Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-1177-1106-2012 11 ოქტომბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. ბ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ლ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. ლ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ე. ლ-ე ცნობილ იქნა მ. ბ-ისათვის 38750 ლარის გადახდის სანაცვლოდ ქ. ქუთაისში, ლ-ის ქ. №18-ში მ. ბ-ის სახელზე რიცხული, მეორე სართულზე მდებარე 124,65 კვ.მ სამი საცხოვრებელი ოთახის მესაკუთრედ. 12,57 კვ.მ წინა აივანი და დამხმარე სათავსები დარჩა თანასაკუთრებაში, 1995 წლის 14 აგვისტოს კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის ბათილად ცნობაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

მ. ბ-მა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. ახლად აღმოჩენილ მტკიცებულებებად განმცხადებელმა სასამართლოს წარუდგინა საბინაო წიგნის ასლი, დეპეშის ასლი და ქუთაისის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის საუბნო კომიტეტის 1984 წლის დეკემბრის ცნობის ასლი. განმცხადებლის განმარტებით, ეს საბუთები, საქმის არსებითად განხილვის დროს წარდგენის შემთხვევაში, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ივლისის განჩინებით მ. ბ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილით და მიიჩნია, რომ მ. ბ-ი საქმის არსებით განხილვაში მონაწილეობდა წარმომადგენლის მეშვეობით. ახლად აღმოჩენილად მიჩნეული საბუთები – დეპეშა და აღმასკომის საუბნო კომიტეტის 1984 წლის დეკემბრის ცნობა გაცემულია განმცხადებლის სახელზე, ხოლო საბინაო წიგნი, მისივე თქმით, ინახებოდა მისი შვილის ბინაში. აქედან გამომდინარე განმცხადებელს, ცხადია, შეეძლო წარედგინა ისინი სასამართლოსათვის საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს. ამ დაშვების საწინააღმდეგო მტკიცებულებები განმცხადებელს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. ამის გამო, განცხადება უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების, მე-40 მუხლის მეორე ნაწილისა და 42-ე მუხლის თანახმად, მ. ბ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს არასრულად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის – 50 ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. ბ-მა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებას წარმოადგენს დეპეშა, აღმასკომის საუბნო კომიტეტის 1984 წლის დეკემბრის ცნობა და საბინაო წიგნი, რაც აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ პუნქტის მოთხოვნას. ე.ლ-მ გატეხა არა მარტო მ. ბ-ის, არამედ მისი შვილის ბინაც. დედა-შვილმა 1995 წელს დაკეტეს მათი ბინები და გაემგზავრნენ აშშ-ში, რის შემდეგ საქართველოში არ ჩამოსულან. საქმის არსებითად განხილვისას მხარე საქართველოში არ იმყოფებოდა. დასახელებული დოკუმენტები აღმოჩნდა ვ. ა-ის ოთახში, რომლის გასაღებიც ე. ლ-ს ჰქონდა. ამიტომ მ.ბ-ის წარმომადგენელს არ ჰქონდა შესაძლებლობა, მოეპოვებინა და სასამართლოსათვის წარედგინა სადავო მტკიცებულებები.

საქმეში წარმოდგენილი იყო მ. ბ-ის ქონების საკუთრების დოკუმენტი და ქირის გადახდის ქვითრები, რაც, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მეოთხე და მეხუთე ქვეპუნქტების თანახმად, საკმარისი უნდა ყოფილიყო დავის მ. ბ-ის სასარგებლოდ გადასაწყვეტად.

განმცხადებელი 2011 წლის 5 აგვისტოს ჩამოვიდა საქართველოში თავისი ბინის დასაბრუნებლად, გამოართვა გასაღები ე. ლ-ს და მხოლოდ ამის შემდეგ აღმოაჩინა სადავო მტკიცებულებები.

სააპელაციო სასმაართლომ არასწორად დააკისრა მ. ბ-ს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა და მესამე ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

აღნიშნული საფუძვლით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. მითითებული ნორმის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად შეიძლება დაედოს ისეთი გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომელიც მხარის ინტერესების სასარგებლოდ არსებითად გავლენას მოახდენდა საქმის შედეგზე, ამასთან, კანონი აკეთებს დათქმას, – ასეთი გარემოების შესახებ მხარისათვის თავისი ბრალის გარეშე საქმის განხილვისას ცნობილი არ უნდა ყოფილიყო და ასეთი ინფორმაციის მოპოვება საქმის არსებითად განხილვის დროს მას ობიექტურად არ უნდა შესძლებოდა.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომ მ. ბ-ის მიერ ახლად აღმოჩენილად მიჩნეული გარემოებები საქმის წარმოების განახლების საფუძველი ვერ გახდება, ვინაიდან მის მიერ მითითებული დეპეშა და აღმასკომის საუბნო კომიტეტის 1984 წლის დეკემბრის ცნობა გაცემულია განმცხადებლის სახელზე, შესაბამისად, მხარე ინფორმირებული იყო აღნიშნული დოკუმენტების შინაარსის შესახებ. საბინაო წიგნი კი, თავად განმცხადებლის განმარტებით, ინახებოდა მისი შვილის ბინაში და მისი მოპოვება მხარემ საქართველოში დაბრუნებისთანავე შესძლო.

ამდენად, მ. ბ-ს სადავო მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენა დაუბრკოლებლად შეეძლო საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს.

დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დააკისრა მ. ბ-ს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წარდგენისას მ. ბ-მა წარადგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდის ქვითარი. პირველ რიგში სასამართლომ განიხილა განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, რისთვისაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მას უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი – 50 ლარი. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახილების თაობაზე განცხადების განხილვისათვის კი ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია სახელმწიფო ბაჟი – 100 ლარის ოდენობით. აღნიშნულის გამო, სასამართლომ განმცხადებელს დააკისრა დამატებით 50 ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის განჩინება დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

თ. თოდრია