საქმე ას-1241-1170-2012 29 ოქტომბერი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ზ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - დ. ჯ-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ჯ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ბ-ის მიმართ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემის მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: ქ.ქუთაისში, კ.ხ-ის ქ.16-ში მდებარე სახლი მოსარჩელის მშობლებმა თანხის გადახდის სანაცვლოდ შეიძინეს. აღნიშნულ მისამართზე ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და იხდიდნენ გადასახადებს. ქუთაისის სახალხო სასამართლოს 1957 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ა. ბ-ის სახელზე რიცხული სადავო სახლის ნახევარი გ. ჯ-ს მიეკუთვნა. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განხორციელდა საცხოვრებელი სადგომის ნასყიდობა. დ.ჯ-ს უფლება აქვს მოპასუხისაგან, როგორც მემკვიდრისაგან, მოითხოვოს მის სახელზე რიცხული სადავო ქონების მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხვა ზ. ბ-ისათვის 1250 ლარის გადახდის სანაცვლოდ.
ზ.ბ-მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: სადავო ქონება 1991 წლის 8 თებერვალს ბებიისაგან - ა. ბ-ისაგან მემკვიდრეობით მიიღო. დ.ჯ-ს მშობლების გარდაცვალების შემდეგ სადავო ფართში არ უცხოვრია, მას დატოვებული ჰქონდა ძველი ნივთები. 2011 წლის 3 ოქტომბერს მოპასუხემ პოლიციის დახმარებით სადავო ფართი უკანონო მფლობელობიდან გამოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით დ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ზ. ბ-ისათვის 1250 ლარის (სადავო ფართის ღირებულების 10 %-ის) გადახდის სანაცვლოდ დ. ჯ-ი ქ. ქუთაისში, კ. ხ-ის ქ. №16-ში (ყოფილი ძ-ის ქუჩა მე-8 შესახვევი №14; №16, კ-ის ქუჩა მე-8 შესახვევი №14; №16) მდებარე სახლის ½ ნაწილზე მესაკუთრედ იქნა ცნობილი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ივლისის განჩინებით ზ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ზ. ბ-მ გაასაჩივრა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 21 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული და ამავე სასამართლოს 2012 წლის 30 მარტის განჩინებით 2012 წლის 10 აპრილს, 11:00 საათზე, დაინიშნა მთავარი სხდომა, რომლის თაობაზეც მხარეებს და მათ წარმომადგენლებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით, ტელეფონის მეშვეობით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დანიშნულ მთავარ სხდომაზე 2012 წლის 31 ივლისს, 11:30 საათზე, არ გამოცხადდა აპელანტი ზ. ბ-ე და მისი წარმომადგენელი ნ. მ-ი.
ზ. ბ-ის წარმომადგენელი ნ. მ-ი სასამართლო სხდომაზე მოწვევისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე გაფრთხილებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ დ. ჯ-მა, უარი განაცხადა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, ასევე საქმის განხილვის გადადებაზე და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. საქმეში წარმოდგენილია კანონით დადგენილი წესით გაცემული მინდობილობა, რომლითაც ზ. ბ-ე ანიჭებს უფლებამოსილებას, დაიცვას მისი ინტერესები ნ. მ-მა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით (გზავნილით) ეცნობება, სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება (გზავნილი) მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდა ერთ-ერთ მათგანს. ამავე კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილის და 229-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოწინააღმდეგე მხარე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. ვინაიდან აპელანტი და მისი წარმომადგენელი არ გამოცხადდა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, ხოლო მათი გამოუცხადებლობა სასამართლომ საპატიოდ არ მიიჩნია, ამასთან მოწინააღმდეგე მხარემ დ. ჯ-მა არ მოითხოვა 229-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და უარი განაცხადა საქმის განხილვის გადადებაზე, ამიტომ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ბ-ის წარმომადგენელმა ნ. მ-მა შემდეგი დასაბუთებით: სასამართლო სხდომის დღეს, წარმომადგენელი გახდა შეუძლოდ. შეაწუხა ტკივილმა და უჰაერობამ, რის შემდეგაც აღმოჩნდა უგონო მდგომარეობაში და ახლობლებმა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. აქედან გამომდინარე, ვერც სასამართლოს და ვერც მარწმუნებელს ვერ დაუკავშირდა. მან სასამართლოში იმავე დღეს წარადგინა ცნობა ჯანმრთელობის შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ბ-ის წარმომადგენლის ნ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტის წარმომადგენელ - ნ. მ-ს სასამართლო სხდომის დღის შესახებ ტელეფონოგრამის მეშვეობით 2012 წლის 24 ივლისს ეცნობა. აღნიშნული სადავოდ არც კერძო საჩივრის ავტორს არ გაუხდია. კერძო საჩივარში განჩინების გაუქმების საფუძვლად მითითებულია, რომ წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით - ავადმყოფობით. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია ქუთაისის შპს ..-ე შერეული პოლიკლინიკის მიერ გაცემული ცნობა ნ.მ-ის ჯანმრთელობის შესახებ.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ხოლო მოპასუხე არ შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ანდა შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასთან დაკავშირებით, რომ მან სასამართლო სხდომაზე გამოცხადება ვერ შეძლო საპატიო მიზეზით - ავადმყოფობის გამო. საქმეში წარმოდგენილი ქუთაისის შპს ..-ე შერეული პოლიკლინიკის მიერ გაცემული ნ.მ-ის ჯანმრთელობის ცნობით დგინდება, რომ ნ.მ-ი იმყოფებოდა შპს ..-ე შერეულ პოლიკლინიკაში ამბულატორიულ მიღებაზე, დიაგნოზით ქოლეცისტიტის გამწვავება, თუმცა მითითებული დოკუმენტი არ ადასტურებს, რომ წარმომადგენელმა მიიღო გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ამასთან, არ დასტურდება მისი უუნარობა გამოცხადებულიყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2012 წლის 31 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე ან სხდომამდე ეცნობებინა სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მოწინააღმდგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. კვანტალიანი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ.ალავიძე