საქმე №ას-987-927-2012 25 ოქტომბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა. ლ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ც. ც-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 მაისის განჩინება და 22 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ვალდებულების შესრულება, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ც. ც-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ლ-ის მიმართ და მოითხოვა, 2008 წლის 16 ოქტომბრის განვადებით ნასყიდობისა და 2011 წლის 24 ივნისის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ნასყიდობის საგნის ღირებულების დარჩენილი თანხის – 51591,68 აშშ დოლარის ანაზღაურება, ასევე 2009 წლის 16 აპრილიდან 2011 წლის 5 ივლისამდე მიუღებელი შემოსავლის – 29984 აშშ დოლარის გადახდა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით ც. ც-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა. ლ-ს ც. ც-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2009 წლის 16 აპრილიდან 2011 წლის 5 ივლისამდე მიუღებელი შემოსავლის – 9994.66 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, რაზეც ა. ლ-მა შეიტანა საჩივარი.
სააპელაციო პალატის 2012 წლის 10 მაისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2012 წლის 22 მარტის სასამართლო სხდომის თაობაზე, ასევე გამოუცხადებლობის შედეგებთან დაკავშირებით, სასამართლომ გააფრთხილა აპელანტ ა. ლ-ის წარმომადგენელი ა. ჩ-ი, რაც დასტურდება 2012 წლის 15 მარტის სხდომის გადანიშვნისას მხარეთა შესაბამისი გაფრთხილების დადასტურების მიზნით შედგენილ ხელწერილზე ა. ჩ-ის ხელმოწერით.
აღნიშნული გარემოება ისევე, როგორც მისი დამადასტურებელი მტკიცებულება, საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია.
პალატამ მიუთითა, რომ ა. ლ-ის მიერ გაცემული მინდობილობის შესაბამისად, ა. ჩ-ი წარმოადგენს ა. ლ-ს ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში. იგი უფლებამოსილია, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლისა და 216-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, 2012 წლის 22 მარტის სხდომასა და გამოუცხადებლობის შედეგებთან დაკავშირებით ა. ჩ-ის გაფრთხილებით ა. ლ-ი ასევე გაფრთხილებულად ითვლება.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ 2012 წლის 22 მარტის სასამართლო სხდომაზე აპელანტ ა. ლ-ისა და მისი წარმომადგენლ ა. ჩ-ის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი საქმის მასალებიდან არ ირკვევა. საჩივრის მიხედვით, 2012 წლის 22 მარტის სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა ასევე გამოუცხადებლობის განმაპირობებელი გარემოებების სასამართლოსათვის შეუტყობინებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, თუმცა აღნიშნული მიზეზისა და მისი არსებობის დამადასტურებელ რაიმე სახის მტკიცებულებაზე საჩივრის ავტორს არ მიუთითებია. საჩივარი შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადი ხასიათის სიტყვიერი განმარტებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის, 105-ე მუხლის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორს საჩივრის საფუძვლად მითითებული გარემოება – პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობის მიზეზები – შესაბამისი მტკიცებულებებით არ დაუდასტურებია. საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სადავო გარემოების ობიექტურად ამსახველ მტკიცებულებად მხოლოდ სიტყვიერი განმარტება ვერ მიიჩნევა. ამდენად, მტკიცებულებათა წარუდგენლობის პირობებში არ არსებობს საჩივრის ავტორის პრეტენზიის გაზიარების საფუძველი.
სააპელაციო პალატამ იხლემძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლით, 233-ე, 241-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება საჩივარში მითითებული გარემოება, რომ აპელანტის გამოუცხადებლობა 2012 წლის 22 მარტის სხდომაზე გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. შესაბამისად, საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება ა. ლ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მათი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლოს არ უნდა მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რადგან მხარე სასამართლოში ვერ გამოცხადდა საპატიო მიზეზით. აღნიშნულის შესახებ მან დაწვრილებით მიუთითა თავის საჩივარში.
ასევე აღსანიშნავია, რომ მ. ს-მა, რომელმაც მოთხოვნის უფლება ც.ც-ს დაუთმო, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას წარადგინა არასწორი ინფორმაცია გასაყიდი ქონების თაობაზე და ხელოვნურად გაზარდა ქონების ღირებულება. სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ქონების რეალური საბაზრო ღირებულება ხელშეკრულების დადებისას იყო არა 150000 აშშ დოლარი, არამედ 2012 წლის დეკემბრის მდგომარეობით – 68500 ლარი. 2008 წლის 8 აგვისტოს შემდგომ კი გაცილებით ნაკლები.
მ.ს-მა არაერთხელ მიმართა საჩივრებით პროკურატურას და ითხოვდა კასატორის დაპატიმრებას. დაწყებულმა გამოძიებამ ხელი შეუშალა მხარის მუშაობას, რადგან სისტემატურად უხდებოდა სამართალდამცავ ორგანოებში სიარული. მ. ს-ი ითხოვდა და სძალავდა კასატორს სოლიდურ თანხებს.
ფაქტობრივად, ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელე ვალდებუელბის შესრულებას ითხოვდა, იყო ბათილი და ვალდებულების შესრულება მოსარჩელის ბრალით გაჭიანურდა.
ამდენად, მოპასუხის ვალდებულება არ არსებობს, შესაბამისად, უსაფუძვლოა მოთხოვა მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებითაც.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ამავე კოდექსის 230-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინდადების შესაბამისად კი, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება.
დასახელებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, არ დააკმაყოფილოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით ეცნობა საქმის განხილვის თარიღი და პროცესზე გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგის შესახებ, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა საქმის განხილვაზე და არც თავისი გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოს არ აცნობა.
მოცემულ შემთხვევაში ა. ლ-ის სააპელაციო საჩივრის მთავარ სხდომაზე განხილვა დაინიშნა 2012 წლის 22 მარტს, 10.00 საათზე. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ საქმის განხილვის დროის, ასევე სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ ა. ლ-ის წარმომადგენელ ა. ჩ-ს ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
აღსანიშნავია, რომ კასატორმა დაადასტურა მისი წარმომადგენლის უფლებამოსილება და საქმის მასალებიდანაც ირკვევა, რომ ა. ჩ-ს გააჩნდა მარწმუნებლის სახელით პროცესში მონაწილეობის უფლებით აღმჭურველი შესაბამისი მინდობილობა.
სავსებით დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ წარმომადგენლისათვის საქმის განხილვის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება თავად აპელანტ ა. ლ-ისათვის მისი შეტყობინების ტოლფასია (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი).
ყოველივე ზემოხსენებულის მიუხედავად არც ა. ლ-ი და არც მისი წარმომადგენელი სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდნენ. პროცესზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და ა. ლ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ხელშემშლელი გარემოებანი არ არსებობს.
დაუსაბუთებელია საკასაციო საჩივრის არგუმენტი, რომ აპელანტის წარმომადგენელ ა. ჩ-ის სადავო გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით, რის შესახებაც იგი სასამართლოს დროულად ვერ აცნობებდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი ითვალისწინებს იმ საპატიო მიზეზებს, რომელთა არსებობისას დასაშვებია გარკვეული საპროცესო მოქმედებების შეუსრულებლობა საპატიოდ იქნეს მიჩნეული, ასეთებია: ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას.
აღნიშნული ნორმით განსაზღვრული საპატიო მიზეზის არსებობა აპელანტ მხარეს არ დაუდასტურებია და საერთოდ არ მიუთითებია, თუ რას გულისმხობდა სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიოობაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
ამდენად, კანონმდებელი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას უკავშირებს მხარისაგან დამოუკიდებლად არსებული ისეთი გარემოების არსებობას, რომლის პროგნოზირება, მართვა და წინასწარ თავიდან აცილება მას არ შეეძლო.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების სამართლებრივი წინაპირობის არსებობა ვერ დაასაბუთა, რის გამოც მის მოთხოვნას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 მაისის განჩინება და 22 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
თ. თოდრია