Facebook Twitter

№ას-1268-1197-2012 29 ოქტომბერი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ თ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. მ-ი

მესამე პირი - ნოტარიუსი გ. ლ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. მ-ის მიმართ და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა შემდეგი დასაბუთებით: თ.მ-ი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ცნობილ იქნა სიღნაღის რაიონის, სოფელ ლ-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ. აღნიშნული ქონება მემკვიდრეობით მოსარჩელემ მიიღო. აქედან გამომდინარე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 2007 წლის 12 დეკემბერს თ. მ-ის სახელზე გაცემული №469 სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც თ. მ-მა მემკვიდრეობით მიიღო ს. მ-ის სიღნაღის რაიონის სოფელ ლ-ში მდებარე 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით.

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: თ.მ-ს მემკვიდრეობა მიღებული აქვს კანონიერად. ამასთან, ნ. მ-ი არ არის ს. მ-ის პირველი რიგის მემკვიდრე და მამამის - ლ. მ-ს მემკვიდრეობა არ მიუღია.

ნოტარიუსმა გ. ლ-მა განმარტა, რომ ის მოქმედებდა კანონით დადგენილი წესებით. მან სადავო სამკვიდრო მოწმობა გასცა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, 2007 წლის 12 დეკემბერს თ.მ-ის სახელზე გაცემული №469 სამკვიდრო მოწმობა ბათილად იქნა ცნობილი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 16 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259.11 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 აპრილის სხდომის ოქმის საფუძველზე დგინდება, რომ სასამართლო პროცესს ესწრებოდა მოპასუხე (აპელანტ) თ. მ-ის წარმომადგენელი მ. ბ-ე. სხდომის ოქმზე დართული ხელწერილით დგინდება, რომ მ. ბ-ს ეცნობა გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი 2012 წლის 19 აპრილი - 11:30 საათი. საქმეში წარმოდგენილი რწმუნებულების საფუძველზე დასტურდება, რომ მ. ბ-ე იცავს თ. მ-ის ინტერესებს ყველა ინსტანციის სასამართლოში და სარგებლობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით წარმომადგენლისათვის მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით.

საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გამოცხადდა 2012 წლის 19 აპრილს. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259.11 მუხლის თანახმად, თ. მ-ი და მისი წარმომადგენელი მ. ბ-ე ვალდებული იყვნენ, არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადებულიყვნენ სასამართლოში და ჩაებარებინათ გადაწყვეტილების ასლი. ვინაიდან, არც აპელანტი და არც მისი წარმომადგენელი სასამართლოში არ გამოცხადდა გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღიდან, ანუ 2012 წლის 19 მაისის მომდევნო დღიდან, 2012 წლის 20 მაისიდან, დაიწყო გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა, რომელიც ამოიწურა 2012 წლის 4 ივნისს (2 ივნისს შაბათს - არასამუშაო დღეს). დგინდება, რომ სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილია 2012 წლის 28 ივნისს, რის გამოც იგი დაუშვებელია კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო.

პალატამ დამატებით განმარტა, რომ, მართალია, სიღნაღის რაიონული სასამართლოს მიერ დამატებით გაიგზავნა გადაწყვეტილება მხარეებისათვის და საქმეში დევს ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულებები, მაგრამ აღნიშნული ვერ გახდება გასაჩივრების ვადის ათვლის დაწყების საფუძველი, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259.2-ე1 მუხლის თანახმად, ამ მუხლით დადგენილი გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარების წესი არ ვრცელდება, მხოლოდ ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ აპელანტი თ. მ-ის წარმოადგენს 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ან პატიმრობაში მყოფ პირს. საქმეში ასევე დევს თ. მ-ის წარმომადგენლის, მ. ბ-ის, განცხადება (მოთხოვნა) გადაწყვეტილების გადაგზავნის თაობაზე, რომელიც სასამართლოში შესულია ფოსტის მეშვეობით. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები ვალდებულნი არიან, თავად გამოცხადდნენ გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში და მათ მიერ გადაწყვეტილების გადაგზავნის მოთხოვნა ავტომატურად არ წარმოშობს სასამართლოსათვის ვალდებულებას, მხარეს გაუგზავნოს გადაწყვეტილება, რადგან კანონმა მხარეებს დააკისრა ვალდებულება, თავად გამოცხადდნენ სასამართლოში და ჩაიბარონ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 16 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. მ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: თ.მ-ის წარმომადგენელი მ. ბ-ე 2012 წლის 19 აპრილს გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია, მაგრამ მან ამავე წლის 3 მაისს, გამოცხადებიდან 20 დღეზე ადრე სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გააგზავნა განცხადება და გადაწყვეტილების ჩაბარება მოითხოვა. სასამართლომ აღნიშნულ განცხადებაზე რეაგირება არ მოახდინა და არ შეატყობინა დასაბუთებული გადაწყვეტილების მზაობისა და მისი სასამართლოში გამოცხადების გზით ჩაბარების შესახებ. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო მისი გადაცემის მომენტიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. მ-ის წარმომადგენელ ნ. ხ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 16 ივლისის განჩინებით თ.მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ 14 - დღიან ვადაში წარუდგენლობის გამო. აღნიშნულთან დაკავშირებით, კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო მხარისათვის მისი გადაცემის მომენტიდან.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო ზემოდასახელებული მუხლების ურთიერთჯერების საფუძველზე მიუთითებს შემდეგს: იმისათვის, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შესაბამისად, უნდა იკვეთებოდეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული შემდეგი გარემოებები: გადაწყვეტილების გასაჩივრებას უნდა ესწრებოდეს გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი უნდა იყოს გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. ამასთან, 2591 მუხლი იმპერატიული ნორმაა. იგი ცალსახად და იმპერატიულად ადგენს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს და ნორმის სხვაგვარი განმარტების საშუალებას არ იძლევა.

განსახილველ შემთხვევაში, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 აპრილის სხდომის ოქმით ირკვევა, რომ სასამართლო პროცესს ესწრებოდა თ. მ-ის წარმომადგენელი მ. ბ-ე. სხდომის ოქმზე დართული ხელწერილით კი დგინდება, რომ მ. ბ-ს ეცნობა გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი - 2012 წლის 19 აპრილი, 11:30 საათი. საქმეში არსებული რწმუნებულებით დასტურდება, რომ თ. მ-მა მ. ბ-ს მიანიჭა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო წესით.

კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ სასამართლომ მის მიერ წარდგენილი განცხადება, რომლითაც დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ითხოვდა რეაგირების გარეშე დატოვა და ამასთან, არ შეატყობინა დასაბუთებული გადაწყვეტილების მზაობისა და მისი სასამართლოში გამოცხადების გზით ჩაბარების შესახებ, უსაფუძვლოა. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ აღნიშნული განცხადებით მ.ბ-მ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს 2012 წლის 3 მაისს, ვადაზე ადრე მიმართა და ამ დროისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ იყო. კანონით განსაზღვრულია რა მხარის ვალდებულება სასამართლოში გამოცხადების გზით გადაწყვეტილების ჩაბარებისა, ივარაუდება, რომ სასამართლოს ამ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად მზად აქვს და ამისათვის სასამართლოს მხრიდან მხარისათვის დამატებით ინფორმაციის მიწოდების საჭიროება არ არსებობს. რაც შეეხება, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ მისთვის უნდა განემარტათ კანონით დადგენილი სასამართლოში გამოცხადების სავალდებულოობა, სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების დროს მხარეს განუმარტავს გასაჩივრების წესს, რომელიც მოიცავს გადაწყვეტილების ჩაბარების წესსაც.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მეორე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. აღნიშნული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების მზაობის შესახებ შეტყობინებისა და მხარისათვის გაგზავნის ვალდებულება სასამართლოს იმ შემთხვევაში აქვს, თუ გასაჩივრების უფლებამოსილების მქონე პირი ზემოდასახელებული მუხლით გათვალისწინებული სუბიექტია, რაც, კონკრეტულ შემთხვევაში, არ დგინდება. შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს არა მისი ჩაბარების მომენტიდან, როგორც კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, არამედ მისი გამოცხადებიდან 30-ე დღეს და აღნიშნულზე გავლენას ვერ მოახდენს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების თაობაზე მხარის მიერ განცხადების წარდგენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონმდებელმა მხარეებს დააკისრა ვალდებულება კანონით დადგენილ ვადაში გამოცხადდნენ სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, თ. მ-ი ან მისი წარმომადგენელი ვალდებული იყვნენ, არა უადრეს 20 (9 მაისს) და არა უგვიანეს 30 დღისა (19 მაისს), გამოცხადებულიყვნენ სასამართლოში და ჩაებარებინათ გადაწყვეტილების ასლი. დადგენილია, რომ მხარე ან მისი წარმომადგენელი კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადებულა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ვინაიდან, არც მხარე და არც მისი წარმომადგენელი სასამართლოში არ გამოცხადდა გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღიდან, ანუ 2012 წლის 19 მაისის მომდევნო დღიდან, 2012 წლის 20 მაისიდან, დაიწყო გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა, რომელიც ამოიწურა 2012 წლის 4 ივნისს (2 ივნისს შაბათს - არასამუშაო დღეს). დგინდება, რომ სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილია 2012 წლის 28 ივნისს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. კანონის დასახელებული ნორმებიდან ასევე გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რომელთა შესრულების ვადებიც კანონმდებელმა დააწესა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება მისი განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება მისი განუხილველად დატოვების შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან, თ. მ-მა გაუშვა სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად დაგვიანებით წარდგენილი სააპელაციო საჩივარი და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. მ-ის წარმომადგენელ ნ. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. კვანტალიანი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე