Facebook Twitter

№ას-1213-1142-2012 15 ოქტომბერი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ს. ჯ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე - ა. დ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სადაზღვევო თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. დ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ს. ჯ-ის“ მიმართ სადაზღვევო თანხის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: ა.დ-ი არის ს.დ-ის მამა, რომელიც 2007 წლის 11 ნოემბრის ხელშეკრულებით საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-5 ქვეითი ბრიგადის ტელეფონისტი იყო. 2008 წლის აგვისტოში საქართველოში განვითარებულ საომარი მოქმედებების დროს იგი დაიჭრა. სამკურნალო შვებულებაში ყოფნისას, 2008 წლის 22 სექტემბერს სამკურნალო პროცედურის შემდეგ ბრუნდებოდა სახლში, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამო სადაზღვევო თანხის მიღების საკითხი რეგულირდება 2008 წლის 31 იანვრის ხელშეკრულებით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის შესაბამისადაც ს.დ-ს სადაზღვევო კომპანია „ა. ს. ჯ-ში“ ჰქონდა სიცოცხლე დაზღვეული.

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: დაზღვეული პირი სევერიან დათიაშვილი გარდაცვალების მომენტში იმყოფებოდა სამკურნალო შვებულებაში. 2008 წლის 22 სექტემბერს საგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც გარდაიცვალა მოსარჩელის შვილი, გამოწვეულ იქნა ს. დ-ის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონის მოთხოვნების დარღვევით. აღნიშნული გარემოებანი გამორიცხავს სადაზღვევო თანხის ანაზღაურებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ა.დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ს. ჯ-ს“ ა. დ-ის სასარგებლოდ 7000 ლარი დაეკისრა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 29 მაისის განჩინებით, წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ხოლო მოპასუხე არ შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ჰბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტ შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ს. ჯ-ის“ წარმომადგენლებს, ე. ჟ-სა და ს. წ-ს უწყებები მათ მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე – ქ.თბილისში, ფ-ის ქ. №85/24 – ში გაეგზავნათ და 2012 წლის 16 მაისს ოფის მენეჯერ ე. გ-ს ჩაჰბარდა. შეტყობინების ბარათებზე მითითებულია ე. გ-ის ხელმოწერა და პირადი ნომერი. საქმის მასალებით ასევე დასტურდება ს. წ-ისა და ე. ჟ-ის უფლებამოსილებანი.

შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ს. ჯ-ის“ წარმომადგენლებს - ე. ჟ-სა და ს. წ-ს სხდომის დღის დანიშვნის თაობაზე გაეგზავნათ უწყება, სადაც მითითებული იყო სხდომის დანიშვნის თარიღი, სხდომაზე გამოცხადების სავალდებულოობა და გამოუცხადებლობის თანმდევი შედეგები. უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება 2012 წლის 16 მაისს. ამდენად, ადრესატი 13 დღით ადრე იყო ინფორმირებული სხდომის დანიშვნის თაობაზე. შესაბამისად, აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ გამოუცხადებელ მხარეს დროულად ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე. პალატამ გამოიკვლია რა საქმეში არსებული მასალები და თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიაში, 2012 წლის 29 მაისს, 14:00 საათისათვის, შესული კორესპონდენცია, დარწმუნდა, რომ აპელანტს სასამართლოსათვის არ მოუწოდებია ინფორმაცია დაუძლეველი ძალის ან სხვა რაიმე ისეთი მოვლენის შესახებ, რომელსაც შეეძლო, ხელი შეეშალა აპელანტისათვის სასამართლოში დროულად გამოცხადებაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სხდომის გადადების კანონისმიერი წინაპირობები. შესაბამისად, სასამართლო მოწინააღმდეგე მხარეების წარმომადგენლის შუამდგომლობას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე საფუძვლიანად მიიჩნევს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო, მხარის თხოვნით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 29 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ა. ს. ჯ-ის“ იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა ე.ჟ-მა და იურისტმა ს.წ-მა შემდეგი დასაბუთებით: 2012 წლის 29 მაისს სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ წერილში მითითებული იყო წარმომადგენლების ობიექტური გამოუცხადებლობის მიზეზები, კერძოდ, აღნიშნული იყო, რომ ისინი, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ვერ შესძლებდნენ პროცესზე დასწრებას. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება კი, სასამართლოს 2012 წლის 5 ივნისს წარედგინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სადაზღვევო კომპანია „ა. ს. ჯ-ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ხოლო მოპასუხე არ შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტ შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ს. ჯ-ის“ წარმომადგენლებს, ე. ჟ-სა და ს. წ-ს უწყებები მათ მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე – ქ. თბილისი, ფ-ის ქ. №85/24 – ში გაეგზავნათ და 2012 წლის 16 მაისს ოფის მენეჯერ ე. გ-ს ჩაბარდა. ამასთან, გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულია შემდეგი: პალატამ გამოიკვლია რა საქმეში არსებული მასალები და თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიაში, 2012 წლის 29 მაისს 14:00 საათისათვის, შესული კორესპონდენცია, დარწმუნდა, რომ აპელანტს სასამართლოსათვის არ მოუწოდებია ინფორმაცია დაუძლეველი ძალის ან სხვა რაიმე ისეთი მოვლენის შესახებ, რომელსაც შეეძლო, ხელი შეეშალა აპელანტისათვის სასამართლოში დროულად გამოცხადებაში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაზე მსჯელობა და საქმის განახლება უნდა მოხდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ მოქმედი წესების მიხედვით, კერძოდ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მხარეთა და მათ წარმომადგენელთა შუამდგომლობები და განცხადებები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის ან გამოთხოვის შესახებ სასამართლომ შეიძლება, განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეს არ შეეძლო მათი წარმოდგენა, აგრეთვე, თუ მათ შესახებ მისთვის ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და მათი წარმოდგენის საფუძველი წარმოიშვა მთავარ სხდომაზე ან, თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი შუამდგომლობებისა და განცხადებების წარმოდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე. ასეთ შემთხვევაში, საქმის განხილვა მხარეთა თხოვნით ან სასამართლოს ინიციატივით შეიძლება გადაიდოს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ანდა შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ იგი სასამართლო სხდომის დღის შესახებ კანონით დადგენილი წესით იყო ინფორმირებული. კონკრეტულ შემთხვევაში, სადავოა ის ფაქტი, უნდა გაეთვალისწინებინა თუ არა სასამართლოს 2012 წლის 29 მაისს, 15.50 წუთზე, შპს „ა. ს. ჯ-ის“ ადამიანური რესურსებისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის დირექტორის - ლ. გ-ის შუამდგომლობა სხდომის გადადებასთან დაკავშირებით.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს შემდეგს: სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობას და მით უმეტეს ვალდებულებას, ემსჯელა სხდომის გადადების თაობაზე, გამორიცხავს ის ობიექტური გარემოება, რომ ზემოდასახელებული წერილობითი შუამდგომლობა წარდგენილია სასამართლო სხდომის გამართვის შემდეგ (სხდომა დანიშნული იყო 14.00 საათზე) 15.50 საათზე. თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას, სწორედ, 2012 წლის 29 მაისს და 2012 წლის 5 ივნისს წარდგენილ განცხადებებსა და თანდართულ საბუთებზე (ჯანმრთელობის შესახებ ცნობების) დაყრდნობით დააკმაყოფილოს კერძო საჩივარი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ სასამართლო სხდომის დღეს შპს „ა. ს. ჯ-ის“ წარმომადგენელები ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ შესძლებდნენ პროცესზე გამოცხადებას, კერძოდ: შპს „ს.ხ.ს. ს. კ-ის“ მიერ 2012 წლის 29 მაისს გაცემული №324 ცნობით დასტურდება, რომ ს.წ-ი გადიოდა ამბულატორიულ მკურნალობას შპს „ს.ხ. ს. ს. კ-ის“ ოტოროლარინგოლოგიის დეპარტამენტში, დიაგნოზით ორმხრივი ჩირქოვანი ჰაიმორიტი და იმყოფებოდა ბიულეტენზე. რაც შეეხება, ე. ჟ-ს, ჯანმრთელობის შესახებ №4256 ცნობით დასტურდება, რომ იგი 2012 წლის 29 მაისს, 09.10 საათზე, შპს „ა. ნ. ყ. ს. ც. ს. კ-ის“ სტაციონარში მოათავსეს დიაგნოზით ბილიარული კოლიკა და ნაღველ-კენჭოვანი დაავადება. ზემოდასახელებული გარემოებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილიდან გამომდინარე საპატიო მიზეზს წარმოადგენს და ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ წარმომადგენლები სხდომაზე განსაკუთრებული ვითარების გამო ვერ გამოცხადდებოდნენ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ა. ს. ჯ-ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 29 მაისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ს. ჯ-ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 29 მაისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. კვანტალიანი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე