Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-1262-1191-2012 11 ოქტომბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. მ-ა (მოსარჩელე)

წარმომადგენელი – ლ. პ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ო-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. მ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ო-ის მიმართ, მესაკუთრისათვის სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ, ქ.თბილისში, ქ-ის ქ.№12-ში მ. მ-ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ 25.40 კვ.მ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. ო-ე ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ქ-ის ქუჩა №12-ში მდებარე მ. მ-ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სადგომის 18.04/252 წილის მესაკუთრედ, გ. ო-ს დაეკისრა მოპასუხე მ-ე მ-ის სასარგებლოდ სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის – 3050 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 სექტემბრის განჩინებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით, მე-60 მუხლის მეორე ნაწილით, 61-ე მუხლის მეორე, მესამე ნაწილებით და დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 ივნისის სასამართლო სხდომას ესწრებოდა მოწინააღმდეგე მხარის – მ. მ-ის წარმომადგენელი ლ. პ-ი. მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 17 ივლისიდან და ამოიწურა 2012 წლის 30 ივლისს. სააპელაციო საჩივარი მ. მ-ის წარმომადგენელ ლ. პ-ის მიერ წარდგენილია 2012 წლის 6 აგვისტოს, კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის, 61-ე მუხლის მესამე ნაწილის, 63-ე მუხლისა და 374-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად და დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 202 ლარი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მარინე მურადოვას წარმომადგენელმა ლ. პ-მა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა დაარღვია, ვინაიდან სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან მე-18 დღეს მხარემ მიმართა მას, რათა 20 დღის გასვლის შემდეგ მიეღო 2012 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების ასლი. ამის შემდგომ მ. მ-ს წარმომადგენელმა ლ. პ-მა გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს მიმართა 2012 წლის 10 და 12 ივლისს (აღნიშნული გარემოება დასტურდება ხსენებულ დროს ლ. პ-ის მიერ საქალაქო სასამართლოში სხვა სამოქალაქო საქმეზე შეტანილი განცხადებებით), თუმცა 23 ივლისამდე გადაწყვეტილება ვერ ჩაიბარა. ამდენად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა უნდა აითვალოს 2012 წლის 24 ივლისიდან და მიჩნეულ იქნეს, რომ 6 აგვისტოს იგი შეტანილ იქნა კანონიერ ვადაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის წარმომადგენელ ლ. პ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.

ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება და დარჩება განუხილველად. იმ მხარის ან სააპელაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა, კანონმდებელი ასევე განსაზღვრავს მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების წესს და ადგენს, რომ მხარე ვალდებულია, გადაწყვეტილების გამოცხადების მე-20 დღიდან 30-ე დღემდე მიმართოს სასამართლოს ხსენებული საპროცესო დოკუმენტის მისაღებად. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობისას კი, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 ივნისის სასამართლო სხდომას ესწრებოდა მოწინააღმდეგე მხარის – მ. მ-ის წარმომადგენელი ლ. პ-ი, რომელმაც დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 2012 წლის 23 ივლისს, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის – 16 ივლისის გასვლის შემდეგ (15 ივლისი იყო უქმე, კვირა დღე).

ამდენად, სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა მართებულად დაიწო 2012 წლის 17 ივლისიდან და იგი ამოწურულად ჩათვალა 2012 წლის 30 ივლისს. სააპელაციო საჩივარი მ.მ-ის წარმომადგენელმა ლ. პ-მა წარადგინა 2012 წლის 6 აგვისტოს. შესაბამისად, ამ დროისათვის კანონით დადგენილი ვადა უკვე გასული იყო და სააპელაციო საჩივარი სწორად დარჩა განუხილველად.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ მან 10 და 12 ივლისს მიმართა სასამართლოს გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, თუმცა ვერ მიიღო იგი, რადგან გადაწყვეტილება არ იყო მზად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული გარემოება უნდა დადასტურებულიყო ლ.პ-ის მიერ 2012 წლის 10 და 12 ივლისს მოცემულ საქმეზე წარდგენილი განცხადებებით, რაც არ მომხდარა. ლ.პ-ის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში სხვა სამოქალაქო საქმეზე წარდგენილი განცხადებები და ის ფაქტი, რომ წარმომადგენელი ხსენებულ დღეებშჲ იმყოფებოდა სასამართლოს შენობაში, სადავო გარემოების სამტკიცებლად ვერ გამოდგება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. მ-ის წარმომადგენელ ლ. პ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

თ. თოდრია