საქმე ას-1140-1069-2012 29 ოქტომბერი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ა. ხ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - რ. მ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. მ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ხ-ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: 2010 წლის 20 ნოემბერს მოსარჩელის მამა - ს. მ-ე გარდაიცავალა, რომელსაც ა.ხ-ისათვის სესხად ჰქონდა გაცემული თანხა. აღნიშნული თანხა მოპასუხეს 2009 წლის 1 იანვრამდე უნდა გადაეხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პასუხისმგებლობას იღებდა მიყენებულ ზიანზე. აქედან გამომდინარე, ა.ხ-ს უნდა დაეკისროს სესხად აღებული თანხის 4800 აშშ დოლარისა და მიყენებული ზიანის 3456 აშშ დოლარის გადახდა.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მან 2000 წელს სესხად აიღო 1000 დოლარი სარგებლის დარიცხვით. 2008 წლისათვის სესხისა და დარიცხული პროცენტის ოდენობამ ერთობლივად 4800 აშშ დოლარი შეადგინა, რომელიც ნაწილ-ნაწილ იქნა დაბრუნებული. ამასთან, გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით რ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ა. ხ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4800 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ივლისის განჩინებით წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო საჩივარზე აპელანტის მიერ არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 მაისის განჩინებით ხარვეზის შესავსებად აპელანტს განესაზღვრა ვადა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღე და განემარტა, რომ თუ დანიშნულ ვადაში ხარვეზს არ შეავსებდა სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
2012 წლის 11 ივნისს, სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ა. ხ-მა და მძიმე ეკონომიკური და ოჯახური მდგომარეობის გამო, სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება და მისი გადავადება მოითხოვა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის განჩინებით ა. ხ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის შემცირებისა და მისი გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 მაისის განჩინებით, აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა და იგი განისაზღვრა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღით. მასვე განემარტა, რომ თუ ამ ვადაში ხარვეზს არ შეავსებდა, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. 2012 წლის 4 ივლისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კვლავ მიმართა აპელანტმა და ხარვეზის ვადის 2 თვით გაგრძელება მოითხოვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით (გზავნილით) ეცნობება, სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება (გზავნილი) მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლით, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლით, თუ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პირობა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის განჩინებით აპელანტს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირებასა და გადახდის გადავადებაზე და გაუგრძელდა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა, ამასთან მხარეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული სათანადო მტკიცებულება მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა არ წარმოუდგენია, პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის შუამდგომლობა, ხარვეზის ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელების თაობაზე, რაც გამორიცხავს მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ხ-მა შემდეგი დასაბუთებით: სახელმწიფო ბაჟის გადახდა ა.ხ-მა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ვერ შეძლო. მას ჰყავს მრავალსულიანი ოჯახი. კერძო საჩივრის ავტორმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე და 64-ე მუხლების შესაბამისად შეემცირებინა სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 150 ლარამდე, ან 2 თვის ვადით გადავადებულიყო სახელმწიფო ბაჟის გადახდა. აღნიშნული მდგომარეობა სასამართლომ არ გაითვალისწინა ისე დატოვა განუხილველად წარდგენილი სააპელაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ხ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 მაისის განჩინებით ა.ხაჯიშვილის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის 192 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. 2012 წლის 15 ივნისის განჩინებით, ა.ხ-ს, მის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა გაუგრძელდა 10 დღით. 2012 წლის 4 ივლისს კერძო საჩივრის ავტორმა კვლავ მიმართა სასამართლოს განცხადებით და მოითხოვა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება 2 თვით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 9 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ა.ხ-ის შუამდგომლობა და ხარვეზის შეუვსებლობის გამო წარდგენილი საპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
ა.ხ-ი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი ქონებრივი მდგომარეობა. იგი განცხადებით ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას ან შემცირებას, რაც გაზიარებული არ იქნა.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია, ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებენ ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, 103-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. კერძო საჩივრის ავტორმა დადგენილ ვადაში ხარვეზი ვერ შეავსო, მან ვერ დაადასტურა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობა, რაც მისი გადახდის გადავადებას ან შემცირებას გამოიწვევდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.
ვინაიდან, კერძო საჩივრის ავტორმა არ შეავსო 2012 წლის 15 ივნისის განჩინებით მითითებული ხარვეზი, მან დადგენილ ვადაში არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და არც ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების ან გადავადების კანონით გათვალისწინებული მტკიცებულება არ წარდაგინა საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ა.ხ-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. კვანტალიანი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ.ალავიძე