საქმე №ას-1238-1167-2012 4 ოქტომბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ., გ., ა. ი-ები (მოსარჩელე)
წარმომადგენელი – მ. ნ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „თ.-88“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ამხანაგობის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ., გ. და ა. ი-ებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „თ.-88-ის“ მიმართ მ. ი-ის, გ. ი-ისა და გ. ი-ის ამხანაგობიდან გარიცხვის შესახებ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „თ.-88-ის“ გამგეობის 2005 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლებით:
მოსარჩელეებისათვის ცნობილი გახდა, რომ 2005 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ი-ე, გ. ი-ე და გ. ი-ე გამგეობის გაირიცხნენ ამხანაგობიდან. აღნიშნულის მიზეზად მიეთითა ის გარემოება, რომ ისინი ეწეოდნენ ამხანაგობის საწინააღმდეგო საქმიანობას და ხელს უშლიდნენ ამხანაგობას მიზნის მიღწევაში. გადაწყვეტილების შესახებ მოსარჩეელებისათვის ცნობილი გახდა 2005 წლის შემოდგომაზე. მათი მხრიდან ამხანაგობის საქმიანობისათვის ხელშემშლელი ქმედება არ განხორციელებულა, შესაბამისად, გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და მასში ასახული გარიცხვის მიზეზი არ არის დაფუძნებული რეალურ ფაქტებზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივლისის განჩინებით მ., გ. და ა. ი-ების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით, 2591 მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების გამოცხადების მე-20 დღიდან 30-ე დღის ჩათვლით პერიოდში მხარე უნდა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილება, საიდანაც აითვლება მისი გასაჩივრების ვადა, ხოლო ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონმდებელი ადგენს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს გასაჩივრების ვადის დენის ავტომატურად დაწყებას. ამასთან, კანონი არ უკრძალავს სასამართლოს, მოამზადოს და მხარეს ჩააბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილება მისი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე. ასეთ შემთხვევაში, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის ათვლას კანონი უკავშირებს მხარისათვის მის ჩაბარებას.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში განთავსებული ხელწერილით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება მოსარჩელეების წარმომადგენელმა, მ. ნ-მ ჩაიბარა 2010 წლის 10 ივნისს. აღსანიშნავია, რომ ხელწერილზე მითითებული პირადი ნომერი ... ემთხვევა რწმუნებულებებში აღნიშნულ წარმომადგენლის პირად ნომერს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება მოსარჩელეებს (აპელანტებს) მ. ი-ს, გ. ი-სა და ა. ი-ს ჩაბარებულად ჩაუთვალა წარმომადგენლის მიერ მისი მიღების დღეს – 2012 წლის 10 ივნისს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 11 ივნისს და ამოიწურა პირველ სამუშაო დღეს – 2012 წლის 25 ივნისს.
სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ იქნა 2012 წლის 13 ივლისს, არა გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14-დღიანი ვადის დაცვით, არამედ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ 30-ე დღიდან 14-დღის ვადაში. განსახილველ შემთხვევაში კი სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 30-ე დღიდან გასაჩივრების ვადის ათვლის საფუძველი არ არსებობს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად და, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ი-ის, გ. ი-ისა და ა. ი-ის სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით, რის გამოც იგი უნდა დარჩეს განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ., გ. და ა. ი-ების წარმომადგენელმა მ. ნ-მ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დანრუნება იმავე სასამართლოში სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
დაუსაბუთებელია პალატის მითითება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მხარემ ჩაიბარა 2012 წლის 10 ივნისს. ფაქტობრივად, მხარეს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2012 წლის 10 ივლისს. აქვე აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 10 ივნისი იყო უქმე, კვირა დღე, რა დროსაც მხარეს გადაწყვეტილება ხელზე ვერ ჩაბარდებოდა.
გასაჩივრებულ განჩინებაში დაშვებულია ფაქტობრივი უზუსტობა, კერძოდ, სარეზოლუციო ნაწილში გ. ი-ის ნაცვლად მითითებულია გ. ი-ე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 სექტემბრის განჩინებით გასწორდა ამავე პალატის 2012 წლის 20 ივლისის განჩინებაში დაშვებული უსწორობა და სარეზოლუციო ნაწილში „გ. ი-ე“ გასწორდა „გ. ი-თ“.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ., გ. და ა. ი-ების წარმომადგენელ მ. ნ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება და დარჩება განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ მ., გ. და ა. ი-ების წარმომადგენელ მ. ნ-ს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2012 წლის 10 ივნისს.
აღსანიშნავია, რომ მ. ნ-ის უფლებამოსილება და თავად გადაწყვეტილების ჩაბარების ფაქტი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, თუმცა კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მის მხარეს გადაწყვეტილება ჩაბარდა 2012 წლის არა 10 ივნისს, როგორც ეს ხელწერილზეა დაფიქსირებული, არამედ 10 ივლისს, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არასწორად აითვალა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 2012 წლის 10 ივნისიდან და იგი განუხილველად უკანონოდ დატოვა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მ. ნ-ე სადავო გადაწყვეტილებას 2012 წლის 10 ივნისს ვერ ჩაიბარებდა, ვინაიდან აღნიშნული დღე დაემთხვა უქმე, კვირა დღეს. ამდენად, მიზანშეწონილია, ეჭვი სადავო სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების დროსთან დაკავშირებით გადაწყდეს მხარის სასარგებლოდ და სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა უნდა აითვალოს 2012 წლის 10 ივლისიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. შესაბამისად, განსახილველი სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა დაიწრო 2012 წლის 10 ივლისიდან და ამოიწურა 24 ივლისს, აპელანტებმა კი სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეიტანეს 2012 წლის 13 ივლისს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შემოწმებისას სააპელაციო პალატამ მხედველობაში უნდა მიიღოს განჩინების კვლევით ნაწილში მითითებული მსჯელობა და აღნიშნულის შესაბამისად გამოარკვიოს, დასაშვებია თუ არა მ., გ. და ა. ი-ების სააპელაციო საჩივარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ., გ. და ა. ი-ების წარმომადგენელ მ. ნ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივლისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე