Facebook Twitter
#as-110-389-08

№ას-1097-1028-2012 24 ოქტომბერი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – რ. ხ-ი, დ. ჯ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ქ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი – სესხისა და პირგასამტეხლოს დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ივლისის განჩინებით რ. ხ-ისა და დ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს რ. ხ-მა და დ. ჯ-მა, რომლებმაც მოითხოვეს მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 11 სექტემბრის განჩინებით რ. ხ-სა და დ. ჯ-ს დაუდგინდათ ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში წარმოედგინათ: ა. 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი; ბ. რ. ხ-ისა და დ. ჯ-ის მიერ ზ. ბ-ის სახელზე გაცემული მინდობილობა კერძო საჩივრის შეტანის უფლებამოსილებით ან მათ მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ხ-ისა და დ. ჯ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 11 სექტემბრის განჩინებით რ. ხ-სა და დ. ჯ-ს დაუდგინდათ ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში წარმოედგინათ: ა. 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი; ბ. რ. ხ-ისა და დ. ჯ-ის მიერ ზ. ბ-ის სახელზე გაცემული მინდობილობა კერძო საჩივრის შეტანის უფლებამოსილებით ან მათ მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივარი.

საქმის მასალების თანახმად, ზემოხსენებული განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორთაგან ერთ-ერთს, დ. ჯ-ს ჩაბარდა მის მიერ მითითებულ მისამართზე (თბილისი, ც-ის ქ.№50). აღნიშნულს ცხადყოფს სასამართლო გზავნილზე არსებული მისი ხელმოწერა. ადრესატის მიერ გზავნილის ჩაბარების თარიღად დაფიქსირებულია 16.10.2012წ. ამასთან, მითითებული ჩაბარება მიიჩნევა გზავნილის რ. ხ-ისათვის ჩაბარებადაც, გამომდინარე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კერძო საჩივრის ავტორთათვის ხარვეზის შევსების 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 17 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 19 ოქტომბერს, რომელიც იყო სამუშაო დღე – პარასკევი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან რ. ხ-მა და დ. ჯ-მა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, ამიტომ მათი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. ხ-ისა და დ. ჯ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე პაატა ქათამაძე