Facebook Twitter

საქმე ას-1105-1036-2012 8 ოქტომბერი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ნ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ფ. ს-ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ფ. ს-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. მ-ისა და ლ. ტ-ის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: 2009 წლის 9 ოქტომბერს ნ. მ-მა 3 თვის ვადით, თვეში 5%-ის დარიცხვით 24000 აშშ დოლარი ისესხა. მხარეები ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5 %-ის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდაზე შეთანხმდნენ. სესხის უზრუნველსაყოფად ქ.თბილისში, გ-ის ქ.24/57-ში ლ.ტ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება იპოთეკით დაიტვირთა. მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია.

ნ. მ-მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2010 წლის 11 თებერვლის შპს „ქ. მ. ა-ის“ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 აპრილის განჩინებით მოპასუხეს დაეკისრა გარკვეული თანხის გადახდა, რის საფუძველზეც მისი კუთვნილი უძრავი ქონება ფ.ს-ს საკუთრება გახდა. მოპასუხეს გადახდილი აქვს 4000 აშშ დოლარი და იგი უნდა გამოაკლდეს სარჩელში მითითებულ თანხას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ფ. ს-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. მ-ს ფ. ს-ს სასარგებლოდ 24000 დოლარისა და 2010 წლის 9 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად 12 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. დავალიანების დაფარვის მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება სარეალიზაციოდ მიექცა. აღნიშნული გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა ნ.მ-მა და ლ.ტ-მ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 მაისის განჩინებით გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივლისის განჩინებით წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ივლისის განჩინებით აპელანტს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებასა და მისი ოდენობის შემცირებაზე და ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, განესაზღვრა საპროცესო ვადა 5 დღე და დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 1485 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. საქმეში წარმოდგენილი ჩაბარების დასტურით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ივლისის განჩინება ჩაჰბარდა ნ. მ-ის წარმომადგენელ ბ. მ-ს 2012 წლის 12 ივლისს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედებების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისთვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ, აგრეთვე, მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს. აღნიშნული ვრცელდება განჩინების ჩაბარების შემთხვევებზეც და, კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაბარებულად ითვლება აპელანტისათვის 2012 წლის 12 ივლისს (როცა განჩინება ჩაბარდა მის წარმომადგენელს). შესაბამისად, ხარვეზის შევსების 5 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 13 ივლისიდან, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. აღნიშნული საპროცესო ვადა ამოიწურა 2012 წლის 17 ივლისს და ხარვეზის შევსების უფლებამოსილება აპელანტს გააჩნდა 2012 წლის 17 ივლისის ჩათვლით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოასწორა ხარვეზი _ არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. მ-მა შემდეგი დასაბუთებით: ნ.მ-ი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას ან შემცირებას. სასამართლომ არ გაითვალისწინა ნ.მ-ის ქონებრივი მდგომარეოება, რომ მას რაიმე სახის უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 4 ივლისის განჩინებით აპელანტ ნ. მ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადებაზე და სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირებაზე არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა განჩინების ასლის ჩაბარების მომენტიდან 5 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 1485 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი წარედგინა. მითითებული განჩინება აპელანტის წარმომადეგენლ ბ. მ-ს 2012 წლის 12 ივლისს ჩაჰბარდა.

სადავო არ არის ის გარემოება, რომ კერძო საჩივრის ავტორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ხუთდღიანი ვადა დაარღვია. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.

ნ.მ-ი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი ქონებრივი მდგომარეობა, რომ მას რაიმე სახის უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნია. იგი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას ან შემცირებას, რაც გაზიარებული არ იქნა.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია, ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებენ ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, 103-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. კერძო საჩივრის ავტორმა დადგენილ ვადაში ხარვეზი ვერ შეავსო, ამასთან, მან ვერ დაადასტურა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის დანაწესიდან ირკვევა, რომ სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადება ან შემცირება, შესაბამისი მტკიცებულებების გათვალისწინებით სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა ვალდებულება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში.

დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 13 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 17 ივლისს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. კვანტალიანი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ.ალავიძე