Facebook Twitter

საქმე ას-1205-1134-2012 15 ოქტომბერი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ბ. მ-ა

მოწინააღმდეგე მხარე - ჩ. ჩ-ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – აუცილებელი გზის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჟ. მ-მ და ჩ. ჩ-მ სარჩელი აღძრეს სასამართლოში ბ. მ-ს მიმართ აუცილებელი გზით სარგებლობის აკრძალვის მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: მხარეები რამოდენიმე ათეული წლებია სარგებლობენ ერთადერთი მისასვლელი გზით, რომელიც გადის მოპასუხე ბ. მ-ს ნაკვეთზე. მათ სახლებსა და ცენტრალურ გზას შორის სხვა ალტერნატიული გზა არასოდეს ყოფილა. 2009 წლის 16 აგვისტოს მოპასუხე ბ. მ-მ პრაქტიკულად დაკეტა მათ საცხოვრებელ სახლებსა და საკარმიდამო ნაკვეთებთან მისასვლელი გზა, კერძოდ, ცალკე დამოუკიდებელი ღობით შემოღობა. მიუხედავად მათი არაერთგზის მოთხოვნისა, მოპასუხე წინააღმდეგია, აიღოს ღობე და აღადგინოს თავდაპირველი მდგომარეობა, რაც საშუალებას მისცემს, დანიშნულებისამებრ ისარგებლონ მათი კუთვნილი ქონებით. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არ აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან, მაშინ მეზობელს შეუძლია, მეორე მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. ამდენად, ბ. მ. მოვალეა, ითმინოს მათი ნაკვეთების ჩვეულებრივი სარგებლობით გამოწვეული ზემოქმედება. სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლით მას აკისრია სამეზობლო თმენის ვალდებულება და ამავე მუხლის მეორე ნაწილით არ შეუძლია სავალდებულო გზით სარგებლობის უფლების აღკვეთა, რომელიც საცხოვრებელ სახლებთან და საკარმიდამო ნაკვეთებთან აკავშირებს.

მოპასუხე ბ. მ-მ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარი თქმა შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელეებს გააჩნიათ საჯარო გზასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა. მოპასუხის ნაკვეთზე არასოდეს ყოფილა სამეზობლო და საჯარო გზასთან დამაკავშირებელი გზა. მოსარჩელეებს გააჩნიათ თავიანთ ნაკვეთზე მისასვლელი ალტერნატიული გზა, მათ შორის საჯარო გზებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა. მოპასუხე ნებას რთავდა მოსარჩელეებს, ესარგებლათ მისი ნაკვეთით, მაგრამ ეს იყო მისი კეთილი ნება. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლზე მითითება არასწორია, ვინაიდან მოპასუხის ნაკვეთზე ასეთი სარგებლობის სასიარულო გზა სერვიტუტით დატვირთული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არასოდეს ყოფილა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების, ჟ. მ-სა და ჩ. ჩ-ს, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ჟ. მ-მ და ჩ. ჩ-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჩ. ჩ-სა და ჟ. მ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება. ჩ. ჩ-სა და ჟ. მ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბ. მ-ს აეკრძალა კუთვნილი მიწის ნაკვეთზე, ჟ. მ-სა და ჩ. ჩ-სათვის, მოსარჩელეთა საკარმიდამო ნაკვეთებთან დაკავშირების მიზნით, ფეხით გადაადგილებაში ხელის შეშლა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. მ-მ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 24 მაისის განჩინებით ბ. მ-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჩ. ჩ-სა და ჟ. მ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება. ჟ. მ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ჩ. ჩ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბ. მ-ს აეკრძალა კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, ჩ. ჩ-სათვის, ჩ. ჩ-ს საკარმიდამო ნაკვეთთან დაკავშირების მიზნით, ფეხით გადაადგილებაში ხელის შეშლა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ.მ-მ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 21 თებერვლის განჩინებით ბ. მ-ს საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2012 წლის 25 ივნისს ჟ.მ-მ მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2011 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 21 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა წარდგენილი განცხადება შემდეგ გარემოებათა გამო: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბ. მ-ს აეკრძალა ჩ. ჩ-სათვის მიწის ნაკვეთზე ფეხით გადაადგილებაში ხელის შეშლა. მხარეთა შორის სადავოა ის, თუ რას მოიცავს ეს აკრძალვა – უფლებამოსილია თუ არა ჩ. ჩ-ა, მოითხოვოს ამ გზაზე სხვა პირთა გატარება და ვალდებულია თუ არა ბ. მ-ა ღობე და ჭიშკარი მოაწყოს ისე, რომ ჩ. ჩ-ს დაუბრკოლებლად შეეძლოს ნაკვეთზე გადაადგილება. ამის გამო გადაწყვეტილების აღსრულება ვერ ხერხდება.

პალატამ მიუთითა, რომ განსამარტი გადაწყვეტილებით ჩ. ჩ-ს მოთხოვნა, აუცილებელი გზის დადგენის ნაწილში, დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გახდა ის, რომ ჩ. ჩ-ს კუთვნილ ნაკვეთს არ ჰქონდა კავშირი საჯარო, სასოფლო გზასთან და მისი უზრუნველყოფა შესაძლებელი იყო მხოლოდ ბ. მ-ს ნაკვეთის გავლით. სწორედ ამ ვითარების აღმოფხვრა დადგინდა გადაწყვეტილებით, ე.ი. გადაწყვეტილებით ბ. მ-ს ქონება დაიტვირთა ჩ. ჩ-ს ნივთის სასარგებლოდ, ამ ნივთით ჩვეულებრივი სარგებლობის მიზნებისათვის.

აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება აღსრულდება, თუ ჩ. ჩ-ს მიეცემა საშუალება, დაუბრკოლებლად მივიდეს საკუთარ ნაკვეთთან ბიძინა მჟავიას ეზოს გავლით და გამოიყენოს კუთვნილი ქონება ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო დანიშნულებით. საცხოვრებელი სახლით ჩვეულებრივი სარგებლობა გულისხმობს იმასაც, რომ სახლში მივიდნენ სახლის მესაკუთრის ოჯახის წევრები, ნათესავები და მისთ. აქედან გამომდინარე, ბ. მ-ა ვალდებულია, ითმინოს ჩ. ჩ-ს ოჯახის წევრთა გადაადგლება მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთზე. თუმცა, მას შეუძლია არ დაუშვას ამ ნაკვეთით ჟ. მ-სა და მისი ოჯახის წევრთა სარგებლობა, იმდენად, რამდენადაც, ჟ. მ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა და, ამასთან, ჟ. მ-ს შეუძლია, დაუკავშირდეს ჩ. ჩ-ს ნაკვეთს საკუთარი ეზოს გავლით. ამავდროულად, ბ. მ-ა რასაკვირველია, უფლებამოსილია, დაიცვას საკუთარი კარმიდამო მესამე პირთაგან, ჩარაზოს ჭიშკარი ბოქლომით, გასაღებით და ა.შ. ოღონდ, ამან ხელი არ უნდა შეუშალოს ჩ. ჩ-ს მიწის ნაკვეთით დაუბრკოლებლად სარგებლობაში. ეს ნიშნავს, რომ თუ ბ. მ-ა ჩარაზავს ეზოში შესასვლელს, ჩ. ჩ-ს უნდა შეეძლოს გაღება დამოუკიდებლად, ბ. მ-ს გარეშეც.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბ. მ-მ შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი, რაც გამოიხატა იმაში, რომ შეცვალა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. ბ.მ-ს დაეკისრა თმენის ვალდებულება, არა მარტო ჩ. ჩ-ს, არამედ მისი ოჯახისა და სხვა პირების მიმართაც. აღნიშნულით შეილახა ბ.მ-ს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი საკუთრების უფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. მ-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჩ. ჩ-სა და ჟ. მ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება. ჟ. მ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ჩ. ჩ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბ. მ-ს აეკრძალა კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, ჩ. ჩ-სათვის, თავის საკარმიდამო ნაკვეთთან დაკავშირების მიზნით, ფეხით გადაადგილებაში ხელის შეშლა.

2012 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ტექსტი: ბ. მ-ს აეკრძალა, კუთვნილი მიწის ნაკვეთზე, ჩ. ჩ-სათვის, ჩ. ჩ-ს საკარმიდამო ნაკვეთთან დაკავშირების მიზნით, ფეხით გადაადგილებაში ხელის შეშლა, განიმარტა შემდეგნაირად: ბ. მ-ა ვალდებულია ითმინოს ჩ. ჩ-ს, ასევე ჩ. ჩ-ს ოჯახის წევრთა და სხვა პირთა გადაადგილება მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მხოლოდ ჩ. ჩ-ს კუთვნილ ნაკვეთთან დასაკავშირებლად. ბ. მ. უფლებამოსილია, არ დაუშვას მიწის ნაკვეთზე ჟ. მ-ა. ბ. მ-ა უფლებამოსილია ჩარაზოს ჭიშკარი, ოღონდ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს ჩ. ჩ-ს მიწის ნაკვეთით დაუბრკოლებლად სარგებლობაში, თუ ბ. მ-ა ჩარაზავს ეზოში შესასვლელს, ჩ. ჩ-ს უნდა შეეძლოს რაზის გაღება დამოუკიდებლად ბ. მ-ს გარეშეც.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ სარეზოლუციო ნაწილის ამგვარი განმარტებით ფაქტობრივად შეცვალა მისი შინაარსი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. დასახელებული ნორმის თანახმად, სასამართლო განმარტავს გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი შეიცავს ბუნდოვან ან ორაზროვან დებულებას. მოსარჩელის მიზანი სასამართლოში სარჩელის შეტანის დროს წარმოადგენს მოპასუხის მიერ შელახული, სადავოდ ქცეული უფლების აღდგენას, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილება კი გარანტიაა იმისა, რომ მხარეთა შორის სადავო საკითხი მოწესრიგდეს, გადაწყვეტილებამ შეუქცევადად უნდა დაადგინოს მხარეთა უფლება-მოვალეობები. ის, რაც იწვევდა კონფლიქტს მხარეებს შორის, სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ითვლება დადგენილად და უდავოდ. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილების მიზანი არა მხოლოდ პირის დარღვეული უფლების სასამართლო წესით დაცვაა, არამედ მიღებული გადაწყვეტილებით აღდგენილი უფლების რეალიზება და დაუბრკოლებლად აღსრულებაა. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, განმარტების საკითხი ორიენტირებული უნდა იყოს მისი აღსრულების ხელშეწყობაზე.

სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული მუხლის დანაწესი მესაკუთრეს უფლებას აძლევს, განკარგოს თავისი ნივთი შეხედულებისამებრ, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, თუმცა ამავე მუხლით დგინდება, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და მისი შეზღუდვა კანონით დადგენილ შემთხვევებში შესაძლებელია. მოცემული შეზღუდვის დასტურია სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილი. აღნიშნული ნორმა ადგენს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის უფლებას, მოსთხოვოს მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან. კონკრეტულ შემთხვევაში, ჯეროვანი გამოყენება გულისხმობს ჩ.ჩ-ს, უფლებას შესძლოს, თავისი საკუთრებით ნორმალური, ჩვეულებრივი სარგებლობა მეზობელი მიწის ნაკვეთის მეშვეობით. საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ სხვისი ქონებით შეზღუდული სარგებლობა გამოწვეულია რა ნაკვეთის მდებარეობით შექმნილი საგანგებო მდგომარეობით, სხვისი ქონების უფლებრივად დატვირთვა ამ უფლების მოსარგებლეს თუ სხვა რამ არ არის დადგენილი სულ ცოტა თავისი ნაკვეთით ჩვეულებრივი სარგებლობის შესაძლებლობას უნდა აძლევდეს. მაშინ, როდესაც მიწის ნაკვეთის მოდავე მხარისათვის სარგებლობა დადგინდა მხოლოდ ფეხით გადაადგილების ფარგლებში, მართებულია, ეს უფლება განიმარტოს მხარის ინტერესებში - მისი და მისი ოჯახის წევრებისათვის, ასევე სტუმრად მისული პირებისათვის გადაადგილების თავისუფლებაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა 2011 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბ. მ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. კვანტალიანი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ.ალავიძე