საქმე ას-1253-1182-2012 22 ოქტომბერი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - დ. ჭ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - თ. ფ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ფ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ჭ-ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: 2008 წლის ივლისში თ. ფ-სა და დ. ჭ-ს შორის შედგა მოლაპარაკება სახლის ნასყიდობის თაობაზე. ნასყიდობის ფასად 45 00 აშშ დოლარი განისაზღვრა. მოლაპარაკების შედეგად სახლი გადავიდა დ. ჭ-ის მფლობელობაში. ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება საბოლოოდ უნდა გაფორმებულიყო ბინის ღირებულების სრულად ანაზღაურების შემდეგ. დ. ჭ-მ ვერ გადაიხადა შეთანხმებული ფასი, რის გამოც, მან თ. ფ-ს 2010 წლის ოქტომბრის ბოლოს საცხოვრებელი სახლი დაუბრუნა. აქედან გამომდინარე, იგი ვალდებულია, გადაიხადოს ქირა - 9800 ლარი.
დ. ჭ-მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მხარეებს შორის არ არსებობს ქირავნობის ხელშეკრულება. თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა მხარეებს შორის დავა და მიიჩნია, რომ არსებობს საქმის წარმოების შეწყვეტის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე დ. ჭ-ს მოსარჩელე თ. ფ-ის სასარგებლოდ გადასახდელად 9800 ლარი დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ივლისის განჩინებით დ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციის სასამართლოებისათვის, თუ სპეციალური ნორმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ივნისის განჩინებით დ. ჭ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. დ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის შესავსებად აპელანტს განესაზღვრა 10 დღის ვადა და დაევალა სახელმწიფო ბაჟის, 392 ლარის, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის სასამართლოში წარმოდგენა. ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება აპელანტის რძალს - ე. ს-ს ჩაჰბარდა 2012 წლის 30 ივნისს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების (გზავნილის) ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას (გზავნილს) აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გზავნილის ე. ს-ისათვის ჩაბარება ასევე მიიჩნევა აპელანტ დ. ჭ-სათვის ჩაბარებადაც.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომლის გასვლის შემდეგ ქარწყლდება აღნიშნული მოქმედების შესრულების უფლება, თანახმად იმავე კოდექსის 63-ე მუხლისა. ამა თუ იმ მოქმედების შესასრულებლად გათვალისწინებული ვადის ათვლა უნდა დაიწყოს პირის მიერ ამ მოქმედების შესრულების თაობაზე ინფორმაციის მიღების მომენტიდან. კონკრეტულ შემთხვევაში, ასეთია დრო, როცა ხარვეზის თაობაზე განჩინება აპელანტისათვის ჩაბარებულად იქნა მიჩნეული _ 2012 წლის 30 ივნისი, ამდენად, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი უნდა ყოფილიყო გამოსწორებული ამ დროიდან 10 დღის ვადაში _ 2012 წლის 10 ივლისის ჩათვლით. დასახელებული ვადის გასვლის შემდეგ აპელანტის შესაძლებლობა, გამოესწორებინა ხარვეზი, უნდა ჩაითვალოს გაქარწყლებულად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. ჭ-მ შემდეგი დასაბუთებით: ხარვეზის შესახებ განჩინებაში მითითებული ხარვეზი აღმოფხვრილ იქნა განჩინებით დადგენილ ვადაში, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟი - 392 ლარი გადახდილ იქნა 2012 წლის 10 ივლისს. აღნიშნულის მიუხედავად, დ.ჭ-მ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააპელაციო სასამართლოში ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დროულად ვერ წარადგინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ჭ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, დასახელებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად კი, საჩივარი და საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 11 ივნისის განჩინებით დ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის შესავსებადაც განისაზღვრა 10 - დღიანი ვადა. აპელანტს განჩინებით განემარტა, რომ მას სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში უნდა წარმოედგინა 392 ლარის, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი სასამართლოში და, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსებოდა, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით დ.ჭ-ის რძალს - ე.ს-ს 2012 წლის 30 ივნისს ჩაჰბარდა. დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ათდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 1 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 10 ივლისს.
კერძო საჩივრის ავტორმა სახელმწიფო ბაჟი 2012 წლის 10 ივლისს გადაიხადა, მიუხედავად ამისა, მას ქვითარი კანონით დადგენილი წესის შესაბამისად საქმის განმხილველი სასამართლოსათვის არ წარუდგენია. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასთან დაკავშირებით, რომ მან სააპელაციო სასამართლოში ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ შეძლო. საქმეში წარმოდგენილი უროლოგიის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული #9571 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით დგინდება, რომ იგი შედგენილია 2012 წლის 3 აგვისტოს. აღნიშნული ცნობით დასტურდება, რომ დ.ჭ-ე ავადმყოფობდა და საჭიროებს მკურნალობას, თუმცა მითითებული დოკუმენტი არ ადასტურებს, დ.ჭ-ის უუნარობას განჩინებით დადგენილ ვადაში 1-დან 10 ივლისის ჩათვლით, სასამართლო დავალების - სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შეუძლებლობას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ანდა შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. განსახილველ შემთხვევაში, ისეთი საპატიო გარემოების არსებობა, როგორიცაა მხარის ავადმყოფობის გამო სასამართლო დავალების (სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სასამართლოში) შესრულების შეუძლებლობა სათანადო მტკიცებულებით არ დასტურდება, რაც გამორიცხავს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ხარვეზი გამოსწორებულად ჩაითვლებოდა, თუ მხარე შეავსებდა მას სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში და აღნიშნულს წარმოადგენდა სასამართლოში ან ამავე ვადის დაცვით გამოგზავნიდა ფოსტის მეშვეობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. ჭ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. კვანტალიანი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ.ალავიძე