდოვანია რა მტკიცებულებებზე დაყრდობით მივიდა სააპელაციო პალატა იმ დასკვნამდე, რომ სამეურვეო საბჭოს უმრავლესობამ (8 წევრმა) დააფიქსირა თანხმობა ნ. ს-სთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, მაშინ როდესაც 8 წევრიდან სამი წევრი უარყოფს ხელნაწერი ოქმის (იხ. ტI, ს.ფ.22) გარდა სხვა ოქმის შედგენას, ასევე ნ. ს-სთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში მონაწილეობის მიღებას. აღსანიშნავია, ასევე ის გარემოება რომ სსიპ ქ.თბილისის N... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2011 წლის 21 იანვრის სხდომის ოქმი, რომლითაც დადგინდა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა (იხ. ტI, ს.ფ.23, 24), არ შეიცავს ამ სხდომაში მონაწილე წევრთა ხელმოწერებს, რასაც სათანადო შეფასება არ მისცემია. ამდენად ზემონიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა სამეურვეო საბჭოს ქვორუმთან დაკავშირებით წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების შედეგი აისახება სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც უნდა შეიცავდეს მსჯელობას იმის შესახებ, თუ რატომ იზიარებს ან რატომ უარყოფს სასამართლო ამა თუ იმ მტკიცებულებას. ამასთან, მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა ნიშნავს არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ მტკიცებულებაზე დაყრდნობას, არამედ მათ ერთობლიობაში შესწავლა-ანალიზს, რომელთა ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო გამოიტანს დასკვნას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის შესახებ. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები, რასაც შედეგად საქმის გარემოებების არასწორად დადგენა მოჰყვა. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება.
საკასაციო პალატა დასაბუთებულად ვერ მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციის ფაქტს. მხოლოდ იმ გარემოებებზე მითითება, რომ სკოლის დირექტორის ბრძანება არ არის საკმარისად დასაბუთებული, ან ინგლისური ენისა და ლიტერატურის 14 მასწავლებლიდან მხოლოდ მასთან შეწყდა შორიმითი ურთიერთობა, არ არის საკმარისი ამგვარი დასკვნის გაკეთებისათვის, ვინაიდან „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს შრომის კოდექსი არ იცნობს დისკრიმინაციის ამგვარ შემადგენლობას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით უნდა შეაფასოს საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო ამის შემდგომ უნდა შეამოწმოს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობა საქართველოს ორგანული კანონის _ საქართველოს შრომის კოდექსისა და განათლების სფეროში მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიხედვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ს-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე