Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-1006-942-2012 5 ოქტომბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ლ. ს-ი“ (მოპასუხე)

წარმომადგენელი – ლ. ქ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საიჯარო ქირის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ა-მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ლ. ს-ის“ მიმართ 2010 წლის 1 ოქტომბრის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაუხდელი საიჯარო ქირის – 29181,74 ლარის, ასევე 2011 წლის 1 აპრილის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის დავალიანების – 5100 ლარის გადახდის შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ა-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ლ. ს-ს“ შპს „ა-ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა 2010 წლის 1 ოქტომბრიდან, იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საიჯარო ქირის დავალიანების – 29 181,74 ლარის, ასევე 874,2 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 19 მარტის განჩინებით შპს „ლ. ს-ის“ სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად აპელანტს განესაზღვრა 10 დღის ვადა და დაევალა სახელმწიფო ბაჟის –1167,26 ლარის გადახადა, ლ. ქ-ისათვის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების სპეციალური უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის, ასევე მის მიერ ადვოკატთა ტესტირების გავლისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა.

2012 წლის 17 აპრილს აპელანტმა ნაწილობრივ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, კერძოდ, წარადგინა სათანადო წესით გაცემული და დამოწმებული რწმუნებულება, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება პროცესის დასრულებამდე. აპელანტის წარმომადგენლის მითითებით, ვინაიდან იჯარის ხელშეკრულების მოშლის შემდეგ შპს „ლ. ს-ი“ პროდუქციას აღარ აწარმოებს, კომპანიას არ გააჩნია არანაირი შემოსავალი და იმყოფება მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. კომპანიას ჰყავს მოვალეები, რომლებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება დავალიანების დაფარვის თაობაზე. უახლოეს მომავალში ვარაუდობენ დავალიანების სრულად დაფარვას, რაც საშუალებას მისცემთ გადაიხადონ სახელმწიფო ბაჟი.

სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 19 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად აპელანტს განესაზღვრათ 7 დღის ვადა და დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 1167,26 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენა.

2012 წლის 24 აპრილს შპს „ლ. ს-ის“ წარმომადგენელმა ლ. ქ-მ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა შპს „ლ. ს-ის“ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით 1167,26 ლარის გადახდის გადავადება პროცესის დასრულებამდე, იმ საფუძვლით, რომ კომპანია აღარ აწარმოებს პურ-ფუნთუშეულის პროდუქციას და არ გააჩნია არანაირი ფინანსური შემოსავალი, იმყოფება უკიდურესად მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად განცხადებას ერთვის შპს „ლ. ს-ის“ საბანკო ანგარიშიდან ამონაწერები.

სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 3 მაისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად აპელანტს განესაზღვრა 10 დღის ვადა.

შპს „ლ. ს-ის“ წარმომადგენელმა ლ. ქ-მ კვლავ განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომელშიც მიუთითა, რომ მზად არის სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი 1167,26 ლარიდან გადაიხადოს ნაწილი, ხოლო დარჩენილი თანხა დაფაროს პროცესის მსვლელობის განმავლობაში.

სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 23 მაისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად აპელანტს განესაზღვრა 10 დღის ვადა, თუმცა შპს-მ მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის კიდევ 1 თვით გაგრძელება.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლით და განმარტა, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ იძლევა მისი დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს, აპელანტის წარმომადგენლის მიერ განცხადებებზე დართული დოკუმენტები არ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ აპელანტს არ გააჩნია სხვა სახსრები და ქონება სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. ამდენად, პალატა ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, რომ შპს „ლ. ს-ს“ გაუგრძელოს საპროცესო ვადა.

პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერ შესძლო სასამართლოს 2012 წლის 23 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსება და აღნიშნული გარემოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „ლ. ს-ის“ წარმომადგენელმა ლ. ქ-მ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებასთან დაკავშირებული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამომდინარეობს საქართველოში შექმნილი თანამედროვე რეალობის მოთხოვნებიდან. ფიზიკური და იურიდიული პირები საკუთარ ფინანსურ ტრანზაქციებს, სხვადასხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნის შესაბამისად, ახორციელებენ უნაღდო ანგარიშსწორების გზით – საბანკო ანგარიშების მეშვეობით. ფინანსური სახსრების ელექტრონულ მიმოქცევაზე დაკვირვება საშუალებას იძლევა დადგინდეს, თუ რა ოდენობის თანხა აქვს კომპანიას ბალანსზე. იმ შემთხვევაში, თუ საუბარია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მოთხოვნებზე, ცხადია, ამ მუხლით გათვალისწინებულ უტყუარ მტკიცებულებაში უნდა ჩაითვალოს კომპანიის საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერი. მართლმსაჯულება ხელმისაწვდომია ყველასთვის, დაუშვებელია მისი შეზღუდვა ისეთი ტექნიკური მიზეზების გამო, როგორიც არის სახელმწიფო ბაჟის დროულად გადაუხდელობა. გასაგებია, რომ 48-ე მუხლი სასამართლო პრაქტიკაში ძირითადად გამოიყენება იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებსაც გააჩნიათ სოციალურად დაუცველი პირის სტატუსი, მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს იურიდიული პირი, რომელსაც საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით გააჩნია იგივე სტატუსი.

ამ შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია, გაითვალისწინოს მართლმსაჯულების ყველასთვის ხელმისაწვდომობის პრინციპი და ჩამოაყალიბოს ერთგვარი პრაქტიკა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლთან დაკავშირებით.

შპს „ლ. ს-ისათვის“ სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია სააპელაციო საჩივარზე სასამართლოს მიერ ჭეშმარიტი გადაწყვეტილების მიღებას.

შპს „ლ. ს-ს“ ჰყავს მოვალეები, რომლებსაც გააჩნიათ კომპანიის წინაშე დავალიანება. მისი წარმოშობის საფუძველია 2011 წლის 15 სექტემბრამდე მიწოდებული პროდუქცია. ამ კომპანიებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები დავალიანების დაფარვასთან დაკავშირებით. მოვალეების მხრიდან დავალიანების სრულად დაფარვა საშუალებას მისცემს აპელანტ მხარეს, სრულად დაფაროს სახელმწიფო ბაჟი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ლ. ს-ის“ წარმომადგენელ ლ. ქ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 1167,26 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის, სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობისა და ადვოკატის მოწმობის წარდგენა. აღნიშნული ვადა აპელანტის მოთხოვნით არაერთხელ (თავდაპირველად 7, ხოლო შემდეგ 10 და 5 დღით) გაგრძელდა, თუმცა შპს „ლ. ს-მა“ ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილში არ გამოასწორა საზოგადოების ფინანსური სირთულეების მოტივით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად და ასევე სავსებით დასაბუთებულად უთხრა უარი სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით წარდგენილი შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება სასამართლოში საქმის წარმოების სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წინაპირობაა, რისი დაუცველობაც იწვევს მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს – მისი სარჩელი თუ საჩივარი აღარ განიხილება. შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო მხარის მოთხოვნის განუხილველად დატოვება არ უნდა იქნეს განხილული ამ პირისათვის მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების შეზღუდვად.

მართალია, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებულ შეღავათებს, თუმცა, ამასთანავე, აწესებს მათი გამოყენების პირობებსაც.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.

ხსენებული ნორმის ანალიზი მეტყველებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადოს მხარეს, რომელიც დაარწმუნებს მას, საკუთარი მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ობიექტურ შეუძლებლობაში, რაც დადასტურდება სათანადო მტკიცებულებების წარდგენით. ასეთი მტკიცებულებები აპელანტს სააპელაციო სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მხოლოდ ერთი საბანკო დაწესებულებიდან შპს-ს ანგარიშის ამონაწერის წარდგენა ვერ გამოდგება საზოგადოების ისეთი ფინანსური სიძნელეების დასტურად, რაც იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას შეიძლება დაედოს საფუძვლად.

ასევე არამართლზომიერია აპელანტის შუამდგომლობა ხარვეზის დამატებით 1 თვით გაგრძელების შესახებ, ვინაიდან, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მხარეს მრავალგზის გაუგრძელდა აღნიშნული საპროცესო ვადა და საკმარისი ვადა ჰქონდა ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სხვა ორგანიზაციებს გააჩნიათ შპს „ლ. ს-ის“ მიმართ დავალიანება, რის დაბრუნებაზეც მიმდინარეობს მოლაპარაკება. აღნიშნული გარემოება არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით შპს „ლ. ს-ის“ სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად და მისი გაუქმების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს „ლ. ს-ის“ წარმომადგენელ ლ. ქ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

თ. თოდრია