Facebook Twitter

¹ ბს-525-497(კ-06) 21 ნოემბერი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემდეგი შემადგენლობით:

ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლ. ლაზარაშვილი,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

2005წ. 10 იანვარს მოსარჩელე _ ... ცენტრის დირექტორის დ. ბ-ის მიერ, მოპასუხე _ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველოს მიმართ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში აღძრულ იქნა სასარჩელო განცხადება, რომლითაც მან მოითხოვა სახელმწიფო ქონების კონკურსის წესით პრივატიზების საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმის (2004წ. 29 დეკემბერი), როგორც კანონდარღვევით მიღებული აქტის ბათილად ცნობა, შესაბამისად, ... მდებარე ობიექტის პრივატიზების შედეგების ბათილობა, ასევე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29.1 მუხლის საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმის მოქმედების შეჩერება და სსკ-ის 198.2. მუხლის საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოპასუხესთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების აკრძალვა.

სასარჩელო განცხადების ფაქტობრივი საფუძვლები:

ქუთაისის მერიის 1995წ. 22 ივნისს ¹484 განკარგულებით ქუთაისში შეიქმნა ახალგაზრდა შემოქმედთა სახლი, რომელსაც არსებული წესით ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა ... მდებარე ყოფილი ¹2 საწარმოო შენობა. განკარგულების მე-2 პუნქტის საფუძველზე ... სახლში განთავსდა ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი; ამავე განკარგულების მე-5 პუნქტის თანახმად აღნიშნული ობიექტი ამოღებული იქნა საპრივატიზებო ობიექტების ნუსხიდან. 1999წ. იანვარში მოსარჩელის რეგისტრაციის შეცვლის შედეგად შეიცვალა მისი სახელწოდება და ჩამოყალიბდა ... ცენტრად. 2004წ. 29 დეკემბერს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ განხორციელდა ცენტრის ბალანსზე რიცხული ... მდებარე ფართის პრივატიზება, რომელიც ჩატარდა კანონის უხეში დარღვევით.

სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:

სადავო ფართის პრივატიზების პროცესის კანონდარღვევით ჩატარება გამოიხატა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლის დარღვევაში, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული გარიგება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარმოდგენის შემდეგ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტითY ადმინისტრაციული გარიგების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი ეხება. პრივატიზების პროცესი წარმოადგენს ადმინისტრაციულ გარიგებას, რომლის საფუძველზეც უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო _ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო სამოქალაქო სამართლებრივ გარიგებებს დებს ფიზიკურ ან იურიდიულ პირებთან. კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ფართის პრივატიზება განხორციელდა ისე, რომ ახალგაზრდული ცენტრისათვის შესაბამის შეტყობინება გაგზავნილი არ იქნა, რითაც დარღვეულ იქნა ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნა მესამე პირის თანხმობის სავალდებულოობის თაობაზე. ამასთან, კონკრეტულ შემთხვევაში ასვე დარღვეულ იქნა «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის მოთხოვნები ობიექტის საპრივატიზებო კომისიის შექმნის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის «დ» პუნქტის საფუძველზე არსებობს დასახელებული ადმინისტრაციული აქტის (საკონკურსო კომისიის 2004წ. 29 დეკებრის სხდომის ოქმი) ბათილად ცნობის წინაპირობა, რამაც, თავის მხრივ, უნდა განაპირობოს სადავო ფართის პრივატიზების შედეგების ბათილობა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 13 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეჩერების თაობაზე და მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებულ იქნა პრივატიზაციის საკოინკურსო კომისიის სხდომის ოქმი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 21 იანვრის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე ჩაბმულ იქნა მ. ა-ე თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლისა.

2005წ. 25 თებერვალს მოსარჩელე _ ... ორგანიზაციათა კავშირის «... ცენტრის» თავმჯდომარის დ. ბ-ის მიერ, მოპასუხეების: ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და ქ. ქუთაისის მთავრობის, ასევე, მესამე პირების: მ. ა-ისა და ... სახლისა და ქუთაისის მ. კოსტავას სახელობის ახალგაზრდული თეატრის მიმართ, სასამართლოში წარდგენილ იქნა სარჩელი დაზუსტებული და გადიდებული მოთხოვნების შესახებ, რომლის შესაბამისად მოსარჩელემ დამატებით მოითხოვა ქ. ქუთაისის მთავრობის 2004წ. 14 ივნისის ¹7 დადგენილების ბათილად ცნობა, სადავო ფართის საპრივატიზებო ნუსხაში შეტანის თაობაზე, შემდეგი საფუძვლით:

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

ქუთაისის მერიის 1995წ. 22 ივნსის ¹464 განკარგულების გაუქმების გარეშე მოპასუხე _ ქ. ქუთაისის მთავრობის 2004წ. 14 ივნისს ¹7 დადგენილების საფუძველზე სადავო ფართი შეტანილ იქნა საპრივატიზებო ნუსხაში. მითითებული დადგენილების თაობაზე მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა 2004წ. 27 დეკემბერს, მაშინ, როცა კონკურსი გამოცხადდა 2004წ. 28 დეკემბერს. აღნიშნულის გამო მოსარჩელე იძულებული გახდა მონაწილეობა მიეღო კონკურსში, რისთვისაც მან მოპასუხეს წარუდგინა შესაბამისი განცხადება, თუმცა, კონკურსის შედეგებით გამარჯვებულად გამოცხადდა მ. ა-ე.

სასარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:

ქ. ქუთაისის მთავრობის 2004წ. 14 ივნისის ¹7 დადგენილება სადავო ფართის საპრივატიზებო ნუსხაში შეტანის ნაწილში ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1 მუხლის «გ» პუნქტისა და 60.1 მუხლის «დ» პუნქტის შესაბამისად, რამდენადაც მოსარჩელე სადავო ფართის მართლზომიერი მფლობელია და მისი მფლობელობა არ გაუქმებულა მოქმედი კანონით დადგენილი წესით.

2005წ. 25 აპრილს სასამართლოს სარჩელით მიმართა ახალგაზრდა შემოქმედთა სახლისა და ქუთაისის მ. კოსტავას სახელობის ახალგაზრდული თეატრის დირექტორმა _ ზ. ფ-მ, მოპასუხეების: ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს, ქ. ქუთაისის მთავრობას, ასევე, მესამე პირის მ. ა-ის მიმართ და მოითხოვა ქ. ქუთაისის მთავრობის 2004წ. 14 ივნისის ¹7 დადგენილების (ქუთაისში, ... მდებარე ფართის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანის ნაწილში), ასევე, სახელმწიფო ქონების კონკურსის წესით პრივატიზების საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმის (2004წ. 29 დეკემბერი), როგორც კანონდარღვევით მიღებული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, შესაბამისად, სადავო ობიექტის პრივატიზების შედეგების ბათილად ცნობა, მოსარჩელე _ ... ორგანიზაციათა კავშირის «... ცენტრის» თავმჯდომარის დ. ბ-ის სასარჩელო განცხადებაში მითითებული ყველა გარემოების გათვალისწინებისა და სრულად გაზიარების საფუძველზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 10 მაისის გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული სასარჩელო განცხადება ისინი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლომ დადგენილ მიიჩნია შემდეგი ფაქტებ:

ქუთაისის მერიის 1995წ. 22 ივნისის ¹484 განკარგულებაში მითითებული გარემოებები ... სახლის შექმნის, მისთვის ბალანსიდან ბალანსზე გადაცემულ ფართში ქუთაისის ... ცენტრის ადმინისტრაციისა და ქუთაისის ახალგაზრდული თეატრის განთავსების თაობაზე, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ქონება რეალურად არც ერთი მოსარჩელის ბალანსზე არ გადაცემულა და არც მისი ოპერატიული მართვის უფლება არ წარმოშობიათ.

ამასთან, სსკ 102-ე მუხლის შესაბამისად თითეოული მხარე ვალდებულია ამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამასთან, საქმის მასალები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა მტკიცებულებებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადასტურებულად არ მიიჩნია ის გარემოება, რომ სადავო ფართი არსებული წესით რეალურად გადაეცა «... სახლს» ბალანსიდან ბალანსზე, რამდენადაც თვით ამ უკანასკნელის შექმნის ფაქტი არ იყო დადასტურებული საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით. მით უფრო, რომ საქმეში არსებული ტექაღრიცხვის ცენტრალური სამსახურის ცნობით სადავო შენობა ირიცხებოდა «საბინაო საკუთრებისა და ადგილობრივი მართვის სამსახურის» ბალანსზე, ხოლო პრივატიზების მომენტისათვის _ ადგილობრივი თვითმმართველობის მართვის ტერიტორიული სამსახურის ბალანსზე.

სასამართლოს დასკვნით, სამართლებრივ საფუძველს იყო მოკლებული მოსარჩელეთა მოთხოვნა მოპასუხის მიერ მათი გაფრთხილების სავალდებულოობის შესახებ, რამდენადაც აღნიშნულს არ ითვალისიწინებდა «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის ნორმები. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად ირკვეოდა, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის ზ. ფ-ისათვის მოსალოდნელი პრივატიზების შესახებ ცნობილი იყო პრივატიზებამდე ნახევარი წლით ადრე _ 2004წ. 7 ივნისს, როცა მას ¹617 წერილით, ხოლო ახალგაზრდული ცენტრისათვის აღნიშნული პრივატიზაციის შესახებ შეტყობინების არსებობას ადასტურებს ის ფაქტი, რომ მითითებული ორგანიზაციის დირექტორი დ. ბ-ე თავად იღებდა მონაწილეობას საპრივატიზაციო კონკურსში, როგორც ფიზიკური პირი.

ამასთან, მოსარჩელეთა მოტივაცია პრივატიზაციის შესახებ აქტების ადმინისტრაციულ გარიგებად განხილვის თაობაზე სასამართლოს დასკვნით, მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადების აქტი წარმოადგენდა ადმინისტრაციულ აქტს, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენდა შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველს, რასაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის შინაარსი ადასტურებდა და რომლის ბათილობა შესაბამისი გარიგების ბათილობის საფუძველიც იყო. შესაბამისად, უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული მოსარჩელეთა მოტივაცია კონკრეტულ შემთხვევაში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლის დარღვევის თაობაზე, რის გამოც იგი არ დაკმაყოფილდა.

რაც შეეხება ქ. ქუთაისის მერიის მერიის 2004წ. 14 ივნისის ¹7 დადგენილების ბათილად ცნობას, სასარჩელო მოთხოვნა მითითებულ ნაწილში ასევე უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, რამდენადაც ქ. ქუთაისის მთავრობის 1995წ. განკარგულებით, რაზეც მოსარჩელეები საკუთარ მოთხოვნას აფუძნებდნენ, სადავო ფართი საპრივატიზაციო ნუსხიდან კი არ იქნა ამოღებული, არამედ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში დასმული იქნა საკითხი სოციალური დაცვის სამინისტროს ქ. ქუთაისის ¹1 და ¹2 სასწავლო საწარმოს საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხიდან ამოღების თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ განიმარტა, რომ 1997წ. «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის მე-4 მუხლით განისაზღვრა ობიექტები, რომლებიც არ შეიძლება შეტანილ იქნეს საპრივატიზაციო ნუსხაში, ხოლო მათში მთავრობის 1995წ. განკარგულებით განსაზღვრული სადავო ობექტი მითითებული არ იყო.

სასამართლოს განმარტებით, 1997წ. 25 ნოემბრიდან ახალი სკ-ის ამოქმედებისთანავე, 1505-ე მუხლის საფუძველზე ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული ადრე მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსი, რომლის 131-ე მუხლის თანახმად განხორციელდა სადავო ფართის ბალანსიდან ბალანსზე მოსარჩელისათვის გადაცემა, შესაბამისად, დადგინდა უძრავი ნივთების მიმართ ახალი წესების გამოყენების სავალდებულოობა.

ამასთან, უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული საკონკურსო კომისიის შექმნისას შესაბამისი კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე მოსარჩელეთა მოტივაცია, ასეთის დაუსაბუთებლობის გამო. /იხ.ს.ფ. /.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა «... ცენტრის» თავმჯდომარე _ დ. ბ-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:

უსაფუძვლო იყო სასამართლოს მითითება სკ-ის 1505-ე მუხლის გამოყენების თაობაზე, რამდენადაც აღნიშნული კოდექსის ამოქმედების შემდეგ გაუქმდა სადავო ფართის მოსარჩელებისათვის გადაცემასთან დაკავშირებით მიღებული ¹464 განკარგულება. ასეთი მსჯელობა სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებსაა მოკლებული, რამდენად სადავო ფართში მითითებულ ეტაპზეც ფუნქციონირებენ მოსარჩელეები, ისინი მართლზომიერი მფლობელები არიან და მფლობელობა გაუქმებული არ არის კანონით დადგენილი წესით, ანუ სსკ-ის 159-ე მუხლის შესაბამისად. ამავე კოდექსის 156-ე მუხლით დადგენილია, რომ მფლობელობა შეწყვეტილად ითვლება, თუ მფლობელი სამუდამოდ ფლობდ ნივთს ან სხვა გზით კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას, ახალი სკ-ის გამოყენების საფუძველია 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი, ვინაიდან ეს კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს, რომლის შესაბამისად კონკრეტული სამართალურთიერთობა შეიძლება მიჩნეულ იქნეს უზურფრუქტად, ანუ უძრავი ნივთი სხვა პირს შეიძლება გადაეცეს სარგებლობაში ისე, რომ იგი უფლებამოსილი, როგორც მესაკუთრემ გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე პირის მიერ მისით სარგებლობა (242-2 მუხლი). სკ-ის 246-ე მუხლით კი გათვალისწინებულია უზურფრუქტის შეწყვეტის საფუძვლები. ამდენად, მოპასუხეთა მიერ უხეშად იქნა დარღვეული მოსარჩელის უფლებები, რამდენადაც მას, როგორც მართლზომიერ მფლობელს, წაერთვა მფლობელობა სადავო ფართზე ისე, რომ მესაკუთრის მიერ მფლობელობა გაუქმებული არ ყოფილა..

ამდენად, სასამართლომ არ გამოიყენა აღნიშნული კოდექსის მითითებული ნორმები და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება სქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს. რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იმავე სასამართლოში ასევე გაასაჩივრა მოსარჩელე ახალგაზრდა შემოქმედთა სახლისა და მ. კოსტავას სახელობის ახალგაზრდული თეატრის დირექტორმა _ ზ. ფ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელების დაკმაყოფილება მოსარჩელე ახალგაზრდული ცენტრის დირექტორის დ. ბ-ის სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარეოებების სრულად გაზიარების გათვალისწინებით.

სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 5 ოქტომბრის განჩინებით მითითებული სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე, რომლის გამოუსწორებლობის მოტივით 2005წ. 3 იანვრის განჩინებით მითითებული ხარვეზის ახალგაზრდა შემოქმედთა სახლისა და ქუთაისის მ. კოსტავას სახელობის ქუთაისის თეატრის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

მითითებული განჩინება კანონით დადგენილ წესით კერძო საჩივრით გაასაჩივრა შემოქმედთა სახლისა და მ. კოსტავას სახელობის ქუთასისი ახალგაზრდული თეატრის წარმომდგენელმა და მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება.'

ამასთან, იმავე სასამართლოს 2006წ. 03 იანვრის განჩინებით «... ცენტრის» თავმჯდომარის დ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კოლეგიის შემადგენლობის უმრავლესობით 2005წ. 17 მაისის განჩინებით ზემოაღნიშნული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად იქნა დატოვებული გასაჩივრებული გადაწყვეტილება, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით: არ დაკმაყოფილდა ... ცენტრის ... სახლისა და ახალგაზრდული თეატრის სააპელაციო საჩივრები, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა ცნობილი შემდეგი:

ქუთაისის მერიის 1995წ. 22 ივნისის ¹464 განკარგულების I პუნქტით შეიქმნა ახალგაზრდა შემოქმედთა სახლი, რომელსაც ბალანსზე გადაეცა ... ქ. ¹19-ში ყოფილი ¹2 სასწავლო საწარმოს შენობა. ამავე განკარგულების მე-5 პუნქტის შესაბამისად, ცნობად იქნა მიღებული, რომ ქონების მართვის სამინისტროში დასმულია საკითხი ¹2 სასწავლო საწარმოს საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხიდან ამოღების თაობაზე. ... სახლის სამართალმემკვიდრეა მოსარჩელე «ცენტრი». მითითებული განკარგულების შინაარსით სადავო ქონება ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა აპელანტს, რაც არ გულისხმობს მისთვის აღნიშნული ფართის საკუთრებაში გადაცემას. განკარგულების მე-5 პუნქტის მიხედვით, დასმულ იქნა საკითხი სადავო ფართის საპრივატიზაციო ქონების ნუსხიდან ამოღების შესახებ, მაგრამ ობიექტი ნუსხიდან ამოღებული არ ყოფილა. ამდენად, ქონება წარმოადგენს მუნიციპალურ საკუთრებას.

«სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ» კანონი არ ითვალისწინებს ობიექტის პრივატიზების შემთხვევაში ამ ობიექტის მფლობელისათვის წერილობით შეტყობინებას ობიექტის პრივატიზების გადაწყვეტილების შესახებ. ქუთაისის მთავრობის 2004წ. 14 ივნისის ¹7 დადგენილებით სადავო ობიექტი შევიდა საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში. სადავო ობიექტების პრივატიზაციის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა გაზეთ «.. ..» 2004წ. 26 ნოემბერს. აღნიშნულით დაცულ იქნა «სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ» კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნა. სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს მიერ შეფასებულ იქნა გასაყიდი ობიექტი, რითაც დაცულ იქნა ზემოაღნიშნული კანონის 7.2. მუხლის მოთხოვნა, როგორც ობიექტი მუნიციპალური საკუთრება იყო, იგი ირიცხებოდა მართვის ტერიტორიული სამსახურის ბალანსზე. კონკურსში განაცხადი შეტანილ იქნა მოსარჩელე «... ორგანიზაციათა კავშირის «... ცენტრის» თავმჯდომარის დ. ბ-ის და მ. ა-ის მიერ. ეს უკანასკნელი თანახმა იყო გასაყიდ ფასს ზემოთ გადაეხადა დამატებით 6000 აშშ დოლარი, ხოლო მოსარჩელე დამატებით იხდიდა 5550 აშშ დოლარს, ანუ 50 აშშ დოლარით ნაკლებს. «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის 6.2. მუხლიდან გამომდინარე, კონკურსის ფორმით გაყიდვის მიზანია ქონებაზე საკუთრების უფლება მიენიჭოს იმ მყიდველს, რომელიც ყველაზე უკეთეს პირობებს შესთავაზებს. აღიშნულიდან გამომდინარე, მ. ა-ე სწორად იქნა გამოცხადებული გამარჯვებულად.

ხანდაზმულად იქნა მიჩნეული მოთხოვნა ქუთაისის მთავრობის 2004წ. 14 ივნისის ¹7 დადგენილების სადავო ობიექტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეტანის შესახებ, ბათილად ცნობის თაობაზე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 22.3. მუხლების თანახმად..

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ... კავშირის «... ცენტრის» თავმჯდომარის დ. ბ-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმება, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება, შემდეგი მოტივით:

კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში გამოთქმული დასკვნები არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივად არ გამომდინარეობს «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის მოთხოვნებიდან. კერძოდ, სასამართლომ შეფასება არ მისცა საქმეში დაცულ ორ ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებას, ერთის მიხედვით _ სადავო ქონება აღრიცხულია მართვის ტერიტორიული სამსახურის ბალანსზე, ხოლო მეორეთი – საჯარო რეესტრის ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტით სადავო ქონება «ცენტრის» ბალანსზეა აღრიცხული. სასამართლოს საფუძველი არ გააჩნდა, დადგენილად მიეჩნია, რომ სადავო ობიექტი ირიცხებოდა მართვის ტერიტორიული სამსახურის ბალანსზე, თუ სათანადო შეფასებას არ მისცემდა საქმეში არსებულ ზემოაღნიშნულ ორ დოკუმენტს.

მართებულია სასამართლოს არგუმენტაცია იმის შესახებ, რომ «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონი არ ითვალისწინებს ქონების ბალანსთმფლობელისათვის პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილების წერილობით შეტყობინებას, მაგრამ, როგორც ნივთის კეთილსინდისიერი მფლობელის _ მის უფლებებს იცავს სკ-ის ნორმები. ამავე კოდექსის 155-ე მუხლის თანახმად, მერიის მიერ ბალანსიდან ბალანსზე გადაცემის შესახებ აქტის საფუძველზე «ცენტრი» ახორციელებდა ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას. 162.1. მუხლის I წინადადებით, დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. 168-ე მუხლის თანახმად, მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას, რადგან სახელმწიფოს, როგორც ნივთის მესაკუთრეს ჰქონდა ნივთის გასხვისების შეუზღუდავი უფლება და იგი საჯარო ინტერესების გათვალისწინებით მიზანშეწონილად თვლიდა ობიექტის პრივატიზებას, რასაც ვერავის შეუზღუდავდა, უნდა წაეყენებინა მფლობელისათვის დასაბუთებული პრეტენზია, კერძოდ, გაეუქმებინა ის აქტი, რომლითაც ბალანსიდან ბალანსზე გადასცა ქონება «ცენტრს», ე.ი. უნდა ჩამოერთმია ობიექტი მფლობელისათვის და შემდგომ მიეღო გადაწყვეტილება მისი პრივატიზების შესახებ.

სასამართლომ ასევე, სრულყოფილად არ გამოიკვლია საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხის საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმების საკითხი, რითაც დარღვეულ იქნა «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის .3.5. მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, მუნიციპალური დაქვემდებარების საპრივატიზებო ობიეტების ნუსხას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანო, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, ქუთაისის მერიას არ განუხორციელებია, რამდენადაც ამ უკანასკნელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ასეთის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 2004წ. 6 სექტემბრის წერილი ¹16/1214/10-4, ხელმოწერილი მინისტრის I მოადგილის მიერ, რომლითაც სამინისტრო არ არის წინააღმდეგი მუნიციპალური დაქვემდებარების ობიექტების პრივატიზება განახორციელოს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. აღნიშნულ წერილს მოწინააღმდეგე მხარე თვლის იმ თანხმობად, რომელიც ქუთაისის მერიამ მიიღო ობიექტის საპრივატიზებო ნუსხაში ჩასმის თაობაზე, რაც ყოველგვარ კანონიერ საფუძველს მოკლებულია, რამდენადაც ნუსხა დამტკიცებულია 2004წ. 14 ივნისის, დოკუმენტი კი რასაც მოწინააღმდეგე მხარე თანხმობად მიიჩნევს, გაცემულია 2004წ. 6 სექტემბერს, მაშინ, როცა ნუსხა სამი თვის დამტკიცებული იყო. ამასთან, აღსანიშნავია ის, რომ სამინისტროს ამ დოკუმენტის ადრესატი არ არის ქუთაისის მერია, ვინაიდან სამინისტროსათვის ამ უკანასკნელს არავითარი თანხმობა ნუსხის დამტკიცების თაობაზე არ მოუთხოვია.

რაც შეეხება ქუთაისის მთავრობის 2004წ. 14 ივნისის ¹7 დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობას, აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორი მიიჩნევს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლი არ ეხება სასამართლოში აღძრულ სარჩელებს, იგი არეგულირებს ადმინისტრაციული საჩივრის შეტანის ვადებს, რის საფუძველზეც ადმინისტრაციული წარმოება იწყება ადმინისტრაციულ ორგანოში და არა სასამართლოში. რაც შეეხება ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 22.3. მუხლს, მოცემულ შემთხვევაში არ უნდა გავრცელდეს აღნიშნული ნორმით დადგენილი აქტის გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, რამდენადაც საქმე გვაქვს პრივატიზაციის შედეგებიდან გამომდინარე, სამართლებრივ ურთიერთობასთან. მართალია, 2004წ. 14 ივნისის ¹7 დადგენილება წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მუნიციპალური საკუთრების განკარგვის შესახებ, მაგრამ ასეთი აქტის გამოცემის წესი და პირობები განსაზღვრულია «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონით, რომელიც აწესრიგებს სახელმწიფო ქონების პრივატიზების განხორციელების ძირითად პირობებს. პრივატიზების პროცესი იწყება ობიექტის საპრივატიზებო ნუსხაში ჩასმით, რაც განსაზღვრულია მითითებული კანონის 3.5. მუხლით. აქედან გამომდინარე, გასაყიდი ობიექტის ნუსხაში ჩასმიდან მასზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემამდე პერიოდი არის პრივატიზაციის მიმდინარეობის ერთიანი პროცესი, რასაც აწესრიგებს სპეციალური კანონი, შესაბამისად, აღნიშნული კანონი ადგენს ამ პროცესიდან გამომდინარე დავათა ხანდაზმულობის სპეციალურ ვადას. კანონის 11.3. მუხლით, პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. ამდენად, აქტის გასაჩივრების ერთთვიანი ვადის გამოყენება არასწორია და სასამართლოს აღნიშნული საფუძვლით სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებლად არ უნდა მიეჩნია.

მითითებული საკასაციო საჩივარი საკასაციო პალატის 2006წ. 31 ივლისის განჩინებით დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ კასატორის ... ორგანიზაციათა კავშირის «... «ცენტრის» თავმჯდომარის დ. ბ-ის მიერ საკასაციო საჩივართან ერთად წარმოდგენილია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, მაგრამ აღნიშნული ქვითრის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის საკასაციო სასამართლოში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისთვის განკუთვნილ ანგარიშზე, რაც კასატორის მიერ გამოსწორებულ იქნა.

მითითებული საკასაციო საჩივარი საკასაციო პალატის 2006წ. 13 სექტემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საპროცერსო კოდექსის 34.3. მუხლის შესაბამისად, მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცერსო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით (აბსოლუტური კასაცია; დივერგენტული კასაცია; პროცესუალური კასაცია) მოსაზრებების წარმოსადგენად.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, მესამე პირის მ. ა-ის წარმომადგენლის გ. კოხრეიძის მიერ საკასაციო პალატაში 2006წ. 2 ოქტომბერს წარმოდგენილი იქნა მოსაზრებები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის შესაბამისად ... ორგანიზაციათა კავშირის «... ცენტრის» თავმჯდომარის დ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობების არარსებობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით დადგენილია საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პირობები: საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკისათვის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულისა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს არანაირ მითითებას, მით უფრო, მოტივაციას, რომელიმე დანაწესის შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე, რის გამოც ის არ უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად.

საკასაციო სასამართლოს 2006წ. 1 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის გ) პუნქტის საფუძველზე ... ორგანიზაციათა კავშირის «... «ცენტრის» თავმჯდომარის დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად /პროცესუალური კასაცია/.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ... ორგანიზაციათა კავშირის «... ცენტრის» თავმჯდომარის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 17 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება არ მიეცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია არასრულად, გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

სსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება).

კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დასაშვები და დასაბუთებულია, რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით ძალაში დატოვა ქუთაისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ... ორგანიზაციათა კავშირის «... ცენტრის» თავმჯდომარისა და ახალგაზრდა შემოქმედთა სახლისა და ქუთაისის მ. კოსტავას სახელობის ახალგაზრდული თეატრის სარჩელები. აღნიშნული განჩინება სააპელაციო სასამართლომ დააფუძნა იმ გარემოებას, რომ სადავო ფართის მოსარჩელის ბალანსზე გადაცემა არ გულისხმობს ამ უკანასკნელის მის საკუთრებაში გადაცემას, უფრო მეტიც, ობიექტი პრივატიზაციის დაწყებამდე მუნიციპალური საკუთრება იყო და ის მართვის ტერიტორიული სამსახურის ბალანსზე ირიცხებოდა, ამდენად, სადავო ფართი საპრივატიზებო ქონების ნუსხაში შეტანილ იქნა კანონმდებლობის სრული დაცვით, შესაბამისად, კონკურსიც ჩატარებულ იქნა კანონიერად. რაც შეეხება მოთხოვნას ქ. ქუთაისის მერიის დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ, ის ხანდაზმულია, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი წინაპირობები.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქ. ქუთაისის მერიის 1995წ. 22 ივნისის განკარგულებით ¹464 ქ. ქუთაისში შეიქმნა «... სახლი», რომელსაც ამავე დადგენილების 1-ლი პუნქტის შესაბამისად ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა სადავო ფართი, კერძოდ, ... ქ.¹19 ყოფილი ¹2 სასწავლო საწარმოს შენობა. ამასთან, ამავე დადგენილებით განისაზღვრა, რომ აღნიშნული გარემოების გამო სადავო ფართი ამოღებულ უნდა ყოფილიყო საპრივატიზაციო ქონების ნუსხიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც საქმის მასალებით, ისე გასაჩივრებული განჩინებით, არ დგინდება, ფაქტობრივად შესრულდა თუ არა ზემოაღნიშნული დადგენილების დანაწესი და გადაეცათ თუ არა მითითებული ფართი მოსარჩელეებს, ასევე, ამოღებულ იქნა თუ არა ეს უკანასკნელი საპრივატიზაციო ქონების ნუსხიდან, რამდენადაც საქმის ფურცელ 29-სა და 34-ზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, სადავო ფართის მფლობელად (ბალანსთმფლობელად) ერთ შემთხვევაში, მითითებულია საბინაო საკუთრებისა და ადგილობრივი მართვის სამსახური, ხოლო მეორე შემთხვევაში, მართვის ტერიტორიული სამსახური, მაშინ, როცა ზემოაღნიშნული განკარგულების ¹464 შესაბამისად, ბალანსთმფლობელს წარმოადგენდა მოსარჩელე. შესაბამისად, მითითებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში ვერ დაასაბუთა, თუ რატომ არ წარმოადგენდა მთავრობის ¹464 განკარგულება სადავო ფართის კანონიერი მფლობელობის სამართლებრივ საფუძველს იმ პირობებში, როცა ეს უკანასკნელი კანონით დადგენილი წესით გაუქმებული არ ყოფილა და სადავო სამართალურთიერთობის წარმოშობის მომენტისთვისაც ძალაში იყო.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე არ იქნა მიჩნეული ზემოაღნიშნული დადგენილება სადავო ფართის კანონიერი მფლობელობის წარმოშობის სამართლებრივ წინაპირობად, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ხელახლა განხილვისას ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს უნდა მიეცეს ადეკვატური შეფასება. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთი გარემოების გამოკვლევისას სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო ფართზე ნეისმიერი სანივთო უფლების არსებობის დადგენის მიზნით მოპოვებულ და გამოკვლეულ უნდა იქნეს დამატებითი მტკიცებულებები, კერძოდ, საჯარო რეესტრის ამონაწერი, რამდენადაც ეს უკანასკნელი ასეთის დამადასტურებელ მტკიცებულებას წარმოადგენს თანახმად სკ-ის 311-ე და 312-ე მუხლებისა, და მის მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმპცია. კერძოდ, სკ-ის 312-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ რეესტრში შეიტანება უძრავ ნივთებზე საკუთრებისა და სხვა სანივთო უფლებები, რომელთა მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმპცია ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უტყუარობა.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სადავო სამართალურთიერთობის მოწესრიგების არ გამოუკვლევია საქმის მასალები და არ შეუფასებია საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის გამოც გასაჩივრებულ გადაწყვეტილების მოტივაცია სადავო ფართის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებობის, როგორც უდავოდ არსებული ფაქტის შესახებ უსაფუძვლოა და გაზიარებულ ვერ იქნება. ამასთან, აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერი მფლობელობის ფაქტის დადგენა წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას მფლობელობის შეწყვეტისა და სადავო ფართის პრივატიზაციის კანონიერების შესახებ მსჯელობისას სკ-ის 155-ე_169-ე მუხლების შინაარსის კონტექსტში, რომელიც, თავის მხრივ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შესახებ სამართლებრივი დასკვნების წინაპირობაა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე ვერ იქნა გაქარწყლებული და შესაბამისად დასაბუთებული, მოსარჩელის მოტივაცია ქ. ქუთაისის მერიის განკარგულებითა და ქ. ქუთაისის მთავრობის დადგენილებით სადავო სამართალურთიერთობის განსხვავებულად მოწესრიგების შესახებ, სადავო ფართის ერთ შემთხვევაში, საპრივატიზაციო ნუსხიდან ამოღების და მეორე შემთხვევაში, საპრივატიზაციო ნუსხაში მისი მოთავსების კონტექსტში. ამდენად, საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამრთლომ ასევე მსჯელობა უნდა იქონიოს მითითებული გარემოების შესახებ და დაადგინოს, იყო თუ არა სადავო ობიექტი 1995წ. განკარგულების თანახმად ამოღებული საპრივატიზაციო ნუსხიდან და ასეთის დადასტურების შემთხვევაში, რა სამართლებრივი წინაპირობები არსებობდა იმისთვის, რომ მითითებული განკარგულების ძალაში არსებობის პირობებში მიღებულ ყოფილიყო ახალი დადგენილება ასეთის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანის შესახებ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო სასამართლოს ასევე არ ჰქონია მსჯელობა სადავო აქტის მიღებისა და ქონების ნუსხის დამტკიცებისას არსებობდა თუ არა «საახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ» კანონით დადგენილი შეთანხმება ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან. კერძოდ, მითითებული კანონის 3.5 მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ხოლო მუნიციპალური დაქვემდებარების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებთ შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანო. კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ფართი ისე იქნა შეტანილი საპრივატიზაციო ნუსხაში და შემდგომ დამტკიცებული, რომ ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან შეთანხმება განხორციელებული არ ყოფილა, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ ასეთი შეთანხმება ქ. ქუთასის მერიას სადავო დადგენილების გამოტანისას არ მიუღია, ხოლო ის, რაც მოპასუხემ საპელაციო სასამართლოში წარადგინა, ასეთ შეთანხმებად მიჩნეული ვერ იქნება, რამდენადაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წერილსა და შეთანხმების აქტში მითითებულია, რომ ასეთი შეთანხმება განხორციელდა მხოლოდ 2004წ. 9 სექტემბერს, მაშინ, როცა სადავო დადგენილება საპრივატიზაციო ქონების ნუსხის დამტკიცების შესახებ ქ. ქუთაისის მერიის მიერ მიღებულ იქნა 2004წ. 14 ივნისს, ანუ უფრო ადრე, ვიდრე კანონით დადგენილი წესით ის შესაბამის თანხმობას მიიღებდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. ქუთაისის მერიის ზემოაღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა კანონის იმპერატიული დანაწესის დარღვევით, რაზეც სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა საერთოდ არ ჰქონია. უფრო მეტიც, მითითებულ აქტთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა, რომ აღნიშნული აქტის ბათილობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, რაც ასევე უსაფუძვლოა და გაზიარებულ ვერ იქნება. კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მითითებული ნორმა ადგენს ადმინისტრციულ ორგანოში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადებს, რაც ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოყენებული ვერ იქნება, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, რაც სააპელაციო სასამართლოს მოტივაციით მოსარჩელეთა მიერ გაშვებულ იქნა.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარატავს, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებულ სამართალურთიერთობაზე ვრცელდება ხანზამულობის სპეციალური ვადა, გამომდინარე სადავო სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი სპეციალური კანონმდებლობიდან. კერძოდ, «სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ» საქართველოს კანონის 1-ლი მუხლით დადგენილია, რომ მითითებული კანონი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ და სოციალურ საფუძვლებს, პრივატიზაციის განხორციელების ძირითად პირობებს და უზრუნველყოფს ფიზიკური თუ იურიუდიული პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შეძენის პროცესს, ხოლო, ამავე კანონის მე-11 მუხლი ადგენს, რომ პრივატიზაციასთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავს სასამართლო, ამასთან, პრივატიზირებულ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა სამი წელი. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ გამომდინარე სადავო სამართალურთიერთობის ხასიათიდან, რაც სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო განხილვას უკავშირდება, ამ უკანასკნელზე გავრცელებულ უნდა იქნეს არა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 22-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ვადა, არამედ ზემოაღნიშნული კანონით დადგენილი სპეციალური ხანდაზმულობის ვადა _ სამი წელი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გაშვებული არ არის და შესაბამისად, აღნიშნული მოტივით სარჩელის დაკმაყოფილებზე უარის თქმა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, რის გამოც ის გაზიარებული ვერ იქნება.

გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე უხეშად იქნა დარღვეულ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნა კერძო საჩივარზე სასამართლოს შესაბამისი რეაგირების თაობაზე. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გასაჩივრებული იქნა ... სახლისა და მ. კოსტავას სახელობის თეატრის დირექტორის ა. ფ-ის მიერ.. მითითებული სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 10 ოქტომბრის განჩინებით დატოვებულ იქნა ხარვეზზე, ხოლო 2006წ. 03 იანვრის განჩინებით ეს უკანასკნელი დარჩა განუხილველი ზემოაღნიშნულ განჩინებაში მითითებული ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის მოტივით. მხარეს განემარტა აღნიშნული საპროცესო აქტის გასაჩივრების წესი და პირობები, რომლის შესაბამისად ა. ფ-ის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა კერძო საჩივარი. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მითითებული საჩივარი სააპელაციო სასამართლოს მიერ დატოვებული იქნა კანონით დადგენილი შესაბამისი რეაგირების გარეშე, საქმეში არ მოიპოვება არც ერთი საპროცესო დოკუმენტი, რომლის შესაბამისად დადასტურებულ იქნებოდა სასამართლოს მიერ მითითებულ საჩივარზე სსკ-ის 414-420 მუხლების შესაბამისად მსჯელობის და განჩინების მიღების არსებობა.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილ იქნა, რომ სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული ... ორგანიზაციათა კავშირის «... ცენტრის თავმჯდომარის დ. ბ-ისა და ... სახლისა და მ. კოსტავას სახელობის თეატრის სააპლაციო საჩივრები, მაშინ, როცა სააპეალაციო სასამართლოს 2006წ. 3 იანვრის განჩინებით ეს უკანასკნელი დატოვებულ იქნა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოსწორებულ იქნეს მითითებული საპროცესო დარღვევა.

საკასაციო სასამართლო სსკ-ის 105.2. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტის დ. ბ-ის განმარტებას, რომ სადავო ფართში დღემდე ფუნქციონირებენ მოსარჩელე ორგანიზაციები, აღნიშნულზე სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია, არ გამოუკვლევია, რა სამართლებრივი საფუძველი არსებობდა მოსარჩელე ორგანიზაციების სადავო ფართში განთავსებისთვის და როდის და რა პირობეში შეწყდა ასეთის საფუძველი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას აღნიშნულ ახსნა-განმარტებასაც უნდა მისცეს სამართლებრივი შეფასება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო სსკ-ის 105.2. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სასამართლომ საქმის განხილვისას უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები, სარწმუნოდ დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მისცეს მათ სამართლებრივი შეფასება და გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა ისარგებლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით და მოიპოვოს მტკიცებულებები, კერძოდ, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს არსებობდა თუ არა სადავო ფართის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანის სამართლებრივი წინაპირობები, იყო თუ არა მოსარჩელეთა კანონიერ მფლობელობაში სადავო ფართი, რა სამართლებრივი საფუძვლების გამო შეწყდა მითითებული მფლობელობა, არსებობდა თუ არა შესაბამისი შეთანხმება ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამნისტროსთან, რამდენადაც საპრივატიზაციო ქონების ნუსხა დამტკიცებულ იქნა მუნიციპალური დაქვემდებარების ქონებაზე. შესაბამისად, არის თუ არა სახეზე სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის _ ქ. ქუთაისის მთავრობის დადგენილების ბათილად ცნობის წინაპირობები. ასევე აღნიშნულიდან გამომდინარე არის თუ არა სადავო ფართის პრივატიზაცია კანონიერი შესაბამისი შედეგების ჩათვლით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 412.2 მუხლის თანახმად, არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც, სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. ამდენად, სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით, კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ზემომითითებული გარემოებები და დავა გადაწყვიტოს მოქმედი საპროცესო და მატერიალური სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 53.4. მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები უნდა გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სსკ-ის 372-ე, 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ... ორგანიზაციათა კავშირის «... ცენტრის» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2006წ. 17 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.