Facebook Twitter

№ას-988-928-2012 3 ოქტომბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ნ-ა“ (ყოფილიშპს ,,დ. ბ. კ-ა“

მოწინააღმდეგე მხარე – კ. ნ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მაისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის ტქმა

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. ნ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „დ. ბ. კ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა მის სასარგებოდ მოპასუხისათვის 6500 ლარის გადახდის დაკისრება და დაყოვნებული თანხის - 6500 ლარის დაყოვნების ყოველი დღისთვის 0,07 პროცენტის გადახდის დაკისრება 2008 წლის 01 ივლისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

მოპასუხე შპს „დ. ბ. კ-მ“ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კ. ნ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს ,,დ. ბ. კ-ის“, კ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 6500 (ექვსიათასხუთასი) ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში კ. ნ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,დ. ბ. კ-მ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მაისის განჩინებით შპს ,,დ. ბ. კ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მისი განხილვის საგანს წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება შპს ,,დ. ბ. კ-ისათვის“ კ. ნ-ის სასარგებლოდ 6500 (ექვსიათასხუთასი) ლარის დაკისრების ნაწილში.

სამოქალაქო საქმეთა პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის არგუმენტად მითითებული გარემოება მასზე, რომ ვინაიდან, შპს „დ. ბ. კ-ი“ და კ. ნ-ე არ იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში, არ არსებობდა ,,კ-სათვის’’ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების სახით 6500 ლარის გადახდის დაკისრების საფუძველი.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე შპს „დ. ბ. კ-ის“ სახელწოდება 2010 წლის 20 აპრილამდე იყო შპს „ნ-ა.“ შპს „ნ-ს“ 2010 წლის 20 აპრილის პარტნიორთა კრების (ოქმი №5) გადაწყვეტილებით, შეიცვალა საზოგადოების სახელწოდება და იგი განისაზღვრა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „დ. ბ. კ-თ“ (იხ. სფ. 23); ხოლო, 2011 წლის 12 სექტემბრის N4 კრების გადაწყვეტილებით საზოგადოების ამჟამინდელი სახელწოდებაა შპს ,,ნ-ა’’.

მოცემულ შემთხვევაში პალატამ დადგენილად ჩათვალა და ამასთან, არც აპელანტს გაუხდია სადავოდ ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ 2008 წელს მოპასუხე – სახელწოდებით „ნ-ა“, ახორციელებდა თელავის მუნიციპალიტეტის კ-ის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, თელავის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე; თელავის მუნიციპალიტეტსა და მოპასუხე კომპანიას (შპს „ნ-ს“) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება. სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობაზე მეთვალყურეობას, საჭირო სპეციალისტების - ხელოსნების მოძიებას, მასალის მიწოდებას, სამუშაოს ხარისხის შემოწმებას ახორციელებდა მოპასუხე მხარის წარმომადგენელი გ. მ-ე, რომელსაც სისტემატური ურთიერთობა ჰქონდა სამუშაოს შემსრულებლებთან და რომელიც, თავისი საქმიანობით ახორციელებდა სამუშაოთა მწარმოებლის უფლებამოსილებას. პერიოდულად, სამუშაოების მიმდინარეობას და მის ხარისხს თვალყურს ადევნებდა მოპასუხე კომპანიის დირექტორი (პრეზიდენტი ა. ლ-ე), სოფ. კ-ის სკოლის დირექტორის ლ.მ-ის N87 წერილით ასევე დადგენილად იქნა ცნობილი ის გარემოება, რომ სოფ. კ-ის საჯარო სკოლაში განხორციელდა სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს ,,ნ-ს’’ მიერ. სკოლას შპს ,,ნ-სთან’’ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ხელშეკრულება არ ჰქონდა გაფორმებული. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია შპს ,,ნ-ა’’ აწარმოებდა უშუალოდ თელავის მუნიციპალიტეტისა და აღნიშნული კომპანიის ხელშეკრულების საფუძველზე. სკოლის შენობის სახურავის გადახურვას აწარმოებდა შპს ,,ნ-ა’’, სამუშაო შეასრულა მათ მიერ დაქირავებულმა ხელოსანმა კ. ნ-მ 2008 წლის მაისის თვეში. ამდენად, პალატამ დაადგინა, რომ შპს ,,ნ-ს’’ მიერ სოფელ კ-ის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას, ამ სკოლის გადახურვა აწარმოა მოსარჩელე კ. ნ-მ.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე კ. ნ-სა და შპს ,,ნ-ს“ შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა ემყარებოდა მათ შორის ზეპირი ფორმით დადებულ ნარდობის ხელშეკრულებას. აღნიშნულთან მიმართებაში, პალატამ სრულიად გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა, კერძოდ, მხარეებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა მათ შორის ზეპირი ფორმით დადებული შრომის ხელშეკრულების საფუძველზე, რის გამოც მხარეთა შორის დავა უნდა მოქცეულიყო შრომის კოდექსის ჩარჩოში.

გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელე კახაბერ ნებიერიძე შპს ,,ნ-სთვის’’ ზეპირი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებდა გარკვეულ სამუშაოს, პალატამ ჩათვალა, რომ იგი მიეკუთვნებოდა შრომის კოდექსის 3.3. მუხლით გათვალისწინებულ შრომითი ურთიერთობის სუბიექტს - დასაქმებულს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „დ. ბ. კ-ისა“ და კ. ნ-ს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა ემყარებოდა ზეპირი ფორმით დადებულ შრომით ხელშეკრულებას.

აპელანტის მოსაზრება, რომ მან გ.მახათაძეს გადასცა ყველა ის თანხა, რაც მუშებისათვის იყო განკუთვნილი და ამის გამო მისი ვალდებულება მათ მიმართ სრულიად შესრულდა, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა, ვინაიდან აღნიშნა, რომ აპელანტმა, რომელიც იურიდიული პირია და რომელსაც კანონით ევალება გააჩნდეს მოწესრიგებული სააღრიცხვო და საბუღალტრო სისტემა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რომ მის მიერ გ.მახათაძისათვის რაიმე თანხა იყო ანაზღაურებული. ამდენად, აპელანტის ზემოაღნიშნული მოსაზრება მის მიერ ვერ იქნა დადასტურებული სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოედქსის 361-ე, 316-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ შეასრულა თავისი ვალდებულება - შეასრულა სამუშაო მოპასუხის სასარგებლოდ, მოპასუხე კომპანიამ კი, არასრულად გადაუხადა მას შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება, შესაბამისად, არაჯეროვნად შეასრულა ანაზღაურების გადახდის ვალდებულება.

აპელანტის მიერ ასევე სადავოდ გამხდარ საკითხზე, მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობასა და გადასახდელი თანხის ოდენობასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ვინაიდან, მოპასუხე პირველი ინსტანციის სასამართლოში სადავოდ არ ხდიდა მოსარჩელისათვის გადასახდელ თანხასა და შესრულებული სამუშაოს ღირებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტანმა სასამართლომ მოსარჩელის ახსნა-განმარტებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე სწორად დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოპასუხე მხარის წარმომადგენელთან - გ.მ-სთან შეთანხმებით, კ.ნ-ს გადახურვითი სამუშაოების შესრულებაში უნდა მიეღო ანაზღაურება, ერთ კვადრატულ მეტრის ფართის გადახურვისათვის 8,0 ლარის გადახდის გათვალისწინებით; სკოლის გადახურვითი სამუშაოების შესრულებისათვის, სამუშაოს დამთავრებისას, მოპასუხე მხარეს, შესრულებული სამუშაოს ოდენობის (ფართის) გათვალისწინებით, უნდა გადაეხადა 8500 ლარი; მოპასუხის წარმომადგენელმა მოსარჩელე კ.ნ-ს გადასცა 2000 ლარი, ამასთან განუცხადა, რომ დანარჩენ თანხას - 6500 ლარს გადასცემდა მას შემდეგ, რაც ჩააბარებდნენ ობიექტს.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა შპს „დ. ბ. კ-ის“ სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლების არგუმენტი მის არასათანადო მოპასუხეობაზე, ვინაიდან აღნიშნა, რომ კ. ნ-ე შპს ,,ნ-სთვის’’ ზეპირი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, ასრულებდა გარკვეულ სამუშაოს და წარმოადგენდა დასაქმებულს, ამასთან, მოსარჩელემ შეასრულა სამუშაო ,,ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას’’, ხოლო, მოპასუხე კომპანიამ არაჯეროვნად შეასრულა თავისი ვალდებულება - არასრულად გადაუხადა მას შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება, მოსარჩელე კ. ნ-ს სწორედ მის მიმართ წარმოეშვა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოცემულ დავაში სათანადო მოპასუხეს წარმოადგენს შპს „დ. ბ. კ-ი“ (ამჟამინდელი სახელწოდებით შპს ,,ნ-ა’’).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ნ-მ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა კ. ნ-ის მტკიცება მასზე, თითქოს მხარეებს შორის არსებობდა გარიგება და ამ გარიგების თანახმად, შპს „ნ-ს“ გააჩნდა მის მიმართ ანაზღაურების ვალდებულება, ვინაიდან სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა არ ეფუძნება რეალურ ფაქტობრივ გარემოებას და საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ამასთან, კასატორის აზრით, სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა კ. ნ-ის მტკიცება ფულადი ვალდებულების რაოდენობის ნაწილში და ისე დააკისრა შპს „ნ-ს“ კ. ნ-ის სასარგებლოდ 6500 ლარის გადახდა, რომ რეალურად არ დაუდგენია რა მოცულობის სამუშაო შეასრულა მოსარჩელემ და რა ღირებულებით განისაზღვრება სახურავის გადახურვის სამუშაოები ბაზარზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ივლისის განჩინებით შპს „ნ-ს“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ნ-ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ნ-ს“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (350 ლარი) 70% –245 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ნ-ს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს „ნ-ს“ დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 3 ივლისს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (350 ლარი) 70% – 245 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

მ. სულხანიშვილი