Facebook Twitter

საქმე №ას-1318-1244-2012 15 ოქტომბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ტ. ყ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ყ-ე (მოსარჩელე), ა. ყ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სამკვიდროდან წილის გამოყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ყ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ტ. ყ-ის, ა. ყ-ისა და დ. ს-ის მიმართ ქ.ქობულეთში, ლ-ის ქ№8-ში მდებარე სახლთმფლობელობიდან რეალური წილის გამოყოფის, სახლთმფლობელობის 1/5 წლის ფარგლებში ტ. ყ-სა და დ. ს-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობის, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვისა და მოსარჩელისათვის გადაცემის მოთხოვნით.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ.ქობულეთში, ლ-ის ქუჩა №48-ში მდებარე სახლთმფლობელობის 1/5 წილის ფარგლებში მოპასუხეებს: ტ. ყ-სა და დ. ს-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და მის საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო მოქმედება. ნ. ყ-ს უარი ეთქვა მოპასუხეების: ტ. ყ-სა და ა. ყ-ისაგან ქ.ქობულეთში, ლ-ის ქუჩა №48-ში მდებარე სახლთმფლობელობიდან საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის დანართის 2-ის „ა“ ვარიანტის მიხედვით 48 კვ.მ ოთახების და დანართი 3-ის „ა“ ვარიანტის მიხედვით 420 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეალური წილის გამოყოფაზე, ასევე უარი ეთქვა მოსარჩელეს მოპასუხეების თანმხლებ პირებთან ერთად აღნიშნული ქონებიდან გამოსახლებასა და თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისთვის ჩაბარებაზე.

საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ყ-მ, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე ტ. ყ-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით ტ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ნ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ. ყ-ის სარჩელი ქ.ქობულეთში, ლ-ის ქ№8-ში მდებარე უძრავი ქონებიდან ნ. ყ-ისათვის წილის გამოყოფისა და გამოყოფილი ნაწილიდან ტ. ყ-ის გამოსახლების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ყ-ის სარჩელი ქ.ქობულეთში, ლ-ის ქ№8-ში მდებარე უძრავი ქონებიდან წილის გამოყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა, ნ. ყ-ს, ქ.ქობულეთში, ლ-ის ქ№8-ში მდებარე უძრავი ქონებიდან გამოეყო წილი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის ექსპერტის 2009 წლის 18 მარტის დასკვნის დანართი „2“ და დანართი „3-ის“ შესაბამისად, ნ. ყ-ის სარჩელი სადავო უძრავი ქონებიდან ტ. ყ-ის გამოსახლების თაობაზე დაკმაყოფილდა, ტ. ყ-ე გამოსახლებულ იქნა ქ.ქობულეთში, ლ-ის ქ№8-ში მდებარე ნ. ყ-ისათვის მიკუთვნებული უძრავი ქონებიდან, ნ. ყ-ს სარჩელი ქ.ქობულეთში, ლ-ის ქ№8-ში მდებარე უძრავი ქონებიდან ტ. ყ-ის „თანმხლები პირების“ გამოსახლების ნაწილში დარჩა განუხილველად, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, რომლითაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებლად იქნა მიჩნეული ტ. ყ-ის საკასაციო საჩივარი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ. ყ-ის წარმომადგენელმა, ი. შ-მ და მოითხოვა იმის განმარტება, თუ ექსპერტის დასკვნის რომელი ვარიანტის მიხედვით უნდა მომხდარიყო ნ. ყ-ისათვის ქონებიდან წილის გამოყოფა. ამავე მოტივით, მან მოითხოვა გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს განჩინებით ნ. ყ-ის განცხადება გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ხოლო გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ტექსტი: „ნ. ყ-ს, ქ.ქობულეთში, ლ-ის ქ№8-ში მდებარე უძრავი ქონებიდან გამოეყოს წილი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის ექსპერტის 2009 წლის 18 მარტის დასკვნის დანართი „2“ და დანართი „3-ის“ შესაბამისად“ განიმარტა შემდეგი სახით: ნ. ყ-ს, ქ.ქობულეთში, ლ-ის ქ№8-ში მდებარე უძრავი ქონებიდან გამოეყოს წილი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის ექსპერტის 2009 წლის 18 მარტის დასკვნის დანართი „2“ ვარიანტი „ბ-ს“ და დანართი „3“ ვარიანტი „ა-ს“ შესაბამისად.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და ჩათვალა, რომ 2011 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებაში უსწორობა დაშვებული არ იყო, სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ ნ. ყ-ს წილი სადავო ქონებიდან უნდა გამოყოფოდა ექსპერტის დასკვნის მე-2 და მე-3 დანართების შესაბამისად, რაც უსწორობის გასწორების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნიდა. ამავდროულად, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველ ნაწილზე და გაიზიარა განმცხადებლის მოსაზრება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ტექსტის ნაწილობრივი ბუნდოვანების თაობაზე, ვინაიდან სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის ექსპერტის 2009 წლის 18 მარტის დასკვნის დანართ „2-სა“ და დანართ „3-ში“ მითითებული იყო უძრავი ქონებიდან წილის გამოყოფის სხვადასხვა ვარიანტები, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი კი არ შეიცავდა მითითებას იმ კონკრეტულ ვარიანტზე, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო წილის გამოყოფა. აღნიშნული გარემოება კი ქმნიდა ვარაუდს, გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ხელის შეშლის შესახებ. სასამართლომ მიუთითა ნ. ყ-ის მოთხოვნაზე წილი გამოყოფოდა როგორც საცხოვრებელი სახლიდან, ასევე მიწის ნაკვეთიდან. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, შესაბამისად, გადაწყვეტილებით ნ. ყ-ს წილი გამოეყო ექსპერტის დასკვნის იმ ვარიანტის მიხედვით, რომლითაც გამოყოფილი ქონება მოიცავდა საცხოვრებელი სახლის ნაწილსაც, რაც არის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის ექსპერტის 2009 წლის 18 მარტის დასკვნის დანართი „3-ის“ ვარიანტი „ა“, რის გამოც ნ. ყ-ს მიწის ნაკვეთი გამოეყო სწორედ ამ ვარიანტის მიხედვით. სასამართლოს მითითებით, ექსპერტის დასკვნის დანართი „2-ის“ ვარიანტი „ა-ს“ მიხედვით, საცხოვრებელი სახლიდან ნ. ყ-ისათვის წილის გამოსაყოფად საჭირო იყო უძრავი ქონების რეკონსტრუქცია, ვარიანტი „ბ-ს“ მიხედვით წილის გამოყოფა კი სახლის რეკონსტრუქციას არ მოითხოვდა, რაც ნ. ყ-ისათვის საცხოვრებელი სახლიდან წილის ექსპერტის დასკვნის დანართი „2-ის“ ვარიანტი „ბ-ს“ შესაბამისად გამოყოფის წინაპირობას წარმოადგენდა.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ტ. ყ-მ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ არასწორად დააკმაყოფილა განცხადება გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, ვინაიდან განმცხადებელი სააპელაციო საჩივრით ზოგადად მოითხოვდა ქ.ქობულეთში, ლ-ის ქN8-ში მდებარე სახლთმფლობელობიდან და მიწის ნაკვეთიდან მისი კუთვნილი წილის რეალურად გამოყოფას, ისე, რომ არ აზუსტებდა მოთხოვნას, მათ შორის, არც სასამართლოს მთავარ სხდომაზე. სააპელაციო საჩივარში, გადაწყვეტილების ფაქტობრივი უსწორობების გრაფაში აღნიშნავდა, რომ მთავარი იყო იმის დადგენა, შესაძლებელი იყო თუ არა წილის რეალურად გამოყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმება და არა კონკრეტულად სამკვიდროს რა ნაწილის მიკუთვნება იყო შესაძლებელი, ასევე მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ წილის გამოყოფა მთლიანი სამკვიდრო მასიდან უნდა განხორციელებულიყო. სამართლებრივ უსწორობად კი, აპელანტი მიუთითებდა სამართლის იმ ნორმებზე, რომელითაც თანასაკუთრებიდან წილის გამოყოფაა შესაძლებელი. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარე აპელირებდა ასევე საზიარო უფლების გაუქმების შესაძლებლობაზე, ისე, რომ არ მიუთითებდა გაყოფის კონკრეტულ ვარიანტზე, შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩამოყალიბდა მხარის სააპელაციო მოთხოვნის ფარგლებში. გადაწყვეტილების არც ერთ ნაწილში სასამართლოს არ უმსჯელია, ექსპერტიზის დასკვნის რომელი ვარიანტის „ა“ ან „ბ“ ვარიანტით უნდა მომხდარიყო სამკვიდროს გაყოფა, ხოლო, გადაწყვეტილების განმარტებით, სააპელაციო პალატა გასცდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებს და საქმეზე ფაქტობრივად ახალი გადაწყვეტილება გამოიტანა, მიეთითა ახალ ფაქტებსა და გარემოებებზე, რასაც შედეგად არა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა, არამედ გადაწყვეტილების არსებითი შეცვლა მოჰყვა, მითითებული კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მოთხოვნიდან არ გამომდინარეობს. სასამართლომ დაუსაბუთებლად აღნიშნა, რომ ნ.ყ-ს წილი გამოეყო ექსპერტის დასკვნის იმ ვარიანტის მიხედვით, რომელიც ასევე მოიცავდა საცხოვრებელი სახლის ნაწილს, მსგავს განმარტებას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს, ასევე დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა, რომ ექსპერტიზის დასკვნის „ა“ ვარიანტით საცხოვრებელი სახლიდან წილის გამოყოფა ნივთის რეკონსტრუქციას მოითხოვს, რის გამოც მისი გაყოფა ამავე დასკვნის „ბ“ ვარიანტის შესაბამისად უნდა მომხდარიყო. ნივთის რეკონსტრუქციაზე არც აპელანტი და არც სასამართლო არ მიუთითებდა, რის გამოც, გადაწყვეტილების განმარტებისას, სასამართლო თავად გამოდის ახალი მოთხოვნის ინიციატორად, ამასთანავე, თანასაკუთრების ექსპერტიზის დასკვნის „ა“ ვარიანტის შესაბამისად გაყოფის გამო ნივთის დარჩენილი ნაწილის ღირებულება შემცირდა, აღნიშნულზე კი სასამართლოს არ უმსჯელია. 2011 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ დამატებითი ექსპერტიზის ხარჯების მხარის მიერ გადაუხდელობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია დამტკიცებულად ჩაითვალა, მაშინ, როდესაც დამატებითი ექსპერტიზის ხარჯები არ გადაიხადა ერთ-ერთმა მოპასუხემ - ა. ყ-მ და არა ტ. ყ-მ, აღნიშნულის გამო კი, შეილახა ტ.ყ-ის უფლება, დამატებითი ექსპერტიზის ჩატარების გზით გარკვეულიყო საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად თანასაკუთრების გაყოფა ზღუდავდა თუ არა მხარის უფლებას, ამცირებდა თუ არა ნივთის საბაზრო ღირებულებას. საყურადღებოა, რომ განმცხადებელი გადაწყვეტილების განმარტების შესახებ მოთხოვნას აყენებდა არა იმგვარად ექსპერტიზის დასკვნის „ა“ ან „ბ“ ვარიანტით გამოეყო თუ არა მხარეს წილი თანასაკუთრებიდან, არამედ მიუთითებდა, რომ გადაწყვეტილებაში არ იყო ჩამოყალიბებული მხარეს წილი ექსპერტიზის დასკვნის „ა“ ვარიანტით გამოეყო თუ „ბ“ ვარიანტით, რაც არასწორია, მოთხოვნის სწორად ფორმულირების შემთხვევაშიც კი, მხარეს სასამართლოსათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თხოვნით უნდა მიემართა და არა მისი განმარტების მოთხოვნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით ტ. ყ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ტ. ყ-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ საფუძვლიანია და ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს წინამდებარე საქმის შემდეგ უმნიშვნელოვანეს გარემოებებზე:

საქმეში წარმოდგენილი დაზუსტებული სარჩელის თანახმად, ნ. ყ-ე სხვა სასარჩელო მოთხოვნებთან ერთად, მოითხოვდა საცხოვრებელი სახლიდან 48 კვ.მ ოთახებისა და 420 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეალური წილის გამოყოფას საქმეში არსებული 2009 წლის 11 მარტის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის N294/5-ის დანართი „2-ის“ „ა“ ვარიანტის მიხედვით, ხოლო მიწის ნაკვეთის გამოყოფას - ამავე დასკვნის დანართი „3-ის“ „ა“ ვარიანტის მიხედვით (იხ. ტ.მე-2, ს.ფ. 57-66).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ მხარი დაუჭირა თავის მოთხოვნას და განმარტა შემდეგი: „ჩვენი საბოლოო მოთხოვნაა დაკმაყოფილდეს ჩვენი მოთხოვნა და ოთახების გამოყოფის ნაწილში სასამართლომ იხელმძღვენელოს დანართი 2-ის „ა“ ვარიანტით და მიწის ნაკვეთის ნაწილში კი, დანართი 3-ის „ა“ ვარიანტით (იხ. სხდომის ოქმი, ტ.მე-2, ს.ფ.172-175).

სადავოს არ წარმოადგენს არც ის გარემოება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით, რომლის განმარტების სისწორეც წინამდებარე კერძო საჩივრის საგანს წარმოადგენს, ტ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ნ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ. ყ-ის სარჩელი ქ.ქობულეთში, ლ-ის ქ№8-ში მდებარე უძრავი ქონებიდან ნ. ყ-ისათვის წილის გამოყოფისა და გამოყოფილი ნაწილიდან ტ. ყ-ის გამოსახლების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ყ-ის სარჩელი ქ.ქობულეთში, ლ-ის ქ№8-ში მდებარე უძრავი ქონებიდან წილის გამოყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა, ნ. ყ-ს, ქ.ქობულეთში, ლ-ის ქ№8-ში მდებარე უძრავი ქონებიდან გამოეყო წილი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის ექსპერტის 2009 წლის 18 მარტის დასკვნის დანართი „2“ და დანართი „3-ის“ შესაბამისად, ნ. ყ-ის სარჩელი სადავო უძრავი ქონებიდან ტ. ყ-ის გამოსახლების თაობაზე დაკმაყოფილდა, ტ. ყ-ე გამოსახლებულ იქნა ქ.ქობულეთში, ლ-ის ქ№8-ში მდებარე ნ. ყ-ისათვის მიკუთვნებული უძრავი ქონებიდან, ნ. ყ-ის სარჩელი ქ.ქობულეთში, ლ-ის ქ№8-ში მდებარე უძრავი ქონებიდან ტ. ყ-ის „თანმხლები პირების“ გამოსახლების ნაწილში დარჩა განუხილველად, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად (იხ. ტ.მე-3, ს.ფ.129-140).

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილებით, რომლითაც განისაზღვრა მხარეთა უფლებრივი მდგომარეობა უძრავ ნივთზე, ნათლად არ დადგენილა ამ უფლების რეალიზაციის კონკრეტული წესი, რაც გადაწყვეტილების ბუნდოვანებას წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო კანონით გათვალისწინებულ სუბიექტთაგან ერთ-ერთის მიმართვის საფუძველზე განიხილავს გადაწყვეტილების განმარტების საკითხს და მას დადებითად გადაწყვეტს იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანი ნაწილი - სარეზოლუციო ნაწილი არ არის ჩამოყალიბებული ცხადად, იმგვარად, რომ ერთმნიშვნელოვნად დგინდებოდეს მხარისათვის მინიჭებული უფლების ფარგლები, შინაარსი, რეალიზაციის წესი და სხვა. კანონმდებლის აღნიშნული პოზიცია გამომდინარეობს მართლმსაჯულების აქტის როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური ფარგლების სავალდებულო ძალიდან და ორიენტირებულია სასამართლო წესით რეალიზებული უფლების გადაწყვეტილებით დადგენილ ფარგლებში აღსრულების ინტერესზე.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ ნ.ყ-ს მიანიჭა რა უფლება უძრავ ქონებაზე - გამოეყო წილი სამკვიდროდან, სასამართლომ ამ უფლების რეალური გაყოფა დაუკავშირა საქმეში წარმოდგენილ ექსპერტის დასკვნას, ამასთან, არ განუსაზღვრავს დასკვნაში მოცემულ ვარიაციათაგან რა სახით უნდა გაყოფილიყო თანასაკუთრება, ის ფაქტი, რომ ექსპერტის დასკვნა საზიარო უფლების რამდენიმე გზით გაყოფის შესაძლებლობას ითვალისწინებს, სასამართლოს მხრიდან ამ გაყოფის ერთ-ერთი კონკრეტული გზის მიუთითებლობა სწორედ გადაწყვეტილების ბუნდოვანებას იწვევს.

ამასთანავე, პალატა ყურადღებას გაამახვილებს კერძო საჩივრის ავტორის იმ არგუმენტზე, რომ მხარეს სასამართლოსაგან უნდა მოეთხოვა არა გადაწყვეტილების განმარტების, არამედ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა და ვერ გაიზიარებს აღნიშნულს, რადგანაც, მოქმედი კანონმდებლობით, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს ერთ-ერთი წინაპირობა: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი (სსსკ 261.1). განსახილველ შემთხვევაში, კანონის ზემოაღნიშნულ დანაწესთაგან არც ერთის არსებობა არ დასტურდება, რაც კერძო საჩივრის ამ არგუმენტის გაზიარების შესაძლებლობას გამორიცხავს.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს განჩინებაზე, რომლითაც განიმარტა ამავე სასამართლოს 2011 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება. სასამართლომ უფლების განსაზღვრის ნაწილში აღნიშნა შემდეგი: „ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ტექსტი: „ნ. ყ-ს, ქ.ქობულეთში, ლ-ის ქN8-ში მდებარე უძრავი ქონებიდან გამოეყოს წილი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის ექსპერტის 2009 წლის 18 მარტის დასკვნის დანართი „2“ და დანართი „3-ის“ შესაბამისად“ განიმარტოს შემდეგი სახით: ნ. ყ-ს, ქ.ქობულეთში, ლ-ის ქN8-ში მდებარე უძრავი ქონებიდან გამოეყოს წილი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის ექსპერტის 2009 წლის 18 მარტის დასკვნის დანართი „2“ ვარიანტი „ბ-ს“ და დანართი „3“ ვარიანტი „ა-ს“ შესაბამისად“, განმარტების სამართლებრივ დასაბუთებად კი მიუთითა, რომ ნ. ყ-ე ითხოვდა წილის გამოყოფას, როგორც საცხოვრებელი სახლიდან, ასევე მიწის ნაკვეთიდან. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით მისი სარჩელი, ამ ნაწილში, სრულად დაკმაყოფილდა. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილებით ნ. ყ-ს წილი გამოეყო ექსპერტის დასკვნის იმ ვარიანტის მიხედვით, რომლითაც გამოყოფილი ქონება მოიცავდა საცხოვრებელი სახლის ნაწილსაც. ასეთი კი არის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის ექსპერტის 2009 წლის 18 მარტის დასკვნის დანართი „3-ის“ ვარიანტი „ა“. ამის გამო, ნ. ყ-ს მიწის ნაკვეთი უნდა გამოეყოს, სწორედ, ამ ვარიანტის მიხედვით. ექსპერტის დასკვნის დანართი „2-ის“ ვარიანტი „ა-ს“ მიხედვით, საცხოვრებელი სახლიდან ნ. ყ-ისათვის წილის გამოსაყოფად საჭირო არის უძრავი ქონების რეკონსტრუქცია, ვარიანტი „ბ-ს“ მიხედვით წილის გამოყოფა კი სახლის რეკონსტრუქციას არ მოითხოვს. აღნიშნული საფუძვლით, პალატამ დაასკვნა, რომ ნ. ყ-ს საცხოვრებელი სახლიდან წილი უნდა გამოეყოს ექსპერტის დასკვნის დანართი „2-ის“ ვარიანტი „ბ-ს“ შესაბამისად. აღნიშნული განმარტების ანალიზის საფუძველზე, პალატა ნაწილობრივ იზიარებს კერძო საჩივრის იმ არგუმენტს, რომ სასამართლომ დაარღვია მოთხოვნის ფარგლები და მხარეს საკუთარი ინიციატივით მიაკუთვნა ის, რაც მას არ მოუთხოვია, კერძოდ, პალატის აღნიშნული მოსაზრება ემყარება საქმეში წარმოდგენილ დაზუსტებული სარჩელის მოთხოვნას, რომელიც სასამართლოს მთავარ სხდომაზეც სწორედ ამ სახით იქნა ჩამოყალიბებული. ამ მოთხოვნის თანახმად, როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე მოითხოვდა მიწის ნაკვეთის გამოყოფას საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნის დანართი N2-ის „ა“ და არა „ბ“ ვარიანტით.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, აგრეთვე შეგებებული სარჩელის შეტანა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია. დასახელებული ნორმის ანალიზით დასტურდება, რომ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე სასამართლოს მსჯელობის საგანი უშუალოდ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დადგენილი დავის ფარგლებია და კანონმდებლობით ამ ფარგლების შეცვლას იმპერატიულად კრძალავს, სასამართლო კი, მოთხოვნის მართებულობას სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ამოწმებს ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით (სსსკ 377). ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების განმარტების იმ ნაწილში, რომლითაც საცხოვრებელი სახლიდან წილის რეალური გამოყოფა მოხდა ექსპერტიზის დასკვნის დანართი N2-ის „ბ“ ვარიანტის შესაბამისად, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და არასწორად მიაკუთვნა მხარეს ის, რაც მას საქმის განხილვის ეტაპზე არ მოუთხოვია, ამასთან, კანონმდებლობით გადაწყვეტილების ფარგლების მიმართ დადგენილი იმპერატიული აკრძალვები არაარსებითად აქცევს სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის N2 დანართის „ა“ ვარიანტით წილის გამოყოფა მოითხოვს ნივთის რეკონსტრუქციას, გამიჯვნა ამავე დანართის „ბ“ ვარიანტის შესაბამისად უნდა განხორციელდეს, რაც ამ ნაწილში კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველია.

რაც შეეხება კერძო საჩივრის არგუმენტს მოპასუხე ა. ყ-ის მიერ დამატებითი ექსპერტიზის ხარჯების გადაუხდელობისა და აღნიშნულით ტ. ყ-ის უფლების დარღვევის შესახებ, მითითებული გარემოება საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი ვერ გახდება, ვინაიდან ზემოაღნიშნული პრეტენზია არც გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განჩინებიდან და არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი სასამართლოს მსჯელობის ფარგლებიდან არ გამომდინარეობს, ამასთანავე, მითითებული გარემოება უკვე განხილული და შეფასებულია საკასაციო პალატის მიერ ტ.ყ-ის საკასაციო პრეტენზიების ფარგლებში 2012 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ტ. ყ-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ საფუძვლიანია, რაც ამ ნაწილში მისი დაკმაყოფილების წინაპირობას წარმოადგენს, შესაბამისად, მოცემული საქმე სააპელაციო პალატას ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს გადაწყვეტილების სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის ექსპერტის 2009 წლის 18 მარტის დასკვნის დანართი „2“ ვარიანტი „ბ-ს“ შესაბამისად განმარტების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა იქნას დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ტ. ყ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს განჩინება ამავე სასამართლოს 2011 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის ექსპერტის 2009 წლის 18 მარტის დასკვნის დანართი „2“ ვარიანტი „ბ-ს“ შესაბამისად განმარტების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე