№ას-1228-1157-2012 15 ოქტომბერი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ. ბ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი – საბანკო გარანტიით ნაკისრი თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სარჩელი მოპასუხე სს „ლ. ბ-ის“ მიმართ, რომლითაც მან მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ თანხის დაკისრება, არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. ამავდროულად, აპელანტმა „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ივლისის განჩინებით სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა, ამავე განჩინებით სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობა. აღნიშნული ხარვეზი მდგომარეობდა იმაში, რომ სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს სასამართლოში უნდა წარედგინა: ა. 4011.28 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი ან ბ. სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მისი გათავისუფლების სხვა ფაქტობრივი საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება. ხარვეზის შევსებად სასამართლომ არ ჩათვალა აპელანტის მიერ 2012 წლის 20 ივნისს წარდგენილი განცხადება, რომლითაც ამ უკანასკნელმა ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება იმ საფუძვლით მოითხოვა, რომ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებებში არ იყო გათვალისწინებული თანხა, რომელიც შეიძლებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტით საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.
სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე და სახელმწიფო ბაჟის გადახდის მიზნებისათვის ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის ორჯერ გაგრძელების პირობებში, აპელანტს არ წარუდგენია მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. უფრო მეტიც, აღნიშნულ ფაქტობრივ საფუძველზე დაყრდნობით აპელანტს სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლება არ მოუთხოვია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებებში გათვალისწინებული არ იყო თანხა, რომელიც შეიძლებოდა გამოყენებულიყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის.
სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5 და 374-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობა წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს. აქედან გამომდინარე, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.
კერძო საჩივრის თანახმად, სადავო შემთხვევაში მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სარჩელის მოთხოვნა შეეხება საბიუჯეტო თანხებს და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ამ თანხების შეტანა მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტში. ფაქტობრივად, სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა მოხდეს იმ საქმის განსახილველად, რომელიც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებულ ზარალს, რომელიც დადგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 დეკემბრის განაჩენით. აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოს სურსათის ეროვნული სააგენტო, როგორც კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფო ინტერესების დამცველი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა გაეთავისუფლებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არც ის გარემოება გაითვალისწინა, რომ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებებში არ არის გათვალისწინებული თანხა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. ამასთან დაკავშირებით მტკიცებულებები წარადგინა აპელანტმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ივლისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში აპელანტის მხრიდან ხარვეზის გამოუსწორებლობა.
საქმეზე დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მაისის განჩინება, რომლითაც სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა, აპელანტს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით (ტომი 2, ს.ფ. 10-13). დგინდება ისიც, რომ ხარვეზის გამოსასწორებლად მას დაევალა განჩინებით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში 4011.28 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის ან, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ფაქტობრივი საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა (ტომი 2, ს.ფ. 10-11).
სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, 2012 წლის 20 ივნისს განცხადებით მიმართა საპელაციო სასამართლოს, რომლითაც მან ითხოვა ხარვეზის შევსებულად მიჩნევა და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება. განმცხადებელმა ჩათვალა, რომ არსებობს მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი იმ მიზეზით, რომ დავა შეეხება საბიუჯეტო თანხებს, რომლის შეტანაც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტში, ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებებში არ არის გათვალისწინებული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოთ მოყვანილი გარემოებები ვერ განაპირობებენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან აპელანტის გათავისუფლებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება სასამართლოში ხორციელდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, როდესაც საქმეში მონაწილე ესა თუ ის მხარე თავისუფლდება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მხარეთა გათავისუფლების სხვა შემთხვევებიც. არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსი და არც „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი, არ ითვალისწინებს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას აპელანტის მიერ მითითებული საფუძვლის არსებობის პირობებში. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. აღნიშნული დათქმა არ გულისხმობს იმას, რომ ყველა იმ დავაში, სადაც სარჩელით მოთხოვნილი თანხა უნდა წარიმართოს სახელმწიფო ბიუჯეტში, მოსარჩელე ასევე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში ხსენებული ნორმით გათვალისწინებულ ვითარებას ადგილი არ აქვს. ამასთან, აპელანტს არ წარუდგენია მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა, რომ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ამის შესახებ იგი არც კერძო საჩივარში მიუთითებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობდა აპელანტის შუამდგომლობის დაკმაყოფილების და ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების საფუძველი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე და 374-ე მუხლები და მართებულად დატოვა განუხილველად სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი.
ამდენად, წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე