№ას-1181-1110-2012 8 ოქტომბერი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ხ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ხ-მ განცხადებით მიმართა ბორჯომის რაიონულ სასამართლოს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ შემდეგი დასაბუთებით: 2011 წლის 31 ოქტომბერს მ. ხ-მ ნოტარიუსს განცხადებით მიმართა და გარდაცვლილი მამის - თ. ხ-ის სამკვიდრო მასაში შემავალ ნ.ხ-ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა მოითხოვა. ვინაიდან ვერ დადგინდა თ. ხ-ის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების ფაქტი, მ. ხ-ს უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე სასამართლო წესით სამკვიდროს მიღებისა და ფლობის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენამდე.
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით მ.ხ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა განმცხადებელმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 ივლისის განჩინებით, წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცხადდა 2012 წლის 21 მაისს და მ. ხ-ისთვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. პალატამ მიიჩნია, რომ, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 20 ივნისს (გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს) და ამოიწურა 2012 წლის 3 ივლისს. აპელანტმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2012 წლის 6 ივლისს, რითაც დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ხ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო საჩივარი ბორჯომის მაგისტრატ სასამართლოში ფოსტის მეშვეობით კანონით დადგენილ ვადაში იქნა წარდგენილი, რასაც ადასტურებს 2012 წლის 2 ივლისს სააპელაციო საჩივრის გაგზავნის შესახებ ქვითარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ხ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ასახელებს იმ ფაქტს, რომ სააპელაციო საჩივარი ფოსტას წარუდგინა კანონით დადგენილ ვადაში, რასაც ადასტურებს საფოსტო გზავნილის ქვითარი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოში წარდგენის თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. აღნიშნული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში წარდგენილად მიიჩნევა, თუ მხარე აღნიშნულს წარადგენს სასამართლოში ან ამავე ვადის დაცვით გააგზავნის ფოსტის მეშვეობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის წესს. დასახელებული ნორმის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
დადგენილია, რომ ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა 2591 მუხლის შესაბამისად დაიწყო 2012 წლის 20 ივნისს, ხოლო გასაჩივრების ვადის ათვლა ამოიწურა ამავე წლის 3 ივლისს. კერძო საჩივარზე დართული საფოსტო ქვითრით დგინდება, რომ მ.ხ-ის წარმომადგენელმა ნ. გ-მა 2012 წლის 2 ივლისს ბორჯომის მაგისტრანტ სასამართლოში გზავნილი გააგზავნა. აღნიშნული საფოსტო გზავნილის ქვითრის შეფასების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენა განხორციელდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მ. ხ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 ივლისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ხ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 ივლისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. კვანტალიანი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე