Facebook Twitter

№ას-1212-1141-2012 15 ოქტომბერი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – დ. ს-ე (წარმომადგენელი ც. დ-ი)

მოწინააღმდეგე მხარეები – შ. ც-ე, ნ. ს-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მაისის საოქმო განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. ს-ის სარჩელი მოპასუხეების – ნ. ს-ისა და შ. ც-ის მიმართ, რომლითაც მან მოითხოვა მოპასუხეებს შორის 2011 წლის 19 მაისს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ს-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მაისის საოქმო განჩინებით დ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა, რომელიც როგორც საქმის მასალებით დადასტურდა 2012 წლის 11 მაისს ხელწერილით პირადად იქნა გაფრთხილებული 2012 წლის 22 მაისის სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე. ამავე ხელწერილში მითითებული იყო სხდომაზე გამოცხადების სავალდებულოობისა და გამოუცხადებლობის სავალდებულო შედეგების შესახებ. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლებოდა 2012 წლის 11 მაისს. შესაბამისად, აპელანტი 11 დღით ადრე იყო ინფორმირებული სხდომის დანიშვნის შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლია საქმეში არსებული მასალები და თბილისის სააპელაციო სასამართლოში იმ დროისათვის შესული კორესპონდენცია და დარწმუნდა, რომ აპელანტს სასამართლოსათვის არ უცნობებია დაუძლეველი ძალის ან სხვა რაიმე ისეთი მოვლენის შესახებ, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა მისთვის სასამართლოში დროულად გამოცხადებაში. ამასთან, სასამართლო პროცესზე აპელანტის წარმომადგენელმა ც.დევრისაშვილმა წარადგინა განცხადება, რომლითაც იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შუამდგომლობდა სხდომის გადადების თაობაზე. სასამართლოს მხოლოდ ამ განცხადებით ვერ შეექმნა რწმენა აპელანტის წარმომადგენლის გამოცხადების შეუძლებლობის საპატიო მიზეზების არსებობასთან დაკავშირებით.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობდა სხდომის გადადების კანონისმიერი წინაპირობები და მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საფუძვლიანი იყო, გამომდინარე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. ს-ის წარმომადგენელმა ც.დ-მა. კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონსაწინააღმდეგოა და იგი უნდა გაუქმდეს. სასამართლო პროცესზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ავადმყოფობით, რის თაობაზეც სასამართლოს ეცნობა კანონით დადგენილი წესით. ამასთან, სასამართლოს ეცნობა ისიც, რომ ცნობა ავადმყოფობის შესახებ წარედგინებოდა. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით სასამართლო ტოვებს საქმეს განუხილველად სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის პირობებში, მაგრამ საქმის განუხილველად დატოვება არ შეიძლება თუ ეს გამოუცხადებლობა გამოწვეულია საპატიო მიზეზით.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ საჩივარს თან ერთვის ავადმყოფობის შესახებ ცნობა, სადაც მითითებულია სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის შეუძლებლობაზე, კერძოდ, იმაზე რომ ც.დ-ს ჰქონდა მაღალი წნევა (210-110-ზე). ასეთ დროს შეუძლებელია სიარული. საგულისხმოა ისიც, რომ ექიმის გადაწყვეტილებით საჭირო იყო ჰოსპიტალიზაცია, რაზეც პაციენტმა უარი განაცხადა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ს-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 22 მაისის სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანხმაა, სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.

ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ მოწინააღმდეგე მხარე ამის წინააღმდეგი არ არის და, თუ აპელანტი კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყო საქმის განხილვაში და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით.

მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ აპელანტის წარმომადგენელი სხდომის დღეს იყო ავად, ამიტომ ვერ შეძლო სასამართლოში გამოცხადება. ამასთან, სასამართლო სხდომის დაწყებამდე მან წარადგინა განცხადება, რომლითაც ავადმყოფობის გამო ითხოვა პროცესის სხვა დროისათვის გადადება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია აპელანტის წარმომადგენლის, ც.დ-ის განცხადება, რომლითაც იგი შუამდგომლობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს წინაშე 2012 წლის 22 მაისის სხდომის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე მისი ავადმყოფობის გამო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შესაბამისი ცნობა სასამართლოს მოგვიანებით წარედგინება (ტომი 2, ს.ფ. 76). კერძო საჩივარს თან ერთვის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც პაციენტ ც.დ-ს 2012 წლის 22 მაისს დაუდგინდა ესენციური ჰიპერტენზიის დიაგნოზი, რის გამოც საჭირო იყო მისი ჰოსპიტალიზაცია (ტომი 2, ს.ფ. 88). აღნიშნული ცნობის შინაარსი (მასში ასახული დიაგნოზი, ჩივილები, რომელიც პაციენტს აღენიშნებოდა, ობიექტური მონაცემები) იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ განმცხადებელს გააჩნდა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სასამართლო სხდომამდე აპელანტის წარმომადგენელმა შეასრულა თავისი საპროცესო ვალდებულება, კერძოდ, სასამართლოს წერილობით აცნობა სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი. შესაბამისად, მითითებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. ს-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მაისის საოქმო განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე